ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #LGBTQ

სახიფათო პაემნები: დისტოპიური საქართველოს კარტოგრაფია

არა იმიტომ ვამბობ მე "წინ!"
რომ იქ რაღაც აღმოვაჩინე,
არამედ, ღმერთო, მეშინია უკან მიხედვის,
რადგანაც იქ, იმ წარსულში,
იმ თეთრ გორაზე,
თრთვილით დაფარულ ჯაგებს შორის
დამსხდარან ორნი:
მელალამაზი და ცბიერი,
ყელმოხატული 
და მგელი, მგელი,
მომლოდინე, როგორც ისარი.
ბესიკ ხარანაული, „არა იმიტომ ვამბობ მე "წინ’!“

 

ფუკუიამა წერს, რომ გასულ საუკუნესთან შედარებით სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში ნაკლებად გვხვდება ცენტრალიზებული, ბიუროკრატიული ტირანიები (მაგ. ორველის 1984). მის ნაცვლად გამოჩნდა იდენტობის პოლიტიკით გამოწვეული გაურკვევლობა: დისტოპიური იზოლაცია, უბნების ჯახი თუ ტომების ფრაგმენტაცია, რომელიც ინტერნეტიდან და ვირტუალური სამყაროდან იკვებება (2018, p. 113).

საქართველოს თავისებურება ისაა, რომ ჩვენთან მომავლის ორივე კოშმარი წინ დევს: პირველია, ცენტრალიზებული რუსული მმართველობა, რომელშიც სახელმწიფო ჩვენი ცხოვრების ყველა კუნჭულს გააკონტროლებს, გაქრება ზღვარი პირადსა და საჯაროს შორის და „დიდი ძმა“ გადმოგვხედავს სოლოლაკიდან. მეორეა, დეცენტრალიზებული მოდელი, რომელშიც მოდერნიზაციის რყევები ქართველ ხალხს სხვადასხვა იდენტობებად დაშლის, უთანასწორობას გააღრმავებს, ერთიანობას დაგვიკარგავს და მიკრო-ტომების ჯახს მივიღებთ: ეკონომიკურად, პოლიტიკურად, კულტურულად გახლეჩილ საზოგადოებას.

ჩვენც ამ ორ დისტოპიას შორის ვცახცახებთ: გვაზანზარებს რუსეთის და გვაკანკალებს ერთმანეთის დაკარგვის შიში.

ორივე რისკი ხელშესახებია და ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად იქცა. შორიდან, ბათქა-ბუთქის, წეწვა-გლეჯვის ხმა მოგვდის, კულტურულ ტრავმებს გვასიზმრებს და ტკივილებს გვიმეორებს. თბილისის ქუჩებში მომიტინგეთა ბანერებზე ორივე დისტოპიას ამოიკითხავთ: „არა რუსეთს! არა LGBTQ პროპაგანდას! არა ივანიშვილის ავტორიტარიზმს! არა ირანელ მიგრანტებს!“ დაბნეულია მოქალაქე: რომელს გაექცეს? ვის შეეკედლოს? როგორ აირიდოს დისტოპიური საქართველო?

ყველაფერი საშიშია. მაგრამ, ფუკუიამა გვამშვიდებს, რომ დისტოპიები იშვიათად მართლდება და მათი ფუნქცია არსებული რისკებისგან თავის დაზღვევაა. გიგა ზედანიაც ადასტურებს, რომ საზოგადოებას პანიკური სიგნალები ზოგჯერ გამოსაფხიზლებლად სჭირდება კიდეც, რათა აპოკალიფსური სცენარების დაიჯეროს და მათ დაუპირისპირდეს. ის წერს:

„ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა, რომელიც საქართველოში გვაქვს, პანიკის არასაკმარისი ინსტიტუციონალიზაციაა.

ჩვენ ვერ ვახერხებთ, ისე გვეშინოდეს აპოკალიფსის, რომ ყოველთვის ავიცილოთ ხოლმე ის თავიდან. 

რომ არა ჩვენი ტემპერამენტისეული ოპტიმიზმი, 90-იანი წლების დასაწყისის მრავალი კატასტროფა შეიძლება არც მომხდარიყო. სწორედ ეს არის ჩვენი ინტელექტუალური კლასის მნიშვნელოვანი ჩავარდნა. გარდა ამისა, გვჭირდება ინსტიტუტები, რომლებიც იღებენ პანიკის ამ სიგნალებს. მედია, სამოქალაქო სექტორი, აკადემიური სივრცე“. (ზედანია, 2016)

მოკლედ, პანიკით იქნება თუ სიმშვიდით, დისტოპია გვიბიძგებს რეფლექსიისკენ და გვაიძულებს ვიმოქმედოთ, რათა მისი განხორციელება არ დავუშვათ. ეს წერილიც ერთ-ერთი ასეთი რეფლექსიაა, სადაც დისტოპიური საქართველოს სცენარებს განვიხილავთ: რისკების ანალიზს, მის ზედაპირზე გაშლასა და კარტოგრაფიერებას შევეცდებით.

ტრაგედიის დაბადება მოდერნიზაციის სულში

„უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი
არა დაღვრილის - დასაღვრელის, ალბათ, მაცნეა“

მურმან ლებანიძე „სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი“

პოსტ-ცივი ომის ეპოქაში ორი დიდი თეორია გამოიკვეთა. 1992 წელს ფუკუიამას „ისტორიის დასასრული“ (Fukuyama, 1992) და 1993 წლის ჰანტინგტონის „ცივილიზაციების ჯახი“ (Huntington, 1993 & 1996). ფუკუიამას თეორია ერთ პოლუსიანი მსოფლიოს მოლოდინს აჩენდა; ჰანტინგტონმა კი რამდენიმე პოლუსიანი გლობალური პოლიტიკა ივარაუდა, სადაც ისლამური თუ აღმოსავლური ცივილიზაციები დასავლეთთან დაპირისპირებაში აღმოჩნდებოდნენ და მოდერნიზაციის საკუთარი მოდელების განვითარებას შეეცდებოდნენ. ფუკუიამას ლიბერალური დემოკრატიის გლობუსზე გავრცელების სწამდა, ჰანტინგტონისთვის კი „ვესტერნიზაციის“ იმედი „პოსტ-ცივი ომის ეიფორია“ გახლდათ, რასაც კულტურა გასაქანს არ მისცემდა: მისი ჰიპოთეზით ახალ დროში კულტურული განსხვავებები კონფლიქტის ახალი წყარო გახდებოდა. ასევე, ძირითადად კულტურა იქნებოდა ის, რის გარშემოც პოლიტიკა განვითარდებოდა - მისი დღის წესრიგი განისაზღვრებოდა (Huntington, 1993 & 1996)[1]. ჰანტინგტონი წერდა:

„[ჩემი თეორიის] მთავარი თეზაა, რომ

დღეს ხალხს შორის უმთავრესი განმასხვავებელი ნიშანი აღარ არის პოლიტიკური, იდეოლოგიური ან ეკონომიკური. ესაა კულტურული განსხვავებები. ხალხი განსაზღვრავს საკუთარ იდენტობას წინაპრების, რელიგიის, ისტორიის, ღირებულებების, ადათებისა და ინსტიტუტების ჭრილში.

