გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ძლიერი, ფერადი და განსხვავებული

ჰონორარს, წესით, თვის ბოლოს, უფრო ხშირად კი პირველ რიცხვებში ვიღებ. სმს-ის მიღებისთანავე ბანკომატთან მივქანდი. ვანაწილებ, ვისთვის რამდენი მაქვს ჩამოსარიგებელი და ვასკვნი, რომ დაშლილი 100 ლარი მჭირდება. ვიღებ, მაგრამ მხოლოდ ხუთლარიანებს ვცნობ, 50-იანიც და 20-იანებიც რაღაც სხვაა. 5-იანი ისევ მშობლიური და გაცვეთილია, დანარჩენები ‒ ტკიცინა, თითქოს ამ წამს დაბეჭდეს, მაგრამ თან სხვანაირი ‒ ფერადი, უფრო მოზრდილი, ზედ დიდი პორტრეტებით ‒ სელფების ეპოქის ფოტოებს ჰგავს.

თავს ვიმშვიდებ, რომ ეს ცნობილი და დიდი ბანკის ბანკომატია და ყალბი ფულის გაცემას არ იკადრებდნენ. თუმცა, მაინც ვფრთხილობ და რადგან დღემდე არ ვიცი ზუსტად, სად ამაგრებენ ხოლმე ბანკომატებთან სათვალთვალო კამერას, ჰაერში ვატრიალებ საეჭვო ბანკნოტებს ‒ რამე რომ იყოს, დავამტკიცო. კი, ვგრძნობ, როგორი სასაცილოც ვარ იმ წუთს, უხილავ კამერას რომ ლარებს ვუფრიალებ, მაგრამ რას დავეძებ დაცინვას, მთავარია, ბოროტი ხუმრობის მსხვერპლი არ გავხდე. ასე, სიმართლის გარკვევის ვნებით შეპყრობილი, შემართებით მივემართები ერთ კვარტალში მდებარე იმავე ბანკის ფილიალში.

არა, რა ბოროტი ხუმრობაო, ‒ ღიმილით მამშვიდებენ ბანკში და მიხსნიან, რომ ეს ლარის განახლებული ბანკნოტებია, სულაც არაა სანერვიულო და პირველი არ ვარ, ვინც იმავე მიზეზით ესტუმრათ. თან მაფრთხილებენ, რომ წელსვე, ოღონდ მოგვიანებით, განახლებული 100-ლარიანიც გამოვა და მომზადებული შევხვდე ამ ცვლილებას. აი, ქართულ მედიაზე უარის თქმამ და უ-ფაცებოოკ-ობამ რა მომიტანა. თურმე, რა ხანია, ამაზე ლაპარაკობენ, მე კი არაფერი გამიგია.

შიშნაჭამი და ოდნავ შერცხვენილი, გადავწყვეტ, განახლებული ბანკნოტების დიზაინი კარგად შევისწავლო ‒ იმავე სიტუაციაში კიდევ ერთხელ რომ არ აღმოვჩნდე. ვარკვევ, რომ წელს განახლებული 20-, 50- და 100-ლარიანი ბანკნოტები გვექნება. ზომაში ნომინალის პროპორციულად ყველა სიმეტრიულადაა გაზრდილი. განახლებულ ლარებზე სუსტი მხედველობის ადამიანებისთვის ნომინალის ამომცნობი გაუმჯობესებული ნიშნებია დატანილი. ხელს გაუსვამ წინა მხარის ზედა ნაპირებთან და ბარელიეფური ხაზების რაოდენობით მიხვდები, 20 ლარი გიჭირავს თუ ‒ 100 (რა სასიამოვნოა, რომ ახლა უკვე ლარი ყველასი გახდა!).

თუმცა, თქვენც რომ ჩემსავით არ შეშინდეთ, მარტივად გასწავლით, კიდევ როგორ უნდა ამოიცნოთ განახლებული და ნამდვილი ლარი:

იცოდით, რომ ორივე ბანკნოტის ქაღალდი, ძველისაც და განახლებულისაც, ბამბის ბოჭკოსგანაა დამზადებული? ასეა, თუმცა, განახლებული ბანკნოტების ქაღალდი უფრო სქელია და მკვრივი. სამივე ბანკნოტს წინა მხარეს მხოლოდ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ხელმოწერა აქვს, უკან კი ‒ საქართველოს გერბი. ბანკნოტებზე გამოშვების წელი ‒ 2016-იც მითითებულია, სერიული ნომერი კი ახლა 2 ლათინური ასოსა და 8 არაბული ციფრისგან შედგება.

განახლებულ ლარებზე დატანილია თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური დამცავი ნიშნები, რომელთა ამოცნობაც მარტივადაა შესაძლებელი, გახედვის, დახრის და შეხებისას. გამჭოლ შუქზე თუ გახედავ, ბანკნოტზე წყლის ნიშანს ამოიცნობ, პორტრეტის, ნომინალის აღმნიშვნელი ციფრის და ლარის სიმბოლოს გამოსახულებით. ვერტიკალური დამცავი ძაფი, რომელიც წყვეტილი სახით დაჰყვება უკანა მხარეს, გახედვისას ერთიანდება. დახრისას ბანკნოტზე ცვალებადი ეფექტი აქვს ჰოლოგრამას, ფარულ გამოსახულებას, ოპტიკურად ცვალებად საღებავს, ირისისებულ ზოლს და წყვეტილ დამცავ ძაფს.

20-ლარიანი მეწამულისფერია და მასზე კვლავ ილია ჭავჭავაძის პორტრეტია გამოსახული. პორტრეტის მარცხენა მხარეს ილიასდროინდელი ეპოქა „საქართველოს მოამბის“ რედაქციის შენობითა და მის წინ მიმავალი ფაეტონითაა გაცოცხლებული. იქვეა „ივერია“, „საქართველოს მოამბე“ და ილიას პირადი ნივთები: კალამი, სამელნე, ლუპა და საათი. ბანკნოტის უკანა მხარეს ძველი თბილისის განსხვავებული პანორამა, ვახტანგ გორგასლის ქანდაკება და ვახუშტი ბატონიშვილისეული XVIII საუკუნის თბილისის გეგმის ფრაგმენტია გამოსახული.

50-ლარიანი ბანკნოტის ძირითადი ფერი მწვანეა თამარ მეფის პორტრეტით. თამარის უკან ვარძიის სამონასტრო კომპლექსი და XIII საუკუნის ფიტარეთის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრიდან ბარელიეფია გამოსახული. 50 ლარიანის უკანა მხარეს XII საუკუნის ხელნაწერთა კრებული და ზოდიაქოს ნიშნის – მშვილდოსნის მინიატურა და ხელნაწერი დაგხვდებათ.

 შოთა რუსთაველის პორტრეტიანი განახლებული 100-ლარიანი იისფერია, წინა მხარეს პირველანაბეჭდი „ვეფხისტყაოსნით“, XVII საუკუნის ხელნაწერი „ვეფხისტყაოსნის“ გვერდზე გამოსახული ორნამენტით და მარტვილის ტაძრის ბიბლიური სიუჟეტის VII საუკუნის ბარელიეფით. 100 ლარიანის უკანა მხარეს კი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის შენობა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის პარტიტურიდან ნაწყვეტია გამოსახული.

რა შეგრძნება დამიტოვა განახლებულმა ლარებმა? ძლიერი, ფერადი და განსხვავებულია, ‒ ვამბობ უკვე თამამად და ინტერესით ველოდები განახლებულ 5- და 10-ლარიან ბანკნოტებს. რა თქმა უნდა, აღარ დავიბნევი. მთავარია, ლარი არ გამოგვლეოდეს. 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა