ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ორი დიდი ქვა - დალი, ველები

არც მაშინ არ მეშინოდა, არც ეხლა. არასოდეს არ მეშინოდა.

ეს დრომ მოიტანა. არც ქართველების ბრალი იყო, არც ოსების. ეგრე უნდა ყოფილიყო.

ნეტარ ხაართო, ვინც მოითმენსო.

ჩემი თავი მათ ენაცვალოს. მე ისეთი ქართველები მყავს, სულივით მიყვარს, სიძეები, რძალი. ტყვია რო მოდიოდეს, წინ დავუდგები.

ჩემი შვილიშვილი ქართველია, გოგოს ბიჭი, მე გავზარდე. შვიდი თვისა იყო მაშინ. აქეთ, მთელი შტაბი იძახოდა, ისინი ქართველსა ზრდიანო. მარა არ მიმყავდა ბავშვი. ჩემ მეუღლესა ბაგრატი ერქვა, მლანძღავდა, ჩაიყვანე, მიეცი თავის პატრონებსა, არაფერი დაემართოს ბავშვსო, იმასაც დაღუპავ და შენ თავსაცო. არაფერი არ დაემართება-მეთქი, ნუ გეშინია. ნაღდად არ მეშინოდა ხალხისა. მარა მერე და მერე თითქოს ამიყოლიეს.

სოფელი აქ, ჩვენთან მოგროვდებოდა ხოლმე. ჩემ მეუღლეს მთელი მხარე იცნობს და ვითომ არავინ მოვა აქაო. მარა ბოლოსა უკვე, მაინც გავგზავნე ბავშვიცა და გოგოცა გორში. მე ავედი ტყეში. მერე იქაც რო შემძულდა, ჩამოვედი და ვიყავი სახლში მარტო.

რო დამშვიდდა, ჩვენ მერე დაგვეცნენ. მე წინასწარ ვგრძნობდი და რაც გავყიდეთ კაპიკებში, ათასი მანეთი გადავდე რუსული ფული. ჩემ მეუღლესაც ვუთხარი, თუ ვინიცობა, მე სახლში არ ვიქენი და მოვიდნენ, იცოდეთ აიღეთ და მიეცით, არაფერი დაგიშაონ-მეთქი.

ბაღში ვმუშაობდით ერთად, ბაგრატას რო დაუძახეს. გამოვიდა გარეთა, მე დავრჩი. არ უყვარდა მაგას, რო ის ვიღაცასთან არი და მე მივიდე. წამოვედი მაინც და მივეფარე ღობესა. დამინახა მაინცა, მაგარი თვალი ქონდა. სანდრა, მოდი აქაო, ეგრე მეძახდა. გამოვედი და ლაპარაკობენ.

უნდა წავიყვანოთო.

ჩემ მეუღლესა არ უნდა წაყვანა. რად უნდა წამოვიდეს-მეთქი. ძაან გავლანძღე. ისე დავუდექი ამ ბიჭებსა, ერთი არ დავარტყი. მთვრალივითა თუ, რა ვიცი, გაკეთებულში იყვნენ. რაღა გინდათ, მეტი არაფერი გვაქ, – ავტომატზე დავეჭიდე, – თუ ეგეთი ვაჟკაცი ხარ, წადით ერთი ერთზე, ამის იმედი რო გაქ-მეთქი. 

მანქანაში ზის ერთი და ვხედავ, მიმიზნებს პისტოლეტსა. ამის ოსი დედაო, ესროლეო, ეუბნება მეორე ბიჭი. მივედი ახლოს, მანქანაზე ზედ და აჰა, მესროლე, რაღას უცდი-მეთქი. შენ მეუღლეს უთხარი, გაჩერდესო, ბაგრატას ეუბნება. მე არ მინდა, რო გავუშვა, რა ვიცი, სად მოკლან, აქ მოკალით-მეთქი.

წაიყვანეს მაინცა. ლამის გავგიჟდი. ავჭერი გზა მაღლა. ქვები ავკრიფე კალთაში და მანქანას დავდევ, დაგიმტვრევ შუშებსა-მეთქი.

სანამ გორას მოუარეს, მე წინ დავხვდი, თან ქვები კალთაში მაქვს. გადამიარე, საცა იმას მოკლავთ, მეც წამიყოლეთ, რაღას მტოვთ-მეთქი. არა, ჩემო დაო, არა, კარგად იქნება ყველაფერიო, მეუბნება. მივედი, უნდა გავაღო კარი, დავჯდე მანქანაში და გაზი მისცა, გაიქცა. გავეკიდე, ვირბინე, ნიში როა, იქამდე, წყალთან ჩავედი. შევედი საწყალ სულიკოსთან, ხნავდა ისა. სულიკო, ესეა-მეთქი და მიშველე რამე.

არაო, წადიო სახლშიო. ისო საერთო ენას გამონახავსო. ამოვედი და მართლა სახლში არი. თურმე ფული უნდოდათ. შენი ცოლი დღე და ღამე ბაზარზე გდია, ფული მოგვეციო.

აქედან პირველ წყალზე რო გადახვალ, გაღმა ორი დიდი ქვა არი. თურმე დასვეს იქა და ესროდნენ. სუ გვერდზე მიდიოდნენ ავტომატის ტყვიები.

ძალიან ბევრი წამებები იყო. ზემოთ სოფლებში. ჩვენთან აპოლონას მანქანა წაართვეს. ამირანას ესროლეს. ამათი ხარები წაიყვანეს.

ადამიანს ნურაფერს ნუ დაუშავებენ და საქონელს მგელიცა სჭამს. რა ვუყოთ. ბაგრატა რო წაიყვანეს, ის ბიჭი ეხლა აღარ არი. ცოდვა მაინც არავის არა შერჩება.

ეგეთი დრო იყო.

მე და ჩემი გოგო, ეხლა ბაზარში რო მივდივართ, ენა არ გიჩერდება, ოსურად დამელაპარაკებიო და წინ გაიქცევა ხოლმე. ნუ გეშინია-მეთქი, გოგო, თუ არა ხარ განწირული, არაფერი მოგივა-მეთქი. ერთხელა რუსები მეგონენ და ოსურადა ვთქვი, თურმე ქართველები ყოფილან და ისე შეშინდა, ეს რა ქენიო.

დრომ მოიტანა ეგა. დრომ გააბოროტა ხალხი.

ერთხელ მოვდივარ გორიდანა და მოდის ქარელიდან მანქანა, დავუქნიე ხელი, ზეით რო მიდის და ჩავჯექი. რა, ადამიანი არაა? შემჭამს? მომკლავს? ოსი ხარ? – მეკითხება. ოსი ვარ-მეთქი. მერე არ გეშინია? რისა მეშინია, მგელი ხარ თუ დათვი ხარ-მეთქი? არაო, რატომ თქვენ არ წახვედითო? შვილო, რატომ უნდა წავიდე? შენ ხო საქართველოში დაიბადე, ანბანი აქ ისწავლე-მეთქი. ჰოდა, მეც ასე. აქ დავიბადე, აქ გავიზარდე, აქ ავიდგი ფეხი. რატომ უნდა წავიდე? ერთად წავიდეთ, აბა, თუ კარგია წასვლა-მეთქი.