ისინი საკუთარ თავს აიგივებენ კულტურულ ჯგუფებთან: ესენია ტომები, ეთნიკური ჯგუფები, რელიგიური თემები, ერები და ფართო გაგებით ცივილიზაციები“. (Huntington, 1997, p. 141)[2]

მართლაც, „ისტორიის დასასრული“ კულტურათა ჯახის დასაწყისი აღმოჩნდა, ხოლო ფუკუიამას პარადიგმა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.[3] 9/11-მა ჰანტინგტონის ვარაუდები გააძლიერა: ტყუპების აფეთქება ისლამური და დასავლური ცივილიზაციების შეჯახებად მოინათლა და სწორედ ეს საწყისი წერტილი იყო, რამაც კულტურული განსხვავებების დამანგრეველი მხარე ღიად შესამჩნევი გახადა (Rizvi, 2004; Neumayer & Plümper, 2009)

2018 წელს გამოვიდა ფუკუიამას ახალი წიგნი, „იდენტობა: თანამედროვე იდენტობის პოლიტიკა და ბრძოლა აღიარებისთვის“ (Fukuyama, 2018a), სადაც უნივერსალური მოდელის აუცილებლობაზე კვლავაც მიუთითებს, თუმცა იქვე აღიარებს, რომ თანამედროვე პოლიტიკის ხერხემალი მართლაც კულტურა და იდენტობა გახდა. უტრირებულად რომ ვთქვათ, ფუკუიამაც [ნეო]ჰანტინგტონიანელად მოგვევლინა. ფუკუიამას მოდელს, რომელიც ამერიკის საგარეო პოლიტიკას წლების განმავლობაში განსაზღვრავდა, ჰანტინგტონის მოდელი ნელ-ნელა ანაცვლებს. ამის დასტურია გაეროში ტრამპის გამოსვლაც, სადაც ამერიკის პრეზიდენტმა კულტურული გლობალიზაციისა თუ უნივერსალიზმის იდეა გააკრიტიკა და ხაზი სუვერენული სახელმწიფოების უნიკალურობას გაუსვა.

ტრამპის ხედვა ემთხვევა ჰანტინგტონისას - ორივე მათგანი მოდერნიზაციას დასავლეთიზაციისგან მიჯნავენ და უნივერსალური მოდელების ნაცვლად, უნიკალურობის მნიშვნელობაზე საუბრობენ[4]. ჰანტინგტონის მიხედვით, აუცილებელი არაა მოდერნიზაციას  თან ახლდეს ლიბერალური პარადიგმა: მაგალითად, ეკონომიკური მოდერნიზაცია შესაძლოა სრულად აცდენილი იყოს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას (მაგ. ჩინეთი, საუდის არაბეთი). გარდა ამისა, ლიბერალური დემოკრატიის განვრცობა არც ისე ადვილია - მას „უცხო“ კულტურაში წინააღმდეგობა ხვდება. ნაწილი მოდერნიზაციის საკუთარ მოდელს ანვითარებს, ნაწილიც რჩება მოდერნიზაციის მიღმა, საკუთარ კულტურულ ფესვებში, საიდანაც იბადება ანტი-მოდერნიზაცია, წინააღმდეგობა თუ კონტრ-კულტურა[5] (Georghiou, 2014, p. 41-44).

ჩვენთანაც, 2003 წლიდან დაჩქარებული მოდერნიზაცია ლიბერალური დემოკრატიის სხვადასხვა ინსტიტუტებსა და სისტემებს არაპროპორციულად, ჰიბრიდულად ავითარებდა. საქართველოში მოდერნიზაცია  რევოლუციური სისწრაფით განვითარდა და საჯარო სექტორის ფორმალიზაცია დააჩქარა, თუმცა ყველა ინსტიტუტმა მოძრაობას ფეხი ვერ აუწყო, ისინი უკან ჩამორჩნენ, გაიზარდა რყევის ამპლიტუდა და დაიწყო პოლიტიკური კრიზისი.

მოდერნიზაციის შედეგად, ასევე გამოჩნდა ახალი ტექნოლოგიები, მედიასაშუალებები, კლუბები, ბარები, ესთეტიკის განსხვავებული ფორმები, ახალი სასწავლო კურიკულუმები, კულტურული სიმბოლოები, რამაც ახალი მიკრო-ტომები შექმნა (ეს პროცესი დღესაც გრძელდება). საზოგადოება ქსელებად გაიშალა - ადამიანებმა სხვადასხვა ნეო-ტომებში საკუთარი სახლი და თავშესაფარი იპოვნეს. თუმცა, მის მიღმა ასევე დარჩა ხალხი: მათაც შეძლეს გარკვეული საზოგადოებრივი სიკეთეებით სარგებლობა - მეტი ასფალტიანი გზა, უკეთესი პოლიცია, შედარებით უსაფრთხო ქუჩა...

თუმცა, კუნძულებთან მათ უფსკრული აშორებდათ: განსხვავებულობა, რაც არა მხოლოდ ეკონომიკური იყო, არამედ, ასევე, იურიდიული, საგანმანათლებლო, კულტურული, პოლიტიკური და ტექნოლოგიურიც.

დაგროვილი უკმაყოფილება 2012 წელს ცოტა ხანს განიმუხტა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალაუფლება დაკარგა. მაგრამ მალევე დაგროვდა ახალი იმედგაცრუება და რისკები: ეკონომიკური რყევები, გაურკვევლობა, პარტიების სიმულაციური ომი, მედია ტერორი[6]: ეს რყევები იდენტობის კრიზისამდეც კი დადის და იდენტობის პოლიტიკაში ითარგმნება. ფუკუიამას თუ დავუჯერებთ „ეკონომიკურ კატასტროფებს ადამიანები ხშირად აღიქვამენ არა რესურსის, არამედ იდენტობის დაკარგვად“ (2018, p. 94). დღეს, ასე, იდენტობადაკარგული სხეულები დადიან ჩვენს ქუჩებშიც. ვალუტის ჯიხურები კი $1.0 = ₾  3.0 უჩვენებენ. 

ხალხის ნაწილი ნიჰილიზმშია; ნაწილიც - წინააღმდეგობაში: საკუთარი უკმაყოფილების არტიკულირებასა და გამოხატვას ცდილობს, თუმცა ეს უკვე განტევების ვაცის ძებნას დაემსგავსა. იდენტობის პოლიტიკა საშიშია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იმავე 60-70-იანი წლების დასავლეთისგან, ან პოსტ-ცივი ომის ეიფორიისგან განსხვავებით, ჩვენთან ეს პროცესი ეკონომიკურ ზრდას არ დაემთხვა. პირიქით, გაჭირვება, უმუშევრობა და უპერსპექტივობა მიკროჯგუფებში უკმაყოფილებას ზრდის, რომელიც ობიექტის, დამნაშავის პოვნას ცდილობს. ასეთი „დამნაშავე“, შესაძლოა ტრანსგენდერი აღმოჩნდეს, ან ტურისტი, ან ბანკირი ან „მე“ ან „შენ“: ნებისმიერი უცხო - შესაწირი ბატკანი.

ჩვენი მოდერნიზაცია კრიზისშია. სახეზე იდეალური დანაშაული გვაქვს  -

ზედაპირზე განრთხმულია სახელმწიფოს გვამი, მაგრამ ვერ ვპოულობთ მკვლელს. ესაა მკვლელობა ნივთმტკიცების გარეშე.

მკვლელობის გარშემო ითხზვება ამბები, კონსპირაციები, მეტაფიზიკა და ვრცელდება თანამედროვე მითოლოგია: სხვადასხვა ურბანული ტომები მკვლელობის სხვადასხვა მითებს თხზავენ - ერთმანეთს მოდერნიზაციის გაყინვის, გაქვავების, მისი მოკვლის სხვადასხვა ვერსიებს უყვებიან.

როგორც აკირა კუროსავას „რაშომონში“ იკარგება მკვლელობის ამბავი ინტერპრეტაციებში, ისე ჩვენთანაც, რეალობა ხელიდან გვეცლება[7].

ყველა ტომს თავისი ეჭვმიტანილი ჰყავს.

ვინ მოკლა სახელმწიფო? კითხულობენ ნეო-ტომები, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც: მიშამ მოკლა ოცნება, - ამბობს ბიძინა. ბიძინამ დაგვიღამა დღე, -  პასუხობს მიშა. ძველი გვამია, საბჭოთა გვამი, - იძახის ექსპერტი. მევახშეების ბრალია, - მოთქვამს მემარცხენე. თურქების, რუსების, ამერიკელების, ირანელების მოკლულია ჩვენი სამშობლო, - გაჰყვირიან სხვადასხვა ტომებში. ტრანსგენდერმა მოკლა საქართველო, - ირწმუნება ვასაძე.

ეს ბერბიჭაშვილის ძებნას ჰგავს. საკუთარი იდენტობის დასამოწმებლად და ჩვენს შეფერხებულ მოდერნიზაციაზე პასუხის მოსათხოვად „უცხოს“ ვეძებთ. განტევების ვაცის ძებნაში კი წინააღმდეგობა, უკმაყოფილება და ტკივილები ძალადობრივი ხდება. ამას ყოველთვის ვერ ვამჩნევთ, რადგან ძალადობაც ფრაგმენტულია. დაბნეულობისა და უკმაყოფილების ნაწილი ოჯახურ ძალადობებში, ბავშვების ცემაში, ძაღლების ჩამოხრჩობაში, თვითდესტრუქციასა და ათას სხვა სტატისტიკაში იმალება. ფრაგმენტების ნაწილი უფრო შესამჩნევია, რადგან მათი უკმაყოფილება გაერთიანდა და კონტრ-კულტურულ დაჯგუფებებად იქცა. ანტი-საემიგრაციო, ანტი-ქვიარ, ანტი-დასავლური და პრო-რუსული მოძრაობები, ძირითადად, ასეთი ტომებისგან შედგება.

დიდი ხანია მიკრო-ტომების დაბადება და დაჩქარებული ფრაგმენტაცია შესამჩნევია და ამაზე ბევრი ვწერეთ. თუმცა, ახლა, როდესაც დისტოპიები მოგვიახლოვდა, რისკებიც მატულობს: დღევანდელი დღე გაძვირდა, ხვალინდელი დღის პროგნოზი გაჭირდა, ხოლო ზეგინდელი უიმედობად მოჩანს.

მოკლედ, მშვენიერი ღამეა დანაშაულის ჩასადენად.

„სხვადასხვა [მიკრო]ცივილიზაციების წარმომადგენლებს აქვთ განსხვავებული შეხედულებები ღმერთისა და ადამიანის, ინდივიდისა და ჯგუფის, მოქალაქისა და სახელმწიფოს, მშობლისა და შვილის, ქმრისა და ცოლის ურთიერთობაზე. ასევე, მათი შეხედულებები განსხვავდება იმასთან დაკავშირებითაც, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის უფლებები და მოვალეობები, თავისუფლება და ავტორიტეტი, თანასწორობა და იერარქია“ (Huntington, 1993, p. 25). სწორედ ასეთი განსხვავებები გამოიწვია საქართველოში მიკრო-ჯგუფების ფორმირებამ: სხვადასხვა მედიუმში, სხვადასხვა ტომში თუ შეიხედავთ, მიხვდებით, რომ მათი ხედვები არა მხოლოდ ცა და მიწასავით განსხვავდება ერთმანეთისგან, არამედ წინააღმდეგობრივია და კონფლიქტის რისკებს ატარებს.

ჰანტინგტონი ასევე მიუთითებდა, რომ ჯახი მოსალოდნელია, როგორც მაკრო, ასევე მიკრო (subcivilization) დონეებზე. ასეთი მიკრო-ცივილიზაციების მიკრო-შეტაკებები უკვე ვნახეთ. ამის მაგალითია ანტი-ემიგრანტების ჩანასახოვანი მოძრაობები, როგორიცაა ანტი-თურქული დისკურსი ბათუმში და ანტი-ირანული მარჯანიშვილზე. ასევე, ამაზე მიუთითებდა ნეო-ფაშისტების გაძლიერებაც, რომლებიც ყველაზე თვალსაჩინოდ „თეთრი ხმაურის“ აქციაზე გამოჩნდნენ. იმავეს გაგრძელებაა დარბეული LGBTQ აქციები და „აკრძალული ფილმები“.

