ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

სქემა - თამარ ჩხეიძე

თამარ ჩხეიძე, ილია ჭავჭავაძის საზოგადოების წევრი

აფხაზეთში, ჯერ კიდევ პერესტროიკამდე მიდიოდა გეგმაზომიერი ანტიქართული პროპაგანდა. საბჭოთა ხელისუფლება საქართველოს კომუნისტური მთავრობის ხელით ცდილობდა, აფხაზებისთვის ქართველების სიძულვილი ჩაენერგა. სამაჩაბლოში ასეთი მწვავე სიტუაცია არ იყო. 1980-იანი წლების ბოლოს, კრემლის პროვოკატორები უკვე ორივე მხარეს მუშაობდნენ. ცხინვალში შეიქმნა „ადამონ ნიხასი“, რომელსაც, როგორც ჩანს, საბოლოო ჯამში, ეს ჰქონდა დავალებული. სქემა იყო ასეთი: ქართულ სოფლებში ქართულენოვანი პროვოკატორების ხელით დაყრიდნენ ხმებს, რომ ოსები უნდა დაესხან თავს. ოსურ მოსახლეობაში კი გაავრცელებდნენ, თითქოს ქართველები მიდიოდნენ დასარბევად. ისე მიდიოდა ყველაფერი, რომ მალე ფიზიკურ შეტაკებაში გადაზრდილიყო.

ჩვენ, ილია ჭავჭავაძის საზოგადოებას, სწორედ ამ ეთნიკური დაპირისპირებისთვის გვინდოდა წინააღმდეგობის გაწევა და მუდმივ დიალოგს ვემხრობოდით. ზურაბ ჭავჭავაძე განსაკუთრებით გამოირჩეოდა ასეთი ინიციატივებით, დადიოდა ცხინვალში, ხვდებოდა ჯგუფებს, რომლებიც ანტიქართული გამოსვლების ორგანიზებას ცდილობდნენ. ერთ-ერთ ასეთ დაძაბულ მომენტში ერთად წავედით ცხინვალში და „ადამონ ნიხასის“ წევრებს შევხვდით. ჭავჭავაძის საზოგადოებამ ხელი მოაწერა ერთობლივ დოკუმენტს „ადამონ ნიხასთან“. ჩვენი პოზიცია იყო ასეთი: არავითარი ოსური სახელმწიფო არ შეიძლება არსებობდეს ქართულ სახელმწიფოში. საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ ერთი სახელმწიფო არსებობს, მაგრამ ყველა სხვა მოთხოვნას, როგორიცაა პოლიტიკური, კულტურული ავტონომია, ეროვნული იდენტობის, ენის დაცვა და ა.შ., ჩვენ მზად ვართ, ვუპასუხოთ, დაგეხმაროთ, არათუ წინააღმდეგობა გაგიწიოთ. მაშინ ყველაფერზე შევთანხმდით, მაგრამ ასე დიდხანს არ გაგრძელებულა. 

1989 წლის 23 ნოემბრის აქცია უფრო ადრე უნდა ჩატარებულიყო, რამდენიმე თვით ადრე. თუმცა, ეროვნული მოძრაობის წევრებს ამ აქციაზე ძალიან განსხვავებული პოზიციები ჰქონდათ. ილია ჭავჭავაძის საზოგადოება – მერაბ კოსტავა, ზურა ჭავჭავაძე, ედპ-ს ლიდერი გია ჭანტურია და მე ამ აქციის კატეგორიული წინააღმდეგები ვიყავით. ძალიან მწვავე პოზიცია ჰქონდა მერაბს, ამბობდა, რომ აქციას ქვეყნის მტრები აუცილებლად გამოიყენებენ სიტუაციის ესკალაციისთვის. ეს აქცია მაშინ ჩაიშალა.

1989 წლის 13 ოქტომბერს, მე, მერაბ კოსტავა და ზურა ჭავჭავაძე ავტოავარიაში მოვყევით. მერაბი იმ დღესვე დაიღუპა, ზურა რამდენიმე კვირაში, ძალიან საეჭვოდ, უეცარი B ჰეპატიტის მწვავე ინფექციით გარდაიცვალა. ეს ავარია დღემდე გამოუძიებელია.

მიტინგი ცხინვალთან 23 ნოემბერს ჩატარდა. აქციისთვის ტრანსპორტი საბჭოთა ხელისუფლებამ გამოყო. ალბათ აწყობდათ მათაც და იმიტომ გააკეთეს. ცხადია, იმის მტკიცება, რომ მიტინგის შედეგი იყო ომი, არასერიოზულია, მაგრამ ესკალაცია ნამდვილად გამოიწვია.

მე დღესაც მიმაჩნია, რომ ისტორიულად და სამართლის პრინციპებითაც, სწორი იყო ავტონომიური ოლქის გაუქმება. თანაც მას შემდეგ, რაც ცხინვალმა დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოაცხადა თავი და დაარღვია ყველა სამართლებრივი ნორმა. თუმცა, ოპოზიცია მაინც ვთვლიდით, რომ ავტონომიის გაუქმება, იმ ვითარებაში, დიდი პოლიტიკური შეცდომა იყო. რადგან ქვეყანა ოსების რეაქციაზე საპასუხოდ ჯერ არ იყო მზად – ამ გადაწყვეტილების რეალიზება საქართველოს მაშინ არ შეეძლო.