Air - Tbilisi Open Air 2016
როგორც კი AIR-მა წლების შემდეგ, პირველი ტურნეს თარიღები გამოაცხადა Tbilisi Open Air-ის გუნდმა შანსი ხელიდან არ გაუშვა და წლევანდელი ფესტივალის გახსნა სწორედ ამ ფრანგულ დოუს მიანდო. AIR-ის ლაივზე დიდად არც პირველი დღის ტექნიკურ ხარვეზებს არ უმოქმედია.
ლაივის დრამატურგია ძირითადად ორი ალბომის, Moon Safari-ს და 10 000 Hz Legend-ის კომპოზიციებით იყო აგებული. Moon Safari დინამიური და მკვეთრად ელექტრონული ჟღერადობა აუდიტორიას აცოცხლებდა, ენერგიას მატებდა. Cherry Blossom Girls და Alpha Beta Gaga ძალიან კარგად ჩაჯდა მთელ დრამატურგიაში.
ბოლომდე არავინ ელოდა All I Need-ს. Playground Love-მა კი (მისი წერისას AIR-მა Phoenix-ის Thomas Mars დაიხმარა) ისე გაიჟღერა, როგორც ეს მოსალოდნელი იყო (თუმცა, მეორე დღეს აღმოჩნდა, რომ ბევრს ამ სიმღერისგან მეტი ვოკალი და ნაკლები ინსტრუმენტალი უნდოდა). Playground Love სოფია კოპოლას ფილმის The Virgin Suicide-ს საუნდტრეკებიდან ერთადერთი იყო, რომელმაც ლისი ვონდერლენდზე გაიჟღერა.
10 000 Hz Legend-ის ორი დასამახსოვრებელი სიმღერის, People In The City და Radian შემდეგ ზემოთხსენებული Alpha Beta Gaga-ს დროც დადგა, რომელიც ალბათ მთლიანად ლაივის ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტი იყო. მას შემდეგ, მუსიკალური ნომრები ძირითადად Moon Safari-სთვის დამახასიათებელ ესთეტიკას ატარებდა, რაც უფრო დაუნტემპო, ატმოსფერულ ორიენტაციას გულისხმობს. ბოლო ოთხი კომპოზიცია სწორედ 1998 წელს გამოსული ალბომიდან იყო. ინსტრუმენტალური Talisman-ის შემდეგ How Does it make feel-ის დრო დადგა.
Nicolas Godin ყვებოდა, რომ როდესაც მან სანატრელი Hofner Bass გიტარა ჩაიგდო ხელში (აი ისეთი, 60-იანებში Paul McCartney-ს რომ ჰქონდა), პირველი სოლო სწორედ Jean-Benoît-ს დაუკრა. გიტარის რიფების მოსმენისას წამოსროლილი რეპლიკა Sexy Boy კი მოგვიანებით AIR-ის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სიმღერას დაედო საფუძვლად:
„ჩვენ რომ Sexy Girl გვემღერა, მგონია, რომ ეს საშინელება იქნებოდა. Sexy Boy კი ბევრად საინტერესოდ ჟღერდა. ეს სიმღერა იყო იმაზე, თუ ვინ გვინდოდა ვყოფილიყავით, რადგან ახალგაზრდობაში გოგონებთან ჩვენი მეგობრები უფრო წარმატებით უერთიერთობდნენ, ვიდრე ჩვენ.“ - ბოლო სიმღერა კი La Femme Dargent აღმოჩნდა, რომლის შემდეგაც ფრანგეული დუეტი მსმენელს დაემშვიდობა და სცენა დატოვა.
ალბათ, თუკი ოდესმე AIR-ის კონცერტს წარმოვიდგენდი, ეს აუცილებლად დახურულ სივრცეში იქნებოდა, სადაც სცენიდან წამოსული მუსიკა და განწყობა სივრცეს არ დატოვებდა და ლაივის ბოლომდე ჰაერში იტრიალებდა. მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე ახალგაზრდა ფრანგ ბიჭებს პინკ ფლოიდის მოსმენა ძალიან უყვარდათ, მათ არასდროს უცდიათ შეექმნათ მუსიკა სტადიონებისთვის ან დიდი ღია სივრცეებისთვის. AIR-ის ესთეტიკა შესაძლოა იმ გარემოსთვის და კონტექსტისთვის იყო უცხო, სადაც ისინი აღმოჩნდნენ, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ ის რაც მოვისმინეთ AIR არ იყო. მათი მუსიკა ხომ უფრო ენერგიის აკუმულირებაზეა ორიენტირებული, და არა მისგან დაცლაზე. აი, ეს მოხდა Tbilisi Open Air-ზე, რადგან „ელექტრონული მუსიკა იმას ნიშნავს, რომ უნდა გააკეთო ძალიან მაგარი მუსიკა ისე, რომ არ იყო „როკერი“.
Nicolas Godin იხსენებდა, რომ Daft Punk-ის და AIR-ის გამოჩენამდე ფრანგული პოპ მუსიკა Sacha Distel-თან ასოცირდებოდა, რაც ძალიან არ მომწონდაო:
საფრანგეთში ჩვენ სულაც არ გვთვლიან დიდებულ ბენდად. მანდ მუსიკაში ხომ ჯერ კიდევ საშინელი გემოვნება აქვთ...