ამ ჯახს ემსხვერპლა ვიტალი საფაროვიც, რომელიც ქსენოფობიურ ნიადაგზე „ვარშავასთან“ მოკლეს.

ეს რყევები აძლიერებენ მიკრო-ცივილიზაციების ჯახს, ცეცხლზე ასხამენ ნავთს, რაც პუტინის რუსეთის ინტერესებშიცაა: მას საშუალება ეძლევა საქართველოს დასავლური კურსი ჩავარდნილ დასავლეთიზაციად წარმოაჩინოს და ალტერნატივად საკუთარი თავი შემოგვთავაზოს.

როდესაც, ნეო-ფაშისტებს მარიონეტებს და ოცნებისა თუ რუსეთისგან კონტროლირებულ „შავრაზმელებს“ ვეძახით, ფრთხილად უნდა ვიყოთ. ეს, ცხადია, თავის წილ სიმართლეს შეიცავს, მაგრამ არ უნდა გამოგვრჩეს, რომ „შავრაზმელები“ სხვა ქსელებიდანაც საზრდოობენ, გლობალურისა და ლოკალურის ჯახში, მედიაში, ეკონომიკაში, ეკლესიებში, ჯენთრიფიცირებულ ურბანულ სივრცეებში, არქიტექტურაში, ესთეტიკაში, განათლებაში იბადებიან. მხოლოდ „პარტიის“ შეცვლით მას თავიდან ვერ მოიშორებ - ასეთი

მარტივი ტრიუკებით კომპლექსური ქსელები არ ქრებიან.

„ოცნების“ კონტროლირებადი ძალები, შეიძლება უკონტროლოც გახდეს[8]. რაღაცა თუ სიმულაციურია, იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ის მოქმედი, აქტუალური არაა. ამიტომაც, ნეო-ფაშისტი და რადიკალი ფრაგმენტები, შეიძლება იმაზე გაცილებით დესტრუქციულები აღმოჩნდნენ, ვიდრე ხშირად გვგონია[9]. ეს ის ძალადობრივი დისტოპიაა, რომელიც არ უნდა დავუშვათ, რომ განხორციელდეს - თავისი პოტენციალი გააპოს და იყვავილოს - ეს წითელი, ყაყაჩოსავით სისხლიანი ყვავილობა იქნება. 

მერყევი რუკა და სახიფათო პაემნები

„არ შევხვედრივართ ჩვენ ერთმანეთს,

ო, რა ხანია,

ნამეტანია, მეგობარო,

ნამეტანია!“

გალაკტიონი, „ახალ ცხოვრებას გაუმარჯოს“

ჰანტინგტონის თეორიისგან განსხვავებით, ჩვენ გვაქვს მოცემულობა, სადაც საქართველოში დასავლეთიზაცია და მოდერნიზაცია განუყოფელია[10]. არ არსებობს არადასავლური საგარეო კურსი, რომელთანაც ალიანსს გავაბამდით; არ არსებობს შიდა რესურსი, რომელიც ამ დანაკლისს შეავსებს. მხოლოდ მეოცნებე იდეალისტი ხედავს პერსპექტივებს ჩილეში, ჰონკონგში, ვენესუელასა და გლობალურ სამხრეთში (რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს). თუმცა, საერთაშორისო პოლიტიკის ქსელებს თუ დააკვირდებით, ქმედითი ალტერნატივა არ ჩანს - იქ რუსეთი ჩაგვსაფრებია.

სწორედ ამ ხაფანგშია გაბმული მემარცხენე ჯგუფების უმეტესობაც, რომლებიც ვერა და ვერ იაზრებენ რუსეთის საფრთხეს. პირიქით, დეკოლონიზაციის თეორიებით ცდილობენ დასავლური დისკურსის კრიტიკას, ისე რომ ვერ პასუხობენ კითხვას -

როგორაა შესაძლებელი მოდერნიზაცია დასავლეთის გარეშე?

როგორი იქნება საგარეო კურსი? როგორაა შესაძლებელი დეკოლონიზაციაზე ისე საუბარი, რომ ულტრა-ნაციონალისტებისა და რუსეთის წისქვილზე არ დაასხან წყალი? ამიტომაცაა, რომ დღეს მემარცხენეები მარგინალურ პოლიტიკურ ფლანგად ყალიბდებიან და მათი ხედვები თანამედროვეობის გამოწვევებთან ისეთივე მოძველებული მოჩანს, როგორც ინტერნეტის გაყვანისას - ნამგალი და ურო.

დღეს მემარცხენე პოლიტიკაში თავადაც ჩართულია, როგორც იდენტობა და არა როგორც პოლიტიკური ალტერნატივა.

მემარცხენე პოლიტიკა ქვეყანაში მხოლოდ მემარცხენე ურბანული ტომების თვითრეპრეზენტაციაა: „პროლეტარის“ გაქრობის შემდეგ და ურბანული ტომების ფრაგმენტაციით, მემარცხენეები მხოლოდ საკუთარ თავს გამოხატავენ - საკუთარ ურბანულ ტომებს წარმოადგენენ[11]. მაგალითად ისევე, როგორც „ქლაბერები“ ცდილობენ საკუთარი სიმყუდროვის დაცვას, თუმცა ჯერ მათ პარლამენტში წარმომადგენლობაზე ზრუნვა არ დაუწყიათ; მემარცხენემ კი დაიწყო. მემარცხენე ნიშანი თავის მხრივ ფრაგმენტულია და მოიცავს დაყოფილ მემარცხენე+ ფლანგს, რომელიც თავისივე განსხვავებებშია გამიჯნული და გაფანტული. ისინი ისევე არიან იდენტობის პოლიტიკის მონაწილეები, მწარმოებლები და პერსონაჟები, როგორც ტრანსგენდერები, ეთნიკური უმცირესობები, რელიგიური უმცირესობები და ა.შ.[12]

ეს გადასვლა პარტიული პოლიტიკიდან იდენტობის პოლიტიკაზე მტკივნეული გახლავთ და აღიქმება, როგორც რყევა, „დეტერიტორიალიზაცია“ - აი, ის ქაოსი და გაურკვევლობა, რაც თბილისის ქუჩებში დაეხეტება და ღობე ყორეს ედება - დაწყებული საპატრიარქოთი და გაგრძელებული კინოთეატრებისა და პარლამენტის აქციით. პოლიტიკა ქუჩაში იმიტომ გადმოიღვარა, რომ ჩვენი პოლიტიკური აპარატი პარტიულ ფორმასაა მორგებული და ფრაგმენტულ, დეცენტრალიზებულ პოლიტიკაზე გადაწყობას აგვიანებს, ინსტიტუტები ზანზარებს, ხალხი ქუჩებში გადის, თითქოს ფეხქვეშ მიწა გვეცლება.

სახელწმიფო აპარატის გადაწყობა და ინსტიტუტების ცვლილება ძნელია, განსაკუთრებით მაშინ, თუ მმართველ გუნდში ინტელექტის დიდი კრიზისია და არც პოლიტიკური ნებით გამოირჩევა. ასეთმა ხელისუფლებამ შესაძლოა სრულ პოლიტიკურ უფსკრულში გადაგვჩეხოს. მაშინ, როდესაც ქსელები ახლებურად მუშაობს, ჩვენი პოლიტიკა ძველი ინსტიტუტების დაგებულ ბილიკებს მიჰყვება[13], სადაც მთავარი გამწევი ძალა პარტია უნდა იყოს. ამის მაგალითია, „ქართული ოცნების“ რიტორიკაც, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დემონიზაციას ვერ გასცდა.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ის მინიმუმი იყო, რაც ფრაგმენტირებულ საზოგადოებას რეპრეზენტაციის საშუალებას მისცემდა[14]. მმართველი გუნდი ვერ მიხვდა, რომ მსგავსი გახლეჩის დროს შეუძლებელი იყო ვიწრო პარტიულ ინტერესებზე დაფუძნებული პოლიტიკა შეუფერხებლად გაგრძელებულიყო. „ქართული ოცნება“ განწირულია - მან ის ტოტი გადაჭრა, რომელზეც დასვენება და გადატვირთვა შეეძლო. ახლა მთავარია, გაჩეხილ ტოტებს თან არ ჩავყვეთ და ერთ-ერთ დისტოპიაში არ ამოვყოთ თავი.

ფრაგმენტაციას თვალს თუ არ გავუსწორებთ და პოლიტიკის ცენტრში კვლავაც პარტიების რევანშისტული დაპირისპირებები გვექნება, მივიღებთ კონფლიქტურ დუალიზმს: ბურიდანის ვირს, სადაც პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება სხვადასხვა მიმართულებით გაიწევენ, პოლიტიკა და საზოგადოება კიდევ უფრო დაშორდება და გამოიწვევენ შეტაკებებს - კონტრ-შეტევებს, პოლიტიკაშიც და კულტურაშიც. როდესაც, პოლიტიკა ნეო-ტომების პოზიციის გამოხატვას ვეღარ ახერხებს, მიკრო-ჯგუფები საკუთარ თავს სხვა მეთოდებით წარმოაჩენენ - მათ შორის ძალადობრივი მეთოდებით.

ჩვენ ჯერ კიდევ „პარტიული პოლიტიკის“ ინფანტილურ თამაშს ვთამაშობთ: ინსტიტუტებს ვარყევთ, რეფორმებს ვაგვიანებთ, ეკონომიკა თავზე გვემხობა, ხალხს ბიძინა ჭკვიანი ჰგონია და კონსპირაციის თეორიებში დავიკარგეთ - გზა აგვებნა. სანამ ურემი გადაბრუნებულა, აჯობებს რუკას დავხედოთ და გზა გავიკვლიოთ. ზედანიამ 2016 წლის საშობაო წერილში დაკარგვის საწინააღმდეგო მეტაფორა დაგვიტოვა, რომელიც რუკაზე ჩვენი ადგილის მოძებნაში დაგვეხმარება. ზედანია წერს:

„თბილისიდან ალეპომდე მანძილს Google map-ი 1300 კილომეტრით განსაზღვრავს, მიუნხენამდე კი - 3500 კილომეტრით. ეს ფიზიკური დაშორება, რომელიც საერთოდ არ არის თანხვედრაში ჩვენს მენტალურ გეოგრაფიასთან, საგულისხმო ფაქტია. სწორედ „მენტალური გეოგრაფიის“ გამო გვაქვს ჩვენ დასავლეთთან ინტეგრაციის შანსი, მაგრამ სწორედ ფიზიკური დაშორების გამო უნდა იყოს ალეპო ჩვენთვის გაფრთხილება“. (ზედანია, 2016)

2016 წელს ალბათ ასე იყო, მაგრამ კარტოგრაფიით დაინტერესებულ თვალს არ გამოეპარებოდა, რომ დღეს  „მენტალურ გეოგრაფიაში“ მიუნხენი გაგვერიდა და ნელ-ნელა გვშორდება. პარალელურად, ალეპოსთან ფიზიკური დისტანცია თითქოს შეგვიმცირდა:

სივრცე შეიკუმშა და ჩრდილოელ მეზობელს უხერხულად ვეხახუნებით.

ჩვენი რეგიონის სირთულე და პრობლემები, რომელიც დასავლეთიზაციის ეიფორიის გამო „მენტალურ კარტოგრაფიას“ წლების განმავლობაში მივიწყებული ჰქონდა, ახლა რუკაზე ხელახლა აციმციმდა. თურმე, არც ალეპოა ჩვენგან შორს და არც კონფლიქტებია გამორიცხული. ამ რეგიონში ყველაფერი საშიშია. ალეპო ბომბების, სიღატაკის, ქუჩებში ავტომატის კაკანის მეტაფორაა, რომელიც ჩვენთვის გაფრთხილება უნდა იყოს.

ამასთან, ქვეყანის შიგნითაც „კონფლიქტური სამეზობლოები“ ყალიბდება და არავინ იცის, რა მოხდება, თუ მეზობლები შეხვედრისას დიალოგს ვერ შეძლებენ. ასეთ დიალოგს წინაპირობების მომზადება - კომუნიკაციის სივრცის შექმნა სჭირდება, სადაც მთავარი როლი კვლავაც ხელისუფლებას აკისრია. „ქართულმა ოცნებამ“ კი ამ დიალოგის შესაძლებლობები, მისი საკომუნიკაციო პლატფორმა, ფონი, მედიუმი ვერ შექმნა. საკანონმდებლო ბადეს, ინსტიტუტების რყევას თავი რომ დავანებოთ - სადაც არაა ნდობა, იქ არაა დიალოგი. ეს ეთიკის ფუნდამენტური პრინციპია. ორს შორის თანაცხოვრება ითვალისწინებს ნდობას, რომლის რესურსიც მმართველ გუნდს დაკარგული აქვს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე დასავლეთში.

როგორ შეხვდებიან ძველი მეგობრები ამ პირობებში - ამ მერყევ რუკაზე? რა მოხდება, როდესაც განსხვავებული ტომები ერთმანეთს შეეფეთებიან? წინ სახიფათო პაემანია: „ნამეტანია მეგობარო, ნამეტანია“.

ტექნო მუსიკის „ოთახები“

„იქ, სადაც წინათ ჩხაოდა ტურა,
ჩვენ ავაშენეთ ასპირანტურა,
ასი ჰექტარი ერთ დღეს დატორეს,
ვაშა ტრაქტორებს!!!“

ნოდარ დუმბაძე

საქართველოში პარტიების პოლიტიკა დასრულდა. მორჩა დრო, როდესაც პოლიტიკის ხერხემალი, დისკურსისა და დისკუსიის ცენტრი პარტია გახლდათ - „მოქალაქეთა კავშირი“, „ნაციონალები“ თუ „ოცნება“. ეს გუშინდელი დღეა. დღეს იდენტობა და კულტურა ხდება მიზიდულობის ცენტრი, რომლის გარშემოც პოლიტიკური ქსელი იხლართება. ახლა იდენტობები აყვირდებიან - გაწაფული სმენა გაიგონებს შორიდან მომავალი უცხო ტომების ყიჟინს, მათი ფეხების ბაკუნს. თქვენს ქუჩაზეც ჩამოივლის ნეო-ტომების კარნავალი[15].

იდენტობის პოლიტიკა პირად სივრცეს ეძებს. მიკრო-ჯგუფები სივრცეების დაპატრონებას ცდილობენ, სადაც ერთიანობას, ბედნიერებასა და სიყვარულს მოძებნიან. ერთმანეთს სივრცე თუ არ დავუტოვეთ, ერთმანეთს შევასკდებით. ფილმში “And, then we danced” ერთ-ერთი მთავარი თვალსაჩინოება სწორედ პერსონაჟების შეზღუდული პირადი სივრცეა. არავის აქვს თავისი ოთახი, პირადი კუთხე - არც მატერიალური და არც მეტაფორული მნიშვნელობით.

ჩვენთან პირადი არაა საჯაროსგან გამიჯნული.

შესაძლოა სწორედ ამან ახსნას ტექნოსცენის პოპულარობა. ახალგაზრდები, ვისაც არა აქვთ საკუთარი „ოთახი“, კლუბის ბოლში, ტექნო მუსიკის აბსტრაქტულ ინტერვალებსა და სიცარიელეში პირად სივრცეს ეძებენ. ამ ავტონომიურობაში სხეული დისციპლინის გარღვევას ცდილობს - სხეულის ენასა თუ მის მეტაფორებს სწავლობს და სახსრებში იხსნება[16]. მოძრაობაში სხეული სუვერენული ხდება და შემდეგ ჩვენ ვცეკვავთ - ვცეკვავთ სიცარიელეში, აბსტრაქციაში, ინტერვალებში, დეკონსტრუქციულ ჟღერადობებსა და ბასის იმედივით აზვირთულ ტალღებში. ეს ცეკვა იდენტობის პოლიტიკაში პირადი სივრცის, ჩვენი კუთხე-კუნჭულის ძებნის ერთ-ერთი მაგალითია და ამიტომაც მისი შელახვა, ამ სივრცეში საჯაროს (მაგ. სპეცრაზმელი[17]) შესვლა ძლიერ პოლიტიკურ წინააღმდეგობას ხვდება. And, then we fight together.  

And then we danced, ფაქტობრივად, თანამედროვე ჯვარცმაა, სადაც ჰომოფობია, ქსენოფობია, გაჭირვება და დაბნეულობა თითო ლურსმანია მთავარი გმირის სხეულზე. ესაა იმ საზოგადოების თვითგვემა, სადაც ყველა ყველას ასამართლებს, სადაც პირადისა და საჯაროს გამიჯვნა ვერ მოხერხდა. ამიტომაც, მეზობლები ვასკდებით ერთმანეთს, როგორც ერთმანეთისგან განსხვავებულები და „უცხოები“.

იდენტობის პოლიტიკაში ერთმანეთის პირისპირ აღმოვჩნდით: შევეჩეხეთ „მე“ და „შენ“ - გაუცხოებულები, ნაომარები, შიშვლები, გაბრაზებულები და ვეძებთ მკვლელს - დამნაშავეს, ვინც მოდერნიზაციას დაგვპირდა და წინ გვამი დაგვიტოვა, ვინც პირად სივრცეს დაგვპირდა და „ოთახში“ გვივარდება. ეს ნიშანია, რომ ვერც ჩვენ გავხდით მოდერნულები, ამიტომ ახლა ამ ყველაფრის გადააზრება მოგვიწევს.

სახელმწიფო ინსტიტუტები ახალ ქსელებზე, ახალ ფრაგმენტულ რეალობებზე უნდა გადაეწყონ, რადგან ეს აუცილებელია, როგორც რუსული საფრთხის, ასევე მიკრო-ტომების ჯახის პრევენციისთვის. მოდი, ორი ცვლილებით დავიწყოთ: პირველი, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაა, რაც უკვე კონსტიტუციურად მომხდარია, თუმცა ჯერჯერობით ეს უფლება მოგვპარეს და უნდა დავიბრუნოთ. მეორე, მასშტაბური ეკონომიკური, სამართლებრივი, პოლიტიკური დეცენტრალიზაციაა[18], რამაც ძალაუფლების ბერკეტები პერიფერიებში, განშტოებებში, მოქალაქემდე მაქსიმალურად ახლოს უნდა მიიტანოს. სწორედ დეცენტრალიზაციის მოდელი უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი, როდესაც საარჩევნო ყუთებთან დავდგებით.

წინ ორი დისტოპია ტურასავით დაგვჩხავის. დღეს ყველაფერი საშიშია. რას ვიზამთ: გაურკვეველ, რისკიან, თხევად ყოველდღიურობაში ვცხოვრობთ, მაგრამ „სადაც არ არის განსაცდელი, იქ ხსნაც არ არის“ (კიკნაძე, 1996, გვ. 61). ამიტომ ვამბობთ ჩვენ, წინ! ან უკან კი რა დაგვრჩენია, რას მივტირით იქ, იმ ეკლიან წარსულში, სადაც „დამსხდარან ორნი: მელა – ლამაზი და ცბიერი, ყელმოხატული და მგელი, მგელი, მომლოდინე, როგორც ისარი“. 

გამოყენებული ლიტერატურა:

Boorstin, D. J. (1992). The Image: A Guide to Pseudo-Events in America. 1961. New York: Vintage, 316.

Dunn, M. (2006). The ‘clash of civilizations’ and the ‘war on terror’. 49th Parallel, 20, 1-12.

Fukuyama, F. (1992). The end of history and the last man. Simon and Schuster. (2006)

Fukuyama, F. (2018). Against identity politics: The new tribalism and the crisis of democracy. Foreign Aff., 97, 90.

Fukuyama, F. (2018a). Identity: Contemporary identity politics and the struggle for recognition. Profile books.

Georghiou, C. (2014). Unexpected convergence: the Huntington/Fukuyama debate. Acta Academica, 46(2), 35-52.

Huntington, S. (1996). The Clash of Civilizations and the Remaking of World Order. New York.

Huntington, S. P. (1993). The Clash of Civilizations? Foreign Affairs 72.

Huntington, S. P. (1997). 'The clash of civilizations'-A response. Millennium - Journal of International Studies, 26(1), 141-142.

Neumayer, E., & Plümper, T. (2009). International terrorism and the clash of civilizations. British journal of political science, 39(4), 711-734.

Rizvi, F. (2004). Debating globalization and education after September 11. Comparative Education, 40(2), 157-171.

Žižek, S. (2008). Tolerance as an ideological category. Critical Inquiry, 34(4), 660-682.

ზედანია, გ. (2016) საშობაო. რადიო თავისუფლება

ზედანია, გ. (2016ა) ტრამპი ანუ რეაქცია. რადიო თავისუფლება

თევზაძე, გ. (2018) როგორ ლპება ჩვენი ქვეყანა. კრიტიკული აზროვნების სკოლა

კიკნაძე, ზ. (1996) ქართული მითოლოგა: ჯვარი და საყმო. გელათის მეცნიერებათა აკადემიის შრომები. ფოლკლორისა და მითოლოგიის სერია #1

ურჩუხიშვილი, გ. (2016) ქართული სხეულის სოციოლოგია. ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს ფემინისტურ ვებ-საიტი



[1] მაგალითად, ჰანტინგტონი პირდაპირ მიუთითებდა იმ ეთნიკურ კონფლიქტებზე რაც პოსტ-საბჭოთა სივრცეში მწიფდებოდა (Huntington, 1993. P. 27-30), თუმცა ასევე მიუთითებდა, რომ მსგავსი კულტურის გამო ყირიმი უკრაინასა და რუსეთს შორის კონფლიქტის საგანი არ გახდებოდა, რაც ასე არ მოხდა (ეს ჩვენთვისაც კარგი მაგალითია, რომ კულტურათა ჯახი ლინიარულად არ წავიკითხოთ, ერთმორწმუნე პუტინის რუსეთში ერთიანი ცივილიზაცია არ ვეძებოთ). მთლიანობაში, ჰანტინგტონის თეორიასა და პრაქტიკას შორის აცდენებია, თუმცა მიუხედავად ამისა, მთავარი თეზა კვლავაც აქტუალური რჩება.

[2] მაგრამ, როგორც ჰანტინგტონი მიუთითებს კონფლიქტური ჯგუფები არ ნიშნავს აუცილებლად ძალადობრივ ჯგუფებს (Huntington, 1993, p. 25). ძალადობის ალბათობა არ ნიშნავს მის გარდაუვალობას.

[3] აქ მემარცხენე მკვლევარების ნაწილი არ დაგვეთანხმებოდა. ისინი ერთ ჭრილში ხედავენ ფუკუიამასაც და ჰანტინგტონსაც, როგორც ლიბერალური იდეოლოგიის კონსტრუქტებს და თვლიან, რომ „ცივილიზაციების ჯახი“ ელიტების კონფლიქტის აუცილებელი ნაწილია (Dunn, 2006, Zizek, 2008). მაგალითად, ჟიჟეკი ჰანტინგტონს პოლიტიკის კულტურიზაციაში ადანაშაულებს და მულტიკულტურალიზმის ნაცვლად, კულტურის პოლიტიზაციის მოდელს გვთავაზობს (Žižek, 2008). თუმცა, ჟიჟეკის კრიტიკას თუ წაიკითხავთ შეიძლება შთაბეჭდილება შეგექმნათ, რომ ის ჰანტინგტონის ნაცვლად კარიკატურას ედავება - წიგნს, რომელიც ჰანტინგტონს ნამდვილად არ დაუწერია. ჰანტინგტონი არც უნივერსალურ კულტურულ პარადიგმას ემხრობა და არც „ცივილიზაციების ჯახს“. არამედ აღწერს იმ პატერნებს, რაც ამ კონფლიქტზე მიუთითებდა.

[4] ყოველ შემთხვევაში ტრამპის რიტორიკა ასეთია. რაც შეეხება ჰანტინგტონს ის ბოლომდე თანმიმდევრული არ ყოფილა, და მის ტექსტებში მართლაც შეიმჩნევა კულტურებს შორის საერთო ნიშნების ძიება. თუმცა, კრიტიკა რომ ეს ჰანტინგტონის უნივერსალიზმია არ არის მართებული, აჯობებს კონსესუსის ძიებად წავიკითხოთ (Georghiou, 2014, p. 39)

[5] ჰანტინგტონი, ფუკუიამისგან განსხვავებით, მკვეთრად განასხვავებს მოდერნიზაციასა და „ვესტერნიზაციას“. თუმცა, ჩვენთან ეს ორი ერთმანეთს დაემთხვა. უტრირებულად რომ ვთქვათ, ჩვენთან ვესტერნიზაცია = მოდერნიზაციას და პირიქით (ცხადია ჰიბრიდული ფორმებითა და განსხვავებებით). ძნელია თქვა, როდემდე გაგრძელდება მათი თანხვედრა, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენთან მოდერნიზაციას ვესტერნიზაციის მიღმა მომავალი არ აქვს. საერთაშორისო ურთიერთობების ჭრილში, ვესტერნიზაციის ალტერნატივად მხოლოდ პუტინის რუსეთია, სადაც ჩვენი მოდერნიზაცია გამორიცხულია.

[6] ასეთი ტერორის გროტესკული მაგალითებია მოდელირებული ქრონიკა, ნეგატიურ პიარზე აგებული საარჩევნო კამპანია, გაბუნიას გინებები და საპატრიარქოს სკანდალები. აქედან ზოგი „ღმერთის“ შექმნილი ნიუსია, ზოგიც „ადამიანის“ ხელით შექმნილი, უფრო სწორედ ადამიანის Smartphone-ით (Boorstin, 1992).

[7] ამიტომაც, პოლიტიკოსებს უადვილდებათ, რომ უტიფრად მოგვატყუონ და მათი ტყუილები ადვილი დასაჭერია თუ დეტალებს გადავამოწმებთ (არქივებით, მედიამონიტორინგით, factcheck-ითა და ა.შ), თუმცა როგორც ჩანს ჩვენს საზოგადოებაში „რეალობის“ დევნისა და ფაქტების გადამოწმებისთვის საჭირო ენერგიაც აღარ არსებობს.

[8] თოჯინების თეატრში თოჯინები იცინიან, მოქმედებენ, არ გემორჩილებიან, გვეურჩებიან. თოჯინების თეატრი უმართავი შეძლება გახდეს: თოკებმა შესაძლოა ქსელები ვერ აკონტროლოს,  სიმძიმეს ვერ გაუძლოს. აი მაგალითად, ჰონკონგის აქციებს ზოგი დასავლეთიდან მართულს ეძახდა, ზოგი ახალგაზრდების გულწრფელ პროტესტს, მაგრამ დღეს ვხედავთ, რომ უკმაყოფილება უმართავი ხდება. უფრო სწორად თვითმმართვადი, სხვადასხვა ქსელებიდან პროვოცირებული, ერთიანი მართვის, კონტროლის მექანიზმს მოკლებული.

[9] სიტუაცია იდენტური ნამდვილად არაა, მაგრამ გაკვეთილი გავიხსენოთ: ჰიტლერის პარტიის მხარდაჭერა 1925 წლისთვის 3%-ზე დაბალი იყო.

[10] თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მოდერნიზაციის იმპროვიზაცია არ შეიძლება. დასავლეთის შიგნითაც მოდერნიზაციის მრავალფეროვანი ასორტიმენტია, რომელთა კომბინაცია, კოლაჟი გაჯაზება შეიძლება. მაგალითად, მალტა პროგრესულმა მემარცხენეებმა განავითარეს, რომლებმაც შეძლეს, რომ მოდერნიზაციის გულისთვის ჰეგემონიურ კათოლიკურ დისკურსს დაპირისპირებოდნენ და ტრადიციონალისტებისთვის მიუღებელი გადაწყვეტილებებით ევროკავშირში 2004 წელს გაწევრიანებულმა ქვეყანამ იტალიაზე, საბერძნეთსა თუ ესპანეთზე სწრაფი განვითარების ნიშნულებს მიაღწია.

[11] ან რომელიმე პარტიის „გამპრავებლებად“ მუშაობენ, როგორც POST TV-ის ფსევდო ინტელექტუალური მემარცხენე ტომი.

[12] ამიტომაც არაა გასაკვირი, მემარცხენისა და ბანკირის ალიანსი.

[13] ინსტიტუციონალიზმის თეორიებში, ამას - „განვლილ გზაზე დამოკიდებული“ (path dependence) ინსტიტუციონალიზაცია ჰქვია; ყოველდღიურ ენაში მას ინერცია შეიძლება დავარქვათ - - ამ მხრივ „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ ღირსეული მემკვიდრეა.

[14] პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა არსებული ფრაგმენტაციიდან გამომდინარე აუცილებელია, ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსითა და კონსტიტუციით გარდაუვალიც. თუმცა, მას აქვს თავისი რისკები და შეიძლება რადიკალური ჯგუფები წაახალისოს. პროპორციული საარჩევნო სისტემის მთავარი მაცდურობა პოპულიზმის გაძლიერებაა. აქ ხმების 1%-ც კი პარლამენტის სკამია - ვინ იტყვის უარს ულტრა მემარჯვენე და ნეო-ფაშისტური მასის მობილიზებაზე? თანამედროვე სამყაროში პოლიტიკოსებს ისედაც უძნელდებათ ამომრჩევლების იდეოლოგიის გარშემო მობილიზება და სანაცვლოდ მხარდაჭერების გაერთიანებას კულტურული ნიშნების გარშემო ცდილობენ (Huntington, 1993, p. 29). 

[15] ამიტომაც, აუცილებელია საჯარო დიალოგში ტექნოლოგიებზე, ეკონომიკაზე, განათლებასა თუ ჯანდაცვაზე ვისაუბროთ. ამან შესაძლოა იდენტობის პოლიტიკა სრულად ვერ დაძლიოს, თუმცა დაამიწებს მაინც.

[16] ქართული სხეულის ბიო-პოლიტიკით კონტროლი და მისი დისციპლინარული ფორმა აღწერილია გიორგი ურჩუხიშვილის სტატიაში, „ქართული სხეულის სოციოლოგია“ (2016). ამ შეზღუდვების გარღვევის მცდელობაზე ვსაუბრობთ ჩვენც.

[17] არა მხოლოდ სპეცრაზმელი. ასევე, უკმაყოფილებას იწვევს კლუბში მკვლევარების, სოციოლოგებისა თუ ანთროპოლოგების გამოჩენაც, რადგან ხშირად ისინი აღიქმებიან, როგორც მაკონტროლებელი სუბიექტები - პირად სივრცეში შემოსული „უცხო“ ან „მამა“. მკვლევარი თითქოს განსჯის, სივრცის ოკუპაციას ახდენს, დაახლოებით ისე, როგორც And then we danced-ში გვიყვებიან, როგორ შეუვარდნენ ოთახში გეი მოცეკვავეს და წაასწრეს სომეხ პარტიონრთან. „რეივერებმა“ არაერთხელ მოგვცეს შენიშვნა ამ სიმყუდროვის დარღვევის გამო. ეს მათი ბრალი სულაც არაა. პირიქით, ჩვენ მკვლევარებს მეტი სიფრთხილის გამოჩენა და კვლევის ეთიკის სტანდარტების დაცვა გვმართებს, რათა სხვისი პირადი სივრცის ავტონომიურობას გავუფრთხილდეთ - არავის შევუვარდეთ ოთახებში.

[18] ამ ცვლილების აუცილებლობაზე უკვე დიდი ხანია საუბრობენ, თუმცა ჯერჯერობით მნიშვნელოვანი ცვლილებები არ გვაქვს. როგორც გიგი თევზაძე მიუთითებს, ცენტრალიზებული სახელმწიფო აპარატი ლპება და ალპობს ჩვენი სახელმწიფოს გვამს. დეცენტრალიზაცია კონტექსტუალური და ტექნოლოგიური გამოსავალია, რომლის მიზანიც მრავალფეროვანი ქსელებისა და ინსტიტუტების შედარებით პროდუქტიული სინქრონიზაციაა. დღეს მმართველობა ახლოსაც კი არაა იმასთან რასაც მართავს, პირველი ცენტრალიზებულია მეორე ფრაგმენტული - ეს იწვევს ლპობას (თევზაძე, 2018)