ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ოქროს კბილები - მამუკა არეშიძე

მამუკა არეშიძე, ექსპერტი კავკასიის საკითხებში

როდიდან გახსოვთ ქართველებისა და ოსების დაპირისპირება?

მე ერთადერთი ჟურნალისტი ვიყავი, ვინც პირველ შეტაკებას შეესწრო ოსეთში 1989 წლის 26 მაისს. მანამდე „ამერიკის ხმაზე“ მოვისმინე ოსი აქტივისტის კომენტარი 9 აპრილზე, რომლის პათოსიც ასეთი იყო: ძალიანაც კარგი, ეს რომ მოუვიდათო. იმდენად დაუჯერებელი მოსასმენი იყო, რომ „ამერიკის ხმის“ რუსი კომენტატორიც კი გაკვირვებული დარჩა. იმ დროს, პროგრამა „საღამო მშვიდობისას“ წამყვანი და რეჟისორი ვიყავი. თანამშრომელმა მითხრა, 26 მაისს ცხინვალში მიტინგი იმართება და წავიდეთო. კამერით ვიყავი. ჯერ კიდევ საბჭოთა ხელისუფლებაა. ღონისძიება ცხინვალის ნაცვლად ერგნეთში ჩატარდა და ქართველებსა და ოსებს შორის შეტაკება მოხდა. ოღონდ, მაშინ ამას ქართულ-ოსურ შეტაკებას კი არ არქმევდნენ, არამედ დაპირისპირებას – არაფორმალებსა და კომკავშირლებს შორის. კომკავშირელი აქტივისტები ოსები იყვნენ, არაფორმალები – ცხინვალის, ერგნეთის და ახლომდებარე სოფლების ქართველობა, ვინც 26 მაისს, ქვეყნის დამოუკიდებლობას ზეიმობდა. ოს კომკავშირლებს ხელმძღვანელობდა ცხინვალის ქალაქკომის მეორე მდივანი დუმბაძე. 26 მაისს დაიწყო და გაგრძელდა სახლების დაწვა, ცალკე ოსების, ცალკე – ქართველების მხრიდან. მიდიოდა ცემა-ტყეპა, ჯერ იარაღი არ იყო. საზოგადოების გახლეჩვის ტემპი იყო ძალიან მაღალი, ამაზრზენი სანახავი იყო.

26 მაისის შეტაკების შემდეგ, ოსებმა ჩემთან შეხვედრა მოინდომეს. შევხვდი ალან პარასტაევს, ალან ჩოჩიევს და ახსარ ჯიკაევს – ცხინვალელ მუსიკოსს, რომელსაც ქართველი ცოლი ჰყავდა. ალან პარასტაევი შემთხვევითი ადამიანი იყო იმ მოძრაობაში, ერთ წელიწადში წავიდა და დარჩა შვეიცარიაში, ალან ჩოჩიევი ადგილობრივი პედაგოგიური უნივერსიტეტის პროფესორი იყო, საკმაოდ განათლებული ადამიანი.

იმდროინდელი საოლქო კომიტეტის ხელმძღვანელობა და პარტიული ნომენკლატურა ამათ მაინცდამაინც არ უჭერდა მხარს. მაგრამ ჩვენ, ჩვენი გაზვიადებული ურაპატრიოტიზმით, მივაღწიეთ იმას, რომ ალან ჩოჩიევი იქცა ფიგურად. ორსაათიანი საუბარი ჩავიწერე მათთან. არ ამბობდნენ, რომ დამოუკიდებლობა უნდოდათ, ჰყვებოდნენ, როგორ იჩაგრებიან, რომ მათი ენაა შეზღუდული, მყიფეა მათი უფლებრივი მდგომარეობა და მოითხოვდნენ კულტურულ ავტონომიას. ჩოჩიევის გარდა, დანარჩენი ორისთვის რომ გეკითხათ, რა იყო კულტურული ავტონომია, ალბათ ვერც გიპასუხებდნენ. მაგრამ მე ეს კითხვა არ მომსვლია თავში, იმიტომ რომ თავადაც არ ვიცოდი კარგად. მათ მთხოვეს, რომ უნდოდათ შეხვედრა საქართველოს ინტელიგენციასთან, ვინც 9 აპრილის მოვლენებზე აქტიურობდნენ და ეროვნული მოძრაობის ლიდერებთან. ოთხი პიროვნება დამისახელეს. მათგან ორი ლიკანში იყო დასასვენებლად. ჩავედი, ჩავიტანე ეს კასეტა, ვანახე და მითხრეს, მაგათ ჩვენ არ შევხვდებითო. მესამეს თბილისში რუსთაველის ძეგლთან შევხვდი და მითხრა, ამ ველურებთან მე საქმეს არ დავიჭერო. მეოთხე ავად იყო და ცოტა გვიან ვნახე. უკვე წელამდე თოვლი იდო. სამი კილომეტრი ფეხით იარა ამ მოხუცებულმა კაცმა და შეხვდა ოსებს. ეს იყო ნიკო ჭავჭავაძე. ბიბლიოთეკაში შეხვდნენ. ნაფი ჯუსოითიმ რომ დაინახა ნიკო, მისი მასწავლებელი იყო, მუხლებზე დაეცა – დიდი ადამიანი მოვიდაო. ნიკო ყველაფერს ამბობდა, რასაც ფიქრობდა, დინჯად, დამრიგებლური პოზიციიდან. ხმა არავის ამოუღია.

23 ნოემბრის დემონსტრაციას რა პროცესები უძღოდა წინ?

მე მაშინ ობიექტური ჟურნალისტი არ ვყოფილვარ, ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას თანავუგრძნობდი, გია ჭანტურია კი ამ მიტინგის წინააღმდეგი იყო. მე და ჩემს კოლეგებს ვერაფრით ვერ აგვიხსნეს ჯაბა იოსელიანმა და ნოდარ ნათაძემ, რატომ მიდიოდნენ, რა უნდოდათ. „ქართველები იჩაგრებიან, იქ უნდა ჩავატაროთ მშვიდობიანი მიტინგი“ და ა. შ. ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ ზვიადი ამას ვიღაცის ჯიბრზე აკეთებდა, თორემ განსაკუთრებული ენთუზიაზმი არც მას ჰქონია. მთელ ამ ღონისძიებას სულ ორი კაცი ვიღებდით, მამუკა ცაგარელი და მე. პარტიული ელიტა ჩართული იყო, ავტობუსები იმათ მოიყვანეს, რაღაც ცუდი სუნი დადგა. ნათაძემ კულუარულად აღნიშნა, რა ხდება, რატომ გვაცილებენო, მაგრამ უკვე გვიანი იყო. 40 000 კაცს იქ მერვე პოლკი დაგვახვედრეს. მათ უკან 100 ადამიანი იდგა ლენინის სურათებით. იქ რაც მოხდა, მოხდა, და მერე მთელი ჯოხი „მხედრიონის“ ზურგზე გადატყდა – „მხედრიონი“ იქაურ ქართველებს იცავდა, მამიასაანთ უბანი დაიჭირა, თორემ იქაურ ქართველებს დააწიოკებდნენ.

იყო თუ არა ეროვნულ მოძრაობაში დისკუსია იმაზე, რომ ეთნიკურ საკითხებს ცოტა ფრთხილად უნდა მიდგომოდნენ?

არა, მაშინ სახალხო ფრონტი ჯერ არ იყო შექმნილი და ხმამაღლა მხოლოდ ორი ხმა ისმოდა – ზვიად გამსახურდიასი და გია ჭანტურიასი. ამაზე საუბარი არ ყოფილა.

შემდეგაც გიწევდათ ცხინვალში ჩასვლა?

რა თქმა უნდა. ტყვედაც ჩავვარდი 1990 წლის დეკემბერში, ცხინვალში, ქორწინების სახლის სარდაფში. „ირისტონის მგლები“ – იყო ასეთი ორგანიზაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა სერგო კოკოითი (კოკოითის ძმა), მოკრივე, საქართველოს ჩემპიონი. სამი ჟურნალისტი ვიყავით და ეს ტყვეობა კომიკურად დამთავრდა. მოვიდა აკილა ცხოვრებოვი (საქართველოს ჩემპიონის, გურამ ცხოვრებოვის ძმა), რომელსაც არ უნდოდა, რომ ქართველებსა და ოსებს შორის სისხლი დაღვრილიყო, წესიერი და გავლენიანი კაცი, ჩვენ ყველანი გამოგვყარა, იმათ კი იარაღი წაართვა. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შემიძლია გითხრათ, ისაა, რომ შევხვდი კიმ ცაგოლოვს (გრუ-ს გენერალს). ეს იყო უაღრესად ჭკვიანი ადამიანი, ავღანეთის ომის მონაწილე. ცხინვალში მასთან ერთად დავდიოდი. ერთადერთი ჟურნალისტი ვიყავი, რომელიც ორივე მხარეს ვიღებდი და ხელს ვერავინ მიშლიდა. გადაღებული მაქვს, როგორ იცავდნენ ქართველები 31 დეკემბერს თამარაშენს, ცეცხლი ჰქონდათ დანთებული, ირგვლივ ისხდნენ და მათ შორის იყო 16 წლის ვეფხია თუთარაშვილი. წამოვედი და ერთ საათში მოკლეს. უთოფოდ, უიარაღოდ იჯდა ცეცხლთან, ვაჟკაცი, ყინჩი ბიჭი. დედამისიც გადავიღე იმ ღამეს. მანამდე, სანამ თამარაშენში ჩავიდოდი, ჯავის საავადმყოფოც გადავიღე, სადაც ნაცემი ოსები იწვნენ.

