ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ადამ მიხნიკი, დისიდენტი ხავერდოვანი დიქტატურის ეპოქაში

პოლონური "სოლიდარნოსტის" ერთ-ერთი ლიდერი, ჟურნალისტი და მწერალი ადამ მიხნიკი ჯერ კიდევ ციხეში იყო გამოკეტილი, როცა ორ რამეს შეჰპირდა საკუთარ თავს: არასდროს შესულიყო რაიმე სახის ვეტერანების ორგანიზაციაში, სადაც კომუნიზმთან ბრძოლის გამო ორდენებს დაჰკიდებდნენ, და კიდევ - არასდროს და არავისზე ეძია შური. 

პირველად ციხეში რომ აღმოჩნდა, 22 წლის იყო, უკანასკნელად - 1985 წელს დაიჭირეს და ერთ წელიწადში, 1986-ში გამოუშვეს. 1990 წლისთვის საბჭოთა ბლოკი დაიშალა და პოლონეთში პირველი დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა. მიხნიკი სულ ექვსჯერ იყო დაპატიმრებული. შუალედებში მუშაობდა პოლონეთის მუშათა დაცვის კომიტეტში, ჰქონდა არალეგალური გამომცემლობა, მალულად ბეჭდავდა ანტისაბჭოთა წიგნებს, იყო ხელისუფლების მიერ აკრძალული გაზეთების "საინფორმაციო ბიულეტენისა" და "კრიტიკის" რედაქტორი. 

ახლა ადამ მიხნიკი 69 წლისაა და ისევ იმ გამოცემის რედაქტორია, რომელიც 26 წლის წინ, 1989 წელს დააარსა. "გაზეტა ვიბორჩა" პოლონეთში ყველაზე გავლენიანი და დიდი ყოველდღიური გაზეთია. ხოლო მიხნიკი, როგორც თვითონ ამბობს, თავისუფალი ადამიანი.

ინდიგო: ბანაკების, ციხის შესახებ ორი ურთიერთსაპირისპირო მოსაზრება არსებობს, სოლჟენიცინისა, რომელიც მიიჩნევდა, რომ ბანაკი ადამიანს ბევრ რამეს ასწავლის, აწრთობს, და მეორე – შალამოვისა, რომელიც თვლიდა, რომ ბანაკის გამოცდილება სრულიად უსარგებლოა თავისუფლებაში, ესაა გამოცდილება, რომელსაც ვერ გამოიყენებ, თქვენ როგორ ფიქრობთ, რაში გამოიყენეთ ციხეების, ბანაკების გამოცდილება?

მიხნიკი: ძალიან რთული კითხვაა. ერთი მხრივ, სრულიად ვეთანხმები შალამოვს. ციხე ნამდვილად დიდი უბედურებაა, მაგრამ, მეორე მხრივ, მესმის სოლჟენიცინისაც, რომელიც წერდა: „გმადლობ, ჩემო ციხის კამერავ, თვალი ამიხილე!“. ვერ ვიტყვი, რომ ციხე ჩემთვის პირადი ტრაგედია იყო, მაგალითად, ისეთი, როგორიც შალამოვისთვის. პირადად ჩემთვის ციხეში გატარებული დრო ცხოვრების კარგი წლები იყო, იქიდან ფრუსტრაციის გარეშე გამოვედი. მქონდა განცდა, რომ ომი უკვე მოვუგე ჩვენს გენერლებს და პარტიის მდივნებს; ბევრს ვმუშაობდი – ოთხი წიგნი დავწერე. ერთხელაც არ ჩავვარდნილვარ დამსმენების ხელში. უბრალოდ, მე ძალიან გამიმართლა. ვფიქრობ, სოლჟენიცინსაც გაუმართლა, მაგრამ პატიმრების ძალიან დიდი ნაწილისთვის საბჭოთა ბანაკები ცხოვრებისეული კატასტროფა იყო. არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ციხე ცხოვრების სკოლაა, სინამდვილეში – ის ავადმყოფობის სკოლაა. 
პირადად ჩემთვის ციხეში გატარებული დრო ცხოვრების კარგი წლები იყო, იქიდან ფრუსტრაციის გარეშე გამოვედი. მქონდა განცდა, რომ ომი უკვე მოვუგე ჩვენს გენერლებს და პარტიის მდივნებს; ბევრს ვმუშაობდი – ოთხი წიგნი დავწერე. 
 ინდიგო: ერთგან წერთ, რომ იოსიფ ბროდსკიმ ინტერვიუს დროს გითხრათ „მე არასდროს დავცემულვარ ისე, რომ მეყვირა: „ძირს საბჭოთა ხელისუფლება!“ და თქვენ ამაზე მერე ბევრს ფიქრობდით. საინტერესოა, რას და როგორ ფიქრობდით? 

