10 „იშვიათი“ ამბავი ძველი თბილისის შესახებ
22.07.2016ცნობები ძველი თბილისის შესახებ იმ ტიპის მასალას განეკუთვნება, რომელიც იოლად და საინტერესოდ იკითხება. ტფილისის შესახებ არაერთი უცხოელი მოგზაური წერდა, მათ შორის ისეთ ამბებსაც, რომლებიც არცთუ სასიამოვნო მოსასმენია, მაგალითად:
„ქართველები არიან ზარმაცი და სრულებით არამწარმოებლები. მაგალითად, მათ უყვართ კარტოფილი, რომელსაც ყიდულობენ, ითხოვენ ან იპარავენ გერმანელი კოლონისტებისგან, მაგრამ დღემდე არ მოსდით თავში, რომ თვითონ მოაშენონ და მოიწიონ“, - აუგუსტ ჰაქსტჰაუზენი - საქართველოს შესახებ.
კარაპეტ გრიგორიანცი (1866-1943) ფიროსმანის თანამედროვე, თბილისელი თვითნასწავლი მხატვარია. ხატვასთან ერთად, გრიგორიანცი წიგნებსაც წერდა. „ძველი თბილისის იშვიათი ამბები“ კარაპეტ გრიგორიანცის ერთ-ერთი წიგნია, რომელიც ლიტერატურის მუზეუმში 1944 წელს მოხვდა. გთავაზობთ 10 საინტერესო ამბავს ძველი თბილისის შესახებ ამ წიგნიდან.
#1 ამქრების დროშები
წინანდელ დროში ამქრობას დიდი გავლენა ქონდა. ყველა ხელოსანთა ჯგუფს თავისი უსტაბაში ყავდა და თავისი დროშა ქონდა.
ამქრის დროშები თბილისში ორასამდის იქნებოდა, რომლებზედაც ყველა ამქარს თავისი ღერბი ქონდა გამოსახული.
დურგლების ბაირაღზე გამოსახული იყო ნოეს კიდობანი, ნიშნად იმისა, რომ ნეომ წარღვნის შემდეგ კიდობანი ააშენა. მეღვინეთა ღერბი იგივე ნოე იყო, რომელმაც პირველათ ყურძნის წვენით დაითვრა. ყასპების ღერბი იყო მამა აბრამი და ისააკი.
ასე და ამ გვარად ამქარი მიღებული იყო იმ დროს, რადგანაც, როდესაც ამქრის მწევრი, ესეიგი დალოცვილი ოსტატი გარდაიცვლებოდა, უსათუოდ ცხედარზე ამქარი უნდა მისულიყო, თუნდაც კიდეც არაფერი არ მიეღოთ მკვდრის პატრონისაგან.
უკეთუ სამხიარულო დღესასწაული იქნებოდა, ამქარი ზურნის დაკვრით მივიდოდა და თუ სამგლოვიარო იყო, მაშინ შავს ლეჩაქში გახვეული დროშებით მივიდოდა უზურნოთა.
ქალაქში შემოსულ უცხო მეფებს და ღირსეულ კაცებს ყოველთვის სადგურამდისინ ამქრები თავიანთი დროშებით და ზურნით მიაცილებდნენ და კიდეც ამავე გვარად მიიღებდნენ.
#2 ყეინობა
ამ გვარი ავი მაგალითი საქართველოს ხალხში ას წელიწადზე მეტი იყო მიღებული. სპარსეთის აღა მაჰმად შაჰი როდესაც უთვალავის ლაშქრით საქართველოს შემოესია და კრწანისის ველზე საზარელი სისხლის ღვრა დაიწყო, ეს ჩემი აწერილი ყეინობა სწორედ იმისი მაგალითი და დაუვიწყარი სახსოვარი იყო, ყოველწელს დიდმარხვის ორშაბათ დღეს საქართველოს ყველა სოფლებში და ქალაქებში დიდის ამბებით იმართებოდა ეს დღესასწაული.
თუმცა შეგნებული კაცები და სასულიერო პირები ყოველთვის ხალხს უქადაგებდნენ, რომ ეს დღესასწაული ერთი ჯოჯოხეთური საქმის მაგალითია, მაგრამ ამით ხალხს ვერაფრით ერევოდნენ.
თბილისში ყეინობა მეტათ სამაგალითოდ იმართებოდა, ასე რომ ყველა უბანში ერთმანეთის ჯიბრით უფრო უკეთესად მართავდნენ და მერე სასახლისკენ მიემართებოდნენ უფრო კარგი საჩუქრის მისაღებად.
თითონ ყეინი ანუ შაჰი მოირთვებოდა გენერლის ტანისამოსით, ორდენებით და პაგონებით, თავზე სპარსულ გვირგვინს იდგამდა, ჩაჯდებოდა პაოსკაში და სამოვრის ტრუბას ხელში დაიჭერდა და იმით აქეთ იქით გასცქეროდა, ვითომ დურბინდია. შაჰის პაუსკის უკან მისდევდა თავის ამალა ექიმებით და ვეზირებით. შაჰის წინ კიდევ ბორკილ გაყრილი ტყვეები, მღვდლები, ვაჭრები და მეფე პატარძლები. ამ რიგათ ზურნის დაკვრით სასახლეს რო მიახლოვდებოდნენ, პაოსკაში მჯდომი შაჰი სხვა და სხვა ბრძანებას გასცემდა. მოხელები დაუყოვნებლად მაშინათვე ასრულებდნენ. ზოგს განგებ თავს მოსჭრიდნენ, ზოგს საწამლავს დაალევინებდნენ, ზოგ ლამაზ ქალს ჰარემხანისთვის შეინახავდნენ, ზოგს დამბაჩებით ხვრეტავდნენ, ამ გვარად მარჯვედ წარმოდგენის დროს მეფის მოადგილე მიხაილ ნიკოლოზის ძე თავის ოჯახობით აივანზე გამოვიდოდა და უხვათ დაასაჩუქრებდა ხოლმე.
ქალაქის ყველა უბნების ყეინები სასახლის წინ მოქუჩდებოდნენ და ათასგვარად მასხარაობდნენ. შემდექ იქიდან დაიფანტებოდნენ ბაზრებში და სახლებში თავიანთ ჯიბე და უბე გასასუქებლათ.
#3 როსკიპები
ფქვილის მოედნიდან დაწყობილი ვიდრე აბანოებავდისინ, ქუჩების ორივე მხარეს მრავალი საროსკიპო სახლები იყო. ამ ქალებში მეტი წილი მაჰმადიანები იყო, სადაც პოლიციის მოხელენი არ იყვნენ, ეჭვი არ არის, რომ ყველა ადამიანი თავის ნანდომს იზავს, იმ დროსაც სწორეთ ისე იყო, ყოველ საღამოთი საღებავებით გაგლესილი ქუჩის აქეთ იქით გამწკრივებული ისხდნენ ხოლმე და გამვლელ კაცებს სახლში ეპატიჟებოდნენ, ხშირად კაცების ქუდებს იტაცებდნენ და სახლში გარბოდნენ.
უკეთუ ვისმეს შენიშნავდნენ, რომ ზედ ფული აქვს, მოკვლა და მტკვარში გადაგდებაც იმათი ხელობა იყო. აბა, ვინ მოიკითხავდა ანუ თავს ვინ გაიცხელებდა გარეცხილ გარყვნილ ბოზებთან ლაპარაკსა და გამოძიებას.
შეითან ბაზარი ანუ „ეშმაკის ბაზარი“ - ეს სახელი ზედ გამოჭრილი იყო. იმ დროს იქ თავს იყრიდნენ ჯიბგირები, ქურდები, იშკილბაზები, კარტოჟნიკები, კაცის მკვლელები, ყალბი ფულის გამსაღებლები, ქალების მომტაცებელნი, პორტმანის დამგდებელნი და ყოველგვარი საზიზღარი საქციელის პატრონები. მხოლოდ იმ უბანში იყო ესენი და თითქოს უხდებოდა კიდეც, რომ ყოველგვარი გაფუჭებული ხალხი იქ იყრიდა თავს. ქალაქის სხვა უბნებში ესენი ძალიან იშვიათად შეგხვდებოდათ, თითქმის სულ არ იყო, გარდა საროსკიპო სახლებისა, ქურდებსა და სხვა გაფუჭებულ ჭირიან ხალხს ის უბანი ყველაფრით ხელს უწყობდა. მაგალითად, ფურნები, ლავაშის დუქნები, ლუდხანები სასადილოები, სამიკიტნოები, საყომარბაზო სახლები, საჩაები და ღამითაც აბანოებში მუქთათ ანუ მცირე ფასათ თბილათ ძილი.
#4 ქვის კრივი
ადამიანი გაოცებული რჩება იმ გარემოებაზე, თუ ჩვენი ცხოვრება რავდენ რიგათ ცვლილებას ღებულობს. ამ სიტყვის დასასურათებლად საკმარისია მხოლოდ ქვის კრივი აგიწეროთ.
ეს კრივი ყოველ კვირა დღით იმართებოდა ავლაბარში პეტრე პავლეს მინდორზე. რუსები და ქართველები ცალს მხარეზე მოიქცევოდნენ, სომხები კიდევ ცალს მხარესა. შურდული ერთგვარი ხელით ნაქსოვი აბრეშუმის ლენტი იყო სიგრძით 2 არშინი, შუა გულს ცოტა განიერი. ამ განიერ ადგილას ქვას სდებდნენ და თავიანთ მეტოქეს გამეტვით ესროდნენ. ამ საქმის შესახებ შეიძლება ვინმე იფიქროს, თუ ისინი ბავშვები იქნებოდნენ. სამწუხაროდ, მე დაგარწმუნებთ რომ იმათში ერივნენ კარგი ვაჟ-კაცებიც, ვაჭრები, მოხელები, მოქალაქენი და მოსამსახურენი.
ეჭვი არ არის, რომ თქვენ ადვილად მიხვდებით, თუ კვერცხის ტოლა ღონივრათ ნასროლი ქვა ადამიანს სახეში, თავში, ანუ საფეთქელში რა დღეს დააყენებდა.
კვირაში ხუთი ათი სული ხომ ადვილად მოკვდებოდა და ერთი იმოდენაც დამახინჯდებოდა. მე ჩემს ბავშვობაში მინახავს მუშტის კრივები ქალაქშიაც და კახეთშიაც, მაგრამ ქვის კრივი მხოლოთ აქ თუ იყო, თორემ სხვა კუთხებზე არ გამიგონია. ზოგი ვაჟკაცი სხვა ყმაწვილს ქირაობდა, რომ ქვები მოუზიდოს, ზოგიც ქირაობდა, რომ დროზე წყალი მიაშველონ წაქცეულ სულთ მობრძავს.
#5 მუშტის კრივი
1878 წლამდისინ საშინელი ქვის კრივები იყო, მერე უცებ გადავარდა. ახლა დაიწყეს გაცხარებული მუშტის კრივები.
მუშტის კრივები ქალაქის შორეულ უბნებშიაც იმართებოდა, მაგრამ მთავარი ცენტრი იყო ბატანიკური ბაღის სამხრეთის მხარეს, თათრების სასაფლაოს ზემოთ. ყოველ კვირა დღით ნასადილევისას იმ ბაღში იკრიბებოდნენ ქალაქის ყველა უბნის მარჯვე ღონიერი ბიჭები. მე არ მახსოვს, თუ რომელი უბანი რომელს ებრძოდა, მხოლოდ ამდენს ვიტყვი, რომ ერთობ საზარელი სანახავი იყო იმათი მუშტის ხმის გაგონება. უიარაღო ომს რომ იტყვიან, სწორეთ ის იქნებოდა.
ძველ დროის მელექსე ლოპიანი თავის ლექსებში ასე სწერავს:
ორთაჭალის ბაღში მნახე ვინა ვარ,
ღვინო ხელში მნახე ვინა ვარ,
აბა მუშტი კრივში მნახე ვინა ვარ,
შეგიყვარდა, სთქვა ნეტავ რა ნაზი ხარ,
გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ,
თვალს ავახელ, ზედ წამწამზე მიზიხარ!
მე კარგათ მახსოვს იმათი ბელადი უმძლავრესი მეტის მეტი ღონიერი მუშტის პატრონი, რომელსაც მეტ სახელად ქარაფ ქანდოღას ეძახდნენ, რომელიც ნიშნავს „კლდის დამრღვევს“. ეს ფალავანი ჩაერევოდა თუ არა, მაშინვე ზღვის ტალღასავით ხალხი აქეთ იქით გაექანებოდა.
მუშტის კრივის ბანაკს ამგვარი ბელადები ბევრი ყავდა, მაგრამ ყველას თავი იყო ქარაფქანდოღა, რომელსაც ბოლოს ხელწერილი ჩამოართვეს, რომ მუშტით კაცს არ გაარტყას.
მართალია მუშტის კრივი მავნებელი იყო, მაგრამ სიკვდილით ძალიან იშვიათად მოკვდებოდა ვინმე. პირის სახეში დაკაწრული და თვალები ჩასისხლიანებიც მრავალი გვინახავს, მაგრამ შედარებით ქვის კრივთან ეს თითქმის ერთი გასართობი ყოფილიყო. მუშტის კრივმაც რამდენიმე წელი გასტანა, ესე იგი 1882 წლამდისინ ვიდრე გამოჩნდებოდა ახალგაზრდა ყმაწვილი მოჭიდავე კულა გრდანელი.
#6 ჭიდაობა
ამ ჭიდაობის აღწერით მე არ ვანბობ, თუ საქართველოში ჭიდაობა მხოლოდ იმ წელს დაიწყო, როდესაც კულა გრდანელი მოედანზე გამოვიდა.
მე კარგად ვიცი, რომ მეფების დროიდანვე საქართველოში მიღებული იყო ჭიდაობა, ძველს დროში მეფების ჟამათ ყველაზე სახელოვანი მოჭიდავე ყოფილა ხიზანბარელი, ამის გამოთაც ერთი მელექსე გრდანელის შესხმაში ამბობს, ზოგი იტყვის ნაქები ხიზანბარელი იყო, მაგრამ იგი ლოთობდა, კულას ცალი ვერ იყო.
ვარანცოვის ხიდიდან დაწყობილი მუშტაიდის ბაღამდისინ ქუჩის ორივე მხარეს გასართობი მორთული სალხინო ბაღები იყო, რომლებშიაც ათასნაირი გასართობები და დროს გასატარებელი დაკვრა და ცეკვა იყო. ცხენის კონკა, რომელიც ბელგიელებმა გამართეს, ხალხს ხელს უწყობდა მუშტაიდამდისინ მთელ ქუჩის მარჯვე აღებ მიცემას.
მარჯვნივ და მარცხნივ მორთული ბაღები თავიანთი შადრევნებით და ხეივანებით, საზანდრების ტკბილი მღერა და ზურნების ხმა ადამიანის გულს იზიდავდა და ხიბლავდა, იაფი ცხოვრება და გულის მხიარულობა.
ამ გვარი გასართობების ნახვით ადამიანი გათენებავდისინ ვეღარ შორდებოდა იმ გვარ სიმხიარულეს.
ეს გასართობები ყოველ დღეს იყო, მაგრამ კვირაობით უფრო ათკეცათ მეტი სამსადისი და მეტი სტუმრობა იყო. კვირა დღეებით ხალხი ნასადილევის საათის ხუთამდისინ ლხინში იყო. მერე აიშლებოდნენ და ჭიდაობის საცქერლათ მიეშურებოდნენ, მუშტაიდში ყველაზე თვალსაჩინოთ ვაჭრობდა ლუდის ქარხნის პატრონი ლორთქიფანიძე. ასე წარმოიდგინეთ, რომ ნახევარი საათი უნდა ისე მჯდარ იყავით, რომ ძლივს ჯერი შეგხვედროდათ. რაკი ჭიდაობა დაიშლებოდა, ხალხი ხელ ახლად სმა-ჭამას მიჰყვებოდა, ხშირათაც იქ გაათენებდნენ, რადგანაც იმდროს გაღებისა და დაკეტის დრონი არ იყო შემოღებული.
#7 ასი წლის დღესასწაული
1896 წელს შესრულდა ასი წელიწადი საქართველოს უკანასკნელი ომისა, რომელცი მოხდა კრწანისის ველზე, მეფე ერეკლე მეორის დროს.
ეს დღესასწაული იმგვარად იყო მოწყობილი, რომ ადამიანი გაოცებული რჩებოდა. იქ იყვნენ ჩამოსული საქართველოს ყველა მამულიშვილები, არაგვის მოხევეები, კახეთის თუშები, თიანეთის მაზრის ხევსურები თავიანთის ჯაჭვ ჯავშანიანი ფარებით და ხმლებითა.
ყველანი ცრემლებით რწყავდნენ იმ ველსა, რომელი ველიც როდესმე ქართველთა გმირების სისხლით მორწყმულიყო.
ამ შესანიშნავ და დაუვიწყარ დღესასწაულზე სიტყვები წარმოსთქვეს და ხალხი აატირეს აკაკი წერეთელმა, რაფაელ ერისთავმა, ილია ჭავჭავაძემ, გიორგი წერეთელმა, ზაქარია ჭიჭინაძემა, ვასო აბაშიძემა, ვანო მაჩაბელმა და სხვა მრავალმა. ეს დღესასწაული ქართველ ხალხს უღვიძებდა გულში ჩამქრალ ნაპერწკალს, და ამრავლებდა სიძულვილს მაჰმადიანთა შემოსევის მეთარ ბელადის წყეულ აღამაჰმადხანისა, რომელმაც საქართველო ისე დააწიოკა და გაანადგურა, რომ მისი მგზავსი მეხი ჯერ არავის არ ახსოვდა. ეს დღესასწაული ნათლათ ხატავდა ქართველთა სიმამაცესა და სამშობლოს სიყვარულსა.
ყოველივე იქ მყოფი უსწავლელი ხევსური, ფშაველი, მოხევე და თუში ისე მკაფიოთ ლაპარაკობდნენ ამ დიდი დღის მნიშნეულობას, თითქოს უმაღლესი სწავლა ქონდათ მიღბული. ეს ამბავი საკვირველიც არ არის, შექსპირმა სთქვა, როდესაც ძარღვებში სისხლი დუღს, ენა ფიცით არ იღლებაო.
აი, სწორეთ ამგვარ ბრძნულ აზრს მიეწერებოდა კრწანისის ველზე შეგროვილ საქართველოს კუთხეებიდან ჩამოსულ მამულის ერთგულ შვილების გულის თქმა.
#8 ძველი დროის კინტოები
ორთაჭალის ბაღები ძველ დროიდანვე ქალაქის ხალხისთვის დროის გასატარებლად და საქეიფო ადგილად ითვლებოდა.
იმ ჟამად მუშტაიდის მხარე და ვერის ბაღები არ იყვნენ. ამისგამოთაც კვირა უქმობით მთელი ორთაჭალის ბაღები ქალაქის ხალხით ივსებოდა, არღნების ხმა და ზურნა დუდუკის ხმები ადამიანის გულს ართობდნენ და უფრო მეტათ ყარაჩუხალი კინტოებისა. ისინი მთელს კვირას ათასგვარი სანოვაგის გაყიდვით ფულს აქუჩებდნენ და მერე თაბუნ-თაბუნად (გუნდი, ჯგუფი) გასწევდნენ ორთაჭალის ბაღებისაკენ.
სიტყვა „კინტო“ მავნე პირსა ნიშნავს, მაგრამ ისინი მხოლოდ თავიანთის ოფლით სცხოვრობდნენ და ქეიფობდნენ. იცვამდნენ ძალიან სუფთად და კოხტათ. ძვირფასიანის ქუდებით, დაწყობილის წაღებით, წაღების ყელების სიგრძე იქნებოდა 2 არშინი, დოშლუღიანის (პერანგის, ახალუხის გულისპირი) ახალუხებით, მეტათ განიერის ვერცხლის ქამრებით და აბრეშუმის ბაღდადებით.
იმათი ლეკური თამაშობა ერთობ გასაოცარი იყო, ისინი ხშირად გაშლილ სუფრაზე ისე თამაშობდნენ, რომ არც ერთ რამეს ფეხს არ ახვედრებდნენ. მთვარიან ღამეში ისინი ხშირად მტკვრის პირზედ ლხინში ატენებდნენ და ერთობოდნენ. როგორც ფაბრიკაში მომუშავენი, ორშაბათობით ისევე გარბოდნენ თავ თავიანთ სავაჭროზე და შაბათ საღამომდენ ხალისიანად ისევე ფულის მოგებას შეუდგებოდნენ. ისინი დიდრონ თაბახებით ქუჩა ქუჩა ათასგვარ სუფთა ხილს ატარებდნენ და მოქალაქების ოჯახებში აძლევდნენ.
ისე დახელოვნებულები იყვნენ, რომ ყველაფრის სეზონი იცოდნენ. ხშირად მდიდარ მოქალაქების სახლებში გაურიგებლივ ხილსა, ყველსა, თევზსა, და სხვა სანოვაგეს დასტოვებდნენ და ფულს შემდეგში ჩაიბარებდნენ.
ამბობენ, ერთხელ ბაზარში მირზოევს ეძნელებოდა ძვირფასად თევზის ყიდვა. მაგრამ იმავე თევზისა თურმე უვაჭრელად ერთმა კინტომ იყიდა. როდესაც მირზოევი შეჰკითხებია სიძვირეზე, კინტოს უპასუხნია, „მინამ ჯიბეში მაქვს ასე ვიცხოვრებ და როცა გამომელევა, მაშინ შენსავით ვიცხოვრებო“.
მანამ მუშტის კრივები იმართებოდა კინტოები იქ პირველ ადგილს იჭერდნენ და როცა მოიშალა, მაშინ მუშტის კრივის ნაცვლად, ბაღებში ქეიფებს მიეჩვივნენ. ეს კინტოები ისეთი სიტყვა მოსწრებულნი იყვნენ, რომ ამათი საქციელი და სიტყვა-პასუხი მრავალჯერ ანეკდოტებათ დაიბეჭდა. მუშტაიდის მხარეს ერთ კინტოს ერთი დათვი ისე გაეწურთნა, რომ თავისთან პურს აჭმევდა და ღვინო არაყს ასმევდა. ბოლოს, როდესაც ის კინტო მომკვდარა, დაღონებულ და დაძმარებულ მხეცს ტირილი დაუწყვია.
ამგვარი იშვიათი ამბები მრავალია კინტოების ცხოვრებაში, მაგრამ მე ყველაფერს შემოკლებითა ვწერავ. სამზღვარ გარეთიდან ჩამოსული ევროპიელები მუდმივად ქალაქის კინტოების სურათებს იღებდნენ და მიჰქონდათ ხალხის საჩვენებლად.
#9 თულუხჩები
ვიდრემდისინ ავჭალიდან თუჯის მილებით ქალაქში წყალს გამოიყვანდნე, თბილისის ყველა უბნებში წყალს ცხენების თულუხებით ეზიდებოდნენ თულუხჩები.
ეს თულუხჩები დაბახანაში მომზადებული საქონლის ტყავიდან იყო შეკერილი. ტყავის კარგი პირი შიგნით ქონდა მოქცეული, შიგნითი პირი კიდევ გარეთ ქონდა მოქცეული. ეს თულუხჩები ხშირად იყვნენ აისორები, ანუ სპარსელი თათრები.
ყველა ადამიანი ცხადათ ხედავს, თუ მდინარე მტკვარში რაგვარი სიბინძურე ტრიალებს, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, რომ იმ უსუფთაობას ქალაქის მცხოვრებლებზე არა ვითარი ცუდი გავლენა არა ქონია, ამისი მიზეზი ცხადია, როდესაც მდინარის წყალი გაუჩერებლათ მიდის, მაშინ ის ყოვლათ უვნებელი არის ხალხისათვის.
როგორათაც დღეს ავჭალის უზარმაზარ რეზერუარებში მღვრიე წყალი შაბით იწმინდება, ისრეთაც თულუხჩების მოზიდულ წყალს ხალხი შაბით ადვილათ სწმენდდა. ქალაქის ხალხი იმდროს უფრო ელფერიანი და ჯანსაღი იყო, ვიდრე ეხლანდელს დროში. ამ ჩემს ნათქვამს თვით ექიმებიც ამტკიცებენ.
ქალაქის მცხოვრებელნი იმ დროს დარჩებოდნენ უწყლოთ, როდესაც სადმე ცეცხლი გაჩნდებოდა და ყველა თულუხჩები იქ წყლის საზიდლათ დაბანდებოდნენ, რადგანაც ამ სამსახურის გამოთ ყოველგვარ გარდასახადიდან თავის უფლები იყვნენ.
#10 წიგნები და მწერლობა
იმდროს, ესე იგი 1860 წლებში წასაკითხი ქართული წიგნები თითებით დაითვლებოდა. მე ესენი ზეპირად მახსოვს, ისე როგორც ბავშვობის დაუვიწყარი ამბები და მაგალითები.
სკოლაში სახელმძღვანელოდ მიღებული იყო იაკობ გოგებაშვილის დედა-ენა და ბუნების კარი, აგრეთვე სამღვთო მწერლობა. ეს იყო და ესა. სამშობლოს ენას ძალიანაც გულდადებით არ ასწავლიდნენ, არამედ უნდოდათ, რომ ყველაფერი რუსული წინ წაეგდოთ. ამაზე ბევრი თავდადებული ქართველები შეებრძოლნენ მთავრობას, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. ამგვარმა რუსის დევნამ ქართული ენა იქამდისინ მიაყენა, რომ ძველი ქართული ერთიანად დაიკარგა და ამღვრეული ენა შემოვიდა.
ეხლანდელი ქართული ენა არის არაბულიდან, სპარსულიდან, სომხურიდან და ევროპიელთა ენებიდან ნასესხები ენა.
ამ საქმის გამოთ 1894 წელს გაზეთ „ივერიაში“ აკაკი წერეთელი დიდს მწუხარებას აცხადებდა. იმაზე წინ ვანო მაჩაბელიც გაზეთ „დროებაში“ სწერდა, რომ „ქართულ ენას ცუდი შედეგი მოელისო“.
სამოც წლებში ქართულ ენაზე წასაკიხი წიგნები ცოტა იყო. აი მაშინდელი წიგნები: ვეფხის ტყაოსანი, სარიდონიანი, როსტომიანი, ეთერიანი, მირიანი, სიბრძნე სიცრუის წიგნი, ყარამანიანი, სპარსულიდან ნათარგმნი 16 კარი, საუცხოვო მომხიბლავის ამბებით, სურამის ციხე და სხვა.
ამათ შემდეგ ზედიზედ დაიბეჭდა და ხალხში გავრცელდა აკაკისა, ილიასი, ყაზბეგისა, ვაჟაფშაველასი, ნინოშვილისა და რაფაელ ერისთავის თხზულებანი და მოთხრობები.
სტილი დაცულია.
გამოყენებული ლიტერატურა:
კარაპეტ გრიგორიანცი - ძველი თბილისის იშვიათი ამბები, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, 2011წ.
აუგუსტ ჰაქსტჰაუზენი - საქართველოს შესახებ, გამომცემლობა „არტანუჯი“, 2011წ.
ილუსტრაციებად გამოყენებულია ვანო ხოჯაბეგოვის ნახატები.