გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ადამიანები მოსაწყენი ხალხია

1.

ორმაგი აწმყოს ლექსი

აწმყოში რაც ეტევა, რჩება მასშივე.
ხოლო დრო ნიშნავს იმის გავეშებას,
თავისი აწმყოს კანში რაც ვერ ეტევა.
ორ მომიჯნავე აწმყოს შორის
მიჯნა, საზღვარი ისეთია,
რომ როცა ერთ აწმყოში რამე ვერ ეტევა,
იგი ამ მიჯნა-საზღვარს
ვერ გადააბიჯებს, ვერ გადაალაჯებს,
ვერ გადაახტება, ვერ გადაევლება,
ვერ გადააფრინდება და ვერც გაანგრევს.
მაგრამ ცალ აწმყოში რადგან ვერ ეტევა,
იგი, იქ ვერდატეული,
იმ მიჯნა-საზღვარს გაჟღენთს და
მასში გაჟონავს, გაჟონავს, გაჟონავს!
რადგან მიჯნას მთლიანად გაჟღენთს
და ისე გაჟონავს მეორე აწმყოში,
ამიტომ მის რომელ კუთხეში
მეტად ამოყოფს თავს და
რომელში ნაკლებად,
ამის წინასწარ ზუსტად განსაზღვრა
გამორიცხულია;
არამედ უდავოა მხოლოდ ის, რომ
რაც ერთ აწმყოში ვერ ეტევა,
აუცილებლად მთლიანად გავა, გაჟონავს მეორეში;
მთლიანად, რადგან ვერდატევისგან დაძრული
უკლებლად იძვრის,
აწმყო კი, თვითონაც იცი, სულ საჭიროზე ნაკლებია.
აწმყო მაშინაც კი გიჭერს, როცა გიშვებს.
და რადგან ვერც იქ,
პირველის ტყუპისცალ მეორე
აწმყოშიც ვერ დაეტევა,
უკან წამოვა, გამოჟონავს
და დაბრუნდება ჯერ პირველში,
მერე ისევ მეორეში,
და, ასე შემდეგ, უთვალავჯერ მიმოიქცევა,
გაიჟონ-გამოიჟონება.
ასე რომ, უდიდესი დროისთვისაც კი 
გაოცდი! 
საკმარისია ორი ცალი,
ორად ორი მომიჯნავე, თანატოლი აწმყო,
საკმარისია, ასე ვთქვათ, მხოლოდ ორი, ორად ორი წამი.
ხოლო ის, რაც ირიცხება
წუთებად, საათებად, დღეებად, კვირებად, თვეებად,
ის, რაც არის ათასობით წელი,
ასიათასობით წელი,
მილიონობით და მილიარდობით წელი,
სინამდვილეში არის
ორ აწმყო-წამს შორის მიმოქცევის,
აქეთ-იქით გაჟონ-გამოჟონვის
რაოდენობის ზრდა და დაგროვება, და სხვა არაფერი.
ყოველი ასეთი გაღწევის შემდეგ
თვითონ გაღწეული სამყარო შეცვლილია,
რადგან უწესრიგოდ გამოჟონილი წვეთებისგან
აქა-იქ ხელახლა გროვდება, აიკრიფება და იკრიბება.
ასე რომ, დრო არის მთელი ამ სამყაროს,
უფრო ზუსტად, ამ სათხიეროს
მიმოქცევა, მიმოსვლა ორად ორ წამ-აწმყოს შორის.
არ ჩანს, არ მოჩანს, უხილავია მომავალი,
რადგან ყოველთვის ზურგსუკანაა.
ხოლო წარსული არსად არაა, არსად აღარაა
გარდა ასლებისა მეხსიერებაში
და ირგვლივ შემონახული მისი სხვაგვარი ნაკვალევისა,
რომელიც ყოველ ჯერზე სულ უფრო ნაკლებად მკაფიოდ
და მეტად მკრთალად
გამოჰყვება ხოლმე სათხიერო სამყაროს წვეთებს
ერთი აწმყოდან მეორეში, და პირიქით.
ორი, ორმაგი, ორფაა აწმყო.

 

2.

დღეს დღე, გუშინდელი, მეხელახლება.
დეკემბერია. ფერი, რომელიც ურჩევნია
მას, თურმე დასტურ ბაცია.
ქართლის დედასაც, ხელხარბ დედანსაც
გაცვეთს და ბოლოს მოუღებს, თვალწინ გააქრობს
დაუნდობელი მასტურბაცია.
თავისუფლების მისთვის მომტანმა
კაცს თურმე თანაც უსურვა ზიანი.
ოდესღაც ნაბიჯი შევბედე უღრან ხევს,
რომ ხე მენახა კლაკნილი, უსურვაზიანი.
აქაურობა, ერთის გამოკლებით, უკლებლად ნაკლიანია.
სავსე და უნაკლო კია სიკვდილი.
თავისუფლება ვნებიანი და მავნეა,
თავისუფლება
შემთხვევითობაა,
თუ მისკენ გული მიგიწევს,
თუ მასზე ხელიც მიგიწვდება.
მწიფე ყურძენიც დაიწურება,
წვეთიც რომ არ შერჩეს.
თავისუფლებიდან ვერ გამოდენი შეცდომას,
რომელიც არის შემთხვევითობა,
რომლის ავტორობას ხალისით გასცემ და დაუთმობ,
ძალითაც მიაწერ, თუ იუაროს, სხვას, მოშორებით.

 

3.

გამოგეჩინა რომ ცოტა რიდი 
არ აჰყოლოდი იმის მოძახილს,
ვისაც ცა ქუდად არ მიაჩნია
და დედამიწა  ქუსლად,
ხომ გაფრთხილებდნენ,
აზრი უზნეო აზნაურია 
ახლა არ იწრიალებდი,
როგოც ცთომილი ოტარიდი.
მათ არ იციან, მათ არა 
ეგეც საგზალი, მეტი რა გინდა? 
როგორ ივსება ღვინით მათარა.
აჰა და გქონდეს, გაგიჭირდება,
დაწვავ და შენთან გავჩნდები,
და ყველაფერი გამოსწორდება,
ჩემი ულვაშის თმა თარაზოა.
ძალიან ცოტა ეტევა აწმყოში,
ძალიან ცოტას იტევს
ერთი ცალი აწმყო.
როცა ერთია მასში, ისიც გაჭირვებით ჩერდება,
მეორე მხოლოდ გარედან ჟონავს.
აქ ვერ მოაგნებს და ვერ მოსწვდება
ნესტან-დარეჯანს მიჯნურობისგან
გაშმაგებული დონ ჟუანი,
არამედ იგი აწმყოს ბათქაშზე გამოეხატება,
როგორც ნესტის დარაჯი.
და ცალი აწმყო ორს რომ გარკვევით ერთად ვერ იტევს,
ამას არქმევენ, უგერგილოდ, განუზღვრელობას.
თუმცა ისეც ხდება ხოლმე,
როგორც უთქვამთ 
კაკლის ნაჭუჭში მოთავსდებაო
მოსიყვარულე ქალ-ვაჟი.

 

4.

ყველას და ყველაფერს თავისი წყვილი, ორფა აწმყო აქვს.
და შენ რაც სამყარო გგონია  საანგარიშო, აბაკუსია,
რომელზეც ითვლება ყველას და ყველაფრის
ერთი აწმყოდან მეორეში
მიმოსვლა და მიმოქცევა;
ამ ორის გარდა
სხვაგან ხომ მაინც არსად წაესვლება
არავის და არც არაფერს;
ითვლება კი
ერთეულებით, ათეულებით, ასეულებით,
ათასეულებით, მეტისმეტეულებით.
ზოგში თუ ძლივს ცალია,
ზოგ ჯამში ეტევა მთელი ტოტ-ატამი,
როგორც სხვადასხვა რაოდენობის
შემოიკრებს ნაბიჯების მძივს
დიდ-პატარა ჭილოფი, ხალიჩა, ტატამი.
ნაბიჯი მუხლით მტკაველია.
ამ ქვეყნად ყველაზე ტევადი
სინათლის აწმყოა.
სივრცე არ არსებობს, სივრცე არ არსებობს,
ერთმანეთისგან გვაშორებს დრო.
დრო კია რაოდენობა
აწმყოებს შორის მისვლა-მოსვლის, მიმოქცევისაც.
რადგან თავისი აქვს ყველას აწმყო 
თუნდაც ასეთი ორმაგი, ორფა 
არც ქოლგასავით რამე საერთო დრო არ არსებობს,
თავსხმად მოსული სივრცისაგან რომ დაგვიფაროს.
მაგრამ სივრცეა მორიგი ცრუ ტრადიცია
და დრომ იგი, იმის მაგივრად,
რომ ყოველ ნაბიჯზე მოისაკლისოს,
აუცილებლად უნდა მოიკლოს.
უნდა მოიკლას ეკლესია!
ორმაგია აწმყო,
როგორც ერთი ნიგვზის
ორი ლებანი.
და მათ შორის ძგიდეზე
ობად მოდებული გონება ბოდავს.
სხვა საქმე არა აქვს პოეტს 
და, ალბათ, არც ფიზიკოსს 
იმის გარდა, რომ
ბოდვის სიწმინდე დაიცვას.
გავიდეთ ქუჩაში, რადგან იქ ხალხია, სახლები,
მანქანები და ბოძ-ხეები.
შენ კი ფიქრობ, რომ
ზოგი მათგანი შორსაა, ზოგიც ახლოა,
დაუზავებელ სინამდვილეში
ზოგი მალეა და ზოგიც  გვიან.


5.

როგორც არ უნდა შეადუღაბო
და როგორც გინდა, გალესო,
სულ აგურები აგებს ირგვლივ გარშემოს,
როგორც კადრები  კინოს.
თუმცა იარლიყის მიხედვით
ხარ საიდუმლოს ბრენდის,
მაინც მოხდება და გაიხდები,
და ამ ძუ ქვეყნიერების
სულ ბოლომდე გაშიშვლებას,
გვიან თუ ადრე, შენც იკადრებ, ბიკინო.
ჩემთან პირისპირ დარჩენილ ხოლო ქალს ვუთხრა,
რომ თუ ვიქნები  ვიქნები სინაზიანი,
არ მოგიტანო მყეფარი და არც სისინა ზიანი.
აწმყო ორია
და შენი თითო თეთრი ქუსლი
თითო აწმყოში გიდგას.
თუმცა აქედან მარტო, უჩემოდ
ვერსად გაქუსლავ,
მხრებით და თავით შენ,
ტალღით მოცეკვავე,
აქეთ-იქით მიმოიქცევი,
მკერდითაც ულიფო.
ორივე აწმყოც მორიგეობით
თანაც გვირგვინად გადგას,
ჩემთვის კი, ვინ იცის,
უფრო წყვილი ყულფია,
უდავოდ ჰგავს კი
წაქცეულ რვიანს ან
უსასრულობის ნიშანს.

 

6.

საფიხვნოს თავში რიტუალი ზის.
ბატონ ბეტონის მეგონა,
ყოფილა ის კი რის,
არა, არც ქვითკირის...
თვალებს ვერ ვუჯერებ,
ხელისკვრით გავჭერი
კედელში კარი თუ ალიზის.
თვალსა და ხელს შუა ა უთანხმოება.
თვალი ჯიუტია, იოლად ვერ დაინახავს
წინასწარ რაც არ იელმოს.
მკლავი კი ტანიანია,
როგორც ჩაია ტანინიანი,
და მას უდავოდ უდასტურებს
თავისი ძალა, დაუხარჯავი,
რომ აღარ უნდა ენდოს
ცარიელ მოსალოდნელებს.
ამასობაში მუხლი თუ ა მუხთალი,
მას თვალი იოლად აიყოლიებს და უკარნახებს,
ნაბიჯის მაჯით დინჯად მოსინჯოს,
მაინც რა ხდება ზღურბლის გადაღმა.
ადრე თუ გვიან, ბედო, შენ მიდი,
როგორ ვიცეკვო,
დოლი და დაფდაფი დაუკარ, ნახე!
ჩემი სიკვდილი ნატიფი ძუა
და რომ ზედ ამკრიფოს
ისევ თავის მძივადაც,
მან ფაფრიდან გამოიძროს
წითელი ძაფი და ძუა.
იმარჩიელე ახლა, პოეტო,
რიტუალის გარეთ თუ
რა ა და რა არ ა.
მახვილის მოტანილს
მახვილი წაიღებსო.

 

7.

პოლიტიკის ლექსი

გალავანი და განავალი
ორი სიტყვაა, რომელიც ერთმანეთთან
მხოლოდ გარეგნულ,
ბგერებით მსგავსებას ამჟღავნებს,
სიტყვებგარეთა სინამდვილეში
ეს ორი ერთმანეთს კი თუ შეხვდება,
მხოლოდ შემთხვევით,
სადმე უპატრონოდ მიგდებულ ნანგრევებთან.
ასეთივე გარეგნულია, ერთი შეხედვით,
სიახლოვე კორპორეალობის და კოპრორეალობის.
პირველი უნდა აღნიშნავდეს
მთავარი და გამსაზღვრელი
სხეულის რეალობას,
რადგან „კორპუსი“ ლათინურად სხეულს ჰქვია.
ხოლო მეორე უნდა ნიშნავდეს
ნეხვის და განავლის რეალობას,
ვინაიდან „კოპროს“ ბერძნულად ჰქვია ნეხვს.
ზოგჯერზე უფრო ხშირად პოლიტიკა
ამ ორი რეალობის ერთმანეთთან კავშირს
განუყრელ და გარდაუვალ
აუცილებლობად გადააქცევს ხოლმე.
და მართლაც,
თუკი არ ცხოვრობ თავისუფლების ქვეყანაში,
მაშინ შენ ან ხარ კორპორეალური,
ანუ თვითონ ხარ მთავარი
პოლიტიკური სხეულის განუყრელი ნაწილი,
ან ხარ კოპრორეალური,
ანუ ხარ მთავარი სხეულის
მოქმედების ის ნაყოფი, რომელიც,
ადრე თუ მალე, აუცილებლად გახდება,
თუ უკვე არაა, გადასაგდები
მისი ნეხვი და განავალი.
სწორედ ამგვარი ვითარების
თვალსაჩინო ნიმუშია
დღეს საქართველო,
რომელშიც კორპორეალური
არის მმართველი „ქართული ოცნება“,
მხოლოდ რომლის ადამიანები
იმყოფებიან შესაბამის კორპორეალობაში,
ხოლო ყველა სხვა არის სათანადოდ
კოპრორეალური
და, შესატყვისად, ბინადრობს
კოპრორეალობაში.
ქართული პოლიტიკის ლექსი
ტუალეტის ქაღალდზე იწერება.

 

8.

ჩვევა რჯულზე უმტკიცესია,
ვიდრე რჯული ჩვევად იქცევა,
როცა რაც უნდა ყოფილიყო
სიზმარში ათქვეფილი ბოდვა,
პარანოიად ნოესი ახდება,
როცა რაც იყო, როგორც კამათლის დაფაზე, როშვა,
უკვეა აკვიატება და გაკერპება კორპის უმტკიცესი,
გონების ყელს რომ ისე დაეცოს,
წვეთი აზრი არ გადმოდინდეს, არც ჩაერიოს.
რა იქნებოდა, დარჩენილიყო ისტორიის საკუჭნაოში,
დარჩენილიყო ასე დაგმანულ და დაცობილი.
არც მოიძებნება
გულის სიღრმეში მაინც რელიგიურზე
უფრო უებრად მჭრელი გიურზა.
დორჩარის მოტანილს წაიღებს დუბეში,
ძვირი დამიჯდა, წავაგე კოქსი. მორონი,
ხანიგა ვიყო, მე რადგან პოეტად აქ მოვიყარე,
ადრე თუ თავი შენსავით, მკითხველო,
მეც მეგონა მეტაფორის უბეში,
რა გაეწყობა, ვყოფილვარ ოქსიმორონი.
ადამიანს კი,
თანდაყოლილი თუ არა,
ასე იოლად შესაყრელი
დევნა-თვალთვალის ბოდვა
რაკი თითქმის თავიდანვე თურმე სჭირდა
და გამორჩევის ჭიაც რომ ღრღნიდა,
ამიტომ ძარღვებში დაუბრკოლებელ
მოედო გესლად
მუდამ ფხიზლად დადარაჯებული
ღმერთის რწმენა და,
როგორც რომ პირზე ნაყვავილარი,
დაემჩნა მისი უდავო დაღი,
- პოლიტიკურიც ტანმორჩილება.
ამიტომ არის ადამიანი
არც თუ ისე სადა მანია.

 

9.

მე ყველაფერი მეორმაგება, მეორფავება,
ვინ დამაბრალა მე ორფევსობა,
რომლისაც ამოითხარა
რადგან ჰადესიდან ფესვები,
ახლა უკან რომ ჩარგონ, ჩათესონ,
უტრიალებენ თეთრი სიმთვრალის გარს მენადები.
გაშმაგდნენ, რადგან ჩემი ჩავლების
ბრძანებამ გატანჯა, წაიღო
მთელი ყურთასმენა დების.
რომელიც მომაგნებს, მას ვეუბნები,
ჩემგან მეტი რა გინდა,
ხომ ღვინით სავსეს გატან ჯამს.
ვინ დამაბრალა, რომ ამ ორს შორის
სანაძლეოზე ვარ მე ნადები.
ვითომ ვინც მოიგოს პირველობა, უნაღდესობა,
მისი ვიქნები მეც ერთი თავი კერძი,
არა უბრალოდ მოკვდავი,
დაბადებიდან მომაკვდავი.
ცნობილი იყო თითქმის თავიდან,
რამ დაგვავიწყა, რომ უკან მიხედვა
ნიშნავს გაქვავებას,
და ამის ცოდნას რად უნდა ევრიდიკეობა
ან ლოტის ცოლობა.
მძივი ხომ გინახავს,
გახელილი გონების თვალწინ
ჩვენი ცხოვრებაც აცმულია გაქვავებულ წამებად
და მისით შეძრწუნებულ
იმავე გონებას გამოაქვს ჯამი
და მძივს გლუვად აილუზიებს,
როგორც რომ გადაელესოს
უწყვეტობის კოშტებიანი ალიზით.
მსგავსების აწმყოში დაბადებული
კვდება განსხვავების აწმყოში.

 

10.

ბოლერო როგორც
უტყუარად რაველისაა,
დაგაქვს ნაკვთების მიმოხრა,
სამყაროსავით მრავლისმეტყველი.
კვდება, ესე იგი,
აქ აღარ ბრუნდება.
ცოცხალია,
ანუ აქ ბრუნდება
და თანაც ისე ხშირად,
რომ შენც და თვითონ მასაც
გგონიათ, იგი სულ რომ აქაა.
მაგრამ აქ უკვე მე დამიშვია უზუსტობა,
შეცდომებს შორის უმლიქვნელესი.
აქაურობა მზამზარეული ჭურჭელივით
კი არ ეგებება
მასში ხშირ-ხშირად დაბრუნებულს,
რომელიც ამიტომ ისევ ცოცხლებში წერია,
ან კვლავაც ნივთად არსებობს.
არა! აქაურობაც ბრუნდება
სხვა ყველაფერთან და ყველასთან ერთად.
სულ მთელი აქაურობაც
ხან საზღვრის გაღმაა,
ხან კი  გამოღმა,
და ზუსტად ისე
ხშირად აკეთებს ამას,
ჩვენს აქაურობად ყოფნას
როგორც სჭირდება:
მხოლოდ ისაა ცოცხალი და ის არსებობს,
ვინც და რაც კი
აქაურობასთან ერთად ბრუნდება.
ცხადია, მკითხავ 
კი მაგრამ,
მაინც სადღა ბრუნდება
რამე ცოცხალი,
რამე არსებული
და მთელიც აქაურობა?
მდგომარეობაში-მეთქი,
მდგომარეობაში!
მერე ვაზუსტებ,
რომ აქაურობას რასაც ვეძახით,
არა დროსა და ადგილს,
არამედ
მდგომარეობას ჰქვია,
და მასში ყოფნა
ნიშნავს მისთვის ფეხის აწყობას.
ვინც ჩამორჩა,
იგი მკვდარია;
რაც ჩამორჩა,
აღარ არსებობს.
დაახლოებით იგივე
დაემართებოდა იმასაც,
ვისაც ან რასაც ფეხისთვის აუჩქარებია.
ესაა საერთო წესი და რიგი,
რომელიც მართავს აქაურობას.
ვთქვათ, თუ, აი, აღმოაჩენ,
რომ თითქმის აღარ ეწევრები საზოგადოებას,
ეს ნიშნავს, რომ
ფეხი მისთვის ვეღარ ან აღარ აგიწყვია.
რადგან სათქმელი არაფერი აქვს,
ამიტომ თუა სამყარო
ასე მრავლისმეტყველი.
თუმცა ბოლივით ასდის ბოლერო!

 

11.

ძმობილო-ჯან,
ეგ უხერხემლო გონება
ბოდვის სარზეა მუდამ გასმული,
თუმცა ამბობენ,
ისიც კი სხვების აზრებმა
რომ შიგადაშიგ უფამფალესო.
სამაგიეროდ სასურველი არაფერი მოხდება,
რომ დიდსულოვნად არ მიიწეროს
სწორედ საამისოდ შეთხზულმა უფალ-ფალოსმა.
ხოლო ცუდი და უსიამოვნო,
განსაკუთრებით,
საკუთარი უვარგისობა,
ო, რა იოლად გადაბრალდება
მზამზარეულად მორთმეულ
ხან გლობალისტ სატანას,
ხან კი ჩემნაირ ლიბერალ-მასონებს.
შენ კი ხელისას აცდი, ალმასო, ნებს
და პწკარი მინაზე გაავლე ბასრი წიბოთი.
დააკაკუნე, გაგეღებოდესო,
ხომ გპირდებოდა იგი,
რომლის შესახებაც იმდენი ბოდესო,
რომ სიტყვების წიდიდან
ვინმე გამჭრიახი ჯერ კიდევ გამოადნობდა
ადამიანის დედანს,
მაგივრად ამ გოლემის, რომელიც
უფლისწულ, სათადარიგო ღმერთად შერაცხეს.
ათინათს ადევნებული
რას დაკალმასობ,
პწკარი გაავლე,
მიდი, ალმასო!
და მინაც კარივით გაიხსნება.
უკვალოდ რომ არაფერი ჩაივლის,
ოთახში შემორჩენილი
მზეც კი ჩამდგარი ქარის ფერია.

 

12.

გადავიარე მე სერი,
გადამეღობა, ცხადია, მესერი.
ვითომ უხილავი თვალწინ დამიხვდა,
შენი კი მონა-მორჩილი ჰა და ჰა და მიხვდა,
რომ იქიდან მომდგარია ხალხი მისი მსგავსების,
ხალხი, რომელიც კი გამოადენს ხმას სიმს გავსების.
რაც ხოლმე გამოცრას მესერმა, სულ უკან უბრუნებს ექო,
რათა წკირით ნატიფ ლურსმულს და უბრალო რუნებს ექო.
და როგორც გზის პირას გამოირჩევა ეკლად და ტოტად აკაცია,
აქეთ-იქითაც მისი ფოთლები უერთმანეთო ქალი და კაცია.
ხმაწაღებული მოვეჭიდებოდი მე მრგვლოვან ელამურს,
ვიდრე გადამისვამდა, დრო რომ იწვის, ნელა მურს.

 

13.

ბორნის მოაჯირი

ბორნის დაბრეცილ, ფიცარნაგ ბანზეა
ჩვენი ცხოვრების ხრეში, რომელიც
განსხვავების ნაპირზე გადმოიცრება.
უკან კი მიაქვს
ბორნის ცარიელ, დაბრეცილ ბან-ბაქანს
ჩვენი არყოფნის მტვრიანი ამბავი,
რომ არ შეაშფოთოს,
არც კი დააეჭვოს მისი უმწიკვლესობა,
გლუვად გორაკიანი და უწყვეტი მსგავსება,
რომლის ტაფობები
ტბის ბრტყელი ტერფით გადახაზული ყურეებია.
ჩვენ კი აქაური, საამნაპირო კონტრაბანდა ვართ.
და რა გასაკვირია,
რომ ნაძირალა კონტრაბანდისტის
შვილიშვილი,
მე გარეწარი პოეტი ვარ.
ისე ხშირია ბორნის სტუმრობა,
თითქოს სულ აქაა,
ჩვევაში გაზავებული და უხილავი ლაქაა.
თუ მისი მოსვლის სიხშირეს
ოდესმე ისე აუბამ მხარს,
რომ შეიმჩნიო ბორნის თითო მოდგომა,
ვინ იცის, აღმოჩნდეს,
რომ ყოველ ჯერზე
კოშკზე უფრო აშკარა
გააფთრებაა იგი აფთერშოკის.
რომელიც იმის მაგივრად,
რომ როგორც წესიერ მიწისძვრას სჩვევია,
მიილიოს თანდათან,
პირიქით, სულ უფრო ხშირი და
მეტის მომტანი,
შორს მიმავალიც ხდება,
პირველ შერყევას
სიმყუდროვის მაძიებელი მიწის მაგივრად
თავს წამოსდგომია
ჩემი და შენი არც არსებობის რაკი რიკულები.
ბორნის მოაჯირი საცერია,
რომელშიც ჩვენ ვიცრებით
მსგავსების აწმყოდან
განსხვავების აწმყოში.

 

14.

თუმცა მოგაჩვენებს
თავს, თავისთავად, არა თავის თავად,
არამედ სხვად რა,
მისი თვალთმაქცობა დიდ ხანს ვერ გასტანს.
უარყოფითის დადებითად
ასე შენიღბვა სჩვევია კვადრატს.
თუმცა მოირგებს ათას სახეს და ას ტანს,
და თუმცა, პოეტო და ფილოსოფოსო,
ჯამში ნულს უდრი,
შენთვის, ასეთი აჯამისთვისაც,
მაინც მოუწევს გამხელა,
შთამომავალია თუ რომელი ფესვის.
ბორნის მოაჯირს მოეჯარება,
აქ საგამოღმო იქ ნაგაღმარი,
ჭრელი და მრავალი ტომი.
ზოგია შეთხელებული,
გადაშენების პირას,
ზოგი კი ისე ხშირია,
გეგონება მქონე ერთი ზურგის,
არ დაემჩნევა ფილასო ფოსოც.
მისი კიდეც შეშურდება
ალბომის გლუვ ლუვრს.
მერე რა, რომ ნასასახლარს
გზადაგზა საგალერეო ერეოდა იერი და
გაბილეთებული მეხსიერებით
სავსე ურიკებს ურიგებს
მათ, ვისაც ბორნის ისე უნდათ დაცლა,
ეჩქარებათ და არ უნდათ ჩემთვის დაცლა.
მათ რა იციან,
რომ დროის კალიებს სივრცე და
ლექსს კი არ ებორკილება ნეოლოგიზმი.
ეგ ერთი და სხვაც მრავალი,
ვერ უცვნიათ მებორნეო.

 

15.

რადგან ღამისკენ ვეშვები,
სადღა ვატარო-მეთქი,
და ჩრდილს მას ვუტოვებ,
ლიფტის კაბინა აბინავებს.
მას კი გართობა გარეთ არ ეთმობა
და გამომძახა 
აქ მაინც ავალ-ჩავალო,
მაგრამ მე ისე ვემსუბუქები,
არ დაიძვრება ლიფტი,
სიმძიმისათვის
მომეცი რამე, მომე წონაო.
მუყაოს ყუა ღამეს მოვახიე,
შეყენებული აგურიც გამოვაძრე
და შევაწოდე.
ლიფტი ავიდა,
ჩრდილმა კი ხმა მომაწვდინა 
გმადლობ, კარგია, მომეწონაო.
ჯიბის მასრაში ცერით მოვნახე 
ამოუცლია ხუთთეთრიანები.
კი მაგრამ ეს ლიფტი
არც ისე ძველებურია,
სიმძიმეს რისთვის მთხოვდა,
ეგ თუ არაა პანიკიორი?
არა, გამაშაყირა!
საზღვართან როგორ რთულდება ცხოვრება,
უკვე შინაურ ჩრდილსაც
ფერი ერთი აქვს,
ფენა კი  ორი.
რადგან ფეხქვეშ გამოვაცალე ცალი აგური,
ნაბიჯებს აყოლილი
ღამე ახლა ყანყალებს,
როგორც ჩემი მაგიდა.
ქალაქი ამდენ შუქს იმისთვის ანთებს,
რომ არ გამორჩეს,
თვალი მიადევნოს,
როცა ღამის ყალიბებს
ქუჩის მაჯები აყანყალებენ,
რომ ბოლომდე გაუჯდეს,
სიბნელით შეუვსებელი
არ დარჩეს გოჯი.
უკვე მოსულმა ხეს ჩამოვხსენი
ჩრდილი, დაწნული, როგორც ავეჯი ამპირის,
მაინც მოვისხი, რომ არ გეგონო
ვინმე უჩრდილო ვამპირი,
თორემ მელექსედ ვარ მოქცეული
და სიტყვა არ დაიჯერება უკვე ამ პირის.
რადგან დამხვდი, აი, ტახტი, ახტი,
როგორც ბადიდან
დამბალი სიმბოლო
თევზი, იხტიოს,
რომელიც ყველა კრეტინმა ადიდა,
როგორც ირგებს,
უნიჭოც კი, მორბენალი ადიდასს.
კი არ თენდება,
შენი სიშიშვლე
რადგან ღამემ მაინც ვერ დაფარა,
ვერც დაიტია, ბარემ იხდიო.

 

16.

სადაც მახვილი მოუდის თან ხმოვანს,
იგიც იქცევა, როგორც შეშვენის თანხმოვანს.
როცა ჭირვეულს რამე დასცდება,
მიზეზ-მიზეზ დოს მარილი აკლიაო,
მიუგდებენ, თუმცა ისიც ზუსტად ისე
ერთხელ და საბოლოოდაც
კვდება, როგორც
ყველა სხვა სახელგაუტეხელი.
ლექსია ბგერა-მომაკვდავების
ერთი უბრალო ჰოსპისი.
თითო პწკარი აქ
არის ერთი პალატა,
რომელსაც საერთო,
რატომღაც მინდვრად წოდებულ,
დერეფანში გამავალი
მოჭრიალე კარი აქვს.
მეც აქ ვწევარ და
კედელზე კიდია
რატომღაც ტებერდა.
ეგ, გამახსენდა,
კალენდარი იქნება,
მაგრამ სააქაურეს,
როგორიც შეშვენის ჰოსპისს,
ფურცელ-ფურცელ პეიზაჟები აკრავს და
წლის და თვის და დღის და რიცხვის მაგივრად
აწერია ერთი სიტყვა „გუშინ"! დება
რა სავარგულია, ანუ.
როცა მოსახდენი, ყველა, მომხდარია,
კაცი არაფერს აღარ უშინდება.
მე ბოსტნეულის სუპებმა შემაჯავრა ბავშვობა,
აქ კი პირველად გავსინჯე,
გამაყუჩებელს რომც არ ურევდნენ,
ო, რა სულ სხვა გემო ჰქონია,
შემიყვარდა სუპი, ოსპის!

 

17.

დრო მოვა, როცა
ერი იერებს
და გადაივლებს
თხიერ იერებს.
ის, რაც გყინავს და გაქვავებს,
და რაც გაშეშებს,
კაცობრიობის შიშს რაც აშიშებს,
ერთადერთობის დროში დროშით
ანაბიჯებულ დივიზიებს,
რაც იმეტებდა დასამარცხებლად,
გაქარწყლდებაო,
თუ ჩაისუნთქავ,
ღრმად ჩაისუნთქავ,
თასმებიანი ფეხსაცმელივით
შეიკრავ სუნთქვას
და ასე მოწევ
თავისუფლების
ნამდვილ ჰაშიშებს.
და დრო მდინარეს
მარტო იმიტომ კი არ ჩამოჰგავს,
რომ მიწანწკარებს,
აქ არამედობს ის, რომ
პატიოსან მდინარეში
განზეც გაიცურება,
ნავში ნიჩაბი ეგდოს
და მკლავსაც ერჩოდეს ძალა.
დრო რომ რელსი,
მხოლოდ რელსი არაა,
სულ სხვა გზები არამედობს,
რადგან დროშიც გაისვლება განზეც.
დროის ხაზები და ნაკაწრები,
დივიზიებმა
ასე გართობით თუ მოკლეს,
უმოკლესია.

 

18.

ნუ გეგონება მარტივი
საგნის ჯიუტი სიზარმაცე,
როცა იგია ბედის ანაბარა მიტოვებული
და ინერტული,
ისიც არამედობს, როგორც 
როგორც სიჩუმისთანა მუსიკანი,
რომლებიც მოგასმენინე - რთული.
გამეორება ორნაირია 
მახვილიანი და უმახვილო.
პირველი ხმაურის მონა მავრია,
მეორე  მიჩუმათების,
და ნიავია ნამუსი კანის.
რთული კი ჰქვია უნებლიეთ უძრავ ნივთს და
ვოლანივით მოვლენას,
ოღონდ მეტყველს
არანაკლებ მრავლის,
ვიდრეა ეგრეთ წოდებული
და პოეტივით გაბრუებული
მაწანწალობა ბროუნის.
ზოგი მადასა ზოგია
და ზოგიც დასაზოგია.
სერების გარდა დასამალი
რა უნდა ჰქონდეს მოუბარ ნისლს.

 

19.

იგი თვალს იმიტომ
ასე ხიბლავს და ელამაზება,
რომ შავ-თეთრი
კადრივითაა
სიმეტრიული გარეგნობაც,
რომელიც გონებისათვის
უფრო იოლი დასანახია,
რადგან მის მთლიანად
გასაგებ-ასაგებად
მისი ერთი ნახევარიც კმარა.
ჯოჯოხეთს ქრთამი თუ ანათებს,
გონებას ქრთამავს სიადვილე,
როგორც დაღმართი - ნაბიჯს.
მაგრამ იგივე გონება
სიცოცხლის მიერ
გამოწვრთნილია
ამოცანების გადასაჭრელად
და ყოველ ჯერზე წარმატებისთვის
იგი ჯილდოვდება
სიხარულის სიამოვნებით.
სწორედ ამიტომ
ასე გვხიბლავს და
გველამაზება
მკაფიოდ ზომიერი
ასიმეტრია
და გემოვნებით, თუმცა თამამად
გაფერადება.
საიდანღაც ბიბლიაში
ერთი იღბლიანი
ფრაზაა გადმოწერილი:
„ძლიერია სიკვდილივით სიყვარული“.
სიკვდილს ახლავს
ბუნებრივი ასიმეტრია
და სიყვარული ფერწერულია.

 

20.

სიკვდილის დროა.
რატომ? რატომაც არა.
დრომ ღვინო არწყა და
პური ატომრა.
მხრებამდე ბათილი ბოთლი ანთია,
პური ხელით მოხეული ჩრდილის დევს.
დღე რომ პურია, ღამე ღვინოა
და საღამოა სუფრად.
ვერავინ გადაურჩება
ცხრათავიან დილის დევს.
სუფრას დიდი ხნით ნუ მოშორდები,
გარეთ ნუ გახვალ, იქ დუღაბია,
ამოსულია კედელი კისრამდე.
ჭიქამ ჭიქას გადახვიოს მკლავი და
მათი შეხვედრის ამბად ქეიფი
როცა და სადაც დაიწყო,
თვალწინვე იშლება.
მზე ჩადის, აღარც ავიდა,
ქვისგან გამოთლილ წუთებზე
ივლიდა ქანდაკ-ქანდაკ ის რამდენს.
რომ გახდეს სამყარო ხოლმე გასაგები,
უნდა შეითხზას რომანების
მეგაპოლისები, მეგასაგები.

 

21.

მჯერა რა,
ჯერ არაფერი
არ მოასწავებს არც ახლა
და არც ოდესმე,
რომ ის წიგნი, რომელიც,
როგორც რომ ტოტზე შემოესვათ ჩიტი ნიბლია,
მაღლა თაროზე ისე შემოდეს, მე
ხელში თავისით ჩამივარდება
და ყდას გაიხდის, გაიძრობს,
ისიც ვიცი, რომ
ბოლოს მაინც ააციცმციმებს
ყურის ბიბილოს.
შიშველი ქალის ბარძაყები გადაშლილია,
თვალწინ წიგნობს და ბიბლიობს.
ქართველი კაცის არ იყოს,
რომელზეც თვითონ ყუნწით კიდია,
თავის ჩრდილთან სწორედ იმ
ჭროღა ჭერს ჭაღი ჭორავს.
მზე ჩადის, სამი გრაცია
ოთახში კუთხის ხევიდან
აღმა შეუდგა
საბედისწერო ემიგრაციას.
შუქის ლაქამ ჩაქრობის წინ
კუთხურადაც მოუქცია,
იგი თავის მყიფე კონტურს
მოეჭიდა ერთხელაც და
გადმოსძახა 
არყოფნაში მიმავალს,
მოდი და, გამატანეო
ბარემ და ბარეღამ ეს.
მან თან დღეს უთხრა:
თუმცა არც იცი,
რა ამოვა, რა გაიზრდება, რა გაიხარებს,
მაინც სადამდეც ხელი მიგიწვდება,
არ დაიზარო, არც დაგაბნიოს
არემარემ, დაბარე ღამე!

 

22.

ხელის ცეცებით მოხეტიალე
და გამოსავლის მძებნელი
ბნელიდან რომ გააღწევს,
ჯერ კი ვერც იცნობს, იუცხოვებს,
გაიკვირვებს და, მაინც,
თავს დახვდება გარეთვე.
უმალ ცთომილი, მთელი პლანეტა
მზეს დაუსხლტება,
მას კი  ვერავინ და ვერაფერი;
შეიშურებდა ცერბერი 
მე რაღა მომეთხოვება,
ასეთ ალმაცერ ბერიკაცს 
უფხიზლესია მოყარაულე
განსაზღვრების ძალას რომ
საგანგაშოდ ალარმული
შუბლზე ასდის ალმური.
თვე თუ თვეა, ვერასოდეს იქნება
წელიწადის გარე თვე.
და როგორც სიტყვა ვერ გაგორდება
და ვერ დაგცდება ერთი ენიდან,
ამ ერთმანეთის მკოცნელ პირებში
უმალ მეორემ რომ არ აიკრას,
ლექსიც ეგრეა, რაც არ უნდა თქვა,
უკვე იტყოდა ვინმე პოეტი ომარაი.
მაგრამ ერთმანეთს რას გავაგებინებთ,
მე ირანული არ მისწავლია, იმას  ქართული,
თარგმნა რა სავარგულია.
ლექსი კაცსა ჰგავს, კაცი  გონებას,
გაღწეულს ნახავ გარეთ ვერ.

 

23.

ადამიანები მოსაწყენი ხალხია,
რომელსაც არც თვითონ აინტერესებს,
რომელიც არც თვითონაა
საინტერესო.
„მე რა შუაში ვარ“ მისი დევიზია.
არ იქნები ზღაპრის გმირი,
არ მოგიტანს დევი ზიანს.
ამგვარად წინდახედულმა
იგივე ხალხმა თავისი ბუნება
და ხასიათი ზედაპირულად,
მაინც ვერ დათმო,
როგორც ქაჩლის თმამ, ოჰ, პარადოქსული.
თავთხელი გულის სიღრმეში მაინც
იგი ითხოვს და მას ის სწყურია,
რომ ვინმეს მაინც,
ყაბულსაა,
ნახევრად ნამდვილს,
როგორც პუბლიკას,
ან სულ მოგონილს,
როგორიც ღმერთია,
ოღონდ კი შუაგულ
ყურადღების ცენტრში ჰყავდეს და.
თავი ვინც არ დაიწურა,
არ დაიდუღა ღვინოდაც,
სხვისი ღვინო ვინც დალია,
ვერც თავისი შეიძინა, ამოხადა
და მოჰპარა დოქს სული.
და სიბერეში რომც არ დაემართოს
რელიგიური ალცჰაიმერი ანუ გონების უჰაერობა,
ან გაფანტული აზრის
არ მოერიოს ხარბი
სკლეროზი,
ხალხის სენია
და მაინც სულ სჭირს
მას გაფანტული
ინფანტილია.

 

24.

შემოდი, ნახე.
ჩემი ცხოვრება
ძველებურად მდორეა, დორის.
დრომ ჩაიარა, ზოგი აჰყვა
შეყოვნებიან შეყოყმანებას,
თქვენთან დამტოვა,
ჯერაც ჯერობით, ნაბანაკარი
და ჩვენ, ცხოვრების ხელებს,
დრომ ყველას აგვიღო ანაბეჭდები,
რომ როცა მოიცლის და მიგვაბრძანებს
აქედან გარეთ,
უკან არავინ
და არასოდეს შემოვეპაროთ,
როგორც სიგარეტს მოსდევს ვაიპერი.
და ამ ტანიან ნიანგებს,
როგორც მოეპრიანება,
დრო სულ ისე განაგებს.
დროის და სივრცის შეხვედრას
ვარქმიეთ აწმყო და
შენი ჩათვლით უკლებლად ყველაფერს
რაც დაჟინებით გახლავს ახლაში 
ხელები, სახეები, მაგიდა და კედლები 
ეგ ის მაღალი რელიეფია,
რომელსაც დრო იკეთებს,
მოტოპავს რა სივრცეში.
ჩემი ცხოვრება ძველებურად მდორეა, დორის.
კედელს მინატიფებს
ლურჯი მარჯნის ლაჯები ლოჯში.
აწმყო  არენა, ხარია სივრცე
და დრო მსგავსია ტორეადორის.

 

25.

ენა მაშინვე ამოიდგა კიდევაც, როცა
შეძლო გონებამ სათვალავში ჩაგდება მათი,
მათთვის ისწავლა გამოდება მახვილის კლანჭის;
ყური დაუგდე, შეგახსენებ მარცვლების ამბავს,
მათი გადათვლის უნებლიე აღნუსხვას ანუ.
შემდეგ პოეტიც მამაკაცი ეალერსება
სატრფო ქალისას უფაფუკეს
ბუდეშიც ანუსს.

 

26.

რეგისტრაცია საკმარისი იქნება როგორ
იმის გარეშე, მიედევნოს დავთარი მეტა.
ნუკი დარჩები ჭირვეული მეტისაც მეტად,
თანმიმდევრობა მთავარია, ტარიგი რიგი.
ხედავ, სამსხვერპლო ელოდება, დაკალი იგი,
გოჯნაბიჯობის სისხლიანი დატოვე კვალი.
რაკი ცხოვრება უსესხებლის მოხდაა ვალის,
თავისუფლებაც უნებლიე იქნება როგორ.

 

27.

რეგისტრაცია გაგრძელდება
სამუდამოდ გადადებულ  რაც არ ნიშნავს
გაუქმებულს  რეისზე.
რიგში დგომა
რამე ამგვარ  ეგ ის თუ, რაც იანგლება
გლუვ გლოვაზე ამავალი ტრაპიდან, იგია 
ოხუნჯობას ჰგავს
და  ხუმრობით დაგორებულ, ზედმეტს, უნს,
რომელსაც ვერ დაუწუნებ
უმწიფარი ნესვის სუნს.
დედაკაცი დაუძახებს 
მზეზე დარბის ლაწირაკი 
მოდი, აგჩეჩო, აგრიო,
შენ კი ჩაქრიო.
ეგ ქალია გამყიდველი, მეხილე.
თავო ჩემო, ნეტა, აქ არ მეხილე.
დედაკაცი შავი ჩრდილის არის ხმა და
ახლა ამბობს, აეშალა საღერღელიც,
გაეღვიძა მადა 
ხელში ჩამიგდიხარ,
აღარც გაგიშვებ, შეგჭამო უმალ, აწი რაკი.
აქ არაფერი დაფრინავს შავი ჩრდილების გარდა და მეტი,
ღრმად ჩაისუნთქე, ეგეც შენ ჰაეროპორტი.

 

28.

თუ მაინც თენდება,
ესე იგი,
ღამე ისე მღალატობს,
მიდის და მტოვებს ამ დღეში;
რაკი თენდება,
ღამე ღალატობს
და მთელ ქალაქს
ტოვებს ასეთ დღეში,
რომელიც ძველი
დრაპის პალტოა
და ყველას დაგვთრევს
საერთო კალთით.
კი არ თენდება,
ჟღალი საყელო აიწია
ამ მუდამ პალტომ.
ყველა შეიფარა,
ის მღებავიც
და ვინმე პოეტი ვიგინდარა.
თანაც ეყო მთელ დამპალ ტომს.
აქ ნაპირი ცვდება და
რადგან ცურვა არ იცი,
კარგს იზამდი, რამეს მაინც
მონახავდე ფიცრისას,
ნავი ან ტივი გინდა რა.
მაგ საქმეში ვეღარ იქნები
სხვისი ხელის შემყურე.
ყველა თავისი
თვითონ ქირონია
და არ გეგონოს,
რომ ამ სიტყვებში
მოისარკა სარკაზმის
იქით დაცინვა,
აქ  ირონია.

 

29.

ყველა ამბავი მთავრდება ნულისებრ.
სადაც დატოვა, იქიდან გამქრალი,
სადმე წასული დახვდება სახლი,
ვერ დაბრუნდება სახლში ულისე.
მოგზაურია სახლის მდევარი.
გულს ნუ გაიტეხ, ასე მთავრდება
ყველა დუელი, გალუა ევარისტ!
მე იქ არ მივალ, სადაც იკრიბებიან,
ეგღა მაკლია, რომ ისტორიას შევეტენო,
ეყოფა, მისთვის საკმარისია
თქვენიც მლიქვნელი, ტონა ტანები.
ვიღაცას მართლად უთქვამს, რომ
ადამიანები მოსაწყენი ხალხია,
და მეც მასავით, თუმცა არც მე ვარ მასაი,
მაინც ვემხრობი ომს.

ილუსტრაცია: თათია ნადარეიშვილი

 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა