გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #პანდემია

ანგარიში პანდემიის დროს | ნინო ლეჟავა

ამ დოკუმენტაციას ბევრი მიზეზი და მრავალწლიანი პირადი გამოცდილებაც უდევს საფუძვლად.

საბაბი კი საქართველოს ერთ-ერთი მოწინავე სახელმწიფო უნივერსიტეტის - ილიაუნის ახალი სამაგისტრო პროგრამა გახდა. ივნისის ბოლოს ისტორიკოსმა ბექა კობახიძემ გამოაქვეყნა „თანამედროვე საქართველოს ისტორიის“ მიმზიდველი და მრავალფეროვანი პროგრამა, რომელსაც  აღმოაჩნდა ერთი - 2020 წლის პირობაზე - მოულოდნელი ნაკლი: ის სრულად იყო დაკომპლექტებული თოთხმეტი მამაკაცი პროფესორითა და ლექტორით.

ბუნებრივია, ფემინისტური ხედვის ადამიანებში ამ მამაკაცურმა სიამ ჯერ გაოცება,  შემდეგ კი კრიტიკა გამოიწვია. რისხვას, რომელიც ამ კრიტიკას რეაქციად მოჰყვა, კიდევ უფრო დიდი გაკვირვება და გულისწყვეტა მოჰყვა. არადა, ზოგიერთი მათგანი მაინც პროფემინისტად, ხოლო თავად უნივერსიტეტიც, ამ თვალსაზრისით, მეტ-ნაკლებად პროგრესულ დაწესებულებად მიგვაჩნდა.

ფეისბუკზე შეხლა-შემოხლის მაგივრად გადავწყვიტე, FAQ-ს (ხშირად დასმული კითხვების) სისტემით კიდევ ერთხელ ამეხსნა პურისტულად მერიტოკრატიის მომხრეებისათვის, თუ რატომ არის უსამართლობა და ჩამორჩენილობა, როცა 2020 წელს, საქართველოში, სახელმწიფო უნივერსიტეტში იხსნება ახალი სამაგისტრო კურსი, და არავის - არც კურსის უშუალო შემქმნელებს, და არც მონაწილეებს, მრჩევლებს, შემფასებლებს, დამამტკიცებლებს, სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს, ადმინისტრაციის წევრებს - თვალში არ მოხვედრია და უხერხულობა არ შექმნია გენდერული დისბალანსისგან. სურათი, რომელიც აუცილებლად დატოვებს ანაბეჭდს ამ კურსის სტუდენტებზე.

ქალების სიმცირის შემთხვევებში, ერთ-ერთ გავრცელებულ, თავის გასამართლებელ არგუმენტს  - „ქალები არ არიან“- პასუხად აქვე შევაგებებ, რომ პირადი პროფესიული გამოცდილებით ძალიან კარგად ვიცი, თუ რა ძნელია, ამა თუ იმ სფეროში თავი მოუყარო ქალ სპეციალისტებს. ყოველთვის დიდი ძალისხმევა სჭირდება მათ დარწმუნებას, განსაკუთრებით - საჯარო ასპარეზზე გამოსაჩენად. ამიტომაც, მკაფიოდ წარმომიდგენია ამ კურსზე პასუხისმგებელი ადამიანების სირთულეებიც. სამაგისტრო პროგრამას კვლავ ინტერესით ვგულშემატკივრობ და ისიც ვიცი, რომ ამასობაში ერთი ქალი ისტორიკოსიც დაამატეს კურსის თოთხმეტკაციან,  კომპეტენტურ პერსონალს.

ხშირად დასმული კითხვების დაწყებული სია ძალიან გამიგრძელდა, მერე პანდემიასთან დაკავშირებული იზოლაციის გამო  მონატრებული მეგობრები მესტუმრნენ და ორი კვირით გადადებული საქმის ბოლომდე მისაყვანად ვეღარ მოვიცალე.

ამისგან დამოუკიდებლად, ვაგრძელებდი გაზაფხულიდან დაწყებული სკრინშოტების შეგროვებას: ბევრი თქვენგანის მსგავსად, მეც ზუმის შეხვედრების დროს კერძო ინტერიერებს და რეპრეზენტაციულ ფონად არჩეულ წიგნის თაროებს ვათვალიერებდი ვუაირისტის მზერით; ფემინისტის მზერით კი საჯარო ღონისძიებების ჩამნაცვლებელ საჯარო ლაივებს ვადევნებდი თვალყურს და კოლექციას ვავსებდი. გენდერული უთანასწორობის შესახებ ვიზუალურ დოკუმენტაციას ჯერ ჩემთვის ვაკეთებდი, შემდეგ კი, როცა საკმარისი მასალა დამიგროვდა, გადავწყვიტე, რომ ის გამომექვეყნებინა.  

კოლექცია ალალბედზე კეთდებოდა და რა თქმა უნდა, ვერ დაიჩემებს სრული სურათის წარმოჩინებას. აქ წარმოდგენილია მხოლოდ იმ ორგანიზაციებისა და პირების მიერ გამართული საჯარო დისკუსიები, რომლებიც მე მაქვს დალაიქებული ან ვინც ჩემი ფრენდები არიან. ეს ფილტრიც კი კიდევ უფრო უსვამს ხაზს საჯარო სივრცის ასიმეტრიულობას, რადგან ჩემთვის, როგორც ფემინისტისთვის მეტ-ნაკლებად საინტერესო ვირტუალური წრის სურათიც კი უთანასწოროა.

სკრინშოტებს ვაკეთებდი თავისუფალი დროს სკროლვისას და ვცდილობდი, რომ გამოჩენილიყო საუბრის თემა და ორგანიზატორი, თუმცა, ფორმატი ზოგჯერ არ მაძლევდა ამის საშუალებას. არ მიცდია ჩემი თავდაპირველი თეზისის - რომ ვირტუალურ საჯაროობაშიც უფრო მეტი კაცი იქნებოდა სასაუბროდ მიწვეული, ვიდრე ქალი - სასარგებლოდ მანიპულაცია და ღონისძიებების საგანგებოდ გადარჩევა. გამოვიდა ის სურათი, რომელიც რეალობაში კიდევ უფრო მძაფრია: საჯარო დისკუსიების ორგანიზატორები სასაუბროდ უფრო ხშირად მამაკაცებს იწვევენ. გამოცდილებით ვიცით, რომ ქალები ასეთ მიწვევაზე უფრო რთულად თანხმდებიან და ამას მრავალი მიზეზი აქვს: კაცებზე უფრო ნაკლებად ანიჭებენ საკუთარ ცოდნასა და კომპეტენციას მნიშვნელობას, უფრო მეტად ღელავენ სხვების აზრზე; ან უბრალოდ, ვერ იცლიან დამატებითი საჯარო ღონისძიებებისთვის, რადგან მეტი საოჯახო პრიორიტეტები და ნაკლები თავისუფალი დრო აქვთ. 

ნათლად წარმომიდგენია ის ხმამაღალი და ფარული რეაქციაც, რომელიც ამ დოკუმენტაციას შეიძლება მოჰყვეს. შეიძლება, ჩათვალონ, რომ სურათი საგანგებოდ გამძაფრებულია. შეიძლება, ისიც თქვან, რომ რა მოხდა, წიგნებს ხომ ჯერ კიდევ უმეტესად კაცები წერენ და ამიტომაც, კაცებიც უკეთესად ისაუბრებენ ლიტერატურაზე. იგნორი, გაღიზიანება, აგდებული დამოკიდებულება, დამცირება,  ღია და შეფარული თავდასხმები ყოველთვის გულსატკენი და დამაბრკოლებელია, განსაკუთრებით ახლობელი და პოტენციური მოკავშირეებისგან. მიუხედავად ამისა, მაინც დარწმუნებული ვარ, რომ ამ ვიზუალური გამოხმაურებით ზოგიერთ თქვენგანს მაინც დავანახებ ჩვენი საჯაროობის ასიმეტრიულობას და ფოკუსს ოცდამეერთე საუკუნის მეორე ათწლეულის უთანასწორობაზეც დავაZOOMინებ.

ტექსტი: ნინო ლეჟავა

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა