ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

მამა | თამარა, 38 წლის, გორის რაიონის სოფელ წითელუბნიდან

თამარა, 38 წლის, გორის რაიონის სოფელ წითელუბნიდან, ამჟამად ცხოვრობს სოფელ ხვითში (კასპის რაიონი)

1980-იანი წლების ბოლოს წითელუბანი სამასკომლიანი სოფელი იყო, კულტურის სახლიც გვქონდა და ცხრაკლასიანი საშუალო სკოლაც. საერთოდ ქართველზე და ოსზე უფრო შერეული ჯიში არ არსებობს და ჩვენს ოჯახშიც დედაჩემი ქართველია, მამა – ოსი, მაგრამ ბებია მისი მხრიდან იმერელი მყავდა. სახლში ქართულად ვლაპარაკობდით, ოსურად თითო-ოროლა სიტყვა თუ ვიცოდი საბავშვო ბაღიდან.

დასაწყისი კარგად არ მახსოვს, მაგრამ მგონი აჭარელი ეკომიგრანტების დროებით ჩამოსახლებას უკავშირდება. ჩემმა იმერელმა ბებიამ მაშინ წელიწად-ნახევრით 11 სულიც კი შემოასახლა სახლში, მაგრამ ხალხში პანიკა და შიში იყო, აჭარლები აქ დარჩებიან და ჩვენ სახლებს დავკარგავთო.

მაშინ 9 წლის ვარ, ტელევიზორიდან სულ იმას გადმოსცემენ, რომ მიტინგებია, ეკრანზე თოფებიანი კაცები ჩანან. ხშირად მესმის ხოლმე, უფროსები სახლში ლაპარაკობენ: რატომ მოხდა ეს ამბავი, რა დამიშავე შენ და მე როგორ უნდა დაგინდო შენ. ოსებიც აკეთებდნენ და ესენიც. ცხინვალში ფეხმძიმე ქალი გამოაბეს ტანკს და შუაზე გახლიჩესო, ძმები წაიყვანეს და დახოცეს, მერე ორი გვამი მიუსვენეს დედასო – აი, ასეთი ამბები მესმოდა უფროსებისგან. თან სროლებიც იყო სოფელში. დადიოდნენ და ისროდნენ.

დედაჩემს რომ ვეკითხებოდი, რა ხდება-მეთქი, დედა მეუბნებოდა, უნდა გავიქცეთო.

მაგრამ ჯერ გვარი გადაგვიკეთა – თვითონ ქართველი რადგან იყო და ჩვენც თუ ქართულ გვარზე ვიქნებოდით, საშიშროება არ შეგვეხებოდა, ასე ფიქრობდა; მერე კი შიშმა ისე სძლია, რომ სუყველანი თავის სოფელში წაგვიყვანა. ნაწრეტში მეტი ქართული ოჯახი ცხოვრობდა და იქ უფრო იოლი იყო უსაფრთხოდ ყოფნა. სოფლის შესასვლელში საგუშაგო ჰქონდათ – დიდი ალვის ხეები მოეჭრათ და მორებად ეწყო – მოსახლეობის დასაცავად.

სახლში სულ მაფრთხილებდნენ, არ წახვიდე წითელუბანშიო, მაგრამ ერთხელ, სკოლის მერე, მაინც გავიპარე. მივედი ჩვენს სახლთან, გადავძვერი ღობეზე, სახლის კარი ჩაკეტილი იყო, ფანჯრიდან გადავედი. მალევე გაჩერდა ეზოსთან ნაცრისფერი „ოცდაოთხი“ და გადმოვიდა ხუთი „არაფორმალი“ – ხუთი წვერებიანი კაცი. ვიცოდი, რომ „არაფორმალებს“ ეძახდნენ სოფლებში მოსიარულე უცხო კაცებს, რომლებიც სახლებს ძარცვავდნენ. ვისაც რამე ებადა, საქონელი თუ სხვა რამ, ყველას ეშინოდა მათი. ჩვენს სოფელში ბრმა ტყვიით ახალგაზრდა კაცი დაიღუპა – ესეც „არაფორმალების“ გამოო, მესმოდა. საწყალს ცოლი ახალი მოყვანილი ჰყავდა, შვილი არც დარჩა, გაისროლეს უმისამართოდ და ამას მოხვდა, სახლის წინ, თავის ბაღში მდგომს. იმ პერიოდში კიდევ გავიგეთ, რომ სოფლიდან გაიტაცეს ორი კაცი – დაკარგულად ითვლებოდნენ და მერე მდინარემ ამოატივტივა გორთან. ტანსაცმლით იცნეს, თორემ მათი ცნობა აღარ შეიძლებოდა.

ასეთი ამბებია მოკლედ გარშემო და ვზივარ ჩაცუცქული ჩვენს დაკეტილ სახლში. კაცებმა გარს უარეს, ერთი პლაშადკაზეც ამოვიდა, შემოიხედა და გაიარა – ფანჯარა მიკეტილს ჰგავდა. მერე მეზობლის კაცი ნახეს და იმას ჰკითხეს მამაჩემზე, სად არის, ოჯახი სად ჰყავს, უნდა წავიყვანოთო. იმან კიდევ არ გაგვცა, არაფერი ვიციო და სცემეს იქვე. წავიდნენ და ნახევარ საათს კიდევ ვიჯექი დაკეტილ სახლში, მერე გადმოვძვერი და მოკლე გზაზე გავიქეცი ნაწრეტისკენ.

ჩემგან გაიგეს ჩემებმა, მამას რომ ეძებდნენ. პაპაჩემმა გააფრთხილა, არსად წახვიდეო და სახლიდან არ გადიოდა მართლაც. ერთხელ, მხოლოდ გამოიხედა გარეთ და ამ დროს აიყვანეს – ისევ იმ მანქანამ ამოიარა, ჩასვეს და მაღლა, ნაწრეტის სალოცავისკენ წაიყვანეს, იქ ნადარბაზევის ტბაც არის უფრო ზევით. მამაჩემს შეეშინდა, არ მომკლათო. იმათ კიდევ სასმელი შესთავაზეს. ღვინო რომ დაინახა, არ მინდა, არაყს ვსვამო და 22-ლიტრიანით არაყი დაუდეს. მერე ისინიც დათვრნენ და მამაჩემმა გამოპარვა სცადა, მაგრამ ვერა, საბოლოოდ ვერ გარისკა. ეუბნებოდნენ, ჯაშუში იყავი და ინფორმაცია მოგვეცი სოფელზე, ვის ფული აქვს, ვის – საქონელიო. მამაჩემმა, მოვიფიქრებო და ბოლოს, სოფლამდე რომ ჩამოვიდნენ, მთელი სოფელი ხელკეტებით დახვდა მანქანას. რომ გადმოვიდა, მერეღა უთხრა ამათ, ახლა თუ გინდათ, მესროლეთ, მე მაგ საქმეს არ გავაკეთებო.

იმის მერე უკვე იცოდა, აღარ გააჩერებდნენ იქ. ცოტა ხანში ორჯონიკიძეში წავიდა. თუმცა, სანამ წასვლას მოახერხებდა, პაპაჩემიც გაიტაცეს.

არადა, სულ ეუბნებოდნენ სახლში, ნუ გამოდიხარ გარეთ, სათბურები გვაქვს, შეძლებული ოჯახი გვქვია, გაგიტაცებენ და გამოსასყიდს მოგვთხოვენო, არ გვიჯერებდა. სოფლის ბირჟიდან აიყვანეს. ისევ იმ „ოცდაოთხში“ ჩასვეს, საიდან ხარო, პაპაო, რომ ჰკითხეს, მეო აჭარელი ვარო, ასე უპასუხნია. იმათ კიდევ კილოზე ვერაფერი შეატყვეს, რადგან ხუთი ენა იცოდა და ოსურ კილოზე არაფრით მოუქცევდა, თავს არ გასცემდა.

ოთხი დღის მერე დააბრუნეს. რომ მოდიოდნენ, შავშვების თავზე ერთ სოფელში გაჩერდნენ, ნათლობა დახვდათ და შეიარეს. ვინ გაუბედავდა ამათ, არ მოხვიდეთო. შემცბარა პაპაჩემი, ვინმემ რომ მიცნოს და ოსურად მომესალმოს, ბაირი, არკადიო, ხო უნდა ჩავიწვე ჩემს ამბავშიო და არ გაჰყოლია სუფრაზე იმ კაცებს – თქვენ წადით, ისიამოვნეთ, მე აქვე დავიძინებო, მანქანასთან დარჩენილა. მერე კი, როგორც კი თვალს მიფარებიან, სულ მოკლეებზე ურბენია ამ 74 წლის კაცს.

იმ ამბების მერე აღარ მინახავს მამა. სულ მენატრებოდა. სახლის წინ მანქანა რომ ჩაივლიდა, წამოვხტებოდი ხოლმე. მთელი ცხოვრება მამის მოლოდინში გავლიე და მკვდარიც ვერ ვნახე. ორჯონიკიძიდან მას მერე, უკან აღარ დაბრუნებულა.