ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ამირანი | ზურაბ კიკნაძე

ამ უკანასკნელ სამ ათეულ წელზე მეტია, რაც ამირანის ეპოსზე ვლაპარაკობ საუნივერსიტეტო თუ საჯარო ლექციებზე. ბევრი მიწერია მონოგრაფიულად თუ სტატიის სახითაც, ასევე – გაკვრით, სასხვათაშორისოდაც დამიწერია მასზე. თუმცა, ჩემდა გულდასაწყვეტად, ჩემს ნარკვევ-ნააზრევს გამოხმაურება არ მოჰყოლია. ვფიქრობდი კი, რომ ჩემი შეხედულება ამ ეპოსზე არღვევდა მასზე შექმნილ ტრადიციულ სტერეოტიპულ კლიშეს და, შესაძლებელიც იყო, სამეცნიერო თუ სამწერლო საზოგადოებაც კრიტიკულად აფასებდა. თუმცა, ესეც კი უთუოდ სასარგებლო იქნებოდა ავტორისთვის იმ აზრით, რომ ამოიყვანდა მას სტერეოტიპის აბლაბუდიდან, რომელშიც, კრიტიკის თვალს მოკლებული, ნებსით თუ უნებლიეთ, გახვეულიყო. მაგრამ ახლა, ვპასუხობ კითხვას, თუ როგორ გამოხატავს ამირანის მითი ერის მისწრაფებებს და ჩემს წინანდელ ნარკვევ-ნააზრევს წინ ვურთავ ერთ მოსაზრებასაც, რომელიც საჯაროდ არასოდეს გამომითქვამს, არადა, სწორედ ამირანის ეპოსი, მისი საზრისი კვებავს ამ მოსაზრებას:

მიუხედავად იმ საყოველთაო პიეტეტისა, ხალხური შემოქმედებისადმი რომ განვიცდით, არის ხალხურ სიტყვიერებაში ისეთი ტექსტები, რომელთა ავტორობა, ძნელია, ხალხს მიეწეროს. ლაპარაკია ელიტარულ შემოქმედებაზე, რომელთა ნაყოფი შესანახად მიებარება არა პერგამენტს თუ პაპირუსს – ანუ დამწერლობას, არამედ იმგვარ საიმედო საცავს, როგორიც ხალხის მეხსიერებაა. ჯერ ერთი, ხალხი უცვლელად ინახავს მიბარებულს, მეორე, მისი ცნობიერება ისე იპოხება გადმოცემული ტექსტების საზრისებით, როგორც – სასიცოცხლო ელექსირით.

ასეთი ელექსირია ხალხური ზღაპრების ერთი სახეობა, რომელსაც ჯადოსნურ ზღაპარს უწოდებენ. მასში მთავარი ჯადოსნური მოტივი არ არის, რომელიც, რასაკვირველია, უსაზღვრო ფანტაზიებს იწვევს. მთავარი მისი წარმოშობის ადგილია. ჯადოსნური ზღაპარი ერის ეზოთერულ ცენტრში იბადება – იქ, სადაც მისი სულიცა და საზრისიც ჩამოყალიბდა. ხალხი მხოლოდ ზღაპრის შემნახველი და გადამცემი ჭურჭელია. მას მოჰყვება ერთგვარი (თუმცა, ვერ ვიტყვი, მაინც რა სახის) მექანიზმი მისი სტრუქტურისა და სულიერი სუბსტანციის რღვევისგან დასაცავად. და ეს მექანიზმი, რა სახით, რა ფორმით, არ ვიცი, მაგრამ მეტ-ნაკლებად მაინც, იცავს ზღაპარს მეზღაპრეთა მოსალოდნელი თვითნებობისგან – უსაზღვრო ფანტაზირებისგან, რომელსაც ზღაპრის დვრიტის სრულიად გაქარწყლებაც კი შეუძლია.

ზღაპარი ინახავს ყოფიერების სიბრძნეს, რომელსაც ატარებს მისი მთავარი გმირი, კაცობრიობის წარმომადგენელი და კაცობრიობის განსახიერება. ზღაპრის გმირის გზა სახლიდან სახლამდე კაცობრიობის გზაა, მრავალგვარი ფათერაკებით, დაცემებითა და ამაღლებებით, ერთგულებითა და მუხანათობით, ქმნილებათა სოლიდარობით გმირის მიმართ, მისი და მისი შემწე ქმნილებათა ძალისხმევით, რაც ბოროტების საბოლოო აღმოფხვრით სრულდება. ზღაპრის დასასრულს, როცა ყოველგვარი ბოროტება არათუ დაიძლევა, პირწმინდად აღმოიფხვრება, მსმენელი მარადისობაში გადადის. ამ ეტაპის სიმბოლო მარადიული ქორწილია. რა რეალობა ელის ადამიანს ამ წუთისოფლის მიღმა, ანუ ამ ქორწილში, ბურუსითაა მოცული – ზღაპარი არ გვახედებს გაუმჭვირვალე ფარდის მიღმა, მხოლოდ ქორწილით, როგორც ლხენისა და სიხარულის სიმბოლოთი და „ჩიტის რძის“ სახით მიგვანიშნებს, რომ ზებუნებრივი რეალობა ამის მერე იწყება.

ამგვარ მოვლენას, როცა მაღალ სფეროებში შექმნილი რაობა შესანახად და გასავრცელებლად ქვემო სფეროში გადმოინაცვლებს, გერმანულ ფოლკლორისტიკაში უწოდებენ „ჩაძირულ კულტურულ დოვლათს“ (Gesunkenes Kulturgut).

უდავოა, რომ სიტყვიერი შემოქმედების ნაყოფთა „დაძირვა“ ხალხის მეხსიერებაში, ამ დოვლათის შენახვის საუკეთესო საშუალებაა და, რამდენადაც პასიურია (და ასეთია იგი პრინციპულად) კოლექტიური მეხსიერება, იმდენად მრთელად და შეურყვნელად ინახავს იგი მიბარებულს.

სწორედ ამ „ჩაძირულ კულტურულ დოვლათს“ ეკუთვნის ამირანის თქმულება, რამდენადაც მისი იდეური მიზანდასახულობა სცილდება ხალხის მენტალიტეტს, ინტერესებს და კომპეტენციას (ამ მიბარებულ ტექსტში ხალხის ინტერესის საგანი შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ საგმირო ეპიზოდები (ბრძოლა დევებსა და ვეშაპებთან), რომელთა საშუალებითაც შეინახა თქმულება ისე, როგორც ზღაპარს მისი ფანტასტიკა ინახავს.

„ამირანიანს“ შეიძლება „ტრაგიკული ეპოსი“ ვუწოდოთ. მასში საგმირო-სათავგადასავლო და მითოლოგიური მოტივებით გამოხატულია ადამიანის აღზევებისა და დაცემის დრამა. „ამირანიანს“ უფრო მეტი აქვს საერთო ბერძნულ კლასიკურ დრამასთან, ვიდრე პრომეთევსის მითოსთან. „ამირანიანიც“, მსგავსად ბერძნული დრამისა, ჰუბრისზეა აგებული. ჰუბრისი ანუ გაბუდაყება (ეს მთიულური სიტყვაა) კულმინაციაა იმ ზღურბლთა შორის, რომელთაც გაივლის ტრაგიკული დრამის გმირი. უფრო არსებითად რომ ვთქვათ, „ამირანიანში“ დგას ადამიანის პრობლემა და ეს პრობლემა ეკსისტენციალურ ჭრილში წყდება. ამაში მდგომარეობს „ამირანიანის“ თავისთავადობა, მისი უნიკალური ადგილი მსოფლიო ხალხთა ეპოსებს შორის.

ახლა ვნახოთ, როგორი გმირი იზიდავს ხალხს, მის რა ქმედებებს სცემს დასტურს და რას მოელის მისგან?

თუ გადავხედავთ მსოფლიო ეპოსებს, დავინახავთ, რომ გმირები ფიზიკური ძალით გამოირჩევიან, ეს მათი აუცილებელი ატრიბუტია, ამით იმსახურებენ ხალხის ნდობას. მსმენელი მოელის გმირისგან კეთილ საქმეებს, რაც მათდამი სიყვარულს განაპირობებს. ხალხი ეძებს ასეთ გმირს, და მზად არის, აბსოლუტური ძალით შემოსოს ის, რომ მის წინაშე ყოველმა ბოროტმა ძალამ უკან დაიხიოს. მეტიც, მან უნდა აღმოფხვრას ბოროტების ფიზიკური ძალა და სიკეთის დამკვიდრებას უნდა ემსახურებოდეს.

ასეთი გმირია ამირანი – ის პასუხობს ხალხის იდეალებს და ხალხიც მის მიმართ არა მხოლოდ სიყვარულით, არამედ სიბრალულის გრძნობით იმსჭვალება. სიბრალულით რაღატომ? რადგან საბოლოო დაღუპვისთვის არ ემეტება თავისი გმირი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა – თავისი ძალით გაამაყებულმა, აბსოლუტური სიკეთისა და ძალის მქონე არსებაც კი – მაცხოვარიც, ორთაბრძოლაში გამოიწვია. მაცხოვარი ხომ მას, ახლად შობილს, მოხუცი კაცის სახით მოევლინა და ფიზიკური ძალა დაანათლა, მერე კი, იგივე მაცხოვარი მოხუცის სახით შეხვდა უკვე ფიზიკური ძალით მოქადულ ამირანს. ეს იყო ამირანის თავგადასავალში უდიდესი საცდურიც, განსაცდელიც და გამოცდაც, რაშიც, ყოფითი სიტყვით რომ ვთქვათ, ამირანი სამარცხვინოდ „ჩაიჭრა“.

თქმულება საბოლოოდ გვეუბნება, რომ მისი ეს უზომო ძალა სულაც არ არის დიდი, ძლევამოსილი. მართალია, ამირანი ქმნილებებს ანადგურებს, მაგრამ სრულიად უძლურია იმ არსების წინაშე, რომელმაც ეს ძალა მისცა. არათუ დიდად, საერთოდ, ძალადაც არ ჩაითვლება აბსოლუტური ძალის წინაშე. ის ნულის ტოლი ხდება, როგორც კი ყოველი მიწიერი ძალის წყაროს შეეჯახება.

ასე რომ, უზომო ფიზიკური ძალა, რომელსაც ატარებენ საგმირო-სათავგადასავლო ეპოსის გმირები მთელი თავიანთი „ჭაბუკობის“ პერიოდში, ამირანთან მიმართებით სრულიად განსხვავებულ მოტივაციას იძენს. თუ საგმირო-სათავგადასავლო ეპოსებში ძალა მხოლოდ და მხოლოდ საშუალებაა მიზნის მისაღწევად, ამირანისთვის ის, რაც თავგადასავლის პირველ ეტაპზე საშუალება იყო, თვითმიზანი და, საბოლოოდ, მისი კატასტროფის მიზეზი ხდება.

ბლეზ პასკალის გამონათქვამი, რომ ადამიანს ორნაირი განსაცდელი ემუქრება: ის შეიძლება ჩავარდეს სასოწარკვეთილებაში თავისი უძლურების გამო და შეიძლება გაამპარტავნდეს საკუთარ თავზე გადამეტებული წარმოდგენის გამო – ზედმიწევნით ხსნის ამირანის ტრაგედიის მიზეზს. ამირანი მოიცვა სასოწარკვეთილებამ უძლეველ ამბრი არაბის ცხედართან შეხვედრისას და მოიცვა ჰუბრისმა, როცა წარმოიდგინა, რომ მისი მომრევი ამქვეყნად და არც ქვეყნის გარეთ არავინ იყო. ამბრი არაბის წინაშე თავის უძლურებაში დარწმუნებული, ორმოცი დღე და ორმოცი ღამე გლოვობდა. მისმა ნათლიამ, მაცხოვარმა იესო ქრისტემ, შეიბრალა იგი და უზომო ძალა მიანიჭა. მაგრამ როცა ამირანს ქვეყანაზე არავინ დარჩა მოურევნელი, მას დაეუფლა ჰუბრისი და ორთაბრძოლაში თავად მაცხოვარი გამოიწვია. გაამპარტავნებულმა დაივიწყა, რომ ეს ძალა მას ბოროტებასთან საბრძოლველად მიეცა და როგორც კი ყველა ბოროტება მოსპო დევების სახით, იმის დამარცხება მოინდომა, ვინც ძალა მიანიჭა – ანუ ძალა მის ხელში დესტრუქციად იქცა და არა საამაყო უნარად. ეს იყო უდიდესი ჰუბრისის გამოვლინება, რისთვისაც ამირანი ღმერთმა კლდეზე მიჯაჭვით დასაჯა.

ამრიგად, მთავარია, რისთვის ისჯება გმირი. ამირანის შემთხვევაში ხალხის პასუხი ერთმნიშვნელოვანია: ნათლიასთან შეჭიდებისთვის, რასაც სხვას ვერაფერს დავარქმევთ, თუ არა ჯანყს უზენაესის წინააღმდეგ, რომელიც გარდაუვლად იმსახურებს სასჯელს. არც ერთი ჩანაწერი (ვარიანტი) ამ ეპიზოდისა არ ამართლებს ამირანის საქციელს, არ ლაპარაკობს აღშფოთებით, რომ სასჯელი დაუმსახურებელია, რომ დასჯილი გმირი უბრალოა. ადგილი არ რჩება აღშფოთებას, მაგრამ არის გულისტკივილი, თანაგრძნობა, სურვილი იმისა, რომ მიჯაჭვული გათავისუფლდეს. არის აშკარა, შეიძლება ითქვას, ზეპიროვნული, თუნდაც კოლექტიური (ნუ გავექცევით ამ სიტყვას) თანაგრძნობა ამირანის ბედისადმი. სიბრალული, რასაც იწვევს სასჯელის ქვეშ მოქცეული ამირანი, ხალხის გაუნელებელ სიყვარულსაც ბადებს. ამირანის სავალალო ბედიც ამ სიყვარულში ზავდება. მაგრამ ასე მარტივადაც არ არის საქმე. სიბრალულს, შეცოდებას, მეორე მხარე აქვს.

პრომეთეზე შექმნილია მეორეული მითოსი, როგორც თავისუფლებისთვის მებრძოლზე ან პირველ მოწამეზე კაცობრიობის ისტორიაში. ის ასეთად მარქსმა დასახა. ამირანის ტოტალურ გამართლებასაც დაედო ჩვენში საფუძველი და ეს მოხდა 1883 წელს, როცა აკაკი წერეთელმა გენიალურ „თორნიკე ერისთავში“ ჩართულ, შეიძლება ითქვას, ესქატოლოგიურ სიმღერაში პრომეთეს სიუჟეტი ამირანზე გადაიტანა და, საბოლოოდ, მიჯაჭვული გმირი ტანჯულ ქვეყანასთან გააიგივა. თუმცა

ამირანის პიროვნების აკაკი წერეთლისეულმა ინტერპრეტაციამ, რაც იმ ეპოქაში გამართლებული იყო, მაგრამ მაინც უმართებულო, ჩვენს საუკუნეში, ამირანის შესახებ სრულიად „მესიანისტური“ ბოდვა წარმოშვა.

ფეისბუკში გამოქვეყნებული ქვემორე ტექსტიც ამირანზე, პირდაპირ ვიტყვი, სრული ბოდვაა, რადგან ამირანი წარმოჩენილია, როგორც კაცობრიობისთვის სიკეთის მოტანის გამო უსამართლოდ დასჯილი გმირი:

„ქართველი ხალხის საყვარელი გმირი ამირანი, ზევსმა – ომისა და ჭექა-ქუხილის ღმერთმა, დასაჯა და კავკასიონზე მიაჯაჭვა… ეს ის ამირანია, რომელმაც კაცობრიობას მისცა ცეცხლი – (განათლება, სულის წამალი-პური არსობისა). მოვა დრო და ცეცხლისმპყრობელი ამირანი, რომელიც ქრისტეს წინა სახეა, ქრისტეს მეგობარი, ლაზარეს მეშვეობით აიწყვიტავს და თავს დააღწევს მიჯაჭვულობას – ის ხომ თვით მამა ღმერთთან ავიდა თავისი სულიერებით და გონებრივი სიმწიფის დონით. მავანთ კი ჰგონიათ, რომ ის თვით ღმერთს შეებრძოლა და მას ღმერთთან მებრძოლი ამირანი შეარქვეს. არა, ბატონებო, ის მხოლოდ სიბნელის, ძალმომრეობის და ბოროტების წინააღმდეგ მებრძოლი გმირია. ზ ე ვ ს ი ს – ომის ღმერთის დრო, მალე უნდა შ ე ი ც ვ ა ლ ო ს, სიყვარულის, საყოველთაო მშვიდობის და მზის ღმერთის – ქ რ ი ს ტ ე ს მიერ. თქმულება ამირანზე 4000 წლისაა“.

სინამდვილეში, ერთადერთი რამ, რაც აახლოებს ამირანს პრომეთესთან, მიჯაჭვაა. განსხვავება კი უფრო მნიშვნელოვანია – რისთვის არის ამირანი მიჯაჭვული და რისთვის პრომეთევსი? ქართულ თქმულებაში, ამირანის გმირობათა შორის, ცეცხლის მოტაცება, რისთვისაც პრომეთე ისჯება, სრულებით არ ჩანს. პრომეთე კი იტაცებს ცეცხლს, მაგრამ ამის გამო სინანულის განცდა არც აქვს და არც ზევსი მოელის მისგან სინანულს. პრომეთეს ბედი უფრო მის კაპრიზზე თუ თვითნებობაზეა დამოკიდებული. საბოლოოდ, ის იხსნა გარეშე ძალამ და არა შინაგანმა მზადყოფნამ ხსნისათვის. მეტიც, შინაგანის პრობლემა მის წინაშე არც დგას. ეს ადამიანის პრობლემაა, პრომეთე კი ადამიანი არ არის. ამირანის ტრაგედია კი გაცილებით ღრმაა.

მიჯაჭვული ამირანი

ამირანი გარიდებულია კაცობრიობას. მისი თავდაპირველი ობლობა მარტოობის სახეს იღებს. მარტოობის განაჩენი მან თავადვე გამოუტანა თავის თავს, როცა გაბუდაყების პერიოდში განუდგა ყველას და, საბოლოოდ, ყოვლის პირველ მიზეზსა და დასაბამს აუჯანყდა. არ არიან მის გვერდით არც მისი ძმები და არც ყამარი. სად არის შემწე, მრჩეველი და მოსარჩლე? ღმერთმა დასაჯა და ადამიანი როგორღა გამოესარჩლოს? აღარც მეტოქე, რომელთანაც კვლავ გამოცდიდა ძალას. უკანასკნელი ძალა, რომელმაც ის მიაჯაჭვა, კლდედ აღმართულა. ახლა ის მარტოა თავის თავთან, დასრულდა ეპიკური დრო და დაიწყო ეკსისტენციალური, მისი საკუთარი პიროვნული დრო. ამ ტყვეობაში მის გარშემო ჩნდებიან სრულიად ახალი პერსონაჟები. აქ არის გოშია, რომელმაც მთელი წლის მანძილზე უნდა ლოკოს ჯაჭვი, გაწყვეტამდე მიიყვანოს იგი, რათა მჭედლებმა კვლავ გაამრთელონ.

აქვეა ჩიტი, რომელიც პერიოდულად აჯდება პალოს, რათა ამირანმა პალო, რომელსაც ის არყევს მთელი წლის მანძილზე, თავისდა უნებურად კვლავ მყარად ჩააჭედოს კლდეში. პალოზე შემომჯდარ ამ უცხო, საიდანღაც შემოფრენილ ფრთოსანს წილი უდევს თითქოს უკვე თავდახსნილი ამირანის ხელმეორედ მიჯაჭვაში. ამირანი მუშტის ძლიერი დარტყმით პალოს აბრუნებს მიწის სიღრმეში. ჩიტი მიფრინავს. ეს ჩიტი იმის ნიშანია, რომ ამირანი ჯერ კიდევ არ არის მზად გასათავისუფლებლად. იგივე ძალა, რომელიც მისი იმედი და სიამაყე იყო, იქცევა მის კვლავ მიმჯაჭველად.

გოშია – მიწის არსება – ეხმარება, ჩიტი – ცის არსება – ხელს უშლის. ეს იმას ნიშნავს, რომ ცა ჯერ კიდევ არ არის თანახმა მისი გათავისუფლებისა? ცა კვლავ განსაცდელს უგზავნის მას, კვლავ ელის მისგან პასუხს. სიჯიუტეა, რომ აბრკოლებს მის გათავისუფლებას. ჯერ სიჯიუტე უნდა დაიძლიოს.

არსებული თქმულების რამდენიმე ვარიანტის თანახმად, რაც შეიძლება ამირანის ეპოსის ეპილოგად მივიჩნიოთ, ის კლდე, სადაც მიჯაჭვულია გმირი, შვიდ წელიწადში ერთხელ იღება. ცა კვლავ აძლევს შანსს. ამ გაღებულ კლდესთან შემთხვევით მოხვედრილი მწყემსი თუ მონადირე კი, ვისზეც დამყარებულია გათავისუფლების იმედი, ვერ იცავს აკრძალვებს.

გერმანელი ფილოსოფოსი ჰ.გ. გადამერი პრომეთევსს კაცობრიობის თვითტანჯვის, მისი ცნობიერების ტრაგედიის სიმბოლოდ სახავს; კაცობრიობა მასში საკუთარ თავს ჭვრეტს. ფილოსოფოსს ეჩვენება, რომ პრომეთეს ისტორია ისევე დაუმთავრებელია, როგორც თავად ადამიანის ისტორია.

მე კი ვფიქრობ, რომ ეს სიტყვები უფრო ამირანის ეკსისტენციალურ მდგომარეობას გამოხატავს, ვიდრე პრომეთესას. ისტორიაში პრომეთეს დრამა დასრულებულია, ის ჰერაკლეს გამომსყიდველმა აქტმა გააუქმა, ამირანისა კი დღემდე გრძელდება „მიჯაჭვულ“ თუ გამოქვაბულში გამომწყვდეულ კაცთა მოდგმასთან ერთად (გავიხსენოთ პლატონის მითოსი გამოქვაბულზე).

სანამ ამირანს ფიზიკური ძალის იმედი აქვს, რომელმაც მარცხი განიცადა, ის მუდმივად მიჯაჭვული დარჩება. ერთადერთი ძალა, რომელმაც ის უნდა გაათავისუფლოს, სინანულია.

ავტორი: ზურაბ კიკნაძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა