ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

1 წუთით Brian Brewster-თან

Brian Brewster იგივე Aquarius Heaven.

დომინიკელი მუსიკოსი ბერლინიდან

 

დაიბადე ელექტრონული მუსიკისგან საკმაოდ შორს, როგორ მიხვედი იქამდე, სადაც ახლა ხარ?

ჩემს ოჯახში, ორივე მხრიდან, ყველა მღეროდა და სხვადასხვა საკრავზე უკრავდა. ფოლკლორიდან გოსპელამდე ყველაფერი ყურში ჩამესმოდა. კლასიკური მუსიკალური განათლება არ მაქვს, მაგრამ ისე სხვადასხვა ინსტრუმენტზე ვუკრავდი. მერე აქ ჩამოვედი, ჯერ 7 წელი პარიზში ვიცხოვრე, ბოლო 5 წელიწადზე მეტია, ბერლინში ვარ.

მაინც როგორია ბერლინის ქლაბინგი?

ისეთივე ჭრელი, როგორც თავად ქალაქი, რომელიც გაცილებით მეტს გაძლევს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ივენთების სერიები, პერფორმანსები და არასისტემატური თავყრილობები ძალიან საინტერესოა. კლუბები უცნაურ, საინტერესო ადგილებში იხსნება. კლუბ „რენატაში“, სადაც ახლა ჩემი სტუდიაცაა, ადრე მეზღვაურების სასტუმრო და ბორდელი იყო. კლუბის ინტერიერშიც შემორჩენილია ეს დეტალები. ბერლინში როცა ჩამოვედი, Aquarius heaven-ის სახელით უკვე გამოშვებული მქონდა ალბომი „7 Days“. ალბათ, ამანაც შემიწყო ხელი, თორემ ეს ქალაქი ყველას ასე დიდსულოვნად სულ არ ხვდება.

რა იყო Aquarius Heaven-ამდე, ვინ იყო Brian Brewster?

რა იყო და, რეგი, ჰიპ-ჰოპი, მოცეკვავეც ვიყავი. პარიზში, პირველად ვცადე რაღაც ელექტრონულ მუსიკაში და იქვე გავაცნობიერე, რომ ეს არის ჟანრი, რომელსაც ძალიან მყიფე კანონები აქვს. თითქმის ყველაფერი შემიძლია ერთმანეთში ავურიო, ისე შევაზავო კარიბის ზღვის მოტივები ტექნოს და ჰაუსს, რომ სრულიად უნიკალური ჟღერადობა მივიღო. როგორც ნამდვილ მეკობრეს, ეს უკანონობა განსაკუთრებით მიზიდავს.

მუსიკის იქით როგორია შენი ცხოვრება?

მაინტერესებს, რას მთავაზობს და რას მიმზადებს სამყარო, რისკებზე წამსვლელი კაცი ვარ, რთული ცხოვრება მაქვს გამოვლილი, მაგრამ სამყარო ყოველთვის კარგად მექცეოდა და ამ სირთულეებსაც თავგადასავლად აქცევდა. არ იყო ადვილი დომინიკელი თვითნასწავლი მუსიკოსისთვის, ევროპის ელექტრონული მუსიკის სცენაზე თავის დამკვიდრება. ჩემს ტექსტებში ჩანს ჩემი ისტორიაც, ასე ვყვები ამბებს.

შორს ვარ, მაგრამ ვცდილობ, ოჯახთან კავშირი არ დავკარგო. კვირაში რამდენჯერმე ვესაუბრები მშობლებს და და-ძმებს, წელიწადში ერთხელ მაინც ჩავდივარ, რომ ვნახო. მეგობრები და ოჯახი, ჩემი მთავარი საყრდენია.

საქართველოში უკვე მეხუთედ დაუკარი. რა გაბრუნებს აქ ყოველ ჯერზე?

აქ ხალხისგან რაღაც განსაკუთრებულ ენერგიას ვიღებ. წლების წინ ისიც არ ვიცოდი, სად იყო რუკაზე ეს ქვეყანა. ასეთი მუხტი მარტო თავისუფლების მოყვარულ ხალხშია. აქაურებმა ისეთივე მეგობრობა და ერთგულება იციან, როგორიც დომინიკელებმა. აქაურ მეგობრებს ჩემს ოჯახს ვეძახი. უკან ეს განცდა მაბრუნებს ხოლმე. 

 ავტორი: ქეთა გაბუნია

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა