ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

არალეგალური კოსმონავტიკა

2015 წლის მიწურულს, მარიამ ნატროშვილთან და დეთუ ჯინჭარაძესთან სტუმრობისას, საუბარი ცნობილი ნიუიორკული სახელოვნებო ორგანიზაციის, „აპექსარტის“ კონკურსზე ჩამოვარდა. კონკურსის საბოლოო ვადა 2016 წლის 28 თებერვალი იყო. „აპექსარტის“ კონკურსის სპეციფიკა ისაა, რომ არტისტის გამარჯვების შემთხვევაში გამოფენა არა ნიუ იორკში, არამედ იმ ქვეყანაში ეწყობა, საიდანაც მისი კონცეფცია შემოდის. კონკურსი კი ყოველ წელს იმართება. 500-სიტყვიან ტექსტს, რომელიც ავტორის სახელის გარეშე გადის, „აპექსარტის“ საერთაშორიო ჟიურის ორასი ანონიმური წევრი აძლევს ხმას. საბოლოოდ, მთელი მსოფლიოდან ოთხი პროექტი ირჩევა.

დავიწყეთ ფიქრი, ნახევრად სერიოზულად, რისი გაგზავნა იქნებოდა ჩვენთვის საინტერესო. ჩვენთან ერთად იყო ზურა ჯიშკარიანიც, რომელმაც გაიხსენა, რომ საგურამოში იყო ერთი უნიკალური შენობა – კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტი. კოსმოსის ხსენებაზე ჩვენ ზურას 2008 წლის ტექსტი – „არალეგალური კოსმონავტიკა“ გაგვახსენდა და უცბად პროექტის შესაძლო კონცეფციამ ჯერ კიდევ ბუნდოვანი, მაგრამ ხელშესახები კონტურები შეიძინა.

პროექტის საბოლოო ტექსტში დავწერეთ საბჭოთა კოსმოსურ პროგრამებზე, პოსტსაბჭოთა სოციუმზე და იმაზე, გადარჩენის რა უნარებია საჭირო, თუ დღეს არსებული სისტემაც დაინგრა. გადარჩენისთვის სამ ყველაზე აუცილებელზე – საკვების მოპოვების, თავდაცვისა და კომუნიკაციის უნარებზე შევჩერდით. შესაბამისად, პროექტს ვორქშოპები დავუმატეთ: პარტიზანულ მებაღეობაზე, ქართველი მეცნიერების გამოცდილებაზე კოსმოსური კომუნიკაციების სფეროში, ქცევებზე კრიტიკულ სიტუაციებში და საზოგადოებაზე, როგორც სისტემაზე.

პროექტისთვის მცირე პუბლიკაციის დაბეჭდვაც გადავწყვიტეთ, ინტერვიუებით კოსმოსურ კვლევებზე საქართველოში და კოსმოსის არაკორპორაციული და არასახელმწიფო ათვისების საერთაშორისო ტენდენციებზე. იგულისხმება ის, რომ კოსმოსს სახელმწიფო და მდიდარი კორპორაციების გარდა, დღეს ბევრი კერძო პირი და არასამთავრობო ორგანიზაცია იკვლევს, არა ტექნოლოგიური, არამედ მორალური და კულტუროლოგიური თვალსაზრისით. ჯიშკარიანის თავდაპირველი ტექსტის მთავარი გზავნილიც ეს არის:

„არალეგალური კოსმონავტიკა დაიწყება ოფიციალურად აღიარებული პოლიტიკური და ონტოლოგიური რეალობის აბსოლუტური, საყოველთაო, თუმცა საიდუმლო უარყოფით. ეს იქნება ყველაზე მასობრივი და ყველაზე ჩუმი გაფიცვა არსებული ისტორიული სიტუაციის წინააღმდეგ. გარეგანი და შინაგანი კოსმოსის ინდივიდუალური შესწავლა ნებისმიერი ხელმისაწვდომი თუ მიუწვდომელი ნივთით, ემოციით, პეიზაჟით, ადამიანით, სიტუაციით“.

2016 წლის აპრილში, სტამბოლის აეროპორტში, ტელეფონის ეკრანზე 212-ით დაწყებული ნომერი გამოჩნდა. 212 ნიუ იორკის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და, ამდენად, ცნობილი სატელეფონო კოდია. ცუდი კავშირის გამო ვერ ვუპასუხე, თუმცა ვფიქრობდი, რომ 400-მდე პროექტის ავტორს, რომელიც კონკურსში მონაწილეობდა, დამარცხებაზე სასაუბროდ არ დაურეკავდნენ. როგორც შემდეგ გაირკვა, „აპექსარტის“ დამფუძნებელი სტივენ რენდი გამარჯვებას ყველას პირადად ულოცავს. სხვა გამარჯვებული პროექტები იყო:

„სიმართლე ქურთი მეომარი-დივების შესახებ“, ბერლინი, კროიცბერგის ერთ-ერთი გალერეა; „თავისუფლების ციალი“, კეიპ ვერდეს, სანტიაგოს კუნძულის მიტოვებული ციხე და „მბაოში ვერ გხედავ“, თიუროიე, სენეგალი.

საგამოფენო პროექტი „არალეგალური კოსმონავტიკა“ ჩემი და მარიამ ნატროშვილის კურატორული თანამშრომლობის შედეგია. ის შვიდ ნამუშევარს, სამ ვორქშოპს და პატარა პუბლიკაციას მოიცავს. საგურამოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტში, გამოფენა 24 ივნისს გაიხსნა და 22 ივლისამდე გაგრძელდება.

ინსტალაციისთვის G.V.E.C. (Google Voice for Existential Communications) ზურა ჯიშკარიანმა ააწყო ტელეფონი, რომლითაც შეგიძლია „უსმინო ზამთარს, პლანეტებს, რობოტს, რომელიც გელაპარაკება მარტოობასა და ყოველდღიურობის რევოლუციაზე“.

გიორგი მაღრაძის „ფრთხილად, სიცარიელესთან“ მხატვრის გამოგონილი აბსტრაქტული ნიშნებია, რომლებიც საკუთარ სახლში დაამზადა. ამისთვის მან ტექსტოლიტი გამოიყენა, რაც ელექტრონული სქემების (PCB) წარმოებაში გვხვდება. მაღრაძის თქმით, სახლში ხელნაკეთი სქემები, პროექტში „არალეგალურობის“ ელემენტს ეხმაურება. 

ჯგუფ „ბულიონის“ პერფორმანსი „პროტესტის აერობიკა“ იმ მოძრაობებს იკვლევს, რომლებიც სოციალურ რიტუალს უკავშირდება. თანმიმდევრობით და განმეორებით შესრულებული მოძრაობები რიტუალის უხილავ მახასიათებლებს ავლენს. მხატვრების აზრით, საპროტესტო მოძრაობების ცოდნა შეიძლება ყველასთვის სასარგებლო იყოს.

ილიკო ზაუტაშვილის ინსტალაცია „წუთები კოლაფსამდე“ საბჭოთა კოსმოსური პროგრამებისთვის აუცილებელ ადამიანურ რესურსზე აკეთებს აქცენტს. მიუხედავად საბჭოთა მოწინავე კოსმოსური პროგრამებისა, ურიკა, რომელსაც სამოძრაოდ ელემენტარული ძალისხმევა და ოფლი სჭირდება, მხატვრის აზრით, ყველაზე კარგად აღწერს საბჭოთა კავშირის ნამდვილ ბუნებას.

მამუკა ჯაფარიძის პერფორმანსი „ალკონავტები“, უგრძესი სუფრის ერთი ბოლოდან მეორეში გადაძახილი სადღეგრძელოების სერიაა. იგი, ერთი მხრივ, ქართულ ტრადიციას – ღვინის სმის და სპონტანური სადღეგრძელოების გაცვლის რიტუალს ეხმაურება, მეორე მხრივ კი, დისტანციურ კომუნიკაციას უსვამს ხაზს.

ნამუშევარში „ეს შენი მოგზაურობაა, ჩვენ აქ ვართ, რომ დაგეხმაროთ“, ანა და თამარ ჩადუნელები ადამიანზე რეკლამის გავლენას იკვლევენ. მხატვრები რეკლამის ენას იყენებენ და სარეკლამო სურათ-ხატებს საკუთარი, არაფრის „გამყიდველი“ სურათ-ხატებით ანაცვლებენ.

მარიამ ნატროშვილის და დეთუ ჯინჭარაძის ადგილსპეციფიკური „დაუდგენელი მასალების მუზეუმი“ მხატვრების მცდელობაა, საბჭოთა წარსული საბჭოთა უტოპიის ყველაზე მნიშვნელოვანი შემადგენლის – კოსმოსის დაპყრობის იდეით გაიაზრონ, რაც დედამიწაზე, და შემდეგ კი მთელ გალაქტიკაში, კომუნიზმის დამყარებაში მდგომარეობდა. „მუზეუმის“ მნიშვნელოვანი ნაწილია სიტყვა „გაქცევა“ (ESCAPE), რაც ჩემთვის იმის დადასტურებაა, რომ, მიუხედავად უამრავი ცვლილებისა, რომელიც საქართველოში ბოლო 25 წლის განმავლობაში მოხდა და მიუხედავად ახალი თაობებისა, რომლებსაც შეიძლება არც კი ახსოვდეთ საბჭოთა კავშირი, გაქცევა კოსმოსში თუ დედამიწის სხვა მხარეში, ისევ აქტუალურ იდეად რჩება.

ავტორი: მაგდა გურული
ფოტო: გურამ წიბახაშვილი

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა