ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

პიკეტი - ვაჟა ადამია

ვაჟა ადამია, მერაბ კოსტავას საზოგადოების ლიდერი

23 ნოემბერი

ვიცოდით, რომ ოსები ქართველებს ავიწროებდნენ. რასაკვირველია, ეროვნულ მოძრაობაში დანერგილი აგენტურა მუშაობდა და ცდილობდა, გზა-კვალი აერია ჩვენთვის, მაგრამ ღმერთმა მოგვცა მერაბ კოსტავა და ის მოკლე მონაკვეთი, 1987-იდან 1989 წლამდე. ეს წლები რომ არ გვქონოდა, არ ვიცი, სად იქნებოდა დღეს საქართველო. შევიწროება რომ გეგმაზომიერად ხორციელდებოდა საბჭოთა პერიოდის მანძილზე, ამას მოწმობს გაოსებული ქართველების გვარები – ელბაქიძეები, მარიამიძეები, ხუციშვილები, ცხოვრებოვები, ბათიაშვილები, შევარდანიძეები. რა თქმა უნდა, ეს სია არასრულია. როდის ხდება გაოსება და გააფხაზება? როცა ადგილობრივზე, მომხდურისგან ხდება ზეწოლა და შევიწროება.

1989 წლის შემოდგომაზე, მერაბის სიკვდილის შემდეგ, ზვიად გამსახურდია და მე ავედით პატარა ლიახვის ხეობაში, სოფელ ერედვში და შევხვდით იქ ხალხს, რომელთაგანაც საშინელი ამბები მოვისმინეთ.

მერაბი იყო ეროვნული მოძრაობის ერთადერთი კომპასი. მერაბის სიცოცხლეში, ეროვნულ მოძრაობას შეცდომა არ დაუშვია! ამიტომ მოუსწრაფეს მას სიცოცხლე. მერაბის სიკვდილის შემდეგ ვინც დავრჩით, იმათ უამრავი შეცდომა დავუშვით. დღევანდელი გადასახედიდან, რა თქმა უნდა, არ ვარ ერედვში ჩემი მაშინდელი გამოსვლით კმაყოფილი. ადგილობრივები უნდა შეგვეგულიანებინა, რათა არ დაშინებულიყვნენ.

ასე წამოიჭრა ცხინვალში ერთობლივი მიტინგის ჩატარების საკითხი. იმჟამინდელმა ცეკას მდივანმა, გივი გუმბარიძემ გვთხოვა შეხვედრა. ჯერ „მრგვალი მაგიდა“ არ არსებობდა. იყო გარკვეული დისბალანსი, ვინაიდან ეროვნულ მოძრაობას აღარ ჰყავდა წარმმართველი ძალა მერაბ კოსტავას სახით.

ირაკლი წერეთელმა თქვა, მაგ დაწყევლილ შენობაში (დღევანდელი პარლამენტის შენობა) არ შემოვალთ, „აგროპრომის“ შენობაში შევხვდეთო. მაშინ „აგროპრომის“ თავმჯდომარე იყო გურამ მგელაძე. გივი გუმბარიძეს მასთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა. ამის მიუხედავად, გუმბარიძე მაინც მოვიდა შეხვედრაზე. ძალიან გულით გვთხოვა, ხელი აგვეღო ცხინვალში დემონსტრაციის გამართვაზე. მეც კი, ვინც იქაურობას ვიცნობდი, ვფიქრობდი, რომ მისი მხრიდან, ეს ზედმეტი სიფრთხილე იყო. უარი ვუთხარით: მივალთ, დაველაპარაკებით ოსებს და ყველაფერს გავარკვევთ-თქო.

მართალი გითხრათ, დღემდე არ ვიცი, ვინ მოიყვანა ავტობუსები სპორტის სასახლესთან (გუმბარიძე არ მოიყვანდა, მან კატეგორიულად გვირჩია წაუსვლელობა). ჩვენ რომ ჩავედით, გუმბარიძე მეღვრეკისში დაგვხვდა. გზაში არც საბჭოთა მილიცია დამინახავს. ცხინვალის შესასვლელთან, ერგნეთს ქვემოთ, ოსებს პიკეტი მოეწყოთ და ეწინააღმდეგებოდნენ ცხინვალში ჩვენს შესვლას. იქ აგიტაცია- პროპაგანდა უკვე ჩაეტარებინათ – „ქართველები თქვენ დასარბევად მოდიანო!“ მოპიკეტენი შიშით კანკალებდნენ, რადგანაც რაოდენობრივად ვჭარბობდით. მათ ხელში ოსური დროშები და ლენინის სურათები ეკავათ. გუმბარიძემ იქაც ძალიან გვთხოვა, ხელი აგვეღო მიტინგის ჩატარებაზე და უკან გამოვბრუნებულიყავით.

ერგნეთში მიტინგი ჩატარდა. მაგრამ რა გითხრათ, ეს უფრო იმიტომ, რომ იქ ჩასვლა წარუმატებლობად და ხელმოცარვად არ გამოჩენილიყო. გზის პირას იდგა აგურებით დატვირთული მანქანის მისაბმელი. ირაკლი წერეთელი ავიდა მასზე და ორიოდ სიტყვა თქვა, რომ ოსებო, თქვენ არ გეკადრებათ ეს და ა.შ.

მტერი ელოდა, რომ პიკეტს გავარღვევდით და ძალით შევიდოდით ცხინვალში. მაქსიმუმ ოცდასამი ათასი კაცი ვიყავით. რომ ამბობენ ორმოცი ათასიო, არ არის მართალი. ეს ანკესი იყო. მაშინ ამდენს ვერ ვხვდებოდით, მაგრამ ჩვენ მართლა შეგვეძლო გაგვერღვია ეს წინაღობა. ოსებს მოლოტოვის კოქტეილები ჰქონდათ. იმდენი არ იყვნენ, რამდენიც ჩვენ ვიყავით. მაგრამ დაპირისპირება დაუშვებელი იყო, ქალები და ბავშვებიც გვახლდნენ. ჩვენ გვინდოდა ცხინვალის ცენტრში ოსებთან ერთად მიტინგის ჩატარება. 

დაგვაღამდა. ბავშვები, ქალები, მშიერ-მწყურვალები დაგვრჩნენ. ზოგი იმ ღამითვე გამობრუნდა უკან. ძირითადი ნაწილი კი მეორე დღეს დაბრუნდა თბილისში.

პატრულირება

მე იქაურობას კარგად ვიცნობდი. ცხინვალს იქით არის 14 ქართული სოფელი – თამარაშენ-ქემერტის ზოლი. თუ ჩვენ ერგნეთიდან მივადგებოდით ცხინვალს, ის სოფლები ალყაში მოხვდებოდნენ, ვინაიდან ირგვლივ, ცხინვალი, ჯავა, კვაისა და ოს–ფრისი, სრულად კეტავდა მათთან მისასვლელ გზებს. ამიტომ, წმინდა ილია მართლის საზოგადოების წევრები, გივი ტეხური, ვალერი ჯანიაშვილი, შალვა სიხაშვილი და სხვები, დიდი ლიახვის ხეობის ქართულ სოფლებში წინდაწინ შევგზავნე. მათი იქ ყოფნის მიზანი გახლდათ ადგილობრივების გამხნევება და აგიტაცია-პროპაგანდა. ეს იყო ჩვენი იმჟამინდელი იარაღი. მაშინ მერაბ კოსტავას საზოგადოება ჯერ არ არსებობდა. დიდი ლიახვის სოფლებში მყოფ ჩვენს წევრებს ჯაყვაც კი არ ჰქონიათ, არამცთუ რაიმე სახის იარაღი.

მოგვიანებით, როდესაც მერაბ კოსტავას საზოგადოება შეიქმნა, სპეცსამსახურები მედიის მეშვეობით ცდილობდნენ მის დისკრედიტირებას. ავრცელებდნენ ინფორმაციას, თითქოს, მე ვაიძულე ოსი მამა-შვილი, ლითონის მილში შემძვრალიყვნენ და შესადუღებელი აპარატით ჰერმეტულად შევადუღე მილი. მოგვიანებით, როდესაც ვითომც გაჭრეს შედუღებული მილი, ნახეს, რომ, თითქოს, მამას შვილი საკუთარი ხელით დაეხრჩო, რათა ასე ეხსნა წამებით სიკვდილისაგან. წარმოგიდგენიათ, ომში ვინმე იმაზე კარგავდეს დროს, შესადუღებელი აპარატით მანიპულირებდეს და... ამისთანა ჭორებს ყრიდნენ... უფრო მეტიც, ავრცელებდნენ ხმებს, თითქოს, ოსების თავებით ფეხბურთი ვითამაშეთ. მერე ზუსტად იგივე ამბავი აფხაზეთშიც გაავრცელეს.

ოსებმა ცხინვალის ირგვლივ, შეიარაღებული საგუშაგოები განალაგეს.   

მაშინ, ჯაბა იოსელიანის სახელიც არ ვიცოდი. პირველად ვნახე იქ ავთო მანაგაძე, მერე „თეთრი გიორგის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი, „მხედრიონის“ ტვინი, კარგი ორგანიზატორი.

ვინ არის ეს ჯაბა, რატომ აქვს იარაღი, ჯერ არ ვიცოდი. ეს იცოდა ზვიადმა. ის იცნობდა ჯაბას. ასეთ სცენას შევესწარი – ორ ახალგაზრდას ავტომატები აქვთ ვიღაც მესამისთვის მიშვერილი და ამცირებენ. დავიბენი. არ ვიცი, ვინ არის ის კაცი. მშვიდობიან აქციაზეა და რატომ უღერებენ ავტომატს? ვკითხე ზვიადს, – მოიცა, ახლა ამის დრო არააო!

პირველი იარაღი

მეღვრეკისის სოფლის საბჭოს შენობაში შემხვდა შმაგი სამნიაშვილი (მოგვიანებით ბრძოლაში დაიღუპა). შემომჩივლა, არავინ მიჯერებს და შტაბის აწყობაში დამეხმარეო. ყორნისის მხარეს ცუდად ვიცნობდი. ქსნის ხეობას საერთოდ არ ვიცნობდი. მაგრამ ყველაფერს მალე დავადგით თავი. დავუძახეთ სოფლელ ახალგაზრდებს. კარგი ბიჭებისაგან შევქმენით რაზმები, რათა გვედარაჯა, რომ ოსებს სოფლები არ დაერბიათ.

აბა, იარაღის გარეშე რა უნდა ქნა? იქიდან სროლა გვესმის, მაგრამ არ ვიცით, ვის ესვრიან. გავმართეთ მეღვრეკისის შტაბი, დავაყენეთ პროჟექტორები, დაცვა, პირველი იარაღი – სანადირო თოფები რომან გვენცაძემ ჩამოგვიტანა. ის მაშინ შს მინისტრის მოადგილე და თბილისის სამმართველოს უფროსი იყო. ეს შემთხვევით არ მომხდარა, მაშინ ვერ ვხვდებოდი, მაგრამ ახლა ვიცი, იარაღი იმ მიზნით მოგვიტანა, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები გვეწარმოებინა.

აი, ასე, ჩემდა უნებურად შევიქმენი ხელმძღვანელი. ამ დროს, ჯარშიც არ ვარ ნამყოფი. ვაცნობიერებდი, რომ არა მაქვს სამხედრო გამოცდილება და საომარი მოქმედებების დიდ თეატრს ვერ გავაკონტროლებდი. ამიტომ, ცხინვალის ირგვლივ, შესასვლელებში დავაყენეთ პიკეტები. ესენი იყვნენ სანადირო თოფებით შეიარაღებული ადგილობრივები.

ცხინვალიდან ჩვენს პოზიციებს პროჟექტორებით ანათებდნენ და ავტომატური იარაღიდან გვესროდნენ. საპასუხოდ ჩვენც ვესროდით, გვინდოდა პროჟექტორების ჩაქრობა, მაგრამ ვერაფერს ვაკლებდით. ჩვენი სანადირო თოფები 60-80 მეტრზე შორს მდებარე სამიზნეს ვერ აზიანებენ. პროჟექტორების შუქზე, ოსები ჩვენს პოზიციებს აკონტროლებენ. პროჟექტორების შუქით დაბრმავებულნი, ჩვენ მათ საერთოდ ვერ ვხედავდით. სხვა იარაღი კი არ გვქონდა.

ცხინვალს ირგვლივ საგუშაგოები იმიტომ განვალაგეთ, რომ ფრონტი არ გაშლილიყო. მტერს სურდა, მთელ ყოფილ ავტონომიურ ოლქს მოსდებოდა ცეცხლი ისე, როგორც მოგვიანებით აფხაზეთში მოხდა. სურდათ, მივმდგარიყავით ჩვენს ზურგს უკან დარჩენილ ოსურ სოფლებს, საზიზღრობები გვეკეთებინა – ქალი, ბავშვი, დიდი, პატარა, არავინ დაგვენდო. ყველაფერი ავუხსენი ბატალიონის მეთაურებს: ოსებს უბატონოდ ხმას არ ვცემდით. ვებრძოდით იმას, ვინც გვესროდა. მშვიდობიან ოს მოსახლეობასთან არავითარი კონფლიქტი არა გვქონდა.

ამ დროს მოდის რომან გვენცაძე და მეუბნება, მანქანა წამოიყვანე და წამომყევიო. ვიფიქრე, ხომ არ მაპატიმრებს-მეთქი. ადგილობრივი ბიჭისგან ვითხოვე მანქანა და გავყევი. ჩვენი შტაბისგან მოშორებით მდგარი ავტომობილიდან, ჩემ მიერ ნათხოვარ მანქანაში, გადმოტვირთეს შაშხანები. ასევე მცირეკალიბრიანი შაშხანები – „გეკოს“ თოფები. კარგი იარაღი. ასე, ოცდაათ ერთეულამდე იქნებოდა.

მაშინ ვიფიქრე, რა კარგი ბიჭია რომანი, პატრიოტი. იარაღს გვაძლევს. თურმე ნუ იტყვი, მიგვანიშნებენ, – „წადით, თქვე ოხრებო, შეუტიეთ, მოკალით, დახოცეთ!“ შტაბში გახარებული მივედი. იარაღი ათმეთაურებს დავურიგე, შაშხანა შორს ისვრის, სადამდეც თვალი მისწვდება სამიზნეს, იქამდე შეგიძლია ტყვია მიაწვდინო. ის პროჟექტორი, იმავე ღამეს ჩავაბნელეთ. პირველი ხუთი ავტომატი ოსებს წავართვით – სოფელ ერედვში შევაყენეთ ოსის მილიცია, რომელსაც ზევით, პატარა ლიახვის ხეობის ოსური სოფლებისთვის მიჰქონდა კალაშნიკოვის ავტომატები. სკოლებიდან ამოვიღეთ სასწავლო ავტომატები, რომლებსაც ლულა ჰქონდა ამოჭრილი და ტყვიას იქვე „აფურთხებდა“. ისინი გორის ზუსტი ხელსაწყოების ქარხანაში აღვადგენინეთ. ასე ნელ-ნელა ვიარაღდებოდით.

იმის მიუხედავად, რომ ოსებისაგან განსხვავებით, რომლებსაც უშიშროების გენერალი, ავღანეთის ომგამოვლილი კიმ მაკედონის ძე ცაგალოვი და სხვები ეხმარებოდნენ, ჩვენ არ გვყოლია გვერდში მდგომი, ცოტა ხანში, უკვე ისეთი გამოცდილები ვიყავით, რომ ოს სნაიპერებს, რომლებიც ცხინვალიდან ცდილობდნენ ჩვენი პოზიციების დახვრეტას, ხაფანგებს ვუგებდით: ჩვენი სნაიპერი დაიკავებდა საპირისპირო პოზიციას. ერთ-ერთი ჩვენი მებრძოლი, ჩვენი სნაიპერისაგან 100-150 მეტრი მანძილის მოშორებით, ავტომატს მოხსნიდა ცეცხლმქრობს. დაიჭერდა თავს ზემოთ და ისროდა, რათა ადვილად აღმოეჩინა მოწინააღმდეგეს. მისი მიმართულებით მოწინააღმდეგის სნაიპერი გაისვრიდა, ცეცხლით თავს გაამჟღავნებდა. ეს ორიენტირი საკმარისი იყო ჩვენი სნაიპერისთვის, მოწინააღმდეგის წყობიდან გამოსაყვანად.

