
არათანაბარი სიმაღლეები
06.06.2019ინტერვიუ მანანა ჯავაშვილთან,
ქიმიის მასწავლებელი, თავისუფალი ვალდორფის სკოლის პედაგოგი
ისე არ მიყვარდა სკოლა, ყველაფერს ვიფიქრებდი იმის გარდა, რომ მე თვითონ მასწავლებელი გავხდებოდი.
ჩემი მასწავლებლობის პირველი წლები იყო ძალიან რთული, გაკვეთილზე მიტირია კიდეც. როგორც ჩანს, არ ვიყავი ამისთვის მზად. ახალგაზრდა ადამიანთან მუშაობას ძალიან ღრმა ცოდნა და თან სულ სხვაგვარი შინაგანი სიმყარე, გახსნილობაც სჭირდება. ეს არ არის მარტივი. მოზარდებს შეუძლიათ ბოლომდე გაგანადგურონ, თუკი მათ ნდობას ვერ მოიპოვებ. მე თვითონაც ასეთი მოსწავლე ვიყავი. ამიტომ, რაღაც ხანი პაუზა ავიღე, მერე ისევ დავბრუნდი და მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ ჩემი მასწავლებლობა შესაძლებელია, როცა გავაცნობიერე, რომ ეს საქმე აღარ მანგრევს.
მე ვალდორფის სკოლის მასწავლებელი ვარ და წლებია, ვრწმუნდები იმაში, რომ ეს პედაგოგიკა იმდენადაა გააზრებული, ბავშვის ასაკობრივ განