აფუებული, თხილეულიანი, შელოცვით გამომცხვარი, მეცნიერულად გამოკვლეული...
გასეირნება თაქთაქიშვილის ქუჩაზე
ძველ აღთქმაში წერია, გათავისუფლებული ებრაელები ეგვიპტიდან ისე ნაჩქარევად წავიდნენ, პურის აფუებასაც აღარ დაელოდნენ, დააცხვეს უსაფუარო ხმიადები, რომლებსაც მაცა ჰქვია და საგზლად წაიღესო. ამიტომ დღესასწაულზე, როცა ებრაელები ეგვიპტიდან გამოსვლას - მონობისგან გათავისუფლებას აღნიშნავენ, აფუებულ პურს არ ჭამენ, მაცას აცხობენო.
საერთოდ, გულგრილი ადამიანი არ ვარ, მიყვარს ახლად გაცნობილ ადამიანებთან გამოლაპარაკება, ამიტომ პურის გამყიდველსაც ბევრს ვიცნობ. მიუხედავად ამისა, რამდენიმე დღის წინ მაინც პირველად შევხვდი მცხობელს, რომელიც თავისი პურის სიკეთეებზე ბიბლიური მაგალითით მელაპარაკა.
მარტივად, იმის ახსნა სურდა ჩემთვის, რომ საფუარიანი პური ცუდი არაა და სწორედ ამის დასამტკიცებლად გაიხსენა ბიბლიური იგავი - საფუარი მნიშვნელოვანია და ებრაელებმა პურის ამოფუებას მხოლოდ თავისუფლების დაუყოვნებლივ მოპოვების ხათრით არ დაუცადესო.
როცა ამ პურის მცხობელს შევხვდი, უკვე რაღაცები წაკითხულ-მოსმენილი მქონდა ჯანსაღი პურის ნიუანსებზე, მაგრამ სხვადასხვა ისტორიული წყაროებისა თუ სამეცნიერო კვლევების ასე გააზრება მაინც მეუცხოვა ადამიანისგან, რომლის საქმესაც ჩვენი უმრავლესობა მარტივად უყურებს - ქიმიური საფუარის პაკეტი ნელ-თბილ წყალში გახსნა, ფქვილს შეურია, მოზილა, ორ საათში ფორმა მისცა, გამოაცხო.
ჩემმა ახალმა ნაცნობმა კი, საფუარი საჭირო ელემენტია, მთავარია, სწორად მოექცე, პურმა რომ არ გავნოსო. სწორად მოქცევა კი ამოფუების პროცესის ბოლომდე მიყვანას ნიშნავს. მთავარია სპირტული დუღილი დასრულდეს, შაქრის ჭამა დაასრულოს საფუარმა და მერე, თუ სწორად აცხობ პურს, მის გულში 98 გრადუს ცელსიუსს მაინც აღწევს ტემპერატურა, რაზეც ნებისმიერი საფუარი კვდება და მზა პურში აღარ გადადისო.
როგორც თვითონ მითხრა, თითოეული პურის სახეობას სწორედ ამ ტრადიციული სიბრძნის მიხედვით აცხობს; ტრადიციული სიბრძნის მიხედვითა და სუპერთანამედროვე აპარატურით. ეს კი საშუალებას აძლევს, თვითონ მხოლოდ დააკვირდეს ცხობის პროცესს, მისი საქმე კი ამ უახლესმა დანადგარებმა აკეთონ ერთ ვრცელ, მეტალის ბზინვარებითა და კედლების სითეთრით გაჯერებულ სტერილურ დარბაზში, სადაც ჰიგიენა, რეცეპტურა და ცხობის წესები, ტემპერატურა და ინგრედიენტები - ყველაფერია დაცული. ანუ, გამოდის, რომ აქ, პურის ამ საწარმოში, ძველი და ახალი ცოდნის მართლაც განსაცვიფრებელი ნაზავი იქმნება და ამიტომ - აქაური პურიც ჯანსაღი და ნამდვილია.
მაგალითად აქაური 4 სახეობის ჭვავის პურიდან ერთ-ერთი ავიღოთ - პური “ბოროდინული”. ის ხაშშზე მზადდება. “დედოს აუცილებლად ჭვავისას ვამზადებთ, დიდხანს მჟავდება, ასეთია ჭვავის პურის დამზადების სპეციფიკა”, - მიხსნის მცხობელი.
აცხობს ვიტამინიზირებულ პურებსაც. “ქიმიურო? რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ ქიმიურად დამუშავებულ ვიტამინებს. ვამდიდრებთ სელით, მზესუმზირით, გოგრით, სპელტათი, რომელიც ხორბლის წინაპარია, მისგან მოაჯიშა ხალხმა მერე ხორბალი, ვუმატებთ ასევე ჭვავის მთლიან მარცვლებს. სწორედ ამ ბუნებრივი მინარევების ნაკრებს შეაქვს თავისი წვლილი ადამიანის უჯრედების საშენ აგურებში, რომლებიც აუცილებელია იმისთვის, რომ უჯრედმა განახლება განიცადოს”, - ეს ჩემი ახლად გაცნობილი მცხობელი შემდეგ უკვე მეცნიერულ დასაბუთებებზე გადადის.
ასე - უშუალოდ მცხობელისგან პირველად ვისმენ ამბავს იმის შესახებ, თუ როგორ მუდმივად ახლდება ჩვენი, ადამიანების უჯრედები და რომ ამ განახლების პროცესში სწორედ ჯანსაღი პურის ჭამას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. ამიტომაც ყოფილა კარგი, თუ მარცვლოვანი პურეულით ვიკვებებით.
მცხობელი მეუბნება: პურის ფქვილი მდიდარია ნახშირწყლებით. მარცვლის ქერქში კი ის ამინომჟავებია შენახული, რაც ხორცში შედის და რაც აუცილებელია ორგანიზმისთვის. თუ მხოლოდ რაფინირებული პურის ფქვილით გამომცხვარ პურს ჭამ, ამ ამინომჟავებს ვერ იღებ და მხოლოდ ნახშირწყლებით ივსები, ხოლო თუ მარცვლოვან პურეულს მიირთმევ, მაშინ შეგიძლია ხორციც კი მთლიანად ჩაანაცვლო პურით - თუ, რა თქმა უნდა, დიეტისა და ან რამე სხვა პრინციპების გამო ასე გირჩევნიაო.
ჩვენ თანამედროვე, ნათელ კაფეში ვსხედვართ და ვსაუბრობთ. ამ კაფეში შესვლისთანავე, კედელზე, ხის ლამაზ ჩარჩოებზე დაბრძანებული სხვადასხვა ნაირსახეობის პურეული მხვდება თვალში. თუმცა, ეს პურები მხოლოდ ექსპონატები არაა, თან დაუვიწყარ არომატსაც აფრქვევენ, ლამაზ-ლამაზი ფორმებიც აქვთ და - კნატუნა კანიც. ზოგი კარგად ამოფუებულს ჰგავს; ზოგს კი შეხედვითაც ეტყობა - ძალიან დამძიმებულა გულში ჩაყოლებული სხვადასხვა ზომისა და ფერის მარცვლეულის ფენებით. ზოგი მუქი ფერისაა და თავისი სიმჟავით გიზიდავს; ზოგი თეთრი გულისაა და ფორებიანი და ჰაეროვანი შიგთავსით გაწონებს თავს.
აქ ტრადიციული პურებიც აქვთ და მარცვლოვანიც. ხორბლისაც, ჭვავისაც, ვიტამინებით გამდიდრებულიც, ამოფუებულიც და ხმიადებად გამომცხვარიც.
თითოეული ამ პურის რეცეპტურას კი ავსტრიული პურის კომპანიისგან “ბაკალდრინისგან” იღებენ. აპირებენ პერიოდულად განაახლონ პურის თაროები. მანამდე კი შეგვიძლია, აქაურ ათასჯერ ნაცად რეცეპტებს, ბიბლიიდან დღემდე დაგროვებული ცოდნითა და მეცნიერული კვლევებით გამყარებულ ტექნოლოგიებს ვენდოთ და:
ვჭამოთ პური, რომელიც გაგვაჯანსაღებს და მზის ენერგიას შემოიტანს ჩვენს ორგანიზმში;
და ვიაროთ კაფეში, რომელშიც წამყვანი მენიუ პურეულისაა და ყველაფერი დანარჩენი მხოლოდ ამ პურების გემოების წარმოსაჩენადაა მოფიქრებული. ბოლოს და ბოლოს, ხშირად შესულხართ კაფეში, სადაც ათზე მეტი სახეობის პურს გთავაზობენ და თქვენ ისე ირჩევთ სასურველს, რომ გასუქების არ გეშინიათ? თუ ჩემი და მცხობელის დიალოგის შინაარსს ყურადღებით წაიკითხავდით, ნახავდით, რომ სწორედ ეს კაფეა ასეთი - თაქთაქიშვილის ქუჩაზე, #7/9-ში, კაფეტერია “ბროტმაისტერი”.
ავტორი: ოლივია ჯაში