
ჩემს ბრძოლას მივიყვან ბოლომდე | ანატოლი გიგაურის საქმე
„ვერავინ გამაგდებს საქართველოდან და ვერც ეღირსებით, რომ წავიდე...“ – მიმართა სასამართლოს 14 მარტის სხდომაზე ანატოლი გიგაურმა.
მისი ეს სიტყვები მოჰყვა პროკურატურის შუამდგომლობას, არ შეეცვალა აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა, რადგან მისი მტკიცებით, არსებობდა ანატოლის მიმალვის საფრთხე.
2024 წლის 24 ნოემბერს, არჩევნებიდან ერთი თვის თავზე, ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, თბილისში მასშტაბური აქცია დაიგეგმა. დემონსტრანტთა მსვლელობები სხვადასხვა ქუჩებიდან დაიძრა. ერთ-ერთი იყო რესპუბლიკის მოედანი – პოლიცია ავტომობილებით ცდილობდა, მათთვის გადაადგილების საშუალება არ მიეცა. დაძაბულობას შეხლა-შემოხლა მოჰყვა.
45 წლის ანატოლი გიგაური ამ აქციის ერთ-ერთი მონაწილე იყო. გვიან ღამით, აქციიდან საკუთარი ავტომობილით სახლისკენ მიმავალი, ვეფხისა და მოყმის ძეგლთან საპატრულო პოლიციის რამდენიმე მანქანამ გააჩერა, წრე შემოარტყეს:
„კარი გავაღე, დავდექი და ხელი დავალაგე საპატრულო მანქანის საბარგულზე, წინააღმდეგობას არ გიწევთ-მეთქი. ამ დროს მომვარდა ორი პოლიციელი და ზურგს უკან ხელბორკილები დამადეს“, – ასე გაიხსენა დაკავების მომენტი სასამართლოზე.
მას ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მისი დაკავების ღამეს სახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედმა“ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც გაკვირთაა ასახული ხალხისა და პოლიციელების შეხლა-შემოხლა და საერთო ჯაჯგურსა და ჩოჩქოლში ჩანს ისიც, თუ როგორ ურტყამს ანატოლი გიგაური მასთან დაპირისპირებულ პოლიციელს სახეში ხელს.
მეორე დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ „ბრალდებული, რომელიც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციაში იღებდა მონაწილეობას, ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის მყოფ პატრულ-ინსპექტორს თავს დაესხა და მასზე ფიზიკურად იძალადა“.
სისხლის სამართლის საქმე
„ანატოლის შემთხვევა კლასიკური მაგალითია, როგორ შეიძლება სისხლის სამართლის საქმეში მოძალადე პოლიციელი დაზარალებულად იქცეს“, – ამბობს ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე.
ეს პოლიციელი პატრულ-ინსპექტორი ვახტანგ გაბუნიაა – სისხლის სამართლის საქმის ერთადერთი დაზარალებული.
გაბუნია გამოკითხვის ოქმში აღწერს, რომ 24 ნოემბრის ღამეს, დაახლოებით 22:30 საათზე, ხალხის მასა ოპერის ტერიტორიიდან პარლამენტისკენ მიდიოდა, როცა მასთან პატრულის ორი თანამშრომელი მივიდა დახმარების თხოვნით. ხალხი ცდილობდა, პოლიციის კორდონი გაერღვია, რის უფლებასაც ისინი არ აძლევდნენ:
„სწორედ ამ დროს მომიახლოვდა ერთ-ერთი მამაკაცი და მარცხენა ფეხის წვივის არეში ჩამარტყა ფეხი, რა დროსაც განვიცადე ტკივილი. ხსენებული მამაკაცი გამოირჩეოდა აგრესიით. მალევე მომიახლოვდა განმეორებით და მარჯვენა ხელი ჩამარტყა მარცხენა მხარეს, კერძოდ ყურის, ლოყისა და კისრის არეში, რა დროსაც მისი დარტყმით მე განვიცადე ძლიერი ტკივილი. ამავდროულად, ხსენებული პირი ფიზიკურად მექაჩებოდა სამსახურებრივ ქურთუკზე, რის გამოც დამიზიანა ქურთუკის მარცხენა და მარჯვენა სამკლაური. მას შემდეგ, რაც ხსენებულმა პირმა დამარტყა, შევეცადე მის დაკავებას, თუმცაღა ის დამისხლტა და გაიქცა“.
სინამდვილეში კი საქმის ერთადერთი მთავარი მტკიცებულება – ვიდეოკადრები – ადასტურებს, რომ გაბუნია თავად დაესხა თავს ანატოლი გიგაურს, მან პირველმა დაარტყა.
ეს ვიდეომტკიცებულება 26 მარტს სასამართლო სხდომაზე გამოიკვლიეს და კიდევ ერთხელ გამოჩნდა თანმიმდევრობა – ჯერ პოლიციელი როგორ არტყამს გიგაურს სახეში შეკრულ მუშტს, შემდეგ ისმის გიგაურის სიტყვები – „რატომ დამარტყი?“ და ცდილობს პოლიციელის თავიდან მოქნეული ხელის მოგერიებას.
ამ დარტყმას დაცვის მხარე არც უარყოფს. ლაშა ცუცქირიძე ამბობს, რომ ეს იყო აუცილებელი მოგერიება, რისი უფლებაც ყველა ადამიანს აქვს. ეს ვიდეომტკიცებულება საკმარისია იმისათვის, რომ ანატოლი გიგაური გამართლდეს.
მეტიც, ადვოკატის თქმით, ეს ვიდეომტკიცებულება საკმარისია იმისათვის, რომ ანატოლი გიგაური თავად სცნონ დაზარალებულად. მასზე იძალადა პოლიციამ დაკავების შემდეგაც. პირველ სასამართლო სხდომაზე გიგაურმა მოჰყვა, რომ მას მერე, რაც ხელბორკილები დაადეს, მანქანის უკან გაიყვანეს და სცემეს ისე, რომ სისხლი სდიოდა. შემდეგ პოლიციის განყოფილებაში გადაყვანისას პოლიციელები ცდილობდნენ მისთვის სისხლდენა შეეჩერებინათ, აფთიაქში შესვლაც კი დასჭირდათ:
„რაღაც საშუალებები იყიდეს და ვაშლიჯვრის ასახვევში სისხლი მომწმინდეს. გზაში ურეკავდნენ ჩემ გვერდზე მჯდომს, ეკითხებოდნენ, სისხლი თუ შეუწყვიტეთო… შემდეგ საპატრულოს შენობაში მიმიყვანეს. ერთ-ერთ ოთახში შემიყვანეს, მკითხეს, კაცურად გვითხარი, რა მოხდაო. სისხლზე ვანიშნე, ეს მოხდა-მეთქი“.
ანატოლი გიგაური დაზარალებულად არც ამ ფაქტზე ცნეს. ამ საქმეზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიება დაწყებულია, რამდენიმე პირი გამოკითხეს კიდეც.
ადვოკატის მტკიცებით, თუ მაგალითად, პირობითად იტყვიან, რომ მეორე ეპიზოდზე (დაკავების შემდეგ ცემა) მტკიცებულებები არასაკმარისია, დაკავებისას დარტყმის უტყუარი ვიდეოკადრი ხომ არსებობს და მეტი არც სჭირდებათ იმისთვის, რომ ამ ნაწილში მაინც აღიარონ გიგაური დაზარალებულად.
„შესაბამისად, პოლიციელი გაბუნია იმ საქმეში მინიმუმ ბრალდებული უნდა იყოს და ისიც უნდა გაასამართლონ“.
დაცვის მხარე აპირებს უახლოეს მომავალში სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართოს გიგაურის დაზარალებულად ცნობის მოთხოვნოთ, რადგან ამ დრომდე ეს მათ თავად არ გააკეთეს.
რა ვიცით ანატოლი გიგაურზე
ანატოლი გიგაური შიდა ქართლში, ქარელში ცხოვრობს. ცოლი და ორი შვილი ჰყავს. 15 წელიწადს ჯარში მსახურობდა, მონაწილეობდა ავღანეთის საბრძოლო მისიებში, 2008 წლის აგვისტოს ომში.
ჯარიდან წასვლის შემდეგ მეუღლესთან, თამართან ერთად ქარელში ვაშლის ბაღებსა და ვენახს უვლიდა, კარტოფილი მოჰყავდა. ეს ოჯახის მთავარი შემოსავალი იყო.
„სულ შორს იყო ჩვენგან, ენატრებოდა ბავშვები, ჯარიდან ამიტომ წამოვიდა“, – ამბობს თამარ მაღლაკელიძე, ანატოლი გიგაურის ცოლი. ახლა ის მარტო ზრდის ორ შვილს – 14 წლის ბიჭს და 4 წლის გოგოს, უძღვება სოფლის მეურნეობას, მისი საზრუნავი გახდა ოჯახის დიდი, 15 წლიანი სესხის გადახდაც: „მიჭირს, მაგრამ არ ვაგრძნობინებ ანატოლის, როგორც შემიძლია მხნედ ვარო“.
ანატოლი აქციაზე ქარელიდან დადიოდა.
„მოვიდოდა ბაღიდან, გადაივლებდა წყალს და მიდიოდა. ძალიან პატრიოტია, ძალიან სამართლიანი. სულ ბრძოლაში იყო, რა აღარ აქვს გამოვლილი, იმხელა ფიზიკური და სულიერი ტრავმები დარჩა ომიდან. ამბობდა, აღარ მინდა ჩემმა შვილებმაც იგივე გამოიარონ და თუ ვერ შევცვლი რამეს, ის მაინც მეცოდინება, რომ ბოლომდე ვიბრძოლეო“, – ამბობს თამარი.
ანატოლის დაკავების ღამე მძიმედ ახსოვს. გვიან ღამით ახლობელმა „იმედის“ ვიდეო გაუგზავნა, ანატოლის ტელეფონი უკვე გამორთული იყო, მიხვდა, რომ რაღაც ცუდი მოხდა:
„მთელი ღამე არ ვიცოდი, სად იყო. გამთენიას, დილის 5 საათზე დედაჩემს დაურეკეს პოლიციიდან, ანატოლი დავაკავეთო. დედაჩემს რატომ დაურეკეს, ესეც არ ვიცი“.
ახლა შეხვედრის ადგილი ციხეა.
„პაემნებზე დავდივარ, პატარაც დამყავს, ვერ ხვდება, რატომ არის მამა მინის მიღმა. უფროსი არ ლაპარაკობს ამ თემაზე, პატარა ძალიან განიცდის, ძალიან მიჯაჭვული იყო მამაზე, ის აძინებდა და სულ კითხულობს, როდის მოვა მამა სახლში“.
ანატოლი გიგაურის საქმე სასამართლოში არსებითი განხილვის ეტაპზეა.
„პაემნებზე პატარაც დამყავს, ვერ ხვდება, რატომ არის მამა მინის მიღმა. უფროსი არ ლაპარაკობს ამ თემაზე, პატარა ძალიან მიჯაჭვული იყო მამაზე, ის აძინებდა და სულ კითხულობს, როდის მოვა სახლში“.
ანატოლი გიგაურის დაკავების შემდეგ სოციალური ქსელის ჯგუფ „დაიტოვეში“ დაიწერა, რომ მან მოასწრო ვაშლისა და კარტოფილის მოსავლის აღება, მაგრამ გაყიდვა – ვეღარ. ხალხს სთხოვდნენ, თუ ვინმეს სჭირდებოდა ეს პროდუქტები, ანატოლის მეუღლისგან ეყიდათ.
აქტივისტებმა ოჯახს ქარელში ჩააკითხეს, მოსავალი ტომრებსა და ყუთებში გადაანაწილეს, თბილისში ჩამოიტანეს და გაყიდვაში დაეხმარნენ.