გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
25 თებერვალი

25 თებერვლის განთიადი | სცენის მიღმა

25 თებერვალს მე ვიგრძენი, თუ როგორ შემოვიდა ტანში მჭრელი მახვილი, რომელიც მას აქეთ დღითი-დღე უფრო ღრმად მერჭობა. გაფითრებული ვარ და ტანში მუდმივი ჟრჟოლა მივლის. ეხლა სატევრის წვერი ზედ გულზე მაქვს დაბჯენილი და ვგრძნობ, ოდნავ რომ შევინძრე, ჩამესობა და ისე გამათავებს, რომ გმინვის ამოღებასაც ვეღარ მოვასწრებ - მიხეილ ჯავახიშვილის უბის წიგნაკიდან 1929-1930 წლის ჩანაწერები.

გასაბჭოებიდან ასი წელიწადი გავიდა. მთელი თებერვალია, ლექციები და სიმპოზიუმები იმართება; ვსაუბრობთ რუსეთის აგრესიაზე, ოკუპაციაზე, გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე, ჯარზე და სარდლებზე. ეს მნიშვნელოვანი საკითხებია, თუმცა, უკანა პლანზე სწევს ხელშესახებ, ადამიანურ გრძნობებს: რა ხდებოდა თბილისში 25 თებერვლის დილას; რა იცოდა ხალხმა; რას ჩურჩულებდნენ ქუჩების კუთხეებში; როგორ გაიგეს თბილისის დაცემის ამბავი; როგორი რეაქცია ჰქონდათ; რა ნახეს და რა იგრძნეს - მგონია, რომ სულ თავიდან გახსენების აქტი უნდა შედგეს. ამ ისტორიის აღდგენა ხომ ისედაც ძალიან რთულია. პირველ რიგში იმიტომ, რომ ტრავმა, როგორც უცაბედი და ღრმა ჭრილობა, სპეციფიკურ ტრავმულ მეხსიერებას ქმნის. ის არ არის სწორხაზოვანი და თანმიმდევრული, რადგან ტრავმის მომენტში იფანტება ყურადღება, რაც თვითდაკვირვებისთვის აუცილებელი კომპონენტია. ამბავი გონებაში ფაზლის ნაწილებად იშლება. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ადამიანი, სიუჟეტის აწყობას მაინც ახერხებს და გადმოსცემს კიდეც მას. საუკეთესო რომანების დიდი ნაწილი, სწორედ ტრავმული გამოცდილების შემდეგ დაბადებული თხრობის ნაკადებია. თუმცა, აქ მეორე პრობლემა შემოდის - საბჭოური პროპაგანდა და ბოლშევიკური რეჟიმი, რომელიც პრესისა და ლიტერატურის საშუალებით, თავისთვის სასარგებლო, სახეცვლილ მეხსიერებას ქმნის. ცენზურა მკაცრად აკონტროლებს ყველა წინადადებას. რაც არ უნდა დიდი ჟრჟოლა ყოფილიყო ადამიანის სხეულში, ერთი განძრევა და დამთავრდებოდა ყველაფერი. სწორედ ამიტომ, ამ სიტყვებს მიხეილ ჯავახიშვილი თავის უბის წიგნაკში წერს გასაბჭოებიდან, დაახლოებით 9 წლის შემდეგ.

ამ ტექსტში 25 თებერვლის სიუჟეტის აღდგენას ვეცდები. სრულად, რა თქმა უნდა არ გამოვა, კონკრეტული სურათები შეიძლება მცდარიც აღმოჩნდეს; თუმცა, ვფიქრობ,  ამ ტრავმაგამოვლილი ადამიანებისთვის მოსმენის მცდელობაც კი ჩვენგან, ძალიან მნიშვნელოვანია. შეიძლება ითქვას, ბოლო სერიის დაწერას ვცდილობ, სადაც სცენის მიღმა დარჩენილ ჩვეულებრივ ხალხს და მათ განცდებს გვაჩვენებენ ხოლმე.

