აფეთქების ფარგალი
1.
ჩემი სახლია ვარსკვლავებს შორის
ძალ-ღონით სავსე ნავარსკვლავარად.
ღვინოდ ნამყოფი, აქ მოგდებული წყალი და
დროის დღეების ვარ მაწანწალა და კვლავ ავარა.
შენი თავი და სხეული ეგ რაც გგონია,
უცხო სიმართლეს თუ იგერიებ, ეგება
ღუზა, უზანგი, ზანგი ღამეა, თვითონ გაბამს და
თან ბარაქიან სიბნელეში მიგერეკება.
2.
დათარიღებულ ადგილს-მეთქი
ვეღარ მოგიჩენს ხოლმე,
ისე გაცვდა
დრო, დღეების ქარხანა,
და ხან აქ ხარ
მეტ-ნაკლებად ბუნდოვანი,
უფრო მკაფიოდ აქ არ ხანაც ხარ.
კი, აბრეშუმის ნაფაბრიკალმა ხარჯიც გაიღო
და მოუქსოვა მუქთა სუდარა
ვეფხსა და მოყმეს,
ვინმე მელექსემ
სულ იკალმახა,
მაინც ამაოდ.
ამ ხალხს რა ექნა,
სად წასულიყო?
არ გამოუვათ ხევიდან
მაღლა ხმასავით არბენა,
ვინც ისტორიას მითად ხმარობენ.
3.
ცნობიანო და მცნობელო,
როგორც მარცვლიდან
მარცვალზე - მახვილი,
გადაიხრები, გადაინაცვლებ.
იქ და მაშინ ხარ,
სადაც და როცა
შენი ცნობის შინაარსია.
არ სიამოვნებს
შეხსენება,
რომ უდროო დროს
უადგილოა,
ვისაც თავი ესარჩულება,
როგორც თანხმოვნებს
თავი სიტყვაში
ესაძირკვლებათ,
თუმცა მხლებლები
ჰქვიათ. იათო
ის სახელია,
თითო-ოროლა
რომელიც
გემწარსულება,
მაგრამ რომელსაც
ვერ მიატოვებ გემივით.
4.
ქარმა დალახვროს,
ჩემი ფერფლი მიეცი,
და იქაური სადაც მოლია,
წყალს ნაპირები სიგრილეში
აქვს გადაცმული.
რადგან ინავლებოდა,
ნამცეც-ნამცეც ამ ცეცხლის
გაიფანტოს ნიშანი.
თუ შეგაშინა, გაშინაურებს.
შენც იუარებ, თუმცა ცალკე ხარ,
ირიბად მაინც აუარება.
არ მეზარება, გავიმეორო,
რომ დრომ თავისი
თვითონ გაფანტა ზიანი,
მიზეზისა და მიზნის ზნის
ფანტაზიიანი,
და შენც დაიფრენ იპრიტებს.
5.
ჩემი ემართა. მიემართა სხვა მევახშისთვის.
თითქოს მისი თავისუფლების ხმას ისე ვახშობდი,
რომ ჩემზე იფიქრა, ახალ ვალს აღარ მომცემსო,
და ამიტომ წასულიყო თავისუფლების სასესხებლად
სხვა მევახშესთან.
თავისუფლებით მარტო მე კი არ ვმევახშეობ!
ჩემი ემართა, მიემართა სხვა მევახშისთვის.
ანუ, ესე იგი, იგი მოვალე იყო,
როცა ვეტყოდი,
რომ ისევ შემოგვაკლდა თავისუფლება
და უჰაეროდ ვრჩებით,
მაშინ მიეკითხა სხვა მევახშისთვის
და არა იმისთვის,
ვინც ბოლო ჯერზე გვასესხა თავისუფლება.
როგორც ხედავ, არა მარტო ანტიკურ ხანაში,
აი, ახლანდელ ქართულშიც,
თუმცა გაცილებით იშვიათად,
გზები რომთან მიდის.
თავისუფლების ბაზარს რას გაუგებ?
6.
რადგან ფიქრია ან საუბარი,
გრამატიკის გუნდები
უნდებიან მიმოფრენას
წამსაც, საუკუნესაც.
ხან გუნდივით შეკრებილი
გადამფრენი ამბებია,
ხან გუნდასავით შეკრული,
მიზანს მისწვდება, შეეტაკება
და ამბებად იფანტება ხოლმე.
ყველა სათქმელის სათქმელი
და ყველა ამბის ამბავია
ჯერ გრამატიკა
და, სიყვარულის არ იყოს,
ზოგჯერ გზას შეგიმოკლებს,
ხდება, რომ თვითონ შემოგაკლდება,
და საჭიროზე ნაკლები
კიდეც გინახავს,
მაგრამ მეტი კი არა.
7.
დასურათებულ გრამატიკას ენა გვიქვიან,
თვითონ თუ დაბანს, დაასუფთავებს,
რაც თვითონ ანაგვიანა.
და განა გვიან, მოსვლა თუ ადრე მოუვიდა,
რამდენი რამე დაუთვლელად გვიანგარიშა,
თვალიც აგვიბა, ჩვენი თანხმობით
ხელებით საუბარს ჯერ მხარი აუბა,
მერე კი იგი ხელქვეითად გადაიბირა.
იაფად შეთხზვის ხელობაშიც თავი გაწაფა
და სულ ღმერთებით დაასახლა,
სადაც მე და შენ შევხვედროდით
უნდა ერთმანეთს, იქაურობა.
ჩვენ კი მათ ვგავართ, ვინც ერთმანეთის
იოლად გადიან გარეშე.
8.
დახლად დამხვდა ქუჩა,
ბინდი იყო ფართლეული.
თურმე ამიტომ უფრო ბინდდება,
როცა მარტივად იყოფა რთული,
რომ საპალტოე დრაპი რაპირებს დაუჭრია,
დრო რომლებსაც იფერებს ბორბლით ციფერბლატის.
9.
როგორც დედაკაცი უცებ ეცოლება,
ატლასის ხალათზე სადაფის ღილივით
გლუვიც რომ იყოს ადაპტაცია,
რომელსაც კაცი აუტაცია,
ის შიგადაშიგ ხოლმე კაცისგან
კატეგორიულ ცვლილებას ითხოვს.
ანუ რას ითხოვს? გადაგვარებას წარმატებით!
თქვენ გაგიმართლათ, უიღბლო იყვნენ
თუმცა სკვითები და სარმატები.
ერთი ვიცი, შეშურდებოდა,
ფერისცვალების თქვენ ოსტატებად ჩამოიქენით
მას მერე მაინც, რაც მიატოვეთ,
ვინ იცის, ელამის გამჭოლი
ქარი და ზეგანი,
და დღევანდელი
დღე გქონდათ თურმე ხვალ-ზეგიანი.
ასე მომავალს შეეხმიანა
ადამიანის უნებლიეთ მეანე ხალხი,
ასე გაქნილი საქართველოს
ისტორიის რებუსებს
ვერაფერი ამოხსნის მისხალ-მისხალ
გარდა იღბლიანი გადაგვარებისა
დედამოტყნული მამების ხელში.
10.
კაცობრიობა უბრალოა,
დაძაბულობისგან დაძაბუნებული
ის ობელისკი სკის,
კისკისებს რომელშიც დრო ქარის,
პირში დაგცინის, თვალსა და ხელს შუა
რაკი გაცურებს,
როგორც საბჭოთა ფიჭის ნოქარი.
კი საკაცეა ხალხი და ტომი,
ოღონდ პროკრუსტესი,
კაცი რომ შეკვეცოს ან გადაჭიმოს,
ზედ მოსარგებად აუცილებლად დაასახიჩროს.
კაცობრიობის სქელ ტომში
წვრილი თავივით ჩაკარგვის შიშით
იჭმუხნებიან, რომ დაიმალონ საკაცე ტომში,
ან აიყარონ ტანი ტომამდე.
დრო გავა, ისევ გათამამდებიან,
და თუმცა თამამი ერთი არაბული ტომის სახელია,
თუ ცხოვრებაა, იტყვიან, რატომ ტომშიო,
და საკაციდან პაროლივით გაპარულები
ობოლ ობელისკს მიაკითხავენ.
დამეთანხმები ალბათ ამაში,
როგორც ქაღალდის, დასაკეცია სკაც და საკაცეც,
რომ დროის ქარმა შეძლოს თამაში.
11.
ყველა კანონის ნახირი მისდევს
უკან უკანონეს,
აუცილებელ შემთხვევითობას.
ყოფა-ცხოვრების დრომოჭმულ კედელზე
შემთხვევითობის
სარკე როდის არ ეკიდა.
მომავალ პატრონს
მერე ბინა და ჯერ ის ეყიდა.
კი, შემთხვევითი, ვით თიბისი ბანკი,
ადამიანებს,
კუს კი ბაკანი,
დროებით მაინც ეიმედებათ,
და გვასულდგმულებს,
სადაც კი ჩვენთვის
შავი ვარსკვლავის
ათინათს მოუკვლევია.
ლევიათანთან მისი იონა
თვითონაც უნდა ჩავარდეს,
აუცილებელს რომ შემთხვევითი
საკმარისად ესინონიმოს.
12.
ორფეოსის კორპუსი
უსიამოვნო ეზოში
გამძლეობის წყაროს ეძებს,
ხვდება კი მარტო სადარბაზოსთან
თუთა, ყვავილით უთანასწორო.
საოცარია, ეზოში ბაღი
როგორ არ დადგა ხეხილის
და ღამედ მაინც დაიწურება
ცა, ასფალტით გახეხილი.
თუ უცნაურის ცოდნა გაჯიქდა
და შორიახლო ეკლესიაშიც
ხეპრულ ტყუილზე
თავსაც რწმენა დებს,
დაბოლილივით გზა კი აებნა,
რა დარჩენია ასეთ ორფეოსს,
თავისი სახლის იგი მისამართს
ჰკითხავს მოხუც მენადებს.
13.
რადგან სარეცხი
შრება სამყაროს ხელით
და ხელთათმანიც ხელზე მიუთითებს,
თითქოს ძნელია, არ მოისაზრო
ჯერ მხოლოდ გონების თვალისთვის ხილული
სახით სამყარო - ატომისტური,
მერე შეუდგე იმის გარკვევას,
და მიზეზია,
რატომ, ის თუ რის.
ახლა დავდივარ,
როგორც ლევკიპე და დემოკრიტე.
ეჰ, უცნაურო პასუხებო,
უხამსობისგან განსხვავებით
არ მომადგებით თვითონ ენაზე,
თქვენ მხოლოდ მაშინ,
ყოფნაზე არსად და არასოდეს
ფილოსოფოსმა
თუ თავი დადე, მოქრით ერთად.
დღეს თუ არა,
უხილავის დანახვა
მოვა, როგორც დანა, ხვალ,
მეც რომ მომცელოს თივასავით,
მე - უთივესი.
მისი დახვედრა,
როგორც მაკრატლით,
ზედგამოჭრილი ჩემი საქმეა,
ასეთივესის.
და რადგან ჩემს გზად ავი ქაფი წევს,
მეც ავიკეცე ავი კაცის სახელოები,
უკვე მკლავებიც დავიკაპიწე.
14.
ეს სერიალი რას მოსრიალებს,
ასე მე რასამ მომასრიალა!
რას მოვეჭიდო მოსიარულე,
მე რას მივება,
როცა ყალბია ყოველგვარი
გამუდმივება.
მეც ვარ, არიან ვარიანტები
ანთებითი პროცესის,
სჭირს სიცოცხლეს როცა ეს.
ცრუ მეისრე რაც მოისრა
და გაისტუმრე მაისტერ ეკჰარტიც,
შავი ვარსკვლავის ცვივა ნაპერწკალი.
თუ სულს უბერავ,
ზოგჯერ ღვივდება
ორიენტირი,
ორი ანთების კორიანტელი.
15.
მასში რამდენიც ხეა,
იმდენი სათადარიგო
ტყეს ტანი სცხია,
და კაციც ტომის
სამარქაფო ტანად დაირგო,
მთქმელი თურმეს და ვითომის.
ვინც ვერ შეიშნო კაცად ხეობა
იგი აუყვა მოფიქრების ნაცად ხეობას.
სხვები რა გითხრა, ქართველების
ავყია ტომი ბრიყვია
და რომ იბრალებს ჰუმანურობას,
ეგ გუმანია ურომლისოდაც
ხანს რას გასტანდა ამდენს.
მისი კარნახით -
რა იცი რაში გამოგადგესო -
იგი გამარგლულ მარგინალებს მოიმარაგებს.
ქამანდარი რად ღირდა!
პაემნის ადგილს
კი არაბულად
დღემდე ჰქვია ლიკანი.
ნათელ მიწასთან ბნელი ვარსკვლავის
პაემანია შენი სხეული,
შენი თმა, შენი ტრიალი კანი.
16.
ან სანახევროდ ან კი სრულებით
თუ კისრულობენ შეთანხმებას,
შეხმატკბილებას,
ან ტრაგიკულთან ცრუ გაჯიქება
მაინც ცვრიანი არის ბალახი,
რომელსაც სიკვდილი
ძოვს და ცოხნის
და რძით ევსება ცური, ჯიქანი.
და იქ ნავები დაიცდიან,
იქანავებენ,
სადაც ბორანი ცბიერია,
საგარდიგარდმო.
17.
რაც არის, არის,
მევ,
გარეწარო,
ჩამომეცალე,
ხარ უმეცრების ნაცარი.
რომ არ მოიქცეს,
როგორც ფენიქსი,
ქარით მივაფენ იქ სიარულის,
სადაც ნაბიჯი კვალს არ ტოვებს,
თვითონ კვალია,
რომელიც მომდევს;
სადაც გავუსწრებ ჩემს ნაბიჯებს,
სირბილ-სიარულს
მონართაულე,
როგორც ირიბი სიბილა.
აზრი კი აგებს
და ზრდის ზიგზაგებს.
რაც არის, არის!
18.
უსწორმასწორო ისტორიას რას გათელავდა,
გამოიხვრიტა, გაცვდა ლანჩები.
შეზღუდულია აზროვნება,
რწმენა - ლაჩარი.
გამოსავალიც თითქოს ერთია,
მაგრამ - ორმაგი,
მოულოდნელი მოულოდნელი,
როგორც პეკინზე
ბურიატი
რომ მოილანდო ულან-უდელი.
არ დაინანო ძაფი, აკინძე
ეგ ისედაც განუყრელი ნაფლეთები,
ამპლიტუდით რომლებიც
არც კეთილი ან გულგრილი,
არც ბოროტია,
სივრცე რომ იყოს კოცნა,
დრო კი, ჯანდაბას, იყოს ამბორი.
19.
რაც არ მკლავს,
მე ის მაკეთებს.
და რაც მაკეთებს,
ისვე მინახავს,
სულ თავიდანვე მომიმარაგებს,
თუმცა პასუხს არაფერზე
თვითონ არ აგებს.
უმადურობა იკითხავდა:
სხვას რას მიკეთებს?
ვერც იმას ვიტყვი,
ცხადში ან სიზმარში
რომ ის მინახავს.
თუმცა კაცმა არ იცის,
რადგან ისიც არ ვიცი,
როგორ უნდა მეცნო გრძნობით,
როგორ უნდა მეგრძნო ცნობით.
თუმცა ხელმოკლე, უსახსრო
და სხვისი ხელის შემყურე,
მიმომავალიც უქმად,
როგორც ეშმაკის ლუკმა,
პირველად ვამბობ,
შენ მაგივრადაც,
მე ვარ სახსარი!
20.
კაცს გააჩნია
და გააჩნია,
მას რა
არ გააჩნია.
წარმოიდგინე,
თუმცა ვაზნა აქვს,
არ გააჩნია
სავაზნე მასრა.
მეორემ პირველი თუ არ ატარა,
ვიდრე დრო მოვა გასროლის,
დაიკარგება ტყვია, პატარა,
როგორც ანდებში ავიატორი.
დროს რატომ გაურბი,
მარტო ავია, თუ რა?
სხვას კი არაფერს,
დრო ვიდრეს ჰქვია.
21.
დრო ისტორიის თეთრი სისხლია
და გამჭვირვალე, რომელიც
მომთაბარეებს თუ ვერ დააწია,
ისტორიამ ამ სისხლით
სულ გადარეცხა ან დაბა დაბანა,
მორწყა და გამოაქალაქა.
შორს ინდოეთის არის ჯანდაბა,
ახლოს - საბჭოთა თბილისი,
წითელი ქვიშის უდაბნო,
ახლა რომელსაც შემოესია
აქლემებივით ეკლესიები.
და გადაგლესილ
შუბლზე ისტორიას
გვირგვინად ადგას ეკლების სია,
რომლებიც შენი ბიოგრაფიის
თარიღებიცაა.
უთავბოლობის თავი და ბოლოა
მათ შორის ორი
და გამოკლება
სულაც არ ეწვის სიას ამ ორის,
არ წაერთმევა ისტორიას
წარჩინების საყელო,
ბეწვი სიასამურის.
22.
შემთხვევითია მთელი სამყარო.
შემთხვევითობის
მოსყიდვას მიაქვს ცხოვრება.
თუ მუზა უმუზარადოდ
არ გაიშვება ამ ქვეყნად გარეთ,
გაბუღულ ოთახშიც ალალბედზე მივაგდე ლექსი,
გამოაღწიოს,
მასზე ახია ანუ აქსიოს!
პარტიაში გაკეთებულ
ერს და
საბჭოეთში დაბადებულ თბილისს
ფეხის ადგმაც არ აცალეს არსად,
და, როგორც ზეცაში ირმის ნახტომი,
ან, როგორც წამლების ფირმა სანდოზი,
სანდო სიტყვების მაგივრად
ეს ამდენი ეკლესია
ქალაქს ვინ მოუქსია,
ან ვინ მოზიდა მასალა მათი.
ორპირმა ქარმა წაიღო
უჯრიდან ლურჯი ცერეცო,
სალათი დარჩა საღსალამათი.
23.
"I must live till I die - mustn't I?" he replied.
Joseph Conrad, The Nigger of "Narcisus"
უნდა ვიცოცხლო მე სიკვდილამდე, არ მეუნდაოს?
უუნდაო და უნდილი რა ცხოვრებაა,
არც მოერგება სიკვდილი,
საკეტს შეჭამენ ჟანგები.
გაუღებელი
კარი კედელზე უარესია.
ღამე იღიმება ნეონის კბილებით,
რაზმი ანგალი ზანგების.
მოდი, მომაკვდავს მომიარე,
გათენებამდე დააკვირდი სულთმობრძაობას.
უნდა ისწავლო, რომ სულის ღაფვა
კაცის საქმეა,
როგორც მჭედლობა - კოჭლი ჰეფესტოსი,
მრისხანე ომი - არესის.
ან მოხმაურე რაა სიცოცხლე
გარდა სიკვდილის ხაფი ნესტოსი?
24.
ცას დასუსხული მიწა ექავება,
ფრჩხილებით
ფრთხილობს წვიმა.
აქა-იქ მეც ვარ მოსული,
თუმცა კი გეგმის მიხედვით,
თანახმად სულ სხვა განაწილების.
სააქაოსთან ერთად საიქიოშიც ის გვექიშპება,
მასაც ჩვენსავით წყვილი ფეხი აქვს.
ვიდრე ხაზები არ გამოელევა
და ვიდრე მოგვეხაზება,
ფარგლის ფანქრიან
და მოფარფატე
წვერს ერთადერთი თავი ჰგონია.
25.
ძნელი, ნელია
ცოდნა ოდნავ,
რომელმაც
არიადნეს ძაფი
გორდიასის კვანძად შეკრა.
ოდესმე მოვა თუ ისქანდერი
და ხმალს მოიტანს,
გაკვეთოს შინდის ლაფანი
და ოხვრასავით ამოუშვას
ლაბირინთიდან თეზევსი.
მე კი რა მრჯიდა,
რომელი ჯადო მერჩოდა,
დავლოდებოდი,
უჩემოდ დაიცლებოდა
სფინქსის ქანდარა.
26.
ჯერ ჯეელია,
ვარჯი ვარჯიშობს,
რომ არ გაკაწროს
მოუხეშავმა სადმე ცა,
მეცა მეც აი, სუნით სეზონი.
ქალაქის ეზო-ნიშაში
შემოხეტებულ
ხეს რომ კაცის ჭკუა ჰქონდეს,
ფიქრებად გაშლილი ტოტებით
მასაც მოაფიქრდებოდა,
რომ ხეობს, ყვავის თავისი ნებით.
და უნებლიე თუ მთლიანობა
წევრებად დანაწევრდება
თანდაყოლილი
დროის ძალით და მიხედვით,
ცოცხალს ვეძახით.
27.
რომ დღესვე მასში
არ გადაეშვას,
რომც მოსთხოვო,
თავი ვის აქვს,
თუ ნაპირი აფერადებს
თავის ქვას
და უძირო ზღვასაც მალავს,
ხვალ და მერმის,
პირი დოქის?
გემოდ და გემად
იგემე ენრიკო
ფერმის პარადოქსი,
რადგან მას არ ჰგუობს
ცოდნის არც განრიგი,
რწმენის არც მენიუ.
28.
რაღა ეგ და რაღა რელიგია.
დასაათებული, დაწუთებული
და დრო ცილივით დაწამებული,
მისგან სწორედ რასაც აღარ ელი, იგია.
არც გლოვა დუმს და არც სიხარული ისმის.
დრო რელიგიის მაინც ფიტულია,
ადამიანებს ერთად,
ადამიანს კი თავის თავთან კრავს,
ახლა იგია ციფრის რიტუალი.
თუმცა შორიდან ჰგავდა უწყინარ კრავს.
ქაფჩას დუღაბი შეახმა,
დაკბილული კედლის ძირში
იტბორება საძირკველი,
შეშად რჩება ხარაჩო.
ქალაქი თვლემს და მთებზე გაზაფხულს
ჩამოეძინა პერსეფონებად.
მოვა შიშველი, მიშვილებს,
მიშველის ღამის დემეტრა.
ქვებად წლებია წყალში ჩაყრილი
და ისტორიის თავთხელი წყალი
ნაპირს ეფონება.
დრო მე რად მინდა,
თუ ელევსინმა არ დამათრო.
29.
აფეთქების ფარგალი
თვითონ ქრება,
ტოვებს რა
ერთმანეთში მსტოვრებად
მოქუფრულს და მოწმენდილს,
უდროოს და დროიანს,
რომლებსაც ერთმანეთი
ესაიქიოებათ,
როგორც ითაკელს და ტროელს.
ბრინჯაოს აბჯარია, ქამარ-ხანჯალი
და მუზარადი,
თუ შეშფოთების ბოხი ჭიხვინი,
როცა გაარკვევ, მამუკა,
გადაიფრენს მუქი ბუკიოტი,
გვიან იქნება ცხოვრება.
ბევრი თუ ცოტა იომეს,
ერთმანეთს გააზავებენ
საიქიოები, საიქიოები.
ფოტო: ნათია ფარცვანია