იმდროინდელი პოლიტიკური ელიტის დამოკიდებულებამ რა როლი შეასრულა ამ კონფლიქტში?

ერთმანეთთან ქიშპობამ შეასრულა დიდი როლი. ვინ უფრო მაგარი გამოჩნდებოდა, როგორც დღესაა – ქვეყნის ინტერესები რომ ავიწყდებათ პოლიტიკოსებს. ამას გარდა, არავითარი პოლიტიკური გამოცდილება არ არსებობდა. ჩვენი მეტოქე იყო უაღრესად გამოცდილი ძალა – რუსული სპეცსამსახურები, შერჩეული ჰყავდათ ჭკვიანი ადამიანები, რომლებსაც ამ სიტუაციის გაძღოლა შეეძლოთ, იგივე ალან ჩოჩიევი, რომელიც უაღრესად გონიერი ადამიანი იყო. კონფლიქტის თავიდან აცილება ალბათ გაგვიჭირდებოდა, რადგან მისი მსურველები გაცილებით მეტნი იყვნენ, მაგრამ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირი იყო და ზემოქმედების მექანიზმები არსებობდა. მახსოვს 23 ნოემბრის მოლაპარაკებები – ზვიადი, ჯაბა, ნათაძე – სამივე რომ სხვადასხვას, სამ ხმაში ლაპარაკობდა. იმ ორმოცი ათასი ადამიანის სახეებიც მახსოვს, იმედგაცრუებული სახეები, როცა დაინახეს, რომ ხელმძღვანელობას არავითარი კონკრეტული გეგმა არ აქვს. ამ დროს, გზაშივე იცოდნენ, რომ იქ მერვე პოლკი, საბჭოთა კავშირის შინაგანი ჯარი იდგა. რატომ მივდიოდით?

ქართველები ისე გამოვიდნენ ცხინვალიდან, რომ ფართომასშტაბიანი ომი არ ყოფილა.

ეს იმიტომ, რომ 10 იანვარს ზვიად გამსახურდიამ ცხინვალიდან ქართული მილიცია გამოიყვანა. აბსოლუტურად გაუგებარია, ან რატომ შეიყვანა, ან რატომ გამოიყვანა. თან ეს რეგიონული მილიცია იყო, აბსოლუტურად მოუმზადებელი იმ ვითარებისთვის. ბათუმიდან წამოსული საბჭოთა მილიციელისთვის სრულიად გაუგებარი იყო, როგორ უნდა მოქცეულიყო.

გახსოვთ ფრისში მოკლული ჩვილის ამბავი?

ჩემთვის მაშინვე ცნობილი იყო, რომ ეს ბავშვი შემთხვევითი ტყვიით იყო მკვდარი. ამაზე ისტერიკა ატეხა ზოგიერთმა, და თემა საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენა.

ძარის (ზარი) ტრაგედია?

სამარცხვინო ფაქტია ძარის ტრაგედია. ჩვენ ვიცით, რა მოხდა იქ – სხვას ელოდებოდნენ და სხვა მანქანამ გამოიარა, მაგრამ ეს არ ცვლის ამბავს. ჩვენს მხარესაც იყო ამგვარი მსხვერპლი. ჩვენი მხრიდან 1200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ეს ძალიან დიდი მსხვერპლია ასეთი დუნე კონფლიქტისთვის. ესეც არაზუსტი რიცხვია. ქართული მხრიდან იბრძოდა რამდენიმე დაჯგუფება, რომლებიც ერთმანეთს არ ექვემდებარებოდა და არც კი ეთანამშრომლებოდა. ვაჟა ადამიას ხალხი „მხედრიონთან“ იყო დაპირისპირებული. ადამიას ადგილობრივებიც ჰყავდა, მათგან რამდენიმე განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა. იყო ერთი, რომელიც ცხინვალელ ებრაელებს, ქალაქიდან რომ გადიოდნენ, ოქროს კბილებს აძრობდა. მერე მოკლეს.