სიუჟეტის დასანახად ერთ-ერთი მთავარი წყარო ლევან მეტრეველის მოთხრობა ,,განთიანი 25 თებერვლისა საქართველოში’’ იქნება, რომელსაც საჯარო ბიბლიოთეკის საძიებო სისტემაში შემთხვევით წავაწყდი. ტექსტი 1931 წელს არის გამოცემული. თვითონ ავტორი ავტობიოგრაფიაში, სიკვდილამდე რამდენიმე წლით ადრე, წერს: ,,მე უკვე განვლე ჩემი ჯანი, ჩემი იმედები, ჩემი პირადი კეთილდღეობა, მაგრამ მაინც ვინატრებდი ჩემ დღეთა გაგრძლებას, რომ შევესწრებოდი ევროპის გაბოლშევიკებას’’. მისი დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ამ მოთხრობაში არ უნდა ველოდოთ სრულ სიმართლეს. მეტიც, ხშირ შემთხვევაში ის საბჭოთა პრესაში დაბეჭდილი სტატიების პათოსს იმეორებს. თუმცა, ეს ის უიშვიათესი ტექსტია, სადაც 24 თებერვლიდან 25-ის განთიადამდე მთელი დღე გვაქვს მოცემული, ამიტომ ასე ადვილად არ უნდა მოვეშვათ. რიგი მომენტების გადამოწმებითა და დაკვირვებით, მაინც შეიძლება გამოვხშიროთ რეალობას მიმსგავსებული ეპიზოდები და გასაბჭოების ტრავმის ნასხლეტებს შევავლოთ თვალი.

მოთხრობა 24 თებერვალს მოსული თოვლით იწყება: ,,ცივა, ქარი ჰქრის. თოვს. ჭყაპით სავსეა ხალხისგან დაცარიელებული ქუჩები. გასაოცარია: ზოგჯერ ბუნებაც როგორ შეუთანხმდება ხოლმე პოლიტიკურ და ქვეყნიურ მოვლენების განსაკუთრებულ მწვავე მომენტებს!’’ 

თოვლის აღწერილობას თებერვლის ბრძოლებზე ხშირად იყენებენ. 1969 წელს დაწერილ ლექსში, კოლაუ ნადირაძე ამბობს: ,,თოვდა... და თბილისს ებურა თალხი’’, - თუმცა, აქ თოვლი თეთრი არ არის, რადგან თბილისს თალხი, შავი სამგლოვირაო ნაჭერი, ახურავს. 

თოვლი სრულიად საპირისპირო დატვირთვით არის წარმოჩენილი საბჭოურ ნარატივში.  1931 წლის  ,,ოქტომბრელის’’ თებერვლის ნომერში გიორგი შალვაშვილის ლექსს ვკითხულობთ: ,,ცა სცხრილავდა თოვლის ფიფქებს // და ქუჩები სჩანდნენ თეთრად’’. აქ თოვლის ფიფქები ის ნასროლი ტყვიებია, რომლებმაც საბოლოო ჯამში, როგორც ლექსის ბოლოს ირკვევა, ცა თეთრად გახსნა, რის შემდეგადაც დადგა ახალი განთიადი. 

თოვლის ფორმა და მისგან გამოწვეული შეგრძნება ლევან მეტრეველის მოთხრობაში ამ ორი ლექსისგან განსხვავებულია. პირველი განსხვავება ალბათ კონტექსტში უნდა ვეძებოთ. კოლაუ ნადირაძისა და გიორგი შალვაშვილის ლექსებში წარმოჩენილი თოვლის ორი სხვადასხვა სახე კავშირშია სიუჟეტური აღწერის კონკრეტულ პერიოდთან. ორივე ლექსში, ბრძოლა ან დამთავრებულია, ან  დასასრულს უახლოვდება და ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია. მეტრეველის მოთხრობაში კი ჯერ 24 თებერვლის ბოლო წუთებია, ჯერ ისევ დადის ჭორები, ,,სწრაფი, მოუსვენარი და საეჭვო ხმა დაძრწის ყველგან - პირიდან პირში (და არა გულიდან გულში): ბოლშევიკები დამარცხდენ! უკან დაიხიესო!’’. ეს თოვლი, თოვლჭყაპი, პროცესს გამოხატავს, არც თოვლია და არც წვიმა, ლიმინალური მდგომარეობაა, თუმცა მხოლოდ ეს არ ამოიცნობა თოვლის ამგვარ აღწერილობაში - თოვლჭყაპი სხვა დამახასიათებელ შეგრძნებასაც გვიტოვებს. ის უსიამოვნოა, სველი სიცივით გედება ტანსაცმელზე, ოღონდ — არა როგორც წვიმა.  ძნელი წარმოსადგენია, ლექსის წერა მოგანდომოს, ან რაიმე ამაღელვებელი დატვირთვა უპოვო მას. თოვლჭყაპი იმედგაცრუებაა. ეს ემოცია მთელ მოთხრობას გასდევს თან: ,,ისევ ცივა. თოვს და წვიმს სანახევროთ, უგემურად, ზედ ერთვის რაღაც დანავსული ქარი. ეს ბუნება სრულებით არ არის ხელშემწყობი რაიმე გამბედავი, ლამაზი და კეთილშობილი მოქმედებისთვის’’.

