„არა“ უნდა გადადგეს!
07.06.2016არა, არა, სხვა რამეზეა ლაპარაკი.
ჟაკ დერიდამ, ფრანგმა ფილოსოფოსმა, როგორც თავად ირწმუნება, დათვალა, რამდენჯერ მეორდება ნაწილაკი დიახ ჯოისის „ულისეში“. მიახლოებით 222-ჯერ, ყოველ შემთხვევაში ექსპლიციტურად გამომჟღავნებულები დაახლოებით ამდენიაო.
რას მოვაყოლე და იმას, რომ თუ ვინმე იკისრებდა ამნაირად დაეთვალა, რამდენჯერ გამეორდა არა ჩვენებურ აქტივისტურ მეტყველებაში, რა დასკვნას გამოიტანდა? იმას ხომ არა, რომ ამ აქტივიზმის ძირითადი გამოვლინებები არას დაბეჯითებით და დაჟინებით გამეორების ისტორიაა?
არა ოკუპაციას
არა თეოკრატიას
არა ძალადობას
არა ფობიას
არა და არა
არა
რა.
ვიტყვით და ფარმანი გვიბოძეთ:
თუნდაც ძალიან დიდი სურვილით ნათქვამი „არა!“ სამხედრო ბრძანებასავით მყისიერად ხომ არ აღსრულდება? საიდან მოდის ეს რწმენა?
ან იქნებ რწმენა არცაა და სიზარმაცეა? მოთენთილ ერთჯერადობაში გამოვლენილი, რომელსაც ინსტუქცია არ მოჰყვება, რატომაა ეს აკრძალვა აუცილებელი.
თუ აკრძალვები გვაშორებს სურვილის ობიექტს, ამ სურვილთან მისაახლოებლად ისევ აკრძალვა რატომ ისახება ერთადერთ გზად? – ამას ვკითხულობ.
აკრძალვის აკრძალვაა? რაღაც აკლია დამაჯერებლობისთვის. არარაციონალურ აკრძალვათა თანმიმდევრობას მხოლოდ უარყოფათა თანმიმდევრობა უპირისპირდება, რაც პოზიტიური გადაწყვეტილების გამოთქმას გაურკვეველი დროით აგვიანებს.
თანაც, არას ხომ ყველაზე მეტი, რაც შეუძლია, არსებულის, უკვე მოპოვებულის შენარჩუნებაა. ის მხოლოდ ანარეკლია, რეაქციაა სხვისი დღის წესრიგის და დამოუკიდებლად არც არსებობს. მოპოვებულის დაცვა ხანდახან საჭიროც არის და აუცილებელიც, მაგრამ რა მოიპოვა ქართულმა სამოქალაქო აქტივიზმმა ისეთი, რომ მის დაცვას მოანდომოს დარჩენილი ენერგია?
„დიახ დევნილების დაბრუნებას!“ – ხომ არ იქნება ამგვარად არტიკულირებული მოთხოვნა უფრო ადეკვატური? ან სულაც, „დავეხმაროთ გლეხებს მოსავლის აღებაში“ – და ადამიანები, რომლებსაც ცალ ხელში პლაკატი უჭირავთ წარწერით „არა ოკუპაციას“, მეორე ხელით შემოდგომაზე მოსავლის აღებაში დაეხმარონ საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრებ გლეხებს, რომლებსაც საოკუპაციო ძალები სარჩოს ართმევენ...
როგორც იმ ხუმრობაშია, ჩასახვის საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებად კვლავ რჩება არა (უარი). ამიტომ სანამ აკრძალვებს მხოლოდ არას ვუპირისპირებთ, ვერ დავორსულდებით – ვერც პოზიტიური გადაწყვეტილებებით და ვერც მომავლის პროექტებით, ბოლოს და ბოლოს.
ამიტომ არა უნდა გადადგეს.
გადადგეს, მაგრამ არ აიკრძალოს!