ურთიერთობა ჯაბასთან

ამ დროს ჯაბა ცხინვალში იყო. ჩვენ დაგვეძაბა ურთიერთობა. ისინიც შეიარაღებული არიან. დიდი ლიახვის ხეობაში პროვიანტს ვაგზავნიდით, რათა სოფლის გამოსაკვებნი არ გამხდარიყვნენ ჩვენი წევრები. ავაწყვეთ ზურგის სამუშაოები და პროვიანტს მორიგეობით გვაწვდიდნენ, სამეგრელო, კახეთი, ქართლი, იმერეთი, გურია...

ერთი ძეგველი ბიჭი იყო, გვარად ოქრუაშვილი. წყალი მოჰქონდა ბინაზე. მივარდნენ ავტომატებით ჯაბას ბიჭები შესაშინებლად. რომ ვერაფერს გახდნენ, ჩვენთან წამოდი, შენისთანა მაგარი ბიჭები გვჭირდებიანო. ოქრუაშვილმა ისინი შორს გაისტუმრა. მათ ასეთი, დაშინების ტაქტიკა ჰქონდათ. უმეტესწილად, სამართალდამრღვევები იყვნენ. მათ შორის ერთი სიკვდილმისჯილიც ერია. კარგი, პატიოსანი ბიჭებიც იყვნენ ჯაბას რაზმში. მათ ეგონათ, რაღაცას კარგს აკეთებდნენ სამშობლოსათვის. სამჯერ ვართ მე და ჯაბა დატაკებული. გორში, ერთ შეხლას კაკო ბაქრაძეც შეესწრო. ჯაბა, თავის ორმოცკაციან რაზმთან ერთად, ქურთაში იდგა.

ქართველი გვყავდა დაპატიმრებული, რომელიც ოს მებრძოლებს ეხმარებოდა. საჯიშე ქართველი. ასე, 38 წლამდე. ამირანს შეშურდებოდა მისი აღნაგობა. იქ, ქვემოთ იყო კლუბი, იმ კლუბში იჯდა როგორც პატიმარი. რამდენიმე ოსიც გვყავდა, ვინც გვესროდნენ, მშვიდობიანი არავინ დაგვიჭერია.

ქართველი ექიმი ქალი დააკავეს ყორნისში. იძულებულნი გავხდით, სამი ოსი „მანდილოსანი“ დაგვეკავებინა, რათა ქართველი ექიმი გაგვეცვალა. როგორც კი შემდეგს დავაკავებდით, პირველ დაკავებულ ოს მანდილოსანს ვათავისუფლებდით. დაკავებული ოსი მანდილოსნები, ჩვენი წევრი ქართველი ქალების მეთვალყურეობის ქვეშ, ცალკე ოთახში იმყოფებოდნენ. ეს ოსის ქალები ცხინვალში შედიოდნენ და ყველას ჰქონდა თან ზუსტად 500 მანეთი. ამ ფულს, იარაღის საყიდლად აგროვებდნენ ოსები. დაკავებულებს, ამ ფულს ვუდებდით შემსალაროს წიგნაკზე. როდესაც ქართველი ექიმის საკითხი გადავჭერით და ოსი ეროვნების მანდილოსნები გავათავისუფლეთ, შემსალაროს წიგნაკები მათ გადავეცით.

მტრის ინსპირირებული დაპირისპირების დასაწყისში, ვცდილობდით, როგორც ქართული, ასევე ოსური მხრიდან, მოკლულის სახით, მსხვერპლი არ დაგვეშვა. ომში ეს ძალზე ძნელი ამოცანაა. როცა მოწინააღმდეგე ჩვენს მოკვლას ცდილობდა და გვესროდა, ჩვენ მის შეპყრობას ვცდილობდით და არა – მოკვლას. თქვენ წარმოიდგინეთ, ვახერხებდით კიდეც ამას. ამიტომ, ტყვე მოგვიმრავლდა. ტყვეებს, რომლებიც გუშინ ჩვენს მოკვლას ცდილობდნენ, ლუკმას ვუნაწილებდით. მათ იმავე საკვებით ვკვებავდით, რითაც ჩვენ ვიკვებებოდით. ყოველ საღამოს მათ ლექციას ვუკითხავდი თემაზე, თუ როგორ ცდილობენ საბჭოთა სპეცსამსახურები, ოსები და ქართველები ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდონ. 

ტყვეებზე ძალადობა სასტიკად იყო აკრძალული. ამის მიუხედავად, ერთადერთხელ, ძალადობის ფაქტი მაინც იყო: იმ პერიოდში, საბჭოთა ჯარში ძალზე გავრცელებული იყო ე.წ. ლასტოჩკას წესით შებოჭვა. დატყვევებულის სწორედ ასე შეკვრას ცდილობდნენ, როდესაც თავზე დავადექი. რასაკვირველია, ტყვე იმ წამსვე გავათავისუფლებინე და წავაყვანინე საერთო სადგომში. დამნაშავე სამი პირი კი გავაძევეთ ბრძანების შეუსრულებლობის გამო.

ჯაბა იოსელიანმა ორი პატიოსანი ბიჭი გამომიგზავნა თავისი შტაბიდან. დატყვევებულ ქართველზე მითხრეს, ჯაბამ გთხოვა, ეს ტიპი გამოუშვიო. კი, მაგრამ, ეს კაცი ოსებს ეხმარებოდა და გამოვუშვა კი არა, ვფიქრობ, რა ვუყო ამ მოღალატეს... ჯაბამ თქვა, „კაი ტიპიაო“. ჯაბას კარგიც-მეთქი. ჯაბა მამაა ჩვენი და ძალიან გთხოვთ, ეგრე ნუ ამბობო. გული მეტკინა. პატრიარქზე არ ვიტყვი, რომ ის მამაა ჩემი, ეს პატიოსანი ხალხი კი, ჯაბას მამას უწოდებდა. ამ საუბარს ჩემი ძმაც შეესწრო მაშინ. მას ვუთხარი, სახლში წადი, რომ მომკლან, ვიღაც ხომ უნდა დარჩეს, ვინც ოჯახს მიხედავს-მეთქი.

ამოვაყვანინე კლუბიდან ეს მოღალატე ქართველი და გავატანე.

ცხინვალის ალყა

მეღვრეკისის შტაბი მთელი დატვირთვით მუშაობს. უმკაცრესად ვაკონტროლებთ საომარ ვითარებას. ფაქტობრივად, 10 დღეში მოვიგეთ ომი. ვახორციელებთ ცხინვალის ალყას. არაფერს ვუშვებთ ცხინვალში და არაფერს ვუშვებთ ცხინვალიდან გარეთ. ცხინვალში იარაღი შეაქვთ და მე როგორ ვაკონტროლო, იარაღი შედის თუ ფქვილი. საომარი გამოცდილება არა მაქვს, ფართოდ გაშლილ ფრონტს ვერ ვუხელმძღვანელებ. მინდა, ბრძოლის თეატრი მცირე იყოს. თან პანიკური შიში მაქვს, რათა ვინმე არ მომიკლან. ოსებმა ნახეს, რომ ჩვენ არ ვუტევთ და ცხინვალს სისხლში არ ვახრჩობთ. ჩვენი პოზიციების უკან მდებარე ოსურ სოფლებს არ ვარბევთ. მხოლოდ საკომენდანტო საათი გვაქვს დაწესებული – ზამთარში 9 საათზე ყველა სახლში უნდა იყოს, ზაფხულში, 10-11 საათამდე შეეძლოთ გარეთ ყოფნა.

დავდიოდით სააგიტაციო ფურცლებით. ოსებს ვეუბნებოდით, ჩვენ თქვენი ძმები ვართ, რუსები ცდილობენ ჩვენს გადამტერებას. ამან გაამართლა, ოს მოსახლეობასაც არ სურდა ომი. მაგრამ ურევდნენ ვიღაც-ვიღაცეები. მოსკოვიდან მოავლინეს ვინმე კიმ ცაგალოვი. ავღანეთში ნაომარი კაგებეს გენერალი, მაგარი შებერტყილი.

ცენტრალური ტელევიზიის დიქტორი მიტკოვა ყოველ საღამოს ჩვენზე ლაპარაკობდა.

მოდის ცაგალოვი და მეუბნება, ბავშვები მიკვდებიან შიმშილით და რამე მიშველეო. მოდის ალიკა ცხოვრებოვი, რუსულად მთხოვს, ღორები მიკვდებიან, საკვები არა გვაქვსო. ცხოვრებოვს ვეკითხები, კი, მაგრამ, ომი ხომ ჩვენ არ დაგვიწყია, თქვენ დაიწყეთ. ჰოდა, დაკალი ღორები და აჭამე ცხინვალელებს-მეთქი.

გავეცი ბრძანება: ორი სატვირთო მანქანა კვერცხი შეეგზავნათ ცხინვალელი ბავშვებისთვის! დეკემბერია, ყინავს. ცხინვალის შესასვლელში ხეივანია, მთელი ხეივნის ელექტრობოძებზე საბჭოთა დროშებია ჩამოკიდებული. ისევ მოდის ცაგალოვი, კვერცხს არ უშვებენო. ჩვენს ბლოკპოსტზე გავედი, რათა კვერცხით დატვირთული სატვირთო მანქანები გაატარონ ჩვენებმა. ბიჭებმა უჩუმრად, ისეთი შორი და ახლო დაცვა გამიკეთეს, მაშინღა მივხვდი, რომ უფროსად მთვლიან, მენდობიან და მიფრთხილდებიან. მთელი ომის მანძილზე, პირადი დაცვა არასოდეს მყოლია. ვინაიდან ბრძანება მქონდა გაცემული, ჩიტი არ უნდა შეფრენილიყო და გამოფრენილიყო ცხინვალიდან, კვერცხით დატვირთული ტრანსპორტი არ გაატარეს, ვიდრე პირადად არ ჩავერიე.

ალყის მეათე თუ მეთორმეტე დღეა, ომის ინიციატორ ოსებს სახვეწრად გაუხდათ საქმე. ცხინვალში მაღალი დონის დაზვერვა გვყავდა, ყველაფერი ვიცოდით, რაც ხდებოდა იქ. ცოტა ხანში, ჩემთან ბრუნდება ცაგალოვი და მეუბნება, ვაჟა, ძვირფასო, არ ეყოთ კვერცხი. გემუდარები, რამდენიმე მანქანა კვერცხი შეგვატანინე კიდევ.

მე უკვე ვიცი – კვერცხი რომ შეიტანეს, დამშეული ქალაქის მოსახლეობა დაეძგერა და გოგლი-მოგლი გააკეთა იმ კვერცხისაგან. ერთი ცალი კვერცხიც ვერ გაიტანეს მთელი. ცაგალოვი კვლავ მიმეორებს: ვაჟა, ძვირფასო, არ გვეყო ის კვერცხი, კიდევ შეგვატანინეო. მე ვუპასუხე – ომი ჩვენ არ დაგვიწყია და ქართველები თქვენი მსახურები ხომ არ ვართ? ის კვერცხი მანქანებიდან ჩამოვტვირთეთ, რათა დავრწმუნებულიყავით, რომ იქ იარაღი არ იყო დამალული. ბიჭები გაოფლიანდნენ და გაცივდნენ. ორი მათგანი გორის საავადმყოფოში გვიწევს ფილტვების ანთებით. გამოიყვანე 100-120 ოსი მამაკაცი და რამდენ სატვირთოსაც დაცლიან, რათა დავრწმუნდეთ, რომ იარაღი არ შეგაქვთ, ხოლო შემდეგ, ისევ დატვირთავენ, იმდენ მანქანა საკვებს შემოვუშვებთ ცხინვალში-მეთქი. ვაგრძნობინებდი ყველანაირად ალიკა ცხოვრებოვსაც და კიმ ცაგალოვსაც, რომ ქართველებს ომი არ გვინდოდა. „ადამონ ნიხასი“ და ჩოჩიევი საერთოდ არ გამოჩენილან მაშინ. კიმ ცაგალოვს გაუხარდა და გაიქცა ოსების მოსაყვანად. მოდის მეორე დღეს, მიკიბა-მოკიბა, შეეშინდათ იმათ, არ წამომყვნენო. ამ პირველ 10-12 დღეში, 76 ოსი იყო დაჭრილი და არც ერთი – ქართველი. ჩვენ მართლა დავაყენეთ სანიმუშო წესრიგი. მე, როგორც გამოუცდელი სამხედრო ხელმძღვანელი, წესრიგის ხარჯზე ვახერხებდი ჩემი სამხედრო უცოდინრობის კომპენსაციას. მართლაც უმკაცრესი წესრიგი გვქონდა. არ ვსვამდით და არ იყო ნარკოტიკის ჭაჭანება.

ერთხელ, ჩემთან მოვიდა ალიკა ცხოვრებოვის ძმა, თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელი – გურამ ცხოვრებოვი. მას მე უდიდეს პატივს ვცემდი როგორც გულიან ფეხბურთელს, რომელიც მინდორზე ყოველთვის ბოლომდე იხარჯებოდა. გურამ ცხოვრებოვი ძალზე მოკრძალებული იყო. ცხინვალის ირგვლივ, ჩვენ უკვე ყველაფერს ვაკონტროლებდით. მე დავუყვავე, გავათამამე, ვუთხარი, შენი თაყვანისმცემელი ვარ-მეთქი. ჩემი ბიძაშვილი გყავთ დატყვევებული და გამატანეო. ტყვეებთან კლუბში მე ყოველღამე ჩავდიოდი. აგიტაცია-პროპაგანდას ვეწეოდი – რომ რუსები ურევდნენ ვითარებას და ჩვენ შორის მტრობას აღვივებდნენ. თუ შევატყობდი, რომ რომელიმეს ტვინი აუმუშავდა, ვათავისუფლებდით. ცხინვალის მანქანების პარკი და ავტობუსები გვეყენა ეზოში. ამ ტრანსპორტს საომარი მიზნებისთვის იყენებდნენ.

გურამ ცხოვრებოვი კლუბში, ტყვეებთან ჩავიყვანე. დატყვევებულ ოსებს ვეუბნები, უდიდესი ადამიანი, ქართველების საყვარელი ფეხბურთელი, მოვიდა სათხოვნელად. ხომ ხედავთ, როგორი პატივით ვხვდებით მას. რომელი ხართ მისი ბიძაშვილი? გამოვიდა ერთი ახალგაზრდა ოსი. ყველაზე ტევადი ტრანსპორტი, ავტობუსი „პაზიკი“ გვქონდა, 25-ადგილიანი. გამოვიყვანე ორმოცდაათი კაცი, ვისაც ლმობიერება და შეგნების მარცვალი ეტყობოდა სახეზე და გავატანე გურამს ცხინვალში.

1989 წლის დეკემბრის დასაწყისში, რუსების მიერ საომრად შეგულიანებული ოსები იძულებულნი გახდნენ განეცხადებინათ, რომ მზად არიან შეასრულონ ქართული მხარის პირობები, ცხინვალში საკვები პროდუქტების შეშვების სანაცვლოდ. მე მათ შემდეგი პირობები შევთავაზე: 1. ჩამოეხსნათ საბჭოთა კავშირის დროშები, ცხინვალის შესასვლელში ლამპიონებიდან; 2. ოსებს უნდა აეღოთ ჩვენი ბლოკპოსტების მოპირდაპირედ მდგარი შეიარაღებული, უკლებლივ ყველა ბლოკპოსტი; 3. ქართული მხარე ასევე აიღებდა ყველა შეიარაღებულ ბლოკპოსტს, გარდა ოთხისა, რომლებიც გააკონტროლებდნენ ცხინვალში შემავალ-გამომავალ გზებს: 4. ოთხი ქართული შეიარაღებული (შეუიარაღებელ, დაუცველ საგუშაგოს ცეცხლს გაუხსნიდნენ) ბლოკპოსტი შეამოწმებდა ცხინვალში შემავალ და გამომავალ ავტომობილებს, იარაღის აღსაკვეთად. ოსი ეროვნების მოქალაქეთა ფული, ძვირფასეულობა თუ სხვა რამ ღირებული, ჩვენ არ გვაინტერესებდა. ქართულ ბლოკპოსტზე იარაღი არ გამოჩნდებოდა. ავტომობილებს უიარაღონი შეამოწმებდნენ.   

ოსურმა მხარემ ჩვენი წინადადება უცვლელად მიიღო. შედეგმაც არ დააყოვნა: ოსები იმ ყინვაში, ლამპიონებზე აძვრნენ, საბჭოთა დროშებს ხევდნენ და ძირს ყრიდნენ. პარალელურად, აიღეს შეიარაღებული ბლოკპოსტები. ამ სურათს თვალს ადევნებდნენ ცხინვალში, მესანგრეთა პოლკში მოკალათებული გრუ-ს (გენ.შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველო) გაოცებული მზვერავები. კრემლის მიერ ინსპირირებული ომი, ფაქტობრივად, 2 კვირაში დავასრულეთ! პირობისამებრ, ქართულმა მხარემ, ცხინვალში საკვებ პროდუქტებსა და ქალაქისათვის აუცილებელ სხვა მნიშვნელოვან ტვირთებს გზა გაუხსნა. 

აღწერილი ამბიდან მეორე დღეს, მეღვრეკისის შტაბში ჩამოდიან ნოდარ ნათაძე, ზვიად გამსახურდია, ირაკლი წერეთელი, თემურ სუმბათაშვილი და მეუბნებიან, რომ მოვხსნათ ალყა – ავიღოთ ბლოკპოსტები და გამოვიდეთ შიდა ქართლიდან. ვცდილობ, დავუმტკიცო მათ, რომ ამის დაშვება არ შეიძლება. ომი მოვიგეთ და ეს უნდა დაფიქსირდეს. თემურ სუმბათაშვილმა მითხრა: შენ რა, ადმირალი ნელსონი ხომ არ გგონია შენი თავი?! ჩვენ, წმინდა ილია მართლის გამგეობის წევრების უმრავლესობა, გეუბნებით, უმცირესობაში დარჩენილს, რომ აქედან უნდა გამოხვიდე. ზვიადმა მითხრა, „გვარცხვენ. ეროვნულ მოძრაობას ჩირქს სცხებ, ოსებს რომ ესვრი. მოხსენი ალყა და გამოდი. საქმეს გვიფუჭებ. თამარ ჩხეიძე და გოგა ხაინდრავა ცხინვალის საავადმყოფოში შესულან, დაჭრილი ოსებისთვის სურათები გადაუღიათ და პარიზში გამოფინეს ის ფოტოები“. 

რომ გამოვიდეთ, ოსებს ეგონებათ, საქმე ბოლომდე ვერ მივიყვანეთ და ამიტომ ვიხევთ უკან. გადმოვლენ შეტევაზე, მოგვიკლავენ ვინმეს. ჩვენ იძულებულნი გავხდებით, საკადრისი პასუხი გავცეთ. ათმაგად გადავუხადოთ, რათა მსგავსი არ გაბედონ. ასე გაჩაღდება ფართომასშტაბიანი ომი. მეგონა, ზვიადს არ ესმოდა ალყის მნიშვნელობა.

ამ დროს შემოდის ჯაბა იოსელიანი. ის ცხინვალში ათევდა ღამეს. იქ, ოსებთან, კარგ დროს ატარებდა. ზვიადი და ჯაბა ძველი ნაცნობები იყვნენ. ერთ-ერთი ბლოკპოსტის მეთაურმა ოთახიდან გარეთ გამიხმო. მასთან საუბარი არ მქონდა დასრულებული, რომ გამორბის ზვიადის მცველი და აღელვებული მეუბნება, ვაჟა, ჯაბას ზვიადი კედელთან ჰყავს მიყენებულიო! ოთახში შესულს, შემდეგი სურათი დამიხვდა: კუთხეში დგას თავჩაქინდრული ზვიადი. ჯაბა ცხვირთან უტრიალებს ხელს და ეუბნება: – არ გესმის, რომ გეუბნები, ალყა უნდა მოხსნა, უნდა გახვიდე აქედანო. მე ჯაბას მხარში ვტაცე ხელი, ჩემკენ შემოვატრიალე და კატეგორიულად ავუკრძალე ზვიადთან მსგავსი ტონით საუბარი.

ხელისუფლებაში მოსვლამდე, ზვიადი ჩემი ხელმძღვანელი არასოდეს ყოფილა. ორივენი წმინდა ილია მართლის საზოგადოების გამგეობის წევრები ვიყავით. ამიტომ, ვერ მიბრძანებდა შიდა ქართლიდან გასვლას.

ჯაბამ შემომთავაზა, წამოდი თამარაშენში, გურამ მგელაძეს უნდა შევხვდეო, – თამარაშენის სკოლის შენობაში, მგელაძე ჯაბას ელაპარაკებოდა, როგორც გენერალი პაიკს – ბიჭო, ხომ გითხარი, ალყა მოხსენიო. კი, ბატონო გურამ, მოვხსნიო, – პასუხობს ჯაბა. მე ჯაბას ვეუბნები: ალყას ჩვენ ვახორციელებთ, შენ რატომ ჰპირდები ამ კაცს ალყის მოხსნას? ხომ ხედავ, ომია. მოდი, აიღე ერთი ან ორი პოსტი. დადექით შენ და შენი ხალხი და აგეთ პასუხი ამ პოსტებზე. ჩვენ ერთად იქ ვერ დავდგებით-მეთქი. არ ინდომა. სიტყვა ბანზე ამიგდო!

მაშინ ჩვენ დავრჩით ჩვენს პოზიციებზე. მაგრამ მერე ისევ დაიწყეს ჩვენზე ზეწოლა – ჩირქს გვცხებ და ასეთები. იძულებული გაგვხადეს, დაგვეხია ტირძნისამდე. გადმოვიტანეთ თუ არა საგუშაგოები, აკვანში ჩაგვიკლეს ჩვილი – პაატა ნიკურაშვილი...

1989 წლის შემდეგ

1989 წლის დეკემბერში, ცხინვალი ქართველებისგან უკვე დაცლილი იყო. იქ, ქართველთაგან მხოლოდ ისინი დარჩნენ, ვინც ოსებთან თანამშრომლობდნენ. ჩვენ იქაურობას შევარდნაძის ჩამოსვლამდე ვაკონტროლებდით. ხელისუფლებაში რომ მოვედით, ყოველი მეორე ღამე იქ ვიყავი, მაგრამ ხელმძღვანელი ერედველი კაცი, გურამ ბერუაშვილი იყო. არც მე და არც მას საომარი მოქმედებებისას არავინ დაგვღუპვია. ძალიან დიდ სიფრთხილეს ვიჩენდით.

ეს ქართულ-ოსური კონფლიქტი არ ყოფილა. ეს იყო რუსეთ-საქართველოს ფარული ომი. მსხვერპლი იყო – ოფიციალურად, 600 ქართველისა და 1200 ოსის დაღუპვას აცხადებდნენ. მაგრამ, ეს ძალზე გაბერილი რიცხვებია.

ჩამოვიდა თუ არა შევარდნაძე, 1992 წლის მარტში, ცხინვალიდან შემოგვიტიეს. ატყდა საშინელი სროლა. ამ დროს ვიცოდით, რომ ოსებს არ აქვთ ის იარაღი, რომლიდანაც გვიშენენ ცეცხლს. როდესაც შევუტიეთ და კუდით ქვა ვასროლინეთ, უცბად ამოვარდა კიტოვანი ერედვში, შევარდნაძემ რუს მშვიდობისმყოფელებს დაუთმო იქაურობაო.

ძარის (ზარი) ტრაგედია

წეღან ვახსენე ის ქართველი ბიჭები, რომლებიც შეიტყუეს ოსმა ნათესავებმა. სასტიკად აწამეს, დამდუღრეს, დახოცეს და მიცვალებულებს არ იძლეოდნენ. აი, მაგის პასუხი იყო, რაც მოხდა, ძარში. რადგანაც შევარდნაძემ რუსი სამშვიდობოები ჩააყენა ცხინვალში, მე უკვე მოხსნილი მქონდა პასუხისმგებლობა – მერაბ კოსტავას საზოგადოება გასული იყო შიდა ქართლიდან. რასაკვირველია, სულ ვერ გავიდოდით, იქ ხომ დარჩნენ ჩვენი ადგილობრივი წევრები.

ეგ ამბავი გაშუქდა ძალიან ფართოდ პროგრამა „ვრემიათი“. იქ იყო რამდენიმე ქალი და ერთი ბავშვი. არცერთი მათგანი არ დაღუპულა. დაიღუპა მხოლოდ 42 მამაკაცი. იცით, ვინ? დამხმარე ძალა, რომელიც ორჯონიკიძიდან ცხინვალელი ოსების დასახმარებლად მოდიოდა. იქ ადგილობრივები არ იყვნენ. ქალი იქ არ მომკვდარა, ბავშვი იქ არ მომკვდარა.

ათასი ჭორი ვრცელდება, ყველას ხომ არ ავყვებით? მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, ქალი იქ არ დაღუპულა! ომია და რომ დაღუპულიყო კიდეც, ვითომ რა დიდად გასაკვირი იქნებოდა?! ერთი კვირა ატრიალებდა ამ ვიდეორგოლს პროგრამა „ვრემია“. ასეთ ფაქტს რომ ჰქონოდა ადგილი, ხომ საქვეყნოდ გამოაჭენებდნენ ქართულ მხარეს? მაშინ პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი და ეს რუსის აგენტურა, ქართველი დეპუტატების ნაწილი გაიძახოდა – აქ ზის, ვინც ეს ჩაიდინაო. ერთი დღე ვუსმინე, მეორე და შემდეგ კი, ვკითხე – მეც მითხარით, ვინ არის ის კაცი-მეთქი. ვერავინ გაბედა თითის გამოშვერა. ამ თემაზე ხმა სამუდამოდ გაიკმინდეს. როგორც მილში შევადუღე ის მამა-შვილი და ფეხბურთი ვითამაშეთ მოკვეთილი თავებით, ისეა ძარიც. სადისტი არ ვარ, მტრის ყურები და ცხვირები შევაგროვო. იქ იყო ომი და არა მკვლელობები.