მოთხრობა პირველ პირშია დაწერილი და მთავარი მოქმედი პირი თავად ავტორია. ლევან მეტრეველი მაშინდელი ვორონცოვის ხიდზე იარაღით ხელში დგას დარაჯად. ხიდზე სიმშვიდეა. ცოტა ხანში ვიღაც გაივლის. მოგვიანებით, კიდევ გაივლის ვიღაც, ოღონდ ეს უკან-უკან იყურება, თითქოს მოსდევს ვიღაც. ამის შემდეგ ავტორი დამფუძნებელი კრების წევრებს დაინახავს. ამბავს გამოჰკითხავს და გაიგებს, რომ თბილისს ტოვებენ.

მენშევიკები წავიდნენ -
ბოლშევიკები ჯერ არა
სჩანან.
აი ორი პოლიუსი, რომელთა შორისაც ტრიალებს გააფთრებით - იარაღ ასხმული
ჩემი ფიქრების რაზმი.

და ერთი გვერდის შემდეგ კიდევ ერთხელ:

მენშევიკები წავიდნენ -
ბოლშევიკები ჯერ არა
სჩანან.
მაშ ქალაქი ღვთის ანაბარათ არის მოტოვებული სანამ ახალი
ხელისუფლება დამყარდებოდეს.

ავტორი აცნობიერებს, რომ თბილისი მმართველობის გარეშე არის დარჩენილი, ამიტომ დიდი შანსია, ბოლშევიკების მოსვლამდე, ქალაქში ანარქიამ დაისადგუროს. ლევან მეტრეველი გადაწყვეტს, იპოვნოს მხარდამჭერები და ქალაქი რამენაირად არეულობას გადაარჩინოს. კაპიტულაციის დროს კი ყველაზე ბევრი ხალხი სადგურზეა: ,,თოფი უკვე მამძიმებს, როგორც ყოველი მეტი ბარგი. მივაგდე კუთხეში და მივეშურები’’.

სადგურში უამრავი ხალხია. ვაგონებში ვეღარ ეტევიან, ამიტომ ზედ მატარებელზეც არიან ასულები. რამდენიმე ადამიანთან გასაუბრების შემდეგ ლევან მეტრეველს დახმარებაზე მხოლოდ პაოლო იაშვილი თანხმდება. იქვე მოიფიქრებენ ოფიციალურ სახელს და ,,წესრიგის დამცველ კომიტეტს’’ შექმნიან. ახლა ყველაზე მეტად სწრაფი გადაადგილების საშუალება სჭირდებათ. პირველივე შემხვედრ მანქანას გააჩერებენ და მოულოდნელად, გენერალი გიორგი მაზნიაშვილი შერჩებათ ხელში, რომელიც ,,სრულებით აღარ ჰგავდა მებრძოლ ჯარის სარდალს, რომელსაც უბრალოთ ვერავინ შეჰკადრებდა თუნდა პირდაპირ შეხედვას, არამც თუ მაშინის ჩამორთმევას’’. მაზნიაშვილმა განაცხადა, ორი-სამი დღე-ღამე არ მძინებია, ფეხით ვერ დავიხევ უკან და თუ აქ ჩავრჩი, შეიძლება ბოლშევიკებმა დამხვრიტონ კიდეცო. ,,ისეთი უმწეო და შესაბრალისი შეხედულება ჰქონდა ამ სახელმოხევჭილ ღენერალს, რომ’’ მეტრეველმა და იაშვილმა მას ვეღარაფერი უთხრეს, მანქანა დაუტოვეს და გაეცალნენ. ეს ამბავი ასე ვრცლად იმიტომ გადმოვეცი, რომ ამ შეხვედრის დეტალები მეორე მხრიდანაც მომისმენია

თავის მოგონებებში გენერალი მაზნიაშვილი იხსენებს, რომ, როდესაც თავისი რაზმით თბილისის სადგურს მოუახლოვდა, გადაწყვიტა იქაურობა მოეთვალიერებინა, იქნებ, მთავარსარდალი ენახა და უკან დახევის მიზეზიც გაეგო.

მგზავრთა შორის შევამჩნიე პოეტების ჯგუფი, რომელთა შორის იყვნენ პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე და ვგონებ, ლევან მეტრეველი. ისინი ჩემთან მოვიდნენ და რჩევა მთხოვეს, როგორ მოქცეულიყვნენ: მთხოვდნენ, ამეხსნა მდგომარეობა. მათ ვუპასუხე: - ყმაწვილებო, არ ვიცი, რად აიღეს ხელი ტფილისის დაცვაზე და რად წავიდნენ მთავრობა და მთავარსარდალი, ალბათ მათ ჰქონდათ სერიოზული მიზეზები. მაგრამ არ მესმის, თქვენ რად ტოვებთ დედაქალაქს! რამდენადაც გიცნობთ, თქვენ არც მეომრები ხართ და არც პოლიტიკოსები. მოქალაქის მოვალეობა გავალებთ დარჩეთ ტფილისში, მიიღოთ ენერგიული ზომები მაცხოვრებლების დასამშვიდებლად. ჩემი აზრით, თქვენ დაუყოვებლივ უნდა წახვიდეთ მოწინააღმდეგესთან, უნდა უთხრათ, რომ საქართველოს მთავრობამ და მისმა ჯარებმა დატოვეს ტფილისი და თხოვოთ, მიიღონ ზომები, რომ ხალხის ნაძირალა ელემენტებმა არ ისარგებლონ არეულობით ბოლშევიკური ჯარების შემოსვლის დროს და ძალადობასა და ძარცვა-გლეჯას არ მიჰყონ ხელი, ამით თქვენ ჩვენს დედაქალაქს დიდ სარგებლობას მოუტანთ, - ეს ვუთხარი და საჩქაროდ გავშორდი, რადგან ჩემს რაზმს უნდა დავწეოდი.

ვერ გავარკვევთ, რომელი მონათხრობი ასახავს უფრო ზუსტად დიალოგის ფორმასა და შინაარსს. ძნელად სარწმუნოა, გენერალ მაზნიაშვილისთვის პოეტებს მართლაც შეებედათ მანქანის ჩამორთმევა. ასევე, ჯერ-ჯერობით, ჩემთვის გაუგებარია, თუ რატომ არ ახსენებს ლევან მეტრეველი ტიციან ტაბიძეს. ის კი ცხადია, რომ სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ მეტრეველის თავში დაიბადება იდეა, რამენაირად რუსეთის არმიას ხმა მიაწვდინონ, იქნებ, მალე შემოვიდნენ ქალაქში და თბილისს არეულობა ასცდეს.

მეტრეველი და იაშვილი გზას აგრძელებენ. აქ ავტორი აღწერს უკან დახეული ქართული ჯარის ნაწილებსაც, რომლებიც გზადაგზა ყრიან თოფებს და იკიდებენ ბარგს, ემზადებიან დეზერტირობისთვის. ჯარისკაცებს ზედმეტი ბარგივით მოჰქონდათ თოფებიცა და თავიანთი თავებიც. ეს დამარცხებული ჯარის აღწერაა და შესაძლოა, გულწრფელი და უტყუარიც, რადგან თავად გიორგი მაზნიაშვილიც აღწერს, თუ როგორი დემოტივირებულები იყვნენ ჯარისკაცები, როგორ იფანტებოდნენ გზადაგზა, როგორ ცდილობდა, ჯარის მესამედი მაინც შეეკოწიწებინა. თუმცა, ამ სურათს მეტი არგუმენტი სჭირდება გამუქებისთვის.


თბილისში შემოსული წითელი არმია

თავად ქალაქის აღწერას მეტრეველთან დიდი დრო არ ეთმობა, რადგან ავტორის თქმით, ისინი საქმეზე იყვნენ კონცენტრირებულები და ,,ვერ ვამჩნევთ ბევრ რამეს, რაც ადამიანის და ცხოვრების დაკლაკნულ გზაზე ათასნაირ ტკივილსა და ნამსხვრევებსა სტოვებს’’. შემჩნევა და დაკვირვება ტრავმული, უცაბედად თავს დატეხილი ამბის პარალელურად რთულია, თუმცა, მეტრეველი რამდენიმე ისეთ მომენტს მაინც აღწერს, რომელიც მსჯელობაში ძლიერ დაგვეხმარება: ლევან მეტრეველი და პაოლო იაშვილი მიდიან გალაქტიონ ვაშაძის სახლში.  მოთათბირების შემდეგ გადაწყვეტენ, რომ პაოლო და გალაქტიონი სასწარფოდ ეახლონ წითელ არმიას და სთხოვონ, რომ სწრაფად შემოვიდნენ ქალაქში. ამისთვის საჭიროა ერთი მნიშველოვანი რეკვიზიტი — ისინი იქვე მიყუდებულ ცოცხს გააძრობენ ტარს, გადახევენ საწოლის ზეწარს და გააკეთებენ ,,თეთრ დროშას’’. ლევან მეტრეველის თქმით, ამ დროშით აცნობეს პაოლო იაშვილმა და გალაქტიონ ვაშაძემ წითელი არმიას თბილისის დაცემა. [i]

თავად მეტრეველი კი სატელოფონო ხაზით ეცდება გაარკვიოს, რა ხდება მთელ საქართველოში. ტელეფონი, თავისუფლების მოედანზე, აღმასკომის შენობაში იყო: ,,ძალით შევაღეთ აღმასკომის კარი, რადგან ნებით გამღები იქ არავინ იყო. ქალაქის თავის კაბინეტი მუშაობაში იყო მიტოვებული: მაგიდაზე ალაგია დაუმთავრებელი ქაღალდები, ბეჭედი, უჯრებიც ღიაა. ეტყობა, მოულოდნელად, სასწაფოდ მოხდა აქედან გასვლა. ეს მხოლოდ უნებლიე და სახელდახელო შთაბეჭდილებაა, თორემ ამის გამოსარკვევად ახლა ვისღა სცალია’’, - აღმასკომის შენობაში დანახული ეს კონკრეტული სურათი, ჩემი აზრით, კარგად აღწერს, თუ რა დაემართა საქართველოს ოკუპაციის წამს. ახლადშექმნილი ქართული რესპუბლიკა თავისი არსებობის პირველ წლებს ითვლიდა, მუშავდებოდა კონსტიტუცია, დგინდებოდა ქვეყნის სამომავლო კურსი, საბჭოთა ინტერვენციამ კი ეს პროცესი დააპაუზა, გააშეშა და დალუქა.

ამის შემდეგ მეტრეველი აყალიბებს მოხალისეთა ათეულებს, რომლებსაც ბანკების, ხაზინისა და სხვა შენობების დაცვას ავალებს. მოქალაქეებზე დაყრდნობით ყველაფერი კარგად გამოდის, ისინი შუადღის ორ საათამდე ასრულებენ დავალებებს. ორ საათზე კი ,,მოედანზე შეტბორებული ხალხის ზღვა ერთბაშად გაიპო და ამ ნაპობში მძიმე ხვნეშით შემოზანზარდა ფოლადის დევი - ბოლშევიკების ტანკი! მას თან მოჰყვა ცხენოსანთა პირველი რაზმიც’’. აქ უმალვე დაიწყო ზეიმი და ლევან მეტრეველმაც ქალაქის მმართველობა ,,დაუთმო საქართველოს ცხოვრების მამოძრავებელ მუდმივ ძალებს’’, ქართელ ბოლშევიკებს.

მეტრეველის მონათხრობის საპირისპიროდ, რუსის ჯარისა და ქართველი ხალხის შეხვედრის სხვანაირი აღწერაც მოგვეპოვება. ზუსტად 1921 წელს თბილისში საცხოვრებლად გადმოვიდა მხატვარი, იურისტი და მასწავლებელი ლადო ჯაფარიძე, რომელიც 25 თებერვლის შესახებ თავის მოგონებებში ჰყვება. მისი მონათხრობის მიხედვით, ქუჩები ნახევრად ცარიელი იყო, მხოლოდ რუსი ქალები იყვნენ გამოსულნი, სეირის საყურებლად და წითელი არმიის შესაგებებლად. ლადო ჯაფარიძეც აღმასკომის წინ დგას:

ამასობაში ახლანდელი ლესელიძის ქუჩიდან, რომელიც იმ დროს მეტად ვიწრო იყო, ცხენოსანთა რაზმი გამოჩნდა. დაღლილ-დაქანცულობისა და უძილობის გამო თვალებჩაღამებული მხედრები, განუყრელი ბუდიონოვკებით თავდამშვენებულენი, მშიერ- მწყურვალნი ძლივს მოლასლასებდნენ. ერთნაირ მაზარამოსილთაგან მეთაურს ვერ გამოარჩევდით. აღმასკომის წინ კიდევ მოეყარა თავი რამდენიმე კაცს. რაზმი მცირე ხნით აღმასკომის შენობის წინ შედგა და დაიძახა, Да здраствует советская власть, ура![ii] მაგრამ საპასუხო ,,ურას’’ მთქმელი არავინ იყო, გარდა იმ რამდენიმე რუსი ქალისა.

Да здраствует Советскацая Грузия![iii] - დაიძახა ერთმა, მათმა ალბათ მეთაურთაგანმა და ჩვენც გამოვფხიზლდით. ცოტა მომეშვა ,,გრუზია’’ რომ ახსენეს. რუსის ქალებმა კი გაკვირვებაც გამოხატეს. ვინმე ეფიმოვი უსირცხვილოდ ,,იგონებს’’ ,,Заря’’ - ს ფურცლებზე: ,,на улицах масса народа, красные флаги, много цфетов, приветственные возгласы’’.[iv] და რაც მთავარია, ,,повсюду радости!’’[v](  )გვარწმუნებს, თითქოს მართლა ვინმეს რაიმე უხაროდა, გარდა იმ მზესუმზირაჭამია რუსი გოგოებისა.

საგულისხმოა, რომ ლევან მეტრეველის მოყოლილ ამბავში არ ისმის სხვა  ხმა. ვერ ვიგებთ, რას გრძნობენ ან სად არიან ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებსაც გასაქცევი არ ჰქონდათ და არც წითელ არმიას შეგებებიან ტაშით. აქ მხოლოდ მათი დუმილია, რომელიც ქუჩაში დაძახებულ ура-ს არ გამოეხმაურა. იმის მიუხედავად, რომ გასაბჭოების შემდეგ თავიდანვე მკაცრი რეჟიმი არ დამყარებულა, ეს მაინც დიდი ტრავმული ცვლილება იყო საქართველოსთვის. ვფიქრობ, რომ იმდროინდელ შემართებას, გეზსა და გულწრფელ იმედს ყველაზე კარგად მარო მაყაშვილის დღიურის პირველი სიტყვები გამოხატავს. ,,ძირს ძველი კერპები, // ახალნი ვიწამოთ !!!’’. ეს შეძახილი ნელ-ნელა დუმილად გარდაიქმნება. გასაბჭოების დღე კი ამ დუმილის დასაწყისია, ამიტომ ღრმად მწამს, რომ სწორედ ამ ამბის მოსმენით უნდა დავიწყოთ. 

1921 წლის შემდეგ ასი წელი გავიდა. აღარავინ დარჩა ისეთი, ვინც კარზე მოგვიკაკუნებს, ჩაიზე დაგვეწვევა და მოგვიყვება. ეს ამბები უბის წიგნაკებში, ზეპირ ისტორიებში, ან მაგიდის საიდუმლო უჯრებში ინახება და მსმენელს ელის.


________________________________________________________________________________________________________________________

[i] გალაქტიონ ვაშაძე საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ 1921-1923 წლებში
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იყო და შემდეგშიც ბევრი საპასუხისმგებლო
თანამდებობა ეკავა. ის 1937 წელს დახვრიტეს ტროცკისტობის ბრალდებით.

[ii] გაუმარჯოს საბჭოთა ხელისუფლებას, ურა!

[iii] გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს.

[iv] ქუჩებში ბევრი ხალხი, წითელი დროშები, ბევრი ყვავილი, მოსასალმებელი შეძახილებია.

[v] ყველგან სიხარულია.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა