გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

რაც ვიცი, ახლა იმას სხვებს ვასწავლი | N1 ამბავი იდეათეკიდან

ნიკოლოზ მურუსიძე / ამბროლაურის 1-ლი საჯარო სკოლა /  მე-9 კლასი

 ჩვენი სკოლა 1991 წლის მიწისძვრის შედეგად დაინგრა. მერე მთელი 10 წელი, 11-მეტრიანი წითელი ვაგონები იდგა ეზოში და სწავლა იქ გრძელდებოდა - თითო კლასი თითო ვაგონში. ერთ-ერთში დედაჩემი სწავლობდა. იხსენებს, რომ მთელი კლასი ერთ ვაგონში მაინც ვერ ვეტეოდით და ამიტომ, სულ გადანაწილებებში ვიყავითო. ჩვენ კი გვაქვს ახლა შენობა, მაგრამ, რომ შემეძლოს, ჩვენს სკოლას აუცილებლად დავუმატებდი ღია სივრცეს სპორტული აქტივობებისთვის, ოღონდ ისეთს, ველოსიპედით, სკეიტით კატაობა რომ შეიძლებოდეს. კიდევ ლაბორატორიას და ბუფეტს გავაკეთებდი. არც ერთი არ გვაქვს.

იდეათეკაზე პირველად საქართველოს ბანკის პოსტიდან გავიგე, მგონი ინსტაგრამზე ედოთ - მახსოვს, ერთ-ერთი ახლად გახსნილი იდეათეკის ფოტო იყო და ზედ, რაღაც ტექსტიც ეწერა. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს თანამედროვეობა და ბიბლიოთეკა გააერთიანეს და მგონი მართლაც ასეა. აი, ჩვენთან, იდეათეკაში დასაჯდომ ადგილს ძნელად მოძებნი. ისეთი სივრცეა, რომელიც სულ საჭიროა და სადაც მუდმივად ახალ ინფორმაციას იღებ. ჩემს კლასში ბევრს არ აქვს კომპიუტერი სახლში და ზოგჯერ, იდეათეკაში ვმეცადინეობთ ხოლმე, განსაკუთრებით თუ კომპლექსური დავალებები გვაქვს. თან მასწავლებელიც იქვეა და გვეხმარება. მეგობრული კლასი ვართ და კომპიუტერებსაც მეგობრულად ვიყოფთ.

500-გვერდიან წიგნებს ნამდვილად არ ვკითხულობ, მაგრამ ძალიან საინტერესო რაღაცეების პოვნა შეიძლება აქ. ერთი კომიქსი აღმოვაჩინე - არტ შპიგელმანის „მაუსი“. მეორე მსოფლიო ომზეა და მისი პერსონაჟები ცხოველები არიან. მგონია, რომ ავტორმა ასე სპეციალურად გააკეთა, ისეთი საშინელი ამბები ხდება შიგნით, რომ ალბათ არ უნდოდა, ბავშვებს ცუდად ეფიქრათ ადამიანებზე. 

მაგრამ განსაკუთრებით მაინც ანიმეები მიყვარს, ბავშვობიდან მიტაცებს. მახსოვს, როგორ ვუყურებდი ტელევიზორში ამ ანიმაციებს და ვერ ხვდებოდი, საიდან მოდიოდა ქართული ხმა. ამიტომ დიდხანს მეგონა, რომ ყველა ანიმე ქართული იყო. როცა მოგვიანებით გახმოვანებაზე გავიგე, გავოცდი, მართლა! ძაან დამაინტერესა ამ პროცესმა. ცუდი იყო ის, რომ თუ ტელევიზორში არ გავიდოდა, ისე ვერ ვნახულობდი ამ ფილმებს. ამიტომ ერთხელ გავიფიქრე - იქნებ მარტო მე კი არა, სხვებიც ეძებენ ანიმეებს და მათაც უნდათ ნახვა? იქნებ მე თვითონ შევქმნა საიტი, სადაც ანიმეები იქნება-მეთქი. 3-4 წლის წინ ხდება ეს ამბავი, 11 წლის ვიყავი. 
 

დაწვრილებით

არავის არაფერი უსწავლებია ჩემთვის. არც არავის ვიცნობდი, ვისაც კოდის წერა და პროგრამირება ეცოდინებოდა. ყველაფერი მე თვითონ გავარკვიე. რამდენიმე წლის წინ, სკოლებში ლეპტოპებს რომ აძლევდნენ ბავშვებს, მაშინ ჩემს უფროს ძმასაც შეხვდა და მე გადმომცა, ამაზე იმეცადინეო. ყველაფერი ექსპერიმენტის შედეგია, რაიმე რომ გამომივიდოდა, ვცდილობდი გამეხსენებინა, როგორ გავაკეთე, რა ვქენი. თავიდან საიტების აწყობა შაბლონებით ვცადე, მაგრამ ვერ მივიღე კარგი შედეგი და კოდის წერაზე გადავედი, თვითონ ვისწავლე.

იმისათვის რომ დაწერო, ააწყო და გამართო საიტი, ბიუჯეტი გჭირდება. ამიტომ ჯერ გადავწყვიტე ეს ფული შემეგროვებინა და ონლაინ მუშაობა დავიწყე. ერთ-ერთ საიტზე დავარეგისტრირე დედაჩემი, რადგან მე, არასრულწლოვანი ვიყავი და 11 წლის ბავშვს ბიზენსის ხალხი ნამდვილად არ მიენდობოდა. ჩემი კლიენტები უმეტესად ინდოელები იყვნენ, რომელთაც დაბალ ფასში ვუკეთებდი საიტებს: ბლოგებისთვის, პირატული ფილმებისთვის, ინტერნეტგაზეთებისთვის. ოცამდე ასეთი საიტი გამომივიდა. ინვესტიცია კი კრიპტოზე ჩავდე. არა, რთული არაფერია ამაში, კრიპტო ბაზარს თავისი პროგნოზები აქვს, რაც გადაწყვეტილების მიღებაში გეხმარება - როდის იყიდო, როდის გაყიდო. მერე თვითმეწარმეობა დავიწყე და ჩინეთიდან იაფად გამოვიწერე პრინტერი; ჯერ სტიკერებს ვამზადებდი და ვყიდდი, მერე უკვე მაისურებზე და დისკებზე დაპრინტვა დავიწყე. ფაქტობრივად ჩემი კერძო, პატარა ფირმა მაქვს.

რა თქმა უნდა, ანიმეს ქართული საიტიც გავაკეთე, რომელზეც უამრავი ქართულად გახმოვანებული ფილმის ნახვა შეგიძლიათ. შეიძლება დიქტატორულად ჟღერს, მაგრამ ჩემს საიტზე ყველაფერს მე ვაკეთებ: კოდის დაწერიდან კონტენტის შექმნით დამთავრებული. ვცადე დამხმარე მეპოვნა, მაგრამ არავინ გამომადგა. ერთადერთი გამხმოვანებლები მყავს, რომლებიც ინტერნეტით ვიპოვე. ტრეფიკს მუდმივად ვამოწმებ, ზოგჯერ თვეში 10,000 შემოსვლა ფიქსირდება და ჰო, რა თქმა უნდა, მაგარი ამბავია. ამ წრეებში უკვე დიდი ავტორიტეტი მაქვს და რაც ვიცი, ახლა იმას სხვებს ვასწავლი: კოდის წერას, საჭირო რესურსების პოვნას.

მართალია, ბავშვობაში, თუ კი რამეზე გამჩენია კითხვები, ყველაფრის პასუხი ბიოლოგიამ მაპოვნინა, მაგრამ მაგას არ ავირჩევ პროფესიად. ტექნიკური ინჟინერია, პროგრამირება - ყველა ვარიანტში ტექნიკური მიმართულებით წავალ, ვიცი.



საქართველოს ბანკმა და „ქართული წიგნის ინსტიტუტმა“ 2019 წლიდან საგანმანათლებლო პროექტი „იდეათეკები“დაიწყო.  მაშინ, როდესაც განათლებაზე ხელმისაწვდომობა დღემდე რჩება ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად, ამ პროექტის მიზანია რეგიონებში ფორმალურ და არაფორმალურ განათლებას შეუწყოს ხელი და ის, ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოს.

საგანმანათლებლო რესურსებზე წვდომა, წიგნიერების გაზრდა, კითხვის პოპულარიზაცია, ახალგაზრდების მოტივირება და ჯანსაღი, კომფორტული საგანმანათლებლო გარემოს შექმნა რეგიონების სკოლებში - ეს „იდეათეკის“ მთავარი ამოცანაა, რომელიც უკვე 7 სხვადასხვა რეგიონის 16 საჯარო სკოლაში გაიხსნა.

ავტორი: სალომე კიკალეიშვილი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა