ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #ხმა

წერილი ფრანგული ტურიდან

ინტერვიუ ერეკლე დეისაძესა და თემურ ეზუგბაიასთან / Eko & Vinda Folio

ქართულ ენაზე 4 მილიონი ადამიანი ვლაპარაკობთ, პლანეტა კი ბევრად დიდია, როგორ ვესაუბროთ დანარჩენ მსოფლიოს?

ჩვენთან ყველას რაღაც შემოაქვს და ჩვენ გარეთ გატანა გადავწყვიტეთ. ენა საუკეთესო ექსპორტი აღმოჩნდა. ამ ენას რაღაც მაგიურობა აქვს, თუ სწორად წაიკითხავ, კუთვნილებას კარგავს და საერთო ხდება. მინდოდა, ეს ტესტი გამევლო, ამიტომ იყო ეს ტური მნიშვნელოვანი.

კიდევ მინდოდა, იმ ადამიანებისთვის, ვინც ფიქრობენ, რომ თუ რამის მიღწევა გინდა, აუცილებლად ინგლისურად უნდა მღეროდე, შემეცვალა წარმოდგენა. არაფერი მიზიდავს კონტექსტის გარეშე, ამიტომ უკონტექსტოდ არც არაფერს განვიხილავ.

ფრანგული გამოცემები, რომლებიც ჩვენი ალბომის შესახებ წერდნენ, მხოლოდ მუსიკაზე საუბრით არ შემოიფარგლებოდნენ, აქცენტს ქართულ ენასა და მის განსხვავებულობაზე აკეთებდნენ. ამ ენას აღიქვამდნენ, როგორც ახალ ინსტრუმენტს მუსიკაში.

მუსიკა პროცესშია. ამ ალბომზე სამი წელი ვიმუშავეთ. ისინი, ვინც ჩაწერაში გვეხმარებოდა, ტექნიკური დეტალების გარდა, იდეებით გვამარაგებდნენ, ამიტომ ალბომი საბოლოოდ ისეთი გამოვიდა, როგორიც წარმოგვედგინა.

როცა სხვა ქვეყნის სცენაზე პირველად დგახარ, არ იცი, როგორ მიგიღებს იქაური პუბლიკა, ცოტას ნერვიულობ, ყველა ქალაქში განსხვავებული მსმენელი გვხვდებოდა – იყვნენ აქტიურები, ნაკლებად აქტიურები და ზედმეტად აქტიურებიც, ტაშს მაშინ უკრავდნენ, როცა სიმღერა ბოლომდე მთავრდებოდა. ჩვენთან ტაში დამთავრებამდე ისმის. 

სამი კონცერტი მოტორამასთან ერთად გვქონდა, ეს ჯგუფი დიდი ხანია მიყვარს და თავის დროზე მუსიკაში დიდი ინსპირაცია მომცა. სასიამოვნო შეგრძნებაა, როცა შენს საყვარელ ბენდთან ერთად უცხო ქვეყნის სცენაზე დგახარ და მშობლიურ ენაზე მღერი.

უკან ვბრუნდებით ახალი იდეებით და გეგმებით. წინ სხვა ქვეყნები და თავგადასავლებია. უნდა გავავრცელოთ ქართული ენა, როგორც ეგზოტიკური ვირუსი.

ფოტო :