მიხნიკი: ბროდსკის, როგორც დიდ ხელოვანს, არ უნდოდა ყოფილიყო დამოკიდებული საბჭოთა სისტემაზე. თანაც, მას პარადოქსები უყვარდა. მთელი მისი შემოქმედება ხომ საბჭოთა სისტემის წინააღმდეგაა მიმართული. ხომ გესმით, ყვირილი „ძირს საბჭოთა კავშირი“! არ არის ხელოვნება...

ინდიგო: მაგრამ ის იმასაც ამბობდა, ანტისაბჭოთა ლექსები არ დამიწერიაო... 

მიხნიკი: ჰო, თვითონ ასე ამბობდა, მაგრამ მე არ ვეთანხმები. აიღეთ თუნდაც ლექსი გენერალ ჟუკოვის შესახებ... თუმცა, ბროდსკის ინტენცია „ანტისოვეტჩინა“ არ ყოფილა, მისი მიზანი იყო, ეჩვენებინა ადამიანის ბედი, რომელიც ამ საშინელ მარწუხებში ცხოვრობს. მთელი მისი პოეზია ამტკიცებს, რომ ამ ჩარჩოებში შეუძლებელია ცხოვრება. არა მარტო ბროდსკი, არამედ დიდი მწერლები, რომლებიც საბჭოთა ტოტალიტარიზმს უპირისპირდებოდნენ, მათ შორის, პოლონელებიც – მაგალითად, ჩესლავ მილოში და ვიტოლდ გომბროვიჩი, ჩვენი სინდისია და ფანჯარაა დანარჩენ მსოფლიოში, ისინი წესიერებას და თავისუფლებას გვასწავლიდნენ. მახსოვს ჩემი განცდები, როცა სოლჟენიცინს ვკითხულობდი, მანამდე, ცხადია, პოლონელი მწერლები წაკითხული მქონდა, მაგრამ ასე მძაფრად საბჭოთა ხელისუფლება არავის უმხელია, და ის, რაც სოლჟენიცინს შემდეგ დაემართა, როცა საბოლოოდ ავტორიტარულ შოვინიზმამდე მივიდა, ჩემი პირადი ტრაგედიაა. 
 
ინდიგო: მას შემდეგ, რაც პოლონეთი დამოუკიდებელი გახდა, არ წახვედით პოლიტიკაში, დააარსეთ გაზეთი, რომელიც დღესაც ცოცხალი და ყველაზე პოპულარულია პოლონეთში. რატომ არჩიეთ მედია პოლიტიკას? 

მიხნიკი
: არ მაქვს პოლიტიკოსის ტემპერამენტი, პოლიტიკოსმა თავის პარტიასთან ერთად უნდა იაროს, ხანდახან უნდა მოიტყუოს, ჩემთვის წარმოუდგენელ კომპრომისებზე უნდა წავიდეს. მე თავისუფლება და დამოუკიდებლობა მიყვარს. მაშინვე ვიფიქრე, რომ შემიძლია უფრო მეტი გავაკეთო ჩემი ქვეყნისთვის, როგორც ჟურნალისტმა და დამოუკიდებელი, ყოველდღიური გაზეთის რედაქტორმა, ვიდრე – როგორც ერთ-ერთმა დეპუტატმა. ახლა ბევრი მეგობარი მეუბნება, რომ მართალი ვიყავი. 
არ მაქვს პოლიტიკოსის ტემპერამენტი, პოლიტიკოსმა თავის პარტიასთან ერთად უნდა იაროს, ხანდახან უნდა მოიტყუოს, ჩემთვის წარმოუდგენელ კომპრომისებზე უნდა წავიდეს. მე თავისუფლება და დამოუკიდებლობა მიყვარს. 
ინდიგო: რა გააკეთა პოლონეთმა და პოლონელებმა ყველაზე მნიშვნელოვანი მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა აღიდგინა? რამ მისცა პოლონეთს ბიძგი იმისთვის, რომ წარმატებული ევროპული სახელმწიფო გამხდარიყო?

მიხნიკი: მისმინეთ, ეს სასწაულია! ახლა პოლონეთი დამოუკიდებელი ქვეყანაა, ნატოსა და ევროკავშირის წევრი, ღია საზღვრებით, ცენზურა აღარ არსებობს, თავისუფალი არჩვენებია, ეკონომიკა ვითარდება – ადამიანები უფრო კარგად ცხოვრობენ. ჩვენთვის, ჩემი თაობისა და წრის ადამიანებისთვის, ეს ნამდვილი სასწაულია. ის, რაზედაც ვოცნებობდით, აგვიხდა. ჩვენ თავისუფალი ქვეყნის მოქალაქეები ვართ, სადაც აღარ არსებობს „კაგებე“ და ბოლშევიკები აღარ არიან ხელისუფლებაში. 

ინდიგო: 90-იან წლებში თქვენ თვლიდით, რომ არ შეიძლებოდა მკაცრი ლუსტრაციის გატარება, რომ ყოფილი კომუნისტებისთვის არ შეიძლებოდა რაიმე უფლებების შეკვეცა, გარდა უმაღლესი თანამდებობების დაკავებისა. საქართველოში ლუსტრაცია არ გატარებულა და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამან დეკომუნიზაცია შეაფერხა. რამდენად სწორად წარიმართა ლუსტრაციის პროცესი პოლონეთში და რა მოუტანა მას? 

მიხნიკი: უნდა განვასხვაოთ ორი რამ – დემოკომუნიზაცია და ლუსტრაცია. ლუსტრაცია ესაა ადამიანისთვის უფლებების შეკვეცა იმის გამო, რომ ჩვენ მასზე რაღაც წავიკითხეთ „კაგებეს“ არქივებში. ვერაფრით დავიჯერებ იმას, რომ ჩემი ცხოვრების შესახებ ყველაზე მნიშვნელოვანი და მართალი ინფორმაცია ისაა, რაც „კაგებეს“ თანამშრომლებმა ჩაიწერეს თავიანთ დავთრებში. ლუსტრაციის პროცესში უშიშროებას ისეთი ძალაუფლება მიეცა, როგორიც 37 წელსაც კი არ ჰქონია. ვისზე აგროვებდნენ კომპრომატებს? თავისიანებზე? სულაც არა – მოწინააღმდეგეებზე. ლუსტრაციის დროს პოლონეთში კუდიანებზე ნადირობა დაიწყო. ბოლოს იქამდე მივიდნენ, რომ თქვეს – ლეხ ვალენსა „კაგებეს“ აგენტიაო. სანამ პრეზიდენტი იყო, სულ ვაკრიტიკებდი ვალენსას, მაგრამ მაშინ სტატიაც დავწერე და დავიცავი. ეს იგივეა, რომ დაეწერათ, დე გოლი გესტაპოს აგენტი იყოო. სინამდვილეში, ლუსტრაცია ესაა იარაღი პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებთან საბრძოლველად და ეს პოლონეთის გამოცდილებამ დაადასტურა. გაიხსენეთ ანდრეი სახაროვი, რომელიც მანამ, სანამ დისიდენტი გახდებოდა, საბჭოთა კავშირისთვის მუშაობდა. პოლონეთისთვის ლუსტრაციას კარგი არაფერი მოუტანია. ამის მერე ქვეყანაში ავტორიტეტი აღარ დარჩა, ყველა გასვარეს. თვით ჩესლავ მილოშზეც კი დაწერეს, რომ საბჭოთა უშიშროებისთვის მუშაობდაო. 
ვერაფრით დავიჯერებ იმას, რომ ჩემი ცხოვრების შესახებ ყველაზე მნიშვნელოვანი და მართალი ინფორმაცია ისაა, რაც „კაგებეს“ თანამშრომლებმა ჩაიწერეს თავიანთ დავთრებში. ლუსტრაციის პროცესში უშიშროებას ისეთი ძალაუფლება მიეცა, როგორიც 37 წელსაც კი არ ჰქონია. ვისზე აგროვებდნენ კომპრომატებს? თავისიანებზე? 
ინდიგო: თქვენ აკრიტიკებდით პოლონეთის ახალარჩეულ ხელისუფლებას – შოვინიზმსა და ქსენოფობიაში სდებდით ბრალს. თქვენი აზრით, რა მოხდა, რატომ აირჩია პოლონელმა ხალხმა იაროსლავ კაჩინსკის პარტია?

მიხნიკი: იმათ უნდა ჰკითხოთ, ვინც ხმა მისცა. ჯერ მხოლოდ ორი კვირაა ხელისუფლებაში არიან და არ ვიცით, მათი მმართველობა იქნება თუ არა ტრაგედია პოლონეთისთვის. პრობლემები, რასაკვირველია, იქნება. რატომ მოხდა ასე? აქ ერთი პასუხი არ არსებობს, ბევრი მიზეზია. პრობლემა ის არ არის, რომ მათ არჩევნები მოიგეს, პრობლემაა ის, რომ აბსოლუტური უმრავლესობით მოიგეს. რა თქმა უნდა, პოლონეთში არის ნაციონალისტური, შოვინისტური განწყობები და აქ სიფრთხილეა საჭირო. ევროპაში დღეს კრიზისია – კიდევ უფრო იზრდება ქსენოფობია, რაც ემიგრანტების ახალი ნაკადის შემოსვლას უკავშირდება, ახალი სეპარატისტული მოძრაობები ძლიერდება, ევროპა ხავერდოვანი რევოლუციების ეპოქიდან გამოდის და ხავერდოვანი დიქტატურების ეპოქაში შედის. 

ინდიგო: თქვენ ამბობთ, რომ ანტისაბჭოთა რუსოფილი ხართ და თქვენს რუს მეგობრებს ისევე სძულთ ავტორიტარი მმართველი, როგორც – თქვენ. როგორ ფიქრობთ, რამდენადაა დამნაშავე რუსი ხალხი იმ დანაშაულებებში, რასაც დღეს მისი ხელისუფლება სჩადის? ვლადიმირ პუტინს მოსახლეობის უმრავლესობა უჭერს მხარს, მათ შორის, რუსული კულტურის ბევრი მნიშვნელოვანი მოღვაწეც, ყირიმის მითვისების შემდეგ ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო გაიზარდა... სად გადის ეს ზღვარი, სახელმწიფოსა და კულტურას შორის? 

მიხნიკი
: რუსულ საზოგადოებას ველიკოდერჟავული ვირუსი მოედო – ჰო, ახლა ჩვენი მაცივარი ცარიელია, მაგრამ ჩვენ ისევ დიდი სახელმწიფო ვართ. მაგრამ ეს ასე სამუდამოდ არ იქნება. აუცილებლად შეიცვლება. მე ვიყავი თქვენს ქვეყანაში რამდენიმე ხნის წინ და ვნახე, როგორია ქართული პუტინიზმი (2007 წელს, 7 ნოემბრის შემდეგ მიხნიკი სააკაშვილსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში მონაწილეობდა), პოლონეთში მე პოლონურ პუტინიზმს ვხედავ, უნგრეთში – უნგრულს. მაგრამ სრულიად დარწმუნებული ვარ ერთ რამეში – ორბანი უნგრეთის ხელისუფლებაში, უნგრელ ხალხს ემუქრება, ხოლო პუტინი რუსეთის ხელისუფლებაში – მთელ მსოფლიოს. ამ განსხვავებას ნამდვილად ვხედავ, ძალაუფლების მექანიზმი, როცა ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია დემოკრატიული ინსტიტუტები, უგებს ბრძოლას დემოკრატიას. ადამიანები ხედავენ – დემოკრატია, ეს ბალაგანია, კორუფციაა, უწესრიგობა და ფიქრობენ, ძლიერი ხელი გვჭირდებაო. ამისი მეშინია ჩემს სამშობლოშიც. მაგრამ ნამდვილად ვიცი, პუტინი რუსეთი არ არის, პუტინი რუსეთის ავადმყოფობაა. 

ინდიგო: უკანასკნელ ხანებში საქართველოში გაიზარდა პრორუსული განწყობები. მოსახლეობის 31 პროცენტი მხარს უჭერს საქართველოს გაერთიანებას რუსულ ევრაზიულ კავშირში.

მიხნიკი: ომის შემდეგ? 

ინდიგო: დიახ. ომის შემდეგ. ეს სულ ახალი გამოკითხვებია. 

მიხნიკი: თავისუფლებისმოყვარე საქართველოში პროპუტინური განწყობების გაჩენის მართლა არ მჯერა! ეს სრულიად დაუჯერებელია. 

ინდიგო: როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება დავუპირისპიროთ პრორუსულ განწყობებს? 

მიხნიკი: უპირველესად უნდა დავაკვირდეთ იმ მოწამლულ პროპაგანდას, რომელსაც რუსეთი ძალიან კარგად იყენებს. უნდა ავუხსნათ საზოგადოებას, რომ კონფლიქტი არ გვაქვს რუს ხალხთან, კონფლიქტი გვაქვს პუტინის ხელისუფლებასთან, რომელიც თავისი არსით ღრმად ანტირუსულია. რუსეთში, უკვე წლებია, ნორმალური პოლიტიკა აღარ არსებობს, ყველაფერი, რაც იქ ხდება, სპეცსამსახურების მიერაა დაგეგმილი. პოლონეთში, პირიქით, რუსოფობია მაშინებს. რუსოფობია კი არაფრითაა ანტისემიტიზმზე უკეთესი, ეს ქსენოფობიის ერთ-ერთი ფორმაა. 
 
* ინტერვიუ ჩაწერილია თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე სტუმრობის დროს.
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა