ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

კალპანა საჰნის "აღმოსავლეთის ჯვარცმის" შესახებ

ორიოდე სიტყვა კალპანა საჰნისა და მისი „აღმოსავლეთის ჯვარცმის“ შესახებ
კალპანა საჰნისთან ინტერვიუზე დაყრდნობით

„ჩემი ნაშრომი ეჭვქვეშ აყენებს იმ განმანათლებლური თვალსაზრისის ყოველგვარ წანამძღვარს, ჩანასახსაც კი, რომელიც ისტორიის, ეკონომიკისა და იერარქიების ლინეარულ განვითარებას გულისხმობს, რადგან ეს ყველაფერი კოლონიური და იმპერიული ძალაუფლების გავრცობას, დაპყრობილთა დამცრობას ემსახურება“, ‒ კალპანა საჰნი.

ამ ინდოელი მეცნიერის ნაშრომი „აღმოსავლეთის ჯვარცმა“ იკვლევს კავშირს რუსულ ორიენტალიზმსა და იმპერიალიზმს შორის, სადაც განსაკუთრებით საინტერესოა ავტორის მკაფიო მიჯნისპირული პოზიცია. საბჭოთა კავშირი აზიისა და აფრიკის კოლონიზებულ ქვეყნებთან მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობებისკენ ისწრაფვოდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამ პოლიტიკას ზურგს უმაგრებდა ვრცელი კულტურული და პროპაგანდისტული საგამომცემლო საქმიანობა, რომლის ნაწილიც იყო რუსული ლიტერატურის თარგმნა აზიისა და აფრიკის ხალხების ენებზე და მისი პოპულარიზაცია. კალპანას მამა, ცნობილი ინდოელი მწერალი ბჰიშამ საჰნი, სწორედ ამ მიზნით აღმოჩნდა საბჭოთა კავშირში. მამა საჰნი რუსულიდან ჰინდიზე თარგმნიდა რომანებს, რომელთა შორის იყო ლევ ტოლსტოის „აღდგომაც“, ხოლო თავად  თანამედროვე ინდური ლიტერატურის შედევრად მიჩნეული რომანის ‒ „წყვდიადის“ ავტორია („तमस“, „თამას“). წიგნი აღწერს იმ ადამიანთა ტრაგიკულ ამბებს, რომლებიც კოლონიური ინდოეთის ორად (ინდოეთად და პაკისტანად) გაყოფის ფონზე უეცარი კონფლიქტის ქარბუქში გაეხვნენ.

ასე აღმოჩნდა კალპანაც მოსკოვში, სადაც ათ წელზე მეტი დაჰყო და რუსული ენა და ლიტერატურა შეისწავლა, 1970-იანი წლებიდან კი ჯავაჰარლალ ნერუს უნივერსიტეტში დაიწყო ლექციების ჩატარება.

ედვარდ საიდის ნაშრომით შთაგონებულმა კალპანა საჰნიმ რუსეთის საზღვრისპირა მიჯნისკენ მიმართული მზერა ცენტრისკენ შეაბრუნა და იმპერიული ურთიერთობებით დაღდასმულ საზოგადოებათა გადმოსახედიდან დაიწყო ლიტერატურისა და ისტორიის კითხვა. მისი ნაშრომი „აღმოსავლეთის ჯვარცმა: რუსული ორიენტალიზმი და კავკასიისა და შუა აზიის ორიენტალიზაცია“ 1997 წელს გამოქვეყნდა და ერთ-ერთი პირველი მონოგრაფიაა, რომელიც იმპერიის ყოფილ კოლონიებს პოსტკოლონიურ ჭრილში განიხილავს. [1] წიგნის ღირსებად უნდა მივიჩნიოთ ის, რომ რუსეთის იმპერიას არ მოიაზრებს მონოლითურ ერთეულად და ერთმანეთში არ ურევს ორ ისტორიულად განსხვავებულ ფორმაციას. ავტორი ცალ-ცალკე განიხილავს ცარისტულ რუსეთსა და საბჭოთა კავშირს, მაგრამ მათი თავისებურებების გამორკვევას არცთუ ისე დიდი სივრცე ეთმობა.

მსჯელობა, რამდენად მართებულია პოსტკოლონიური ტერმინოლოგიის გამოყენება პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან მიმართებით, წინააღმდეგობრივი და კომპლექსურია. [2] ერთი მხრივ, ისმის კითხვა პოსტკოლონიური ტერმინოლოგიის უნივერსალურობის შესახებ, მეორე მხრივ კი საინტერესოა, რამდენად განსაკუთრებულია რუსეთის იმპერია და გამართლებულია თუ არა მისი შესწავლისას იმგვარ ცნებათა გამოყენება, როგორიცაა იმპერიალიზმი, ორიენტალიზმი და კოლონიურობა. გამოყენებაში იგულისხმება არა უპირობო მორგება, არამედ ცნებებთან მუშაობა, ანდა ამა თუ იმ ისტორიულ გარემოებებში წარმოქმნილ განსხვავებულ ფორმაციათა თავისებურებების გათვალისწინება. იშვიათად ვხვდებით ანალიზს, რომელიც სცდება, ერთი მხრივ, უნივერსალიზაციასა და, მეორე მხრივ, განსხვავებათა კრისტალიზაციას.

ევრაზიულ პოსტკოლონიურ კვლევებში ფართოდ გავრცელდა მოსაზრება, რომ რუსეთის იმპერია ერთდროულად ორიენტალიზმის სუბიექტიც არის და ობიექტიც, თუმცა სადავოა მათი განხილვა თანასწორ ფენომენებად. (თვით)ორიენტალიზაცია, პოლიტიკური და ძალაუფლებრივი შემადგენლის გარეშე, უბრალოდ იდეაა და მეტი არაფერი, ხოლო რუსეთის მიერ კოლონიების ორიენტალიზაცია ძალაუფლების სამსახურში ჩამდგარი დისკურსია, რომელიც გარკვეულ პოლიტიკურ პროექტს ემსახურება. მაშინ, როდესაც რუსულ სამეცნიერო წრეებში ჯერ კიდევ ერიდებიან რუსეთის იმპერიის კრიტიკულ გააზრებას, მაგრამ არ ერიდებიან მის სიკეთეებზე საუბარს, [3] არაერთი ნაშრომი დაიწერა თავად ქვეყნის ორიენტალიზაციაზე, რუსეთზე, როგორც „სუბალტერნულ“ იმპერიასა და მის შინაგან კოლონიალიზმზე. პოსტკოლონიური ტერმინოლოგიის ამგვარი გამოყენება, ანალიტიკური ჩარჩოს გაფართოების ნაცვლად, უგულებელყოფს იმპერიული ექსპანსიის ძალადობრივ ასპექტს და მის შედეგებს „გარე“ კოლონიებზე. სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ ის, რომ კალპანა საჰნის ინტერესი და მზერა ძირითადად კოლონიებს მიემართება, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის იმპერიის ორაზროვან პოზიციასაც აღიარებს.

ორიენტალიზმის აქტუალობას დღემდე ეჭვქვეშ აყენებენ და ერთ-ერთ მიზეზად ასახელებენ ქართული კულტურის განსაზღვრას ქრისტიანობით, რაც ართულებს მისი ადგილის პოვნას ქრისტიანულ დასავლეთსა და ისლამურ აღმოსავლეთს შორის დიქტომიაში, რომელსაც საიდი იკვლევს. თუმცა, ქართულ კულტურას მრავალი მსაზღვრელი აქვს და არც ქრისტიანობის არგუმენტი კმარა ორიენტალისტური თავდასხმების ასარიდებლად. ამის მაგალითად შეგვიძლია გავიხსენოთ მიხეილ ჯავახიშვილის „ლამბალო და ყაშა,“ სადაც ქართველი ექიმი უშედეგოდ ცდილობს, ქრისტიანობით გააქარწყლოს რუსი ეპისკოპოსის ბრალდება ქართველთა „ველურობის“ შესახებ.

„ ‒ არც თქვენი ბექაური ყოფილა ანგელოზი. ველურია, წარმართია.

   ‒ ბექაური ქართველია, ესე იგი ქრისტიანია.

   ‒ აგრე იყოს. მაინც ველურები ხართ“.

არც ქრისტიანობაა მონოლითური ‒ აღმოსავლური ქრისტიანობაც პოულობს ობიექტის ადგილს ორიენტალიზმის წარმოსახვით რუკაზე. თუ მნიშვნელობის დავიწროება ორიენტალიზმს საიდის კვლევის საზღვრებში ამწყვდევს (და შეიძლება ის ბრიტანეთ-ინდოეთის მაგალითსაც პირწმინდად არ მიესადაგოს), მისი მნიშვნელობის გაფართოებამ შეიძლება იმდენად შორს წაგვიყვანოს, რომ ყველა სახის ჩაგრულ-მჩაგვრელის ურთიერთობის [4], ანდა სულაც მხოლოდ დისკურსული ილეთის აღსაწერად გამოვიყენოთ. და მაინც, პოსტკოლონიური ხედვა არ შემოისაზღვრება ორიენტალიზმის ცნებით და სხვა მრავალ ინსტრუმენტსაც გვთავაზობს უძალობით დადაღულ, მაგრამ მებრძოლ ხალხთა ისტორიის გასაგებად.

„აღმოსავლეთის ჯვარცმა“ რუსულ ორიენტალიზმს ადგილობრივი ეპისტემოლოგიის შთანთქმის, „მოთვინიერებისა“ და რეინკარნაციის პროცესად სახავს. საჰნისთვის არ არსებობს კეთილგანზრახული მიზეზი, რომელიც იმპერიულ ექსპანსიონიზმს გაამართლებს.

ფრაგმენტი კალპანა საჰნის ნაშრომიდან „აღმოსავლეთის ჯვარცმა“

კავკასიაზე საუბრისას ხშირად იხსენიებდნენ გენერალ ერმოლოვს, რომელიც 1817-1827 წლებში იქ მეფის ადმინისტრაციის თავიც იყო და სამხედრო ოპერაციებსაც ხელმძღვანელობდა. სახელისა და დიდების გამო, იგი მონაწილეობდა მეთვრამეტე საუკუნის მიწურულის ყველა ბრძოლაში, ასევე, 1812 წლის ომში ნაპოლეონის წინააღმდეგ, რომელშიც თვალსაჩინო როლი შეასრულა. მეთვრამეტე საუკუნის „პროდუქტი“, ერმოლოვი, ამაყობდა თავისი ლიბერალიზმით, იაკობინური იდეების ერთგულებით და რწმენით, რომ საყოველთაო თანასწორობის მოახლოება გარდაუვალი იყო. ის გახლდათ მოარული ლეგენდა, ცნობილი თავისი სიხისტითა და პირდაპირობით, რომელსაც აღმერთებდა ახალგაზრდა თაობა, განსაკუთრებით, დეკაბრისტები. ტფილისში დიპლომატიური სამსახურის დროს გრიბოედოვი სწორედ გენერალ ერმოლოვის ხელქვეითი იყო და ლამის წერილი არ მოუწერია კავკასიიდან, ერმოლოვი ქება-დიდებით არ მოეხსენიებინოს. „რა საოცარი პიროვნებაა!“ ‒ წერს იგი ერთგან, ხან სფინქსს ადარებს, ხან ბრძენკაცს, უწოდებს პატრიოტს, რომელმაც გარშემომყოფთა გულები ერთნაირად მოინადირა. ერმოლოვს საუცხოო შეფასებებს აძლევდნენ მისი ქვეყნის პირველი პოეტები: კრილოვი, რილეევი, ჟუკოვსკი, კიუხელბეკერი, პუშკინი და ლერმონტოვი. 1820 წელს ძმისთვის მიწერილ წერილში პუშკინი მას აღტკინებული აქებს:

„კავკასიის, აზიის ეს მწვავე საზღვარი, ყველა თვალსაზრისით საინტერესოა. ერმოლოვმა იგი თავისი დიდებითა და კეთილისმყოფელი გენიით აღავსო“.

„კავკასიელი ტყვის“ ეპილოგში პოეტი წერდა: „დამორჩილდი, კავკასიავ, ერმოლოვი მოდის“. რვა წლის შემდეგ, 1829 წელს, პუშკინი მეგობრის მოსანახულებლად საგანგებოდ გაემგზავრა კავკასიაში. „ვნახე ყაზბეგი და თერგი, რომლებიც მართლაც ერმოლოვს იმსახურებენ“ (მისი ნარკვევიდან „მოგზაურობა არზრუმში“). 1833 წელს პოეტმა უკვე გადამდგარი ერმოლოვისგან ნებართვა მიიღო, გამოექვეყნებინა გენერლის მოგონებები თავის სამხედრო ოპერაციებზე კავკასიაში: თქვენი დიდება რუსეთს ეკუთვნის და მისი მიჩქმალვის უფლება არ გაქვთო.

მაინც როგორ ეხმიანებოდა ერმოლოვის „კეთილისმყოფელი გენია“ კავკასიის გასაჭირს? გენერალი ერთგან იმ ამბოხებულ გურულთა საწინააღმდეგო ოპერაციაზეც წერს, 1819-1820 წლებში რუსულ კოლონიალიზმს იარაღით რომ აღუდგნენ:

„მათი სოფლები დაიქცა და გადაიწვა. ბაღ-ვენახები ძირში გადაიჭრა და მოღალატეები კიდევ ბევრი წელი ვერ დაუბრუნდებიან საწყის პირობებს. უკიდურესი სიღატაკე იქნება მათი სასჯელი“.

გურიის აჯანყება მრავალთაგან პირველი იყო. რუსული კოლონიალიზმის პასუხად, განმათავისუფლებელი მოძრაობები მთელი მეცხრამეტე საუკუნის განმავლობაში არ ჩამცხრალა. ანექსიის შემდეგ, აჯანყებები დაიწყო მთიულეთსა (1804) და კახეთში (1812), 1819-1820 წლებში კი ‒ იმერეთსა და გურიაში ერთდროულად. 1832 წელს ქართული ინტელიგენცია რუსების ხელისუფლების დასამხობად შეთქმულებას ამზადებდა და ბატონიშვილ ალექსანდრე ბაგრატიონს უპირებდა ტახტზე აყვანას ‒ იმდროინდელ მმართველს, რომელიც თავს სპარსეთს აფარებდა. შეთქმულებამ მარცხი იწვნია, რადგან მეფის ხელისუფლება წინასწარ გააფრთხილეს. რეგიონში ყველა ამბოხებას იმპერია „ერმოლოვის ტექნიკით“ გაუსწორდა.

ერმოლოვის მმართველობის პერიოდში რუსებმა არაერთი სისტემური კამპანია წამოიწყეს: კაფავდნენ ტყეებს, რომლებსაც ამბოხებულები აფარებდნენ თავს, მიწასთან ასწორებდნენ მთელ სოფლებს, გლეხებს მომარაგებულ სურსათს უჩანაგებდნენ და ხოცავდნენ ყველას, ვინც ამბოხის მონაწილეს შეიკედლებდა. ამ ყველაფერს სადამსჯელო ექსპედიციები ეწოდებოდა. სოფლებს ალყაში აქცევდნენ და, ერმოლოვის ბრძანებით, ყველა მკვიდრს ჟლეტდნენ. დატყვევებულ გოგონებს მონებად ყიდდნენ ან რუსული არმიისთვის მიჰყავდათ გასართობად, რის მაგალითსაც ჯარისკაცებს გენერალი აძლევდა. ჯარისკაცები და ოფიცრები ადგილობრივ მოსახლეობას ძარცვავდნენ. ასეთ ნგრევა-განადგურებასთან ერთად, ახალი პრაქტიკაც დაინერგა: ამ არეალში რუსების ჩასახლება დაიწყეს. ადგილობრივთათვის ერმოლოვი კავკასიაში ყველაზე საძულველი პირი იყო, თუმცა, როგორც ჩანს, თავად გენერალი ამით ამაყობდა და ხშირად ტრაბახობდა, რომ „მთაში დედები ბავშვებს მისი სახელით აშინებდნენ“.

„მსურს, ჩემი სახელით მოგვრილი შიში იცავდეს ჩვენს საზღვრებს ციხის ჯაჭვებზე მეტად; რომ ჩემი სიტყვა აქაურთათვის სიკვდილზე შეუვალ კანონად იქცეს“.

თავის მოქმედებებს ერმოლოვი ასე ამართლებდა:

„იძულებული ვიყავი, ბევრი აზიური წეს-ჩვეულება დამეცვა და ვაცნობიერებ, რომ კავკასიის პროკონსული ადგილობრივთა სისასტიკეს ლმობიერებით ვერ მოტეხს“.

„შემწყნარებლობა აზიელთათვის სისუსტის ნიშანია, ამიტომ, სწორედ ჰუმანურობის მოსაზრებებით, ულმობლად მკაცრი ვარ“.

ეს იყო ვითომდა უპირატესი, იმპერიული ხელისუფლების ხმა, რომელიც სინამდვილეს ამახინჯებდა საკუთარი ბარბაროსობის გასამართლებლად. სწორედ ასე ხდებოდა სისასტიკის ლეგიტიმაცია „აზიურ წეს-ჩვეულებებთან“ გაიგივების საბაბით, თითქოს მხოლოდ ეს ენა ესმოდათ აღმოსავლეთში. ერმოლოვი მეფის რუსეთის მხოლოდ და მხოლოდ გამხმოვანებელი გახლდათ. „უმრავლესობას მტკიცედ სწამდა, რომ „აზიელთათვის“ მხოლოდ ძალმომრეობა იყო გასაგები, ერმოლოვის ხმას კი წონა და გავლენა ჰქონდა. მეორე გენერალი, ა. ტორმასოვი, დაპყრობილი ხალხებისადმი აგდებულ დამოკიდებულებას უფრო დაუფარავადაც გამოხატავდა: „აზიელთა საუკეთესო წამალი ისაა, გაუხედნავი ცხენის მოსათვინიერებლად რომ იყენებენ ‒ ლაგამის ამოდება, რაც მაშინვე მორჩილ და დამყოლ ხალხად აქცევს მათ“.

მეცხრამეტე საუკუნის რუსეთის ადმინისტრაციისთვის კავკასიონის გაყოლებასა და მის ფერდობებზე მოსახლე ხალხები ავაზაკები იყვნენ. ჩასახლებული რუსებისთვის კი, მაშინაც და მერეც, ყველანი „ჩერქეზებად“ იქცნენ და, რასაკვირველია, ცბიერ და ორგულ ყაჩაღებადაც.

რუსეთის „მხსნელის“ მისია

ლერმონტოვის მსგავსად, რეალობას პუშკინი და გრიბოედოვიც კარგად იაზრებდნენ:

„ჩერქეზებს ვძულვართ. მათი სოფლები ნაცარტუტად ვაქციეთ...“ ‒ წერდა პუშკინი.

„შიში შეიძლება მხოლოდ დროებითი ხერხი იყოს მათ ხელში დასაჭერად“, ‒ ასკვნიდა გრიბოედოვი.

ანექსირებულ ხალხთა მიმართ ორივეს ჩამოყალიბებული გეგმები ჰქონდა: პუშკინისთვის საუკეთესო, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს დაპყრობა გახლდათ. ეს ჩერქეზებს ოსმალებთან სავაჭრო გზებს მოუჭრიდა. შემდგომ საჭირო იქნებოდა ჩერქეზებში სამოვრის შეტანა და ზოგიერთი ქრისტიანი მისიონერის შეგზავნა ამ ხალხის მოსაქცევად და „გასანათლებლად“. პუშკინის შეხედულებები უშუალოდ აისახა რუსი მოხელის, ზუბოვის მოსაზრებებზე, რომელიც რამდენიმე წლის შემდეგ თავის წიგნში წერდა: ადგილობრივ მკვიდრთა თავის მოსაქონად, იქაურობა რუსული საქონლით უნდა აივსოს, შემდეგ კი ქრისტიანობაზე მოვაქციოთ და რუსები ჩავუსახლოთო. ჩეჩნები, რომლებიც რუსებმა ვერაფრით დაიმორჩილეს, ზუბოვს ისევე სძულდა, როგორც ერმოლოვს:

„ჩეჩნები თავიანთი დღე და მოსწრება ყაჩაღობასა და მეზობლების ძარცვაში არიან, რომელთაც ესენი მძვინვარე ბუნების გამო სძულთ... ამ ბოროტ ხალხთან მოპყრობის ერთადერთი გზა იქნება მათი გაჟუჟვა ბოლო ჩეჩნამდე“.

ავტორს პიესისა „ვაი ჭკუისაგან“ კავკასიის მიმართ პუშკინზე უფრო შორსმიმავალი გეგმები ჰქონდა. 1823 წელს, ამ ნაწარმოებზე მუშაობისას, გრიბოედოვმა კავკასიას გაუმზადა გრანდიოზული და ამბიციური გეგმა, რომელიც 1828 წელს მთავრობას წარუდგინა. მისი არსი იყო ბრიტანული ოსტინდოეთის კომპანიის მსგავსი ორგანიზაციის შექმნა, რომელსაც ექნებოდა მონოპოლია ვაჭრობაზე, ასევე, უფლება, კავკასიაში ადგილობრივი მდიდრებისათვის მიწები ჩამოერთმია და რუსებისათვის გადაეცა ან, სულაც, თავად დასაკუთრებოდა მათ. პროექტის განხორციელებას აფერხებდა მუშახელის საკითხი ‒ იმ პლანტაციებისთვის, რომლებიც, ავტორის აზრით, კავკასიაში უნდა გაშენებულიყო. თუმცა ხერხი აქაც გამოიძებნა: გრიბოედოვის გეგმით, კავკასიაში უნდა გადაესახლებინათ რუსი ყმები, რომლებიც ორმოცდაათი წლით უნდა „მიბმოდნენ“ იქაურ მიწას, შემდეგ კი თავისუფლებას მიიღებდნენ. პროექტის ტექსტი რუსეთის იმპერატორის აღზევებით, მისდამი მაამებლური ტონით იყო გაჟღენთილი და განადიდებდა მის კეთილისმყოფელ ნებას, ცივილიზაციის შეტანის მისიას დაპყრობილ ტერიტორიებზე, სადაც ბუნება ჯერ არ ჩაეყენებინათ საკუთარ სამსახურში და ჩამორჩენილ, განუვითარებელ ადგილობრივ მკვიდრთ შეერყვნათ.

პუშკინიც და გრიბოედოვიც იდეოლოგიურად ერთნაირად ახლოს იყვნენ დეკაბრისტებთან, რომელთა ამბოხს მეფის ერთპიროვნული მმართველობა და ყმობა უნდა გაეუქმებინა და ქვეყანა დემოკრატიისაკენ დაეძრა. მარცხის შემდეგ, დეკაბრისტები გადაასახლეს, თუმცა ანექსიის ცარისტულ პროექტს ისინი მაინც სრულად უჭერდნენ მხარს. პესტელს, მეფის პოლკოვნიკს, იმპერიის ეკონომიკური ინტერესები კარგად ესმოდა და მომხრე იყო, რომ „ველური ჩერქეზები“ რუსეთის სიღრმეში გაესახლებინათ. დეკაბრისტი გ. ს. ბატენკოვი, რომელიც აჯანყებამდე, 1812-1814 წლებში, ირკუტსკში მსახურობდა, 1822-23 წლებში უკან დაბრუნდა, რეგულარულად აქვეყნებდა წერილებს გაზეთში „სინ ოტეჩესტვა“ და აცხადებდა, რომ შუააზიელი მომთაბარე ხალხები იძულებით უნდა დასახლებულიყვნენ მიწებზე.

ეს განცხადებები სრულიადაც არ ეწინააღმდეგებოდა ანექსირების სამთავრობო პოლიტიკას, პირიქით, ხშირად მათ ხორციც ესხმოდა ‒ იძულებითი გაქრისტიანებითა და დეპორტაციებით, რუსიფიკაციით, მიწების ჩამორთმევითა თუ რუს ახალმოსახლეთა გამიზნული ჩასახლებით ამ ხალხების ტერიტორიებზე. მწერლები და სახელმწიფო სამსახურები შეხმატკბილებულად მოქმედებდნენ, რადგან ორივე მხარეს შესანიშნავად შეეთვისებინა ხალხთა დაქვემდებარების ევროპული კოლონიური მეთოდებიც და თეორიული სქემებიც, რომლებიც მათ რასობრივ თუ კულტურულ უპირატესობას უდასტურებდნენ. ახლა რუსი გლეხების იძულებით აყრა და გაუკაცურებულ მიწებზე დასახლება უნდა გაემართლებინათ. ბოლოსდაბოლოს, ლინეარული განვითარება ხომ თავისთავად გულისხმობდა, რომ ღარიბი, იმავდროულად, უვიცი და ჩამორჩენილიც უნდა ყოფილიყო, ამიტომ მათ გაძღოლა სჭირდებოდათ. დარვინის მოდელები ერთნაირად მიესადაგებოდა როგორც კოლონიზებულ, ისე საკუთარი ერის გაღატაკებულ და უქონელ ფენას.

პუშკინი და ლერმონტოვი დარწმუნებულნი იყვნენ კავკასიის სწრაფ ანექსიაში, მაგრამ ცდებოდნენ. კავკასიელი ხალხები ხანგრძლივად და გმირულად იბრძოდნენ თავიანთი მიწების დასაცავად. მათი უტეხი ნება და ღრმად გამჯდარი შეურიგებლობა დაპყრობასთან ამ ე. წ. „ველურთათვის“ გმირობაზე მეტი იყო. არც რუსული საქონლის სიუხვეს დახარბებიან ‒ სატყუარას, რომელიც, პუშკინის აზრით, რუსეთის სასიკეთოდ იმოქმედებდა ‒ და არც რუსიფიკაციის გეგმებს მოჰყოლია შედეგი. ეს ომი ალბათ უსასრულოდაც გაგრძელდებოდა, რომ არა ურიცხვი იარაღი რუსების ხელთ და კოლონიალისტი სახელმწიფოს არაადამიანური პოლიტიკა, რომელსაც ჩერქეზების, მათ შორის, შაფსუღებისა და უბიხების მასობრივი გადინება მოჰყვა თურქეთში, აბაძეხები კი რუსეთის შიდა რეგიონებში გაასახლეს.

ტექსტი: მაია ბარქაია

შენიშვნები 

[1] ადრეული ნაშრომებიდან ასევე აღსანიშნავია სიუზან ლეიტონის 1994 წელს გამოქვეყნებული მონოგრაფია: Russian Literature and Empire: Conquest of the Caucasus from Pushkin to Tolstoy; 1997 წელს გამოცემული კრებული Russia’s Orient: Imperial Borderlands and Peoples, 1700-1917; და Jersild, A. 2002. Orientalism and Empire: North Caucasus Mountain Peoples and the Georgian Frontier, 1845-1917.

[2] ამ მხრივ, რამდენიმე მიმართულებას გამოვყოფდი: 1.1. დისკუსია რუსული ორიენტალიზმის, როგორც სამეცნიერო დარგისა და იმპერიალიზმის კავშირზე (მაგ: Knight, N. 2000. „Grigor’ev in Orenburg, 1851-1862: Russian Orientalism in the Service of Empire?“, Slavic Review, 59 (1). Khalid, A. 2000. „Russian History and the Debate over Orientalism,“ Kritika: Explorations in Russian and Eurasian History, 1 (4). Tolz, V.2011. Russia’s Own Orient: The Politics of Identity and Oriental Studies in the Late Imperial and Early Soviet Periods. Oxford University Press. Morrison, A. 2009. „’Applied Orientalism’ in British India and Tsarist Turkestan.“ Comparative Studies in Society and History. 51(3).1.2). დისკუსია ორიენტალიზმის ცნების (ფართო გაგებით) რელევანტურობაზე აღმოსავლეთ ევროპისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნების კონტექსტში (მაგ:, Todorova, M. 2009. Imagining the Balkans. Oxford University Press. Andronikashvili, Z. et al. 2018. Landna(h)me Georgien: Studien zur Kulturellen Semantik. 2). დისკუსია ზოგადად პოსტკოლონიურ ცნებათა რელევანტურობაზე (მაგ: Spivak, G, et al. 2013. Are We Postcolonial? Post-Soviet Space,“ PMLA, 121 (3). Moore, D. 2001. „Is the Post- in Postcolonial the Post- in the Post-Soviet? Toward a Global Postcolonial Critique).

[3] იხ. მაგალითად, Глущенко, Е. 2001. Герои империи. Портреты российских колониальных деятелей. Москва.

[4] მაგალითად, ასეთი ფართო მნიშვნელობით იყენებს ორიენტალიზმს Buchowski, M. 2006. „The Specter of Orientalism in Europe: From Exotic Other to Stigmatized Brother,“ Social Thought and Commentary. 79 (3).

logos

 

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა