გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
შოთა და ირმა

ხუთი ხანდაზმული საკუთარ სივრცეს ეძებს

საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი CINEDOC თბილისი წელს უკვე მეოთხედ გაიმართა. ჟიურიმ საერთაშორისო საკონკურსო სექციაში საუკეთესოდ დაასახელა პოლონელი რეჟისორის, ვოიტეკ სტარონის ფილმი "ძმები". ჟიურის სპეციალური პრიზი გადაეცა ფილმს "ოჯახური ურთიერთობები" (რეჟ: ტომ ფასარტი, ნიდერლანდები); CIVIL DOC სექციაში გაიმარჯვა "სესილიამ" (პანკაი ჯოჰარი, ინდოეთი); ჟიურის სპეციალური აღნიშვნა დაიმსახურა ფილმმა "ვინღა შემიყვარებს ახლა?!" (ბარაკ ჰეიმანი, ტომერ ჰეიმანი, ისრაელი); Focus Causasus სექციაში გამოარჩიეს - "ერთი, ორი, სამი" (არმენ იერიციანი, სომხეთი).

ქართული პროგრამიდან ფილმები გამარჯვებულთა სიაში ვერ მოხვდა, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და უტყუარი, მძაფრი ემპათიით გაჯერებული ფილმი იყო ცირა გვასალიას სადებიუტო, 50-წუთიანი ნამუშევარი – „ოთახები“.

თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში მცხოვრები ხუთი ადამიანი – ხუთი დოკ-პერსონაჟი –  ვიოლა ცომაია, შოთა ბიძინაშვილი, პავლე ბულალაური, უშანგი ჩიკვაიძე და რიმა ოკომციანი – პრობლემას აწყდება: საცხოვრებელში სარემონტო სამუშაოები იწყება და ისინი კარგავენ ოთახებს, რომლებიც მათი ერთადერთი პრივატული სივრცე იყო, სულის მოთქმის, მშვიდი განმარტოების და ფიქრის ადგილი. ისინი უზარმაზარ საკონცერტო დარბაზში გადაჰყავთ – ხმაურსა და სიცივეში.

90 წლის შოთა ჯერ ეკლესიის მაკეტის აწყობას იწყებს, შემდეგ, პანსიონატის ეზოში, პატარა ეკლესიასაც აშენებს; ყოფილი მოკრივე, 84 წლის უშანგი ვარჯიშით ინარჩუნებს ფიზიკურ და სულიერ მხნეობას; 69 წლის პავლე კი ჩიტებს აპურებს და პარალელურად, ზამთრის ტანსაცმელს უქსოვს თავის დას და მეგობრებს... – ასე ცდილობენ გმირები საკუთარი „ოთახის“ შენარჩუნებას.

ცირა გვასალიას ფილმში (იგი თავად არის ოპერატორიც) კამერა გარემოს ნაწილად იქცევა; ის თითქოს დიდი ხნის „შეჩვეულია“ ხანდაზმულთა ყოფასა და მათ განცდებს. ამის გამო იქმნება შთაბეჭდილება, რომ მაყურებელიც ამ ხუთი ადამიანის ცხოვრების თანამონაწილეა და ბუნებრივად იმსჭვალება მათ მიმართ ემპათიის განცდით. ეს ფილმს ზომიერებას ანიჭებს და სახიფათო სენტიმენტებისგანაც იცავს. არანაკლებ ფასეულია ატმოსფეროს შექმნის მცდელობა და ე.წ კონტრაპუნქტი, რომელსაც რეჟისორი კადრშიდა მონტაჟისას ახერხებს (მაგალითად, ერთ კადრში მოქცეული სტალინის პორტრეტი კედელზე და ეკლესიის მაკეტი).

„ოთახებში“ არანაკლებ მნიშვნელოვანია ე.წ. წინარე განწყობის შექმნა, რაც მხოლოდ კარგად ჩატარებული წინასწარი კვლევითაა შესაძლებელი შეიქმნას. ეს იგრძნობა არა მხოლოდ პერსონაჟების კამერასთან შეჩვევითა და ბუნებრივი დიალოგებით, არამედ მთლიანობაში, ატმოსფეროს, ხმაურისა და ფერების ზუსტი შენარჩუნებით.

ფილმს ასევე უჩვენებენ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე. თუ ჯერ არ გინახავთ „ოთახები“, სწორედ ეს შანსი გამოიყენეთ და შეამოწმეთ საკუთარ თავში ემპათიის დოზები. 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა