ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ექვსი და კიდევ თორმეტი - ზურა ბენდიანიშვილი

ზურა ბენდიანიშვილი, კოალიციის „დევნილთა უფლებებისთვის“ თავმჯდომარე

 26 მაისს, ცხინვალის პედაგოგიურ უნივერსიტეტში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავდნენ. 1989 წელია, 9 აპრილიდან თვე-ნახევარია გასული. გაივსო დარბაზი, მოხსენებით გამოვიდა ისტორიკოსი და მეცნიერი, ლუდვიგ ჩიბიროვი (მოგვიანებით ოსეთის პრეზიდენტი). გარეთ უამრავი ხალხი იყო შეკრებილი. ამ დროს დარბაზში გაგვაფრთხილეს, იცოდეთ, ქართველებს დარბევას გიპირებენ, ფრთხილად იყავითო. მაშინვე ავედი ტრიბუნასთან და სიტყვა ვითხოვე. მოვყევი, რომ 26 მაისი ჩვენი, ყველას ბრძოლაა დამოუკიდებლობისთვის, რომ ერთად უამრავი შეტაკება გამოვიარეთ, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფრონტის ხაზი სწორედ ცხინვალში გადიოდა. საბჭოთა სისტემას ქართველებიც და ოსებიც ერთად ებრძოდნენ და ერთად ეწირებოდნენ. მოდით, ამ დღეს ყველა მოვიგონოთ და წუთიერი დუმილით დამოუკიდებლობისთვის ბრძოლებში დაღუპულებს პატივი მივაგოთ-მეთქი.

დაძაბულობა უცბად გაქრა. ამოცვივდნენ სცენაზე, დამავლეს ხელი, წამოდი, ალან ჩოჩიევს უნდა დაელაპარაკოო. ალანთან ერთად შაბათ-კვირას ფეხბურთს ვთამაშობდი ხოლმე ცხინვალში. ახლოს ვიცნობდით ერთმანეთს. შორიდანვე დამიძახა, რომ იცოდე, შენმა გამოსვლამ გადაგარჩინათ დარბევასო. ეს დაძაბულობა სულ რომ გაიფანტოს, ახლა ეკლესიაშიც წავიდეთ და 9 აპრილის ღამეს დაღუპულების სულების მოსახსენიებლად პარაკლისი გადავიხადოთ-მეთქი. კარგი, მაგრამ ერთი პირობითო, თქვენი სამფერიანი დროშები იქ არ აფრიალოთო. დავთანხმდი. რამდენიმე საეკლესიო დროშა მეგულებოდა სადღაც, ისინი წამოვიღე და წავედით. ეკლესიამდე მსვლელობა მოვაწყვეთ, პარაკლისიც გადავიხადეთ და დავიშალეთ.

იმ დღეს, თამარაშენში ასეთივე შეკრება სტადიონზე ოსებმა დაარბიეს. დაშავდა ხალხი. ამ დროს, ჩვენთან ყველაფერი იდეალურად იყო. „მამაო ჩვენოც“ წავიკითხეთ ერთად. მაშინ ჯერ არ იყო ძნელი რაღაც საერთოს პოვნა – ამის სურვილი იყო მთავარი.

23 ნოემბრის აქციაზე გადავრჩით სისხლისღვრას. ცხინვალში რუსული ჯარი იდგა, თბილისიდან კოლონას არაფორმალური შეიარაღებული ჯგუფებიც ჩამოჰყვნენ. ეს მსვლელობა ცოცხალ ჯაჭვთან რომ გაჩერდა, არავინ იცოდა, მერე რა უნდა გაეკეთებინათ. ეროვნული მოძრაობის ლიდერებმა უარი თქვეს შეხვედრაზე, პროვოკაციის შეეშინდათ. ბოლოს ზვიადმა გამოაცხადა: ხომ შეგპირდით, ცხინვალში მიტინგს ჩავატარებთ-მეთქი და აი, ახლა, ცხინვალში ვართო. ჩვენ ნელ-ნელა დავიშლებით, მაგრამ შეიარაღებული ხალხი აქ დარჩებაო. ვაჟა ადამია და ჯაბა იოსელიანის ხალხი დარჩა.

ჩვენ, რამდენიმე ბიჭს, წინა ჯაჭვიდან კოლონა გაგვიკეთეს და ცხინვალში ჩავედით. ბიჭები დაგვხვდნენ იქაც, არაფერი არ გამოვა, ჩვენით თუ არ მოვრიგდითო. თბილისიდან ემისრების ჩამოსვლა სალაპარაკოდ ჩვენ არ გვჭირდება. ცხინვალი ყოველთვის ეგეთი, ჯიგრული ქალაქი იყო და ხალხმა ერთმანეთში უნდა ილაპარაკოსო. ასეთი საუბარი იყო.

ამ დროს ირაკლი წერეთელი, თურმე, ოსებს შუა მიტინგზე რუპორიდან აგინებს. ატყდა გაწევ-გამოწევა, წიხლები, მუშტებით ჩხუბი. არ ვიცი, როგორ გააჩერეს. ეგ ჩვენ მეორე დღეს გავიგეთ.

ამ დღის მერე დაიძაბა სიტუაცია.

მე მაჩაბლის საზოგადოებას ვეხმარებოდი, თითქოს ცხინვალთან რაღაც კონტაქტს მაინც ინარჩუნებდნენ, მაგრამ პრობლემები იქაც ბლომად იყო. მახსოვს, მოდიოდნენ ხოლმე სიებით: რომელ ოსურ ოჯახებს უნდა დასხმოდნენ თავს. ატყდებოდა ამბავი, ნუ იზამთ ამას, რას ერჩით, მაგრამ ამის შეჩერება მაშინ უკვე შეუძლებელი იყო.

მალე ქართველების დევნაც დაიწყო. მოდიოდნენ და მოდიოდნენ დევნილები. საბურთალოს გამგებელთან მქონდა კარგი ურთიერთობა და იმ ქალმა მე და ზაზა თედიაშვილს დაგვიძახა, იქით საწარმოთა ხელმძღვანელები შეკრიბა და ფონდივით რაღაც შეიქმნა. გამსახურდია იყო უკვე მთავრობაში, მაგრამ საბჭოთა ინერციით ჯერ კიდევ მუშაობდნენ სახელმწიფო საწარმოები. დიდძალი ფული ჩარიცხეს, მგონი, შვიდი მილიონი შეგროვდა. ხალხი გზავნიდა რეგიონებიდან ტანსაცმელს, ნივთებს, პროდუქტებს. ფულიც მოჰქონდათ. დევნილებისთვის ღამის გასათევი ადგილი, საჭმელი, ყველაფერი ჭირდა. ფონდის თათბირებზე საწარმოების ხელმძღვანელები ანგარიშებს პირდაპირ ასე აბარებდნენ: ამდენი ფული გადავრიცხეთ ფონდში და ამდენი ოსი გავაგდეთ სამსახურიდან. აი, ნამდვილი ანტიოსური ისტერია იყო. და არა მარტო ანტიოსური, მანამდე, უბრალოდ ბევრმა გვაპატია. აზერბაიჯანელებმა, მაგალითად. იქამდე იყო ბოლნისის ამბები. მე ეს ისტორიები იქაური პოლიციელებისგან გავიგე. ძმები იყვნენ, პოლიციელები, ღიად ჰყვებოდნენ, ყოველთვე თითო აზერბაიჯანულ სოფელს მაინც ვასახლებთო. ბომბებს ვუგდებთ სახლებში და ისე ვყრითო. ბოლნისი მაშინ დაიცალა. როგორ გვაპატიეს აზერბაიჯანელებმა ეს, არ ვიცი.

ორჯერ ვიყავი მერე კიდევ ჩასული. ისეთი სიამაყით გვიჩვენებდნენ დაცლილ სოფლებს. აი, ეგრე უნდა ვუქნათ ოსებსაცო.

1991-ში მოხდა ეს, გზები უკვე ჩაკეტილი იყო. ერედვზე უნდა გადასულიყავი, ოსურ სოფლებში რომ მოხვედრილიყავი. ოსები ვეღარ დადიოდნენ თავისუფლად. ერთ დღეს სატვირთოს საბარგულით მიდიოდა სოფლისკენ 12 კაცი. ჩამოყარეს ყველა ქვემოთ. ზოგს ესროლეს, ზოგს დანით ყელი გამოსჭრეს. ჩემი ნათესავი უყურებდა. რწყევით მოკვდა, ეს რა ვნახეო. მაშინ არ გახმაურებულა. ეს კაცები უბრალოდ დაიკარგნენ და მორჩა. იქვე დამარხეს თურმე. გვიან გასკდა ამბავი. ვითომ ვიროს გამო იძიეს შურიო. ვირო იყო ეგეთი, ცოტა ხნის მოკლული ჰყავდათ ოსებს. იმაზეც ეგრე ამბობდნენ, შურისძიებააო. ვინ გამოიძიებდა.

ერთ სოფელში ქართველი ბიჭი მოკლეს ოსებმა. ცოტა ხანში, ამის ბიძამ ახალგაზრდა ბიჭი დაიჭირა ნიქოზის საზღვართან. მარტო იმიტომ, რომ ოსი იყო, თორემ მკვლელებთან არაფერი საერთო არ ჰქონია. თავისი ძმისშვილის საფლავზე დააკლა. მთელი სოფელი ესწრებოდა.

მეც შემხვდა ერთი კაცი, გზაზე, ოსი. ისეთი ნაცემი იყო, ისეთი ნაცემი, რას აწვალებთ, გაუშვით-მეთქი, ვთხოვე იქ ბიჭებს. მეორე დღეს რომ შემხვდნენ, პირდაპირ მითხრეს, დავხვრიტეთ და მდინარეში გადავაგდეთო.

აი, ეგეთი ომი იყო.

მონასტრიდანაც გაიტაცეს ექვსი ახალგაზრდა. ეგეც ცნობილი ამბავია. ვერც გვამები იპოვეს. ვერაფერი. ოსები.