ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ამ ბიჭის ცხოვრება

ლეონარდო დიკაპრიო პირველად ”ტიტანიკში“ ვნახე. მაშინ 6 წლის ვიყავი. ჯეკი რომ მოკვდა, ძალიან ბევრი ვიტირე და ლეოც სამუდამოდ ჩამივარდა გულში. მერე, ბევრი თვის განმავლობაში ჩემი სადარბაზოს მეხუთე სართულის ფანჯრიდან წერილებს ვწერდი ასეთი ტექსტით:”ლეო მოიყვანე ცოლად, როუზი, გთხოვ“.

მას შემდეგ არც ვიცი რამდენი წელია ლეონარდო დიკაპრიოს, როგორც მას ყველა ეძახის, ლეოს, კარიერას მუდმივად ვადევნებ თვალს. ამასობაში მისი იმდროინდელი ფილმებიც ვნახე, როცა მე ფილმის საყურებლად ჯდომის უნარი არ მქონდა.

დღეს ლეოს ანგარიშზე 5 ტელე-სერიალი, 31 ფილმი, 77 ჯილდო (მათ შორის 3 ოქროს გლობუსი და 1 ბაფტა) და 192  სხვადასხვა ნომინაციაა.

[[{"fid":"645","view_mode":"default","fields":{"format":"default","field_file_image_alt_text[und][0][value]":false,"field_file_image_title_text[und][0][value]":false,"field_description[und][0][value]":""},"type":"media","field_deltas":{"1":{"format":"default","field_file_image_alt_text[und][0][value]":false,"field_file_image_title_text[und][0][value]":false,"field_description[und][0][value]":""}},"attributes":{"height":"430","width":"740","class":"media-element file-default","data-delta":"1"}}]]

ალბათ, ლეონარდო დიკაპრიოს ოსკარის მიღება-არმიღებაზე ყველაზე მეტი დაწერეს და იმსჯელეს თანამედროვე კინოსამყაროში. ”რა აწუხებს გილბერტ გრეიპს“(1994);”ავიატორი“ (2005); ”სისხლიანი ალმასი“ (2007);”უოლ-სტრიტის მგელი“ (2014) და”გადარჩენილი“ ეს ის ფილმებია, რომლებისთვისაც სხვადასხვა დროს ლეოს “ოსკარზე” იყო ნომინირებული. წლევანდელ წლამდე ლეოს ჯილდო არცერთხელ მიუღია, ყოველთვის იყვნენ კარგი შემსრულებლები, რეჟისორები, იყო კარგი, ფილმები, თემები, კინოაკადემიის ახირებები და მეორე მხრივ ჯილდოს მომლოდინე დიკაპრიო, მისი ათასობით ადამიანისგან შემდგარი გულშემატკივრების არმია, გამამხნევებელი სტატუსები, კინოაკადემიის დაუსრულებელი კრიტიკა, თავბრუდამხვევი პოპულარობა და დიდი სიყვარული.

წელს “გადარჩენილის” ეკრანებზე გამოჩენისთანავე ცხადი გახდა, რომ 22 წლის შემდეგ დიკაპრიო ბოლოსდაბოლოს “ოსკარი” მიიღებდა, არა იმიტომ რომ ეს მისი საუკეთესო როლია, ან იმიტომ რომ “გადარჩენილი” ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუს საუკეთესო ფილმია, არამედ იმიტომ რომ ერთი მხრივ ამერიკის კინოაკადემიის გადაწყვეტილებები არავითარ ლოგიკაში არ ჯდება, მეორე მხრივ კი თითქოს ჰაერში ტრიალებდა განწყობა, რომ ბოლოსდაბოლოს ეს დღე უნდა დამდგარიყო, მოლოდინი იმანაც გაამძაფრა რომ დიკაპრიომ მიიღო ყველა მნიშნველოვანი ჯილდო და მასზე გამუდმებით წერდა მსოფლიო პრესა, ლეოსა და ოსკარის ურთიერთობაზე ინტერნეტში გავრცელებულ უთვალავი ხუმრობაზე რომ არაფერი ვთქვათ.

ჩემი აზრით, ლეოს საუკეთესო ნამუშევარი კვენტინ ტარანტინოს ფილმში ”ჯანგო“ კელვინ ქენდის და სემ მენდესის ფილმში ”ცვლილებათა გზაა“ ფრენკ უილერის როლებია და საერთოდაც ”ოსკარი“ ჯერ კიდევ 1994 წელს არნი გრეიპის დაუვიწყარი კინოსახის შექმნისთვის უნდა მიეღო, მაგრამ რას ვიზამთ. 

მუდმივად მიდის დისკუსია, რატომ გამოარჩევენ ასე ლეონარდო დიკაპრიოს, როცა წლიდან წლამდე ათობით ძალიან ნიჭიერი არტისტი იჩაგრება, ამაზე პასუხი მარტივია: 1992 წლიდან დღემდე მას არ შეუწყვეტია სამსახიობო კარიერა, მისი როლების სპექტრი იმდენად ფართოა, ზოგჯერ დაუჯერებელიც კია რომ ის ერთ მსახიობს ეკუთვნის: ტობაიას ვულფიდან ჰოვარდ ჰიუზამდე, თაღლით ფრენკ აბიგნეილ უმცროსიდან FBI-ს ხელმძღვანელ ჯეი ედგარამდე; არ დათანხმებულა შინაარსისგან დაცლილ კომერციულ პროექტებს (“უოლ-სტრიტის მგელშიც” კი, რომლიდანაც შემოსავლის სახით 59 მილიონი დოლარი მიიღო, დასამახსოვრებელი კინო-სახე შექმნა); არასდროს მოუწყვია სკანდალი იმის გამო, რომ ”ოსკარი“ ან სხვა რომელიმე ჯილდო არ აქვს, უბრალოდ მშვიდად და მიზანმიმართულად მუშაობდა იმისთვის, რომ უკეთესი გამხდარიყო. მის ფილმოგრაფიას თუ გადავხედავთ “ოსკარი” არ შეიძლება წარმატების საზომი იყოს, თუმცა ყველამ ვიცით, რომ ამ ჯილდოს ჰოლივუდურ კინოინდუსტრიაში მნიშნველოვანი ადგილი უჭირავს.

გუშინ დილიდან აფორიაქებული ვიყავი, მართალია პირველად ბევრი წლის განმავლობაში დარწმუნებული ვიყავი, რომ ლეო “ოსკარს” აიღებდა, თუმცა მაინც ბევრს ვფიქრობდი, როგორ შეხვდებოდა ამ ჯილდოს და მიიღო ზუსტად ისე, როგორც მის გულშემატკივრებს გაუხარდებოდათ. აუღელვებლად. მისი სამადლობელი სიტყვა ბრტყელი მადლობებისგან თავისუფალი და ძალიან შთამბეჭდავი იყო - ეკოლოგია მსახიობის ინტერესის სფეროდ დიდი ხანია იქცა, სიტყვაში კი მან ხაზგასმით თქვა: “Let us not take this planet for granted, I do not take tonight for granted” სწორედ ამ მომენტში დავრწმუნდი: ჩემი საყვარელი მსახიობი, რომელსაც უკვე თითქმის 20 წელია ვგულშემატკივრობ ერთი ლამაზი, ნიჭიერი ბიჭიდან პლანეტის სანიმუშო მოქალაქედ და XXI საუკუნის საუკეთესო არტისტად იქცა.

ვულოცავ ლეოს და ყველას, ვინც წლების მანძილზე გულნატკენები ვიძინებდით და დღეს მიწიდან ცოტა ამაღლებულები დავდივართ.