მაგრამ თუ სამეფოს შენარჩუნება ვერ მოახერხე 
და მამაშენის მსგავსად მიხვედ იქ
სადაც აზრი ბრალს დებს, გრძნობები კი დაცინვას ემსახურება
მაშინ საკუთარ ტკივილს მიუგდე ყური…… 
. ოდენი. ,,ალონსო-ფერდინანტს“ 

ჩემს სახლში ყველა ადგილი თავის ფუნქციას სუნით მახსენებს. მისაღები ოთახის მარცხენა კუთხეში დიდი შუშებიანი სამეული დგას. სახლის ამ ნაწილში შემთხვევით ვერ მოხვდები. აქ მოსვლა მიზნად უნდა დაისახო. აქ გოზინაყებს და შოკოლადებს ვინახავთ ხოლმე. ამ კარადას ახალი წლის სუნი უდის.

მარტის ბოლოა, მე კი ამ სუნში ვდგავარ და ხელებს ვაფათურებ. ფოჩებიანი, ბრჭყვიალა, ტკბილი შოკოლადი ვიპოვე. ახალი წლის სუფრიდან მოგვრჩა. ჩავკბიჩე. ვარგა. კმაყოფილი ვარ.

ერთი პერანგი მაქვს. შავია. სადა. იშვიათად მაცვია. პერანგზე მეტად სასწორის მოვალეობას ასრულებს. ჩავიცვამ, ღილებს შევიკრავ და ზუსტად ვიცი რამდენი კილო მოვიმატე. თითქმის ყოველთვის, როდესაც სადმე წასვლას ვაპირებ, ჯერ ამ პერანგს ვიცვამ, მერე ვიხდი და სხვა რამეს ვიცვამ. არასდროს მაქვს ილუზია, რომ ჩამეტევა, მაგრამ, ხომ უნდა ვიცოდე დღეს რამდენის ჭამის უფლება უნდა მივცე საკუთარ თავს.

ახლა არსად მივდივარ.

არ ვიცი, რამდენი კილო მოვიმატე მას მერე, რაც სახლში ვარ. ამ პერანგის ჩაცმა არც მიცდია, ვაი, და მომერგოს? ვერ გადავიტან.

აღარც სარკეში ვიხედები.

იცით როგორ მივხვდი? აღარ მახსოვდა, წვერი რომ გავიპარსე. შემთხვევით, საკრესთან ჩავიარე და კინაღამ გული გამისკდა. 

მოწყენილი ვარ. 

სამყაროს სახლში შემოზიდვის გამო ყველაფერი ერთმანეთში ირევა. როგორც არ უნდა გავმიჯნოთ, სამსახურიც, უნივერისტეტიც, ოჯახიც, მეგობრებიც, ყველაფერი აქაა. ჩემს სახლში მოწყენილობისთვის ადგილი აღარ დარჩა.

ადამიანები სახლებში არიან. თითქმის აღარ არის ავარიები, მკვლელობები, დახრჩობები, გაუპატიურებები. იქნებ, ხანდახან რომ გავჩერებულიყავით და მოგვეწყინა, აღარც პანდემიას დავეტოვებინეთ გადატვირთვის დასრულების მოლოდინში.

გუშინ, მეცადინეობას რომ ვასრულებდი, ყელში სიმშრალე ვიგრძენი და იქვე მდგარი ჭიქიდან მოვსვი. იმ ცივი ყავის გემო ჰქონდა, დილით ნაკლულად რომ დაგრჩება და გვიან მოსულს დასვენების ჟამის დადგომას გამცნობს.  ძველი ცხოვრების გემო ჰქონდა, სხეულებიანის. ზუსტად ვიცოდი, რა უნდა მექნა. მუსიკა ჩავრთე. ავუწიე. ცოტა ხანს დავიცადე. ცეკვისთვის ვემზადებოდი. ცეკვა ყველაზე ცხადად აჩენს სხეულს სამყაროში. 

ჯერ ქუსლის აწევა. მერე დაშვება. რიტმულად. ნელა.
მერე თითებით საკრავს მიბაძავ. ვერავინ ხედავს.
მერე ქუსლის დარტყმებს შორის დაიწყებ სხეულის რწევას და სადღაც, რომელიღაცა ნოტზე ძლიერად დასხცებ ფეხს.

იცეკვებ. დაგცხება. გული აგიჩქარდება. ასე მალე არ გიჩქარდებოდა ხოლმე. მუსიკა მორჩება. ვარგა. კმაყოფილი ხარ. ფარდას გადაწევ და ყურს მიუგდებ. მნიშვნელობა არ აქვს, რას მოისმენ, მთავარია გახსოვდეს, რომ გარედან შემოსული შუქი ზედ გეცემა, გაქვს ორი ხელი, ორი ფეხი, თავი და ტანი, გაქვს შენი ამბები, ისტორიები და რაც მთავარია, შენი საკუთარი ცეკვის მოძრაობები; დგახარ პარკეტზე, რომელიც, თავის მხრივ, დგას მიწაზე, რომელზეც დგანან ხეები, ბუჩქები, სხვა კორპუსები, მანქანები, ძვირიანი მანქანებიც, ქალები და კაცები და სხვა ენაზე მოლაპარაკე ადამიანები, რომლებსაც ასევე ორი ხელი, ორი ფეხი, თავი და ტანი აქვთ და  ცეკვის თავიანთი მოძრაობები. 

რომ გადაიტან, დაიმახსოვრე.