ADAMI მედია პრიზის ნომინანტები და განსაკუთრებული აღნიშვნები 2020
ADAMI მედია პრიზი დიდი მედია პრიზია, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში ინტეგრაციის, ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობების საკითხებთან დაკავშირებით მედიების თანამშრომლობას უწყობს ხელს. ყოველ წელს მაუწყებლებს, კინორეჟისორებსა და ჟურნალისტებს ეძლევათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ADAMI მედია პრიზის პრესტიჟულ კონკურსში. ჯილდოები გაიცემა ექვს კატეგორიაში: მხატვრული, დოკუმენტური, ახალი ამბები, სტუდენტური ნამუშევრები, ვებსაიტები და ონლაინ ვიდეოები.
გასულ კვირას ცნობილი გახდა თუ რა ფილმები შეეჯიბრებიან ერთმანეთს ADAMI მედია პრიზის მოსაპოვებლად. 2020 წლის კონკურსის ნომინანტები, ისევე ფილმები, რომლებიც განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსი გახდა, უკვე ცნობილია.
ნომინანტ 12 ნამუშევარს შორის ოთხი საქართველოდანაა. ეს ფილმებია:
„გიულგუნი თექალოდან“, ეკა ქევანიშვილი, რადიო თავისუფლების თბილისის ბიურო
„სოფელი ფერმა“, ანა ღუდუშაური, ტვ იმედი
„გოგონა ჰიჯაბის გარეშე“, ელენე ცინცაძე, ტვ იმედი
16 წლის ცოლები, გიულგიუნ მამედხანოვა, GIPA
განსაკუთრებული აღნიშვნა მიიღეს ნამუშევრებმა:
„ბორში. საიდუმლო ინგრედიენტი“, ნატალკა იაკიმოვიჩი, უკრაინა
„კულტურული და გასართობი ბლოგი“, ნატალია კელ, მოლდოვა
ქართული პროდუქციის მთავარი გმირები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალები არიან. პატრიარქალურ გარემოში ადრეული ქორწინება და განათლების მიღების შეფერხება საქართველოში სერიოზულ პრობლემად რჩება. 2015 წლის მონაცემებით, ოჯახის შექმნის მიზნით სწავლა 13-დან 17 წლამდე ასაკის 408 გოგონამ შეწყვიტა. უფრო მართებული იქნებოდა გვეთქვა, რომ ამ გოგონებს სწავლა შეაწყვეტინეს.
ქართული ფილმებიდან ორი თექალოელი გიულგუნ მამედხანოვას ისტორიას ასახავს. ის უკეთესი მომავლისთვის და თანასწორი უფლებებისთვის იბრძვის. ანა ღუდუშაურის „სოფელი ფერმა“ მარნეულის რაიონში გოგონებისა და ქალების ცხოვრებას აკვირდება, ვის ცხოვრებაშიც მთავარ მოვლენას ხშირად გათხოვება წარმოადგენს, ოღონდ ძალიან ადრეულ ასაკში.
„გოგონა ჰიჯაბის გარეშე“ მთავარი პერსონაჟი 31 წლის ირანელი მარიამ შარიფია. ირანელ აქტივისტს სამშობლოს დატოვება მას მოუწია, რადგან მან მამაკაცების მიერ განსაზღვრული წესებით ცხოვრებაზე უარის თქმა გადაწყვიტა. სამშობლოში მას არ ჰქონდა უფლება ჰიჯაბის გარეშე ევლო ქუჩაში, ჩაეცვა მოკლე კაბა ან წასულიყო საფეხბურთო სტადიონზე მატჩის სანახავად. რაც მთავარია, მას არ ჰქონდა უფლება ღიად გაეპროტესტებინა ქალებისთვის თავსმოხვეული აკრძალვები. საკუთარი არჩევანის გაკეთების თავისუფლება მისთვის უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე მონატრება და ტკივილი, რომელიც ოჯახთან განშორებამ მოუტანა. დღეს ის საქართველოში ცხოვრობს და ქართველი ქალების უფლებებზეც საუბრობს.
ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების, ასევე კულტურული მრავალფეროვნების და კონფლიქტურ სიტუაციებში დიალოგის მნიშვნელობის თემებს ეძღვნება ADAMI მედია პრიზის სხვა ნომინანტი ფილმებიც სომხეთიდან, მოლდოვადან, ბელორისიდან და უკრაინიდან.
მაშინ, როცა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ყარაბაღის კონფლიქტში მონაწილე არც ერთი მხარე არ ითვალისწინებს, კინორეჟისორები პოზიტიური დიალოგის ძლიერ მინიშნებას გვაძლევენ. „კინოენას ხიდების გადება შეუძლია“, განაცხადა ADAMI მედია პრიზის პროგრამის დირექტორმა შტეფან ტოლცმა ნომინანტების სიის გასაჯაროებისას დღეს, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
ჩაი ხანას მიერ მომზადებული პოეტური ფილმი „შეწყვეტილი მოგონებები“ სომხურ-აზერბაიჯანული თანამშრომლობის შედეგია: ორივე მხარეს გადაღებული მასალა გვიყვება ორი ასაკოვანი ქალის ისტორიას. მათგან ერთი აზერბაიჯანელი, მეორე კი სომეხია. ახალგაზრდობაში ისინი ყოველ ღამე ერთად სვამდნენ ჩაის, მაგრამ უკვე 30 წელია მათი სოფლები გადაულახავი საზღვრით არის გაყოფილი. ორი ასაკოვანი ქალი ალბათ ვეღარასდროს მოახერხებს ერთმანეთის ნახვას. „შესანიშნავი პოეტური ფილმი ძლიერი მესიჯით“ - ასე დაახასიათა ნამუშევარი კატრინ ეიგენდორფმა, ZDF-ის სპეციალურმა კორესპონდენტმა, რომელიც წლევანდელი ჟიურის წევრი გახლდათ.
არფი ბექარიანის (ჩაი ხანა) „უსაფრთხო ზონა“ ექსპერიმენტული სახით აჩვენებს თბილისში სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის არსებულ დაფარულ მეგობრობას.
2020 წელს COVID-19-ის გლობალური პანდემიის პერიოდში კულტურული მრავალფეროვნების საკითხებზე შექმნილი საუკეთესო ახალი ამბის ან მოკლე ვიდეოსთვის ADAMI მედია პრიზმა წელს დამატებითი კონკურსი ჩაატარა. მიმდინარე წელს COVID-19 მთავარ თემად იქცა მედიაში და ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ჟურნალისტები. პანდემიამ ეთნიკური დაძაბულობების გამწვავებას მისცა ხელი. მოხდა უმცირესობებისა და მიგრანტების სტიგმატიზება, მათთვის ვირუსის გავრცელების დაბრალება. ბევრი ადამიანი, რომელიც შორეულ ადგილებში ცხოვრობს ან ენის ბარიერი აქვს, ინფორმაციის სიმწირემაც დააზარალა.
ADAMI მედია პრიზის ახალი კონკურსის გამარჯვებული აზერბაიჯანელი რეჟისორის, ქამრან აგაბალიევის „co19“ აღმოჩნდა.
ADAMI მედია პრიზის მთავარი კონკურსის გამარჯვებულები წლის დასასწულს, 10 დეკემბერს საერთაშორისოდ ტრანსლირებულ პირდაპირ სატელევიზიო ეთერში დასახელდებიან.