ვისკი და გამორჩეული ქართველები | გურამ დოჩანაშვილი, ქეთევან ბაგრატიონი
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილეს აღნიშვნას კომპანია GD Alco განსაკუთრებულად აპირებს. ამ თარიღთან დაკავშირებით, კომპანიის დამფუძნებლის, გოჩა დარჩიაშვილის ინიციატივით, ცნობილი ერთალაოიანი ვისკი Glenfiddich 26-წლიანი დაძველების კასრიდან სპეციალურად ჩამოისხმება.
საიუბილეო Glenfiddich უნიკალური საკოლექციო თვისებებით იქნება გამორჩეული: ის წარმოადგენს 1991 წლის კასრის 53.8 პროცენტიან ვისკის, რომელიც ცივი ფილტრაციის გარეშეა დისტილირებული.
ამ საიუბილეო ვისკის ეტიკეტი ქართული დროშის ფერებში ექნება.
Glenfiddich-ის სახელი ნოვატორ, არაკონფორმისტ, გაბედულ ადამიანებთან ასოცირდება, რადგან სწორედ ასეთი ადამიანი იყო მისი დამფუძნებელი ‒ უილიამ გრანტი: წარმოება საკუთარი ძალებით, ცხრა შვილთან ერთად დაიწყო და მსოფლიოში ყველაზე მეტი ჯილდოს მფლობელი ერთალაოიანი ვისკი შექმნა. ვისკის საიუბილეო ჩამოსხმის რამდენიმე ბოთლი სახელობითი იქნება და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ის გამორჩეული ადამიანები დასაჩუქრდებიან, რომელთაც ქვეყნის განვითარებასა და მის საერთაშორისო პოპულარიზაციაში დამსახურება მიუძღვით.
ამ ნომერში ქართველ მწერალს, გურამ დოჩანაშვილსა და მუხრანბატონების შტოს შთამომავალ ქეთევან ბაგრატიონს წარმოგიდგენთ.
ქეთევან ბაგრატიონი
ბაგრატიონთა მუხრანბატონების შტოს შთამომავალი ქეთევან ბაგრატიონი საფრანგეთში, ქალაქ ტალანსში დაიბადა.
„ჩემს პაპა-ბებიას 1914-1922 წლებში განვითარებული მოვლენების გამო მშვიდი ცხოვრება არ ჰქონიათ. პაპა – ბატონიშვილი გიორგი – ჯერ პირველ მსოფლიო ომში იბრძოდა, შემდეგ 1917 წლის რევოლუციაში მონაწილეობდა და შემდეგ საქართველოს თავისუფლებას წითელ ჯართან დაპირისპირებით იცავდა. ამ დროს დაიჭრა პაპა ფეხში. 1921 წლის თებერვალში, წითელი ჯარი საქართველოში რომ შევიდა, ბაბუა სამ ვაჟთან და ახალგაზრდა მეუღლესთან ერთად, ჯერ კონსტანტინოპოლში გაემგზავრა ბათუმის გავლით, იქიდან კი გერმანიაში, ვისბადენში. მალე ჭრილობის გამო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და 1922 წელს გარდაიცვალა. იძულებითი გადასახლება ბებიამ სამ ვაჟთან ერთად საფრანგეთში გააგრძელა ისევე, როგორც სხვა ბევრმა თანამემამულემ და მათი შემდგომი ცხოვრება გადარჩენისთვის ბრძოლა იყო. პაპა გიორგი ვისბადენშია დაკრძალული და დიდი სურვილი მაქვს, ეს თავისი ქვეყნისთვის თავდადებული ადამიანი საქართველოში გადმოვასვენოთ”.
ქეთევანი საქართველოს მამის მოგონებებითა და ოჯახის რელიქვიად ქცეული რამდენიმე ფოტოთი იცნობდა.
„ბავშვობაში მე და ჩემ ძმას ალექსანდრეს ძალიან გვიყვარდა მამას მონაყოლის, მისი მოგონებების მოსმენა თბილისზე, მცხეთაზე, ახალქალაქზე, კასპის რაიონში მდებარე თავად იოსებ თარხან-მოურავის მამულზე, რომელიც მისი ბებიის – ნინოს მამა იყო. ნათლად იხსენებდა ჯარისკაცებს, ცხენებს, რომლებიც მამულის ტერიტორიაზე ჩამავალ მდინარე თეძამის წყალს სვამდნენ. მოხიბლულნი ვიყავით ფოტოებით, რომელთა გადარჩენაც შეძლეს, ერთ ფოტოზე ჩვენი ბაბუა, გიორგი ცხენზეა ამხედრებული, ის 2.05 მეტრი სიმაღლის იყო და ცხენი მის ქვეშ პატარა ჩანდა. სხვა ფოტოებზე ასახული იყო მუხრანის ხედები, დიდი ბიძა ივანე, რომელიც მუხრანის მესაკუთრე იყო, ახალშობილი თეიმურაზი (ბიძა), რომელიც ხელში უკავია რუსეთის მეფე (ცარ) ნიკოლოზ II-ს, ქაქუცა ჩოლოყაშვილი....
მამაჩემი სათუთად ინახავდა მამის უმცროსი ძმის, მისი ბიძისა და ნათლიის სვეტიცხოველში დაკრძალვის პატარა სურათს: ის იყო უკანასკნელი ბაგრატიონი, რომელიც ბოლშევიკების მიერ საქართველოს დაპყრობამდე დაკრძალეს სვეტიცხოველში. მას კონსტანტინე ერქვა და მამაჩემი, ასევე კონსტანტინე, საქართველოში დაბრუნებული პირველი ბაგრატიონი იყო, რომელიც სვეტიცხოველში დაკრძალეს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ.
შემდეგ შევისწავლე საქართველოს ისტორია, საქართველოს ეკლესიის ისტორია, მისი წმინდანები და მოწამეები, გეოგრაფია, ფლორა და ფაუნა. ზოგადად, ვყიდულობდით ყველაფერს, რაც გვხვდებოდა ჩვენს ქვეყანაზე და თუ არ იყიდებოდა, საჯარო თუ კერძო ბიბლიოთეკების მთლიანი წიგნების ფოტო ასლებს ვიღებდით წასაკითხად”.
ქეთევან ბაგრატიონი დედის მხარეში – ქალაქ ბორდოში გაიზარდა. ბავშვობიდან ოცნებობდა საქართველოში ჩამოსვლაზე, თუმცა, ისიც კარგად იცოდა, რომ საბჭოთა გარემოში ეს თითქმის შეუძლებელი იყო.
„ლიცეუმში სწავლის დროს გავიგე, რომ საქართველოში მოსახვედრი ერთადერთი გზა რუსეთზე გადიოდა. გადავწყვიტე, მეორე უცხო ენად რუსული ამერჩია, რომლის სწავლაც უნივერსიტეტშიც გავაგრძელე. იქ მოვიპოვე საბჭოთა კავშირის სტიპენდია და 1975 წელს, მიუხედავად იმისა, რომ თბილისში ვითხოვე გაგზავნა, მოსკოვის უნივერსიტეტში გამიშვეს. რა ბედნიერი ვიყავი, მიზანს, რომ მივუახლოვდი, მაგრამ წინ კიდევ გრძელი გზა მელოდა. 6 თვე ყოველ დღე დავდიოდი შიდა გადაადგილების ნებართვების გამცემ ოფისში. უარის მიზეზები არ ილეოდა. ბოლოს მაინც მოვიპოვე უფლება და თბილისში რომ ჩავედი, შემდეგ მივხვდი, რომ ოცნება, რომელიც 21 წლის განმავლობაში თან ვატარე, საბოლოოდ განხორციელდა. 1976 წლის მაისიდან ივლისამდე ჩემი ახალგაზრდობის ყველაზე დაუვიწყარი ორი თვე გავატარე სახლში, სადაც ყოველთვის უნდა ვყოფილიყავი”.
1978 წელს ქეთევან ბაგრატიონი და იტალიის დიდი მთავარი – რაიმონდო ორსინ დ არაგონა დუკა დი გრავინა დაქორწინდნენ და მას შემდეგ ქეთევანის ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადგილად იქცა იტალიაც.
უკვე დამოუკიდებელი საქართველოს ახალ ისტორიაში ქალბატონი ქეთევანი საქართველოს ელჩიც გახდა წმინდა საყდართან.
„ათი წლის განმავლობაში ვიყავი ჩემი ქვეყნის სამსახურში როგორც ელჩი და ამ თანამდებობაზე დანიშვნას იმიტომ დავეთანხმე, რომ გაცნობიერებული მქონდა ის სტრატეგიული მნიშვნელობა, რაც ვატიკანს აქვს საერთაშორისო პოლიტიკაში თავისი ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობებით მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანასთან და მისი ერთი მილიარდი და სამასი მილიონი მორწმუნე კათოლიკეს მეშვეობით. ჩვენი ქვეყნისთვის ფუნდამენტურია საერთაშორისო პოლიტიკური მხარდაჭერა.
იმ პერიოდში, როდესაც წმინდა საყდართან საქართველოს ელჩი ვიყავი, ყველაზე მნიშვნელოვანი, მაგრამ ყველაზე ტრაგიკული მომენტი 2008 წლის აგვისტო იყო. მე ჩემი მოვალეობა შევასრულე აგვისტოს ომის მიმართ ვატიკანის სახელმწიფოს მხრიდან მგრძნობელობის ამაღლების თვალსაზრისით. მწუხარების ამ პერიოდში ჩემთან მჭიდროდ თანამშრომლობდა სახელმწიფო სამდივნო. ჩემი თანამოსაუბრე იყო სახელმწიფო მდივნის მოადგილე პიეტრო პეროლინი, დღეს პაპი ფრანცისკეს სახელმწიფო მდივანი”.
საქართველოში ქეთევან ბაგრატიონის საყვარელი ადგილი სვეტიცხოველია.
„ეს არის მისტიკური ადგილი, ყოველთვის, როცა ამ წმინდა ტაძარში შევდივარ, მგონია რომ სახლში ვბრუნდები, აქ ყველა აზრი და საფიქრალი დუმს, ვგრძნობ ჩვენს წინაპრებთან, ქართულ მიწასთან სიახლოვეს და იდეალურ სწრაფვას მომავლის სინათლისკენ”.
უკვე 27 წელია არსებობს ქეთევან ბაგრატიონის მიერ რომში დაფუძნებული საზოგადოება იტალიელთა და ქართველთა ერთობა „წმინდა გიორგის ფარი”, რომლის მისიაც ამ ორ ერს შორის კულტურული და დიპლომატიური ურთიერთობების გაღრმავებაა.
გურამ დოჩანაშვილი
„მე ყველაზე რთულ გზას დავადექი, – თქვა მან, – მე წავედი სოფელ-სოფელ წოწიალის გზით.
– კი მაგრამ, რატომ?
– ერთი რამის სიყვარულით, დაფარვა რომ სჭირდება.
– რაა ასეთი? – ჩავაჯინდი.
– მერე გეტყვით… როდესმე, სხვა დროს“.
„ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება ანუ მესამე ძმა კეჟერაძე"
გურამ დოჩანაშვილი
ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც შეიძლება გიხაროდეს, რომ ქართული შენი მშობლიური ენაა, ისაა, რომ გურამ დოჩანაშვილის წიგნების ორიგინალ ენაზე წაკითხვა შეგიძლია.
მწერალს ხშირად უთქვამს და დაუწერია კიდეც, რომ კარგი წიგნის წაკითხვის, ნახატის ნახვის თუ მუსიკის მოსმენის დანიშნულება ისაა, რომ ადამიანი უკეთესი გახდეს. მისი ნაწარმოებები ზუსტად ამ მისიას ასრულებს – თან მარტივია, თან რთული, გაუპრანჭავი, ხელშესახებად რეალური. მოთხრობაა, ჩანაწერი, დღიური თუ რომანი, მთავარი თემა სიყვარული, სიკეთე და თავისუფლებაა.
გურამ დოჩანაშვილი თბილისში დაიბადა. ვაჟთა პირველ სკოლაში მისი თანაკლასელები მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია იყვნენ. 17 წლისას ანტისაბჭოთა საქმიანობისთვის სამწლიანი პატიმრობა მიესაჯა, რაც მალე პირობითი სასჯელით შეუცვალეს და 1957 წელს სკოლის ექსტერნად დასრულება შეძლო. გურამ დოჩანაშვილი პროფესიით ისტორიკოსია – თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი დაამთავრა და არაერთ არქეოლოგიურ ექსპედიციაში მიუღია მონაწილეობა.
„არქეოლოგიაში ვმუშაობდი. ძალიან ბევრი რამ მომცა – სამშობლოს შეცნობისთვის არქეოლოგია უებარი საშუალებაა. მუსიკალური სასწავლებელი მაქვს დამთავრებული და მუსიკაც ძალიან მეხმარება. ეს ორი დარგი, მუსიკა და არქეოლოგია, მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩემთვის ძალიან დიდი საყრდენი იყო და ახლაც არის“, – წერს მწერალი რადიო თავისუფლების დღიურებში.
მისი პირველი მოთხრობები ჟურნალ „ცისკარში“ დაიბეჭდა 1961 წელს.
„რაც დრო გადის, უფრო და უფრო ძნელი ხდება წერა. ეს ეგრეთ წოდებული გამოცდილება კი არ აადვილებს, პირიქით, მეტ პასუხისმგებლობას აჩენს. წერა გაცილებით ძნელი და ძნელია... სულ თავიდანვე, 20 წლიდან მოყოლებული... 25 წლის ასაკში უფრო ძნელი იყო, 30 წლის ასაკში კიდევ უფრო ძნელი, კიდევ და კიდევ... ვიმეორებ, პასუხისმგებლობა იზრდება და ამიტომ მეტ დატვირთვასა და მეტ შრომას მოითხოვს“, – წერს გურამ დოჩანაშვილი ისევ თავისუფლების დღიურებში.
სამშობლოსა და უსამშობლობაზე კი ასე წერს:
„წვიმისას, გერასიმე... ქუჩაში მანქანიდან თუ გადაგიხედავს, შეამჩნევდი, რომ ზოგიერთ გამვლელს შარვლის ცალი ტოტი ტალახით მთლად დაწინწკლული აქვს, მეორე კი – სუფთა. და თუმცა შარვლის ის ტოტი გაცილებით პეწიანად გამოიყურება, ერთმანეთზე ორივეს თანაბრად მიუძღვით ბრალი – იმ დასვრილს სუფთატოტიანი ფეხი სტყორცნის ტალახს და ის ამოთხვრილი წესიერად რომ მიაბიჯებს, იმიტომ გამოიყურება მეორე მშვენივრად და კარგად. მე და შენც ასე ვართ, გერასიმე, მე თუ რამ ხინჯი მემჩნევა, ისევ შენს გამო და თავად რომ გამოიყურები კოხტად, ჩემი და ამ გლეხის წყალობითაა, იცოდე.
ჩვენ, ადამიანები, მრავალფეხა არსება ვართ, სხვადასხვა წესით მოარული, და არ ვართ, როგორც შენ ეს გგონია, მარტო, რადგანაც დიდი სიტყვა – ერი გვქვია, და მე, ვისაც მუდამ მახსოვს ეს, შენ, სამშობლოდავიწყებული, მხოლოდ პირადი კეთილდღეობით გატაცებულ-აღტაცებული, წამოგიყვანე აქ, ჩემთვის დროებით რომ აგეწყო ფეხი, ამ წმინდა ღელეშიც კი გაგაბანინე ტანი, გაყოყოჩებულს, ყინული რომ შემოგცლოდა, მაგრამ, აჰ, ნურას უკაცრავად, მაინც ვერ შეგაგნებინე ის სითბო, რითაც მე ვცხოვრობ და რითაც ვსუნთქავ. შენ, შენის ჭკუით, კვლავაც ჩემზე ამაღლებული, გაპრანჭული დარჩი. მაგრამ იცოდე, უსამშობლოდ – კაცი არა ხარ“.
„ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება ანუ მესამე ძმა კეჟერაძე"
გურამ დოჩანაშვილი
ფოტო: ნატა სოფრომაძე