ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #ბუნება

ახალი კონტრაქტი ბუნებასთან | ლევან ვერძეული

გლობალური დათბობა თან რეალურია, თან აბსტრაქტული. პირდაპირ, თითქოს, მის შედეგებს ვერ გრძნობ, მის გავლენებს დღესვე, დაუყოვნებლივ გადასაჭრელი სხვა საკითხები ხშირად ფარავს და მისი საფრთხის დანახვა რთულია. თუმცა, როცა ვფიქრობთ მომავალზე, გლობალური დათბობა ამ ფიქრის ნაწილი ხდება – როგორია დედამიწა დღეს იმასთან შედარებით, რაც 50 წლის წინ იყო და როგორი იქნება 20-50 წლის მერე, როცა მე უამრავ რამეს ვგეგმავ, როცა მინდა, ჩემი ოცნებები და სურვილები უკვე ახდენილი მქონდეს? აი, სწორედ ამ დროს, სწორედ გრძელვადიან პერსპექტივაში, კლიმატის ცვლილება ხდება ფენომენი, რომელიც მთლიანად განსაზღვრავს, როგორ ვიცხოვრებთ ადამიანები ერთად და ცალ-ცალკე.

„ახალი მწვანე შეთანხმების“ რეზოლუციის ტექსტში ძალიან დეტალური კალკულაციებია, მაგალითად, იმაზე, თუ რა იქნება რეალობა 2050 ან 2100 წელს, იმ შემთხვევაში, თუ ცვლილებები ახლავე არ დავიწყეთ. იმედია, დედამიწაზე სიცოცხლის ხანგრძლივობა გაზრდილი იქნება, მაგრამ ჩვენ ხომ სიცოცხლის ხარისხიც გვაინტერესებს? რომც არ გვაინტერესებდეს, წინ ხომ მაინც უნდა გავიხედოთ, მათთვის, ვინც ჩვენ მერე მოვა?

ამ წინასწარი გათვლებით მიღებული სურათი საგანგაშოა. დაანგარიშებულია, მაგალითად, რამდენი ადამიანი შეიძლება ემსხვერპლოს ტემპერატურის ექსტრემალურ მატებას. ახლა წარმოუდგენლად ჟღერს, მაგრამ წერია ისიც, რომ, მაგალითად, რადიაციის გამო – დასხივების შიშით – შეიძლება ადამიანებს ისეთ რამეებზე მოუხდეთ უარის თქმა, რაც ძალიან უყვართ – ბუნებაში, მზის გულზე სეირნობა, მინდორზე – პიკნიკი.

თუ ოზონის შრის რღვევას გავაგრძელებთ, შესაძლოა 2050 წელს პიკნიკი, როგორც რიტუალი, სულ აღარ გვქონდეს.

კოვიდ-19-ის პირობებში უკვე ყველანი ვშფოთავთ შეცვლილი რეალობის, თავდაყირა დამდგარი ყოფითი რიტუალების გამო, მერე და მერე კი, თუ არაფერს შევცვლით, ადამიანებს ძველი ჩვევების დავიწყება თავისთავად მოუწევთ და ახალი ქცევებიც ბუნებრივად გაუჩნდებათ. ისინი პირდაპირ სხვა, ჩვენთვის ძალიან უცხო გარემოში დაიბადებიან და გამოწვევებიცა და ცხოვრების წესიც წარმოუდგენლად უცხო ექნებათ. არადა, ცნება „ექსტრემალური ტემპერატურის“ ხსენებაზე – ზოგჯერ მხოლოდ ის გვახსენდება, რომ შეიძლება, უბრალოდ, იმაზე მეტად დაგვცხეს, ვიდრე ახლანდელ ზაფხულებში გვცხელა. სინამდვილეში იმ ყველაფრის ცვლილებაზეა ლაპარაკი, რასაც მივეჩვიეთ და რაც დროთა განმავლობაში ჩვენს ყოფით კულტურად, სიამოვნებების წყაროდ, არსებობის განმსაზღვრელ ეგზისტენციალურ ღერძად ვაქციეთ.

დამაბინძურებელი ქვეყნების სიასაც რომ შევხედოთ, ამერიკაზე მოდის მსოფლიო დაბინძურების 20 პროცენტი, დაახლოებით ამდენივე მოდის ევროკავშირზე, შემდეგ არიან იაპონია, ინდოეთი, ჩინეთი და სხვები. ამ მსხვილი დამაბინძურებელი ქვეყნების 50 პროცენტი კი ჩემთვის ისეთია, რომ მჯერა – ქმედითი ნაბიჯების გადადგმის უნარი შესწევთ. „ახალი მწვანე შეთანხმება“, რომელიც წამყვანი ეკოლოგიური ხასიათის დოკუმენტი უნდა გახდეს აშშ-ისთვის, ახლა მოხვდა ახალ ამბებში, თორემ საფრანგეთმა ჯერ კიდევ შარშან გამოაცხადა, რომ 2040 წლიდან მხოლოდ ელექტრომანქანების და ჰიბრიდული მანქანების წარმოებაზე გადავა და ბენზინისა თუ დიზელისძრავიან მანქანებს აკრძალავს. მერეც, როცა ახალი მწვანე შეთანხმება დამტკიცების ყველა ეტაპს გაივლის და ამოქმედდება, როცა ამერიკა რეალურად დაიწყებს შენობების ენერგოეფექტურობასა და სხვა აუცილებელ რეფორმებზე ზრუნვას, ათ წელიწადში უკვე სხვაგვარ გარემოს მივიღებთ შტატებში, რაც იმას ნიშნავს, რომ პლანეტაზეც დაბინძურების მაჩვენებელი იმ ოცი პროცენტით შემცირდება, რაც დღეს ამერიკაზე მოდის.

თუმცა, არიან ქვეყნები, რომლებიც არაფერს ცვლიან და მათ შორის ჩინეთია პირველ ადგილზე. ამ სახელმწიფომ ათწლეულობის განმავლობაში იცხოვრა ისე, რომ გამხდარიყო წამყვანი ეკონომიკა – იზიდავდა კომპანიებს იაფი მუშახელის, წარმოების სიიაფის გამო. შესაბამისად, ყველა დიდ მწარმოებელს ელექტრომოწყობილობებისა და სხვა მასობრივი პროდუქციის წარმოება გადატანილი ჩინეთში ჰქონდა. ახლა ლაპარაკია ჩინეთთან ამ კონტაქტის დარღვევაზე. რაც კარგია ეკოლოგიისთვის, მაგრამ არ მგონია, კარგი იყოს ჩინეთისთვის და იქაური მუშახელისთვის. თუმცა, ეს ნაბიჯები თანმიმდევრული უნდა იყოს, ყველა მორიგ დოკუმენტს ის ბედი რომ არ ეწიოს, რაც ბევრ სხვა, თაროზე შემოდებულ რეზოლუციას.

საერთოდ, ეს ცვლილებები, რომელთა აუცილებლობასაც დამაბინძურებელი ქვეყნები უკვე ხედავენ, კონცეპტუალურად ძალიან უკავშირდება ე.წ. ESG პოლიტიკას – ის ასე იშიფრება: გარემო, სოციალური საკითხები და მართვა (Environmental, Social and Governance). ESG ერთგვარი რეიტინგია, ქულათა სისტემა, რითაც ფასიანი ქაღალდებით მოვაჭრე კომპანიებს აფასებენ და რის მიხედვითაც ინვესტორები წყვეტენ, ჩადონ თუ არა თანხა ამა თუ იმ კომპანიაში. მაგალითად, დღეს უკვე მეტი ESG ქულა აქვთ კომპანიებს, რომლებიც არ აზიანებენ გარემოს, ანდა მის დაცვაზე ზრუნავენ; ამცირებენ სოციალურ უთანასწორობას, შიდა მმართველობის სისტემასაც გენდერული ბალანსისა და ზოგადად თანასწორობის პრინციპებზე აგებენ. შესაბამისად, ფონდები მათ ფასიან ქაღალდებს მეტად ყიდულობენ – ეს დღეს პრესტიჟულია და თან მოგებიანიც. თუმცა, თავიდანვე ასე არ ყოფილა. პირიქით, ESG ქულების მოპოვებაზე ზრუნვას რომ იწყებდა კომპანია, ანუ როცა იწყებდა იმაზე ფიქრს, როგორ დაეცვა ბუნება, ანდა გენდერული ბალანსი პერსონალს შორის, მართვის ნაწილში, ფინანსურ კომპრომისებზე წასვლა უწევდა – იმხელა მოგებაზე ვერ მუშაობდა, რაც ამ ფაქტორების გათვალისწინების გარეშე ექნებოდა. შესაბამისად, მისი ფასიანი ქაღალდების შემოსავლიანობა შედარებით დაბალი იყო და ფონდებიც თავს იკავებდნენ ინვესტიციებისგან. თუ ძალას არ დაატანდა, ვთქვათ, მარეგულირებელი ორგანო ფონდს, რომ მაინცდამაინც ასეთი კომპანიის ფასიან ქაღალდებში ჩაედო ფული, ერიდებოდნენ ამას.

ახლა კი შეცვლილია ბიზნესგარემო – პრაქტიკულად ყველა დიდი ფონდი, რომელსაც კარგი რეპუტაცია აქვს, ცდილობს, ხარჯვა ისე გაანაწილოს, რომ მეტი ESG ქულა ჰქონდეს.

ეს კი დიდი გარღვევა მგონია – როცა დიდი ფონდები იწყებენ გარემოს დაცვისა და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორების გათვალისწინებით მუშაობას,

ეს უკვე კომპანიებისთვისაც მოტივაციაა, მაღალი ESG ქულა მოიპოვონ ამავე ფასეულობების წყალობით და ამ ქულებზე დაყრდნობით მეტი ინვესტიციაც მიიღონ ფონდებისგან.

რაც უფრო ვრცელდება ეს შეცვლილი ხედვა ბიზნესის წრეებში, რაც უფრო მეტად იქცევა ბიზნესის კეთების შემადგენელ ნაწილად ეკოლოგია, ნელ-ნელა ეს გარემოზეც აისახება. თუ დავაკვირდებით დიდი კომპანიების CSR-ის (corporate social responsibility) თემაზე შედგენილ წლიურ ანგარიშებს, ვნახავთ, რა მნიშვნელოვან ბიუჯეტს გამოჰყოფენ ხოლმე იმის წარმოსაჩენად, რომ არ აზიანებენ კაცობრიობის მიერ მოპოვებულ სიკეთეებსა და კეთილდღეობის განმსაზღვრელ ფაქტორებს, ამ ფაქტორებში კი ჯანსაღი გარემო, ჯანსაღი პლანეტა, პირველ რიგში, შედის.

ეს პროცესი დღეს ჩვენ თვალწინ მიმდინარეობს და ბევრი რამ ქვეყნების ლიდერებზეა დამოკიდებული – მაგალითად, პროცესი შეფერხდა მაშინ, როცა ტრამპმა გადაწყვიტა, დაეტოვებინა პარიზის შეთანხმება, მაგრამ მერე ახალი მწვანე შეთანხმების მიღებაზე დაიწყეს ლაპარაკი. კარგი ისაა, რომ არც ერთ სახელმწიფოს არ აქვს წითელი ღილაკი, რითაც ეკოლოგიური პროცესის საბოტაჟს გამოიწვევს და მთელ სისტემას გამორთავს. პირიქით, კიდევ უფრო გამძაფრდება პოლიტიკური წნეხი ქვეყნების იმ ლიდერებზე, რომლებიც მწვანე შეთანხმებებს მხარს არ დაუჭერენ. გარემოს დაცვა ტრენდი იქნება, მასზე უარი კი – ძველმოდური ხედვა, რადგან ცუდი გარემო ყველას ათანასწორებს – სუპერძალასაც და განვითარებადსაც.

ქარის მიმართულებას პოლიტიკური პარტიები და ძალები ხომ ვერ აკონტროლებენ, გოლფ სტრიმის დინება მათ ნებაზე ხომ არ იცვლება, ქარი ხომ ისევ ქრის და თუ ჰაერი ბინძურია ჩინეთში, ის ჰაერი ავსტრალიაში ხომ აუცილებლად მიაქვს. ამიტომ არ მგონია, ვინმეს ჰქონდეს ისეთი კუნძული, ისეთი ოაზისი, რომ კლიმატის ცვლილებებისგან თავი დაიცვას.

ახლა, როცა კოვიდ-19-ის პანდემიის პირველი ტალღის მერე სხვადასხვა სფერო ძველ, ნაცნობ კალაპოტს უბრუნდება, ეს საკითხები კიდევ უფრო აქტუალური ხდება. კვლავაც ვიფრენთ ბევრს, მოვივლით პლანეტას, მთებს ისევ გავჭრით გვირაბების გასაყვანად, ისევ ავაფეთქებთ შახტებს ოქროსა და სპილენძის მოსაპოვებლად, ნავთობის ჭაბურღილებიც არ შეჩერდება – ასე იქნება მანამ, სანამ ენერგიის ალტერნატიული წყაროები ძირითად წყაროებად არ იქცევა. ტექნოლოგიები ბევრი რამის საშუალებას გვაძლევს. შეიძლება ბალანსის პოვნა – კაცობრიობის მიერ მოპოვებული სიკეთეების შენარჩუნება და თან დედამიწის გაფრთხილება.