გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
მამუკა ხაზარაძე
თეგები: #თიბისი

#წერექართულად

როგორ გაჩნდა პროექტი #წერექართულად?

მამუკა ხაზარაძე: ადრე ხომ ვიცოდით – ქვეყნის საზღვართან ჩერდებოდა ყველაფერი, რასაც არ შეიძლებოდა ჩვენი სივრცე გადმოელახა. დღევანდელი საზღვარი, რომელსაც გეოგრაფიული ხაზი არ აქვს, ეკრანია – ჩვენს კომპიუტერებზე, ტელეფონებზე.

ენას ისეთი შემოტევა, როგორიც დღეს აქვს, არასდროს ჰქონია. ვერც კი ვამჩნევთ, ტელეფონში ჩვენს ანბანს ლათინური ასოებით რომ ვწერთ. სხვა ანბანის გამოყენებით დავიწყე საკუთარი ენის დავიწყება. ჩემთვის ეს პირველი ნიშანი იყო.

პირველად, პროექტის იდეა მეგობრებს გავუზიარე და ვუთხარი, მოდი, ვწეროთ ქართულად და, პირველ რიგში, ჩვენ გარშემო შევცვალოთ ყველაფერი-მეთქი. ექვსი ათასი ადამიანი მუშაობს ჩვენთან, მათ ოჯახები და მეგობრები ჰყავთ. კოლეგებისგან მოულოდნელი გამოხმაურება მივიღეთ. თურმე ბევრი ფიქრობს ამაზე, ბევრი წუხს, ზოგი თვითონ მუშაობს კალიგრაფიაზე, მაგრამ ეს ძალისხმევა თითქოს გაფანტულია.

ახლა, როდესაც ლათინური ანბანით მწერენ, მაშინვე ვუგზავნი – „გადმოტვირთე ქართული ანბანის აპლიკაცია „ღ“ და #წერექართულად“. მაშინვე მპასუხობენ – „უი, მე არ მაქვს ქართული შრიფტი და ახლავე ჩამოვტვირთავ“. ასამდე ადამიანი ასე უკვე დავარწმუნე, სხვებიც იგივეს აკეთებენ.

როგორ წარმოგიდგენიათ, რას შეცვლის ფუნდამენტურად ეს პროექტი?

მამუკა ხაზარაძე: მიფიქრია პერსპექტივაზე. ყველაფერი პატარით იწყება. რა უნდა იმას, ქართულად რომ ვწეროთ, ნაგავი რომ არ გადავყაროთ მანქანიდან?.. უხერხული უნდა იყოს ინგლისური სიტყვების უადგილოდ გამოყენება. ქართულად წერა და ლაპარაკი მოდური უნდა გახდეს. თუ ახალი ქართული სიტყვების ძიებაში მთელი საზოგადოება მიიღებს მონაწილეობას, ძალიან საინტერესო პროცესი დაიწყება. ამ საქმეს მეცნიერული მიდგომაც სჭირდება. ჩვენ მოვიწვიეთ მეცნიერები, რომლებიც მთელი ცხოვრება ამ იდეას ემსახურებიან.  

პროექტს ძალიან ფართო არეალი აქვს. პირველ ნაბიჯებს შეიძლება მოჰყვეს – ილაპარაკე ქართულად, იმღერე ქართულად და სხვა.

ეს არის პატრიოტიზმის თქვენეული ვერსია?

მამუკა ხაზარაძე: ჩემი პატრიოტიზმია ქართული პროექტების კეთება. ჩემს გუნდთან ერთად იქ უფრო ეფექტური ვარ. რომ ვიცოდეთ, რა არის ჯანსაღი პატრიოტიზმი, ალბათ ბევრი რამ შეიცვლებოდა ქვეყანაში. უბრალოდ რომ გადაწყვიტოთ, რომ ქართული პროდუქტი მოვიხმაროთ და მოვითხოვოთ ხარისხი, ვფიქრობ, ეკონომიკაც სულ სხვაგვარად განვითარდება. მაგრამ მანამდე, რაღაც საერთო უნდა ვიპოვოთ და ეს საერთო, ჩემი აზრით, არის – ენა.

თქვენ კატალიზატორის ფუნქციას ასრულებთ?

მამუკა ხაზარაძე: რა თქმა უნდა, არავითარ შემთხვევაში ავანგარდში არ ვდგებით. ჩვენ გაგვიჩნდა იდეა და ამ იდეის მიმდევრები ვართ. თუ ხვალ სხვა მოვა იდეით, მისი დამცველებიც გავხდებით! #წერექართულად იდეის ძალა ისაა, რომ ახალს არაფერს იგონებ. უბრალოდ, ასუფთავებ და ბრუნდები საწყისებთან.

შეგიძლიათ გვითხრათ, რატომ არის #წერექართულად ნოვატორული და არა კონსერვატორული პროექტი?

მამუკა ხაზარაძე: ყველაზე მარტივი პასუხი ესაა: იმიტომ, რომ ახალ ტექნოლოგიასთან გვაქვს საქმე. ძალიან ბევრს უნდა, ქართულად წეროს, მაგრამ არ იცის, ეს როგორ გააკეთოს. ყველა ელექტრონულ მოწყობილობას არ აქვს შესაბამისი უზრუნველყოფა. ამ მხრივ, უამრავი რამაა გასაკეთებელი.

კონსერვატორული იმიტომაა, რომ ენასთან გვაქვს საქმე. ენა ძალიან რთულად იცვლის სტრუქტურას, ამ პროცესს თაობები სჭირდება.

ფუნდამენტური ცვლილების საფუძველს მიაგენით?

მამუკა ხაზარაძე: საერთოდ, ჩვენი პრინციპია ვაკეთოთ ის, რისიც შინაგანად გვჯერა. ასე დაიწყო „საბაც“. წლების წინ, როცა ახალგაზრდა მწერლებს შევხვდი, მივხვდი, რომ პროცესია მნიშვნელოვანი. მაშინ წელიწადში სულ ორმოცდაათამდე წიგნი გამოდიოდა. „საბა“ მხოლოდ დაჯილდოება არ არის. ეს არის წახალისება, ეს არის დებიუტი სცენაზე, ადამიანების ღირსებისა და შრომის დაფასება. ორი წლის წინ ახალი ნომინაცია დავამატეთ – ქართული წიგნის უცხოური თარგმანი. დღეს თუ უცხოელს ჩვენი თანამედროვე ლიტერატურის გაცნობა მოუნდება, უფრო მეტ წიგნს იპოვის, ვიდრე ადრე.

მეორე პრინციპია – ყველაფერი ხარისხიანად ვაკეთოთ. ცხოვრება ისეთი მოკლეა, რომ უხარისხოდ კეთების დრო არ გვაქვს. ხომ არ შეიძლება, ვინმე უხარისხოდ გიყვარდეს? მე მგონია, რომ აქედან უნდა დავიწყოთ. ახალი ენა კი არ უნდა დავწეროთ, რასაც მოვიხმართ და რითიც ვამაყობთ, ის გავწმინდოთ. ეს პირველი ნაბიჯია.  

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა