1 წუთით სტეფანესთან
მუსიკალურ სცენაზე 90-იანი წლების ბოლოს, პოსტსაბჭოთა საქართველოში გამოჩნდით. როგორ გაიხსენებდით იმ პერიოდს?
20 წელი გავიდა, რაც პირველი ტრეკი, „არ მოხვალ ჩემთან“ გავაკეთე. მაშინ არც კომპიუტერები გვქონდა სახლში და არც ინტერნეტი. ერთხელ ელექტრო ხმიდან ნამდვილ ხმაზე გადასვლა გვჭირდებოდა და მე და ხმის რეჟისორმა ღამეები ვათენეთ. დღეს ეს ძალიან მარტივად კეთდება. მაგრამ ამ „კერასინკების“ ჭვარტლში, სად გითენდება, სად გიღამდება რომ არ იცი, ძალიან ახალგაზრდა ხარ და არც პასუხისმგებლობებით ხარ დამძიმებული, გაქვს იმის თავისუფლება, რომ თუ რამით ძალიან ხარ გატაცებული, ბოლომდე დაიხარჯო.
და ასეთ დროს უცებ პოპვარსკვლავი გახდით.
მაშინ სულ რამდენიმე რადიო იყო და ხშირად ერთდროულად გადიოდა ხოლმე ჩემი სიმღერები. ენდორფინების მოზღვავება გაქვს მაგ დროს, მერე ცოტა თავში გივარდება... გოგოები გირეკავენ და გირეკავენ გაუჩერებლად. მობილურები ახალი შემოსული იყო და პირდაპირ რეკავდა ყველა. ნომერს გამოვცვლიდი, მაინც იგებდნენ და რეკავდნენ. მტკვარშიც კი მისვრია რამდენჯერმე ტელეფონი ამის გამო.
დისკომფორტს გიქმნით ყურადღების ცენტრში ყოფნა?
არა, პირიქით, სულ მგონია, რომ იტყუებიან, როცა ამბობენ, რომ ეს შემაწუხებელია. პოპულარობა კარგია! უბრალოდ, ზოგჯერ, როცა ძალიან ცუდად ხარ და არაფრის თავი არ გაქვს, გინდა, შეუმჩნეველი იყო, ძაღლივით მიეგდო სადმე. აი, ასეთ დროს რთულია, ამხელა ცნობისმოყვარეობას გაუმკლავდე. მაგრამ, მაინც იმდენი სასიამოვნო მომენტი ახლავს, რომ ნამდვილად არ დავიწუწუნებ არასდროს.
მუსიკალური გავლენები საიდან მოდის?
მუსიკალური გემოვნება უცნაური რამეა: შეიძლება ისეთი რაღაც მოგეწონოს, რასაც ირგვლივ არავინ უსმენს. მეგობრები შეიძლება ფანოღსაც უსმენდნენ, მაგრამ შენი ნერვული სისტემა ისე იყოს მოწყობილი, რომ საერთოდ არ აღგაგზნებდეს. ყველას თავისი მაგნიტი აქვს. მეც არ მომწონდა ბაფთიანი ქართული გიტარები და მიმიზიდა პრინცმა, რომელიც დღემდე რჩება ჩემთვის მთავარ ინსპირაციად. ჩემს მუსიკის პედაგოგს, მზია ღამბაშიძეს ჰქონდა კიდევ დიდი გავლენა. მან გაზარდა ქეთი მელუა და ნინო სურგულაძეც. ჯაზს მასმენინებდა ხოლმე აქტიურად და მაინც, მგონია, რომ ფუძე ჯაზი მაქვს.
დღეს რა დარჩა იმ დროიდან, რატომ აღარ არის ისე აქტიური ქართული პოპმუსიკა?
აღმოჩნდა, რომ „სახემ“ დაწერა რამდენიმე მაგარი სიმღერა, რომელიც დარჩა, ერთი-ორი კარგი მეც დავწერე და სხვებმაც... რაღაცები დარჩა და სასიამოვნოა. დღეს, როცა ძველი სიმღერის ქავერს გამოხმაურება აქვს, ხვდები, რომ იმ წლებს ტყუილად არ ჩაუვლია. თუმცა ყველა ასაკში ენთუზიაზმზე ვერ იმუშავებ. შესრულების კულტურა ისეა განვითარებული და ხარისხზე მოთხოვნაც ისეთია, რომ კომპრომისზეც ვეღარ წახვალ. ძალიან ბევრი ფული გჭირდება ხარისხიანი პროდუქტის შესაქმნელად, ლაივ ბენდებს და შემსრულებლებს დიდი ხარჯი აქვთ. ამიტომ მეეჭვება, უახლოეს მომავალში დიდი წინსვლა იყოს ჩვენთან.
22 აპრილს „სფეისჰოლში“ თქვენი სოლოკონცერტი გაიმართება. დიდი ხანია, ასეთი მასშტაბური კონცერტი არ გქონიათ. რას სთავაზობთ მსმენელს და რა მოლოდინი გაქვთ?
2001 წელს მქონდა სპორტის სასახლეში დიდი კონცერტი, სავსე დარბაზით. მას შემდეგ მხოლოდ ახლა, რამდენიმე თვის წინ მქონდა ლაივი „ბუდა ბარში“. თუმცა, „სფეისჰოლი“ მასშტაბურობით პირველი იქნება. საერთოდ მშიშარა ვარ და სულ ვფიქრობ: ვაი და, ვიღაცამ ვერ ისიამოვნოს, ან არ იყოს ისეთი ხარისხი... უამრავი ფაქტორია, რის გამოც ყოველთვის უკან ვიხევ. ეს კონცერტიც „მუზამემ“ დამაძალა და მეც ბოლო მომენტამდე მეგონა, რომ სიმართლე არ არის. ძირითადად ძველ სიმღერებს ვიმღერებ. სიახლე თანამედროვე ჟღერადობა იქნება. 12-კაციანი ბენდით ვიქნები. საუკეთესო პროფესიონალები მეყოლება, სხვაგვარად კარგი მუსიკა არ იკვრება. მუსიკას კი არ აქვს ვადა, თუ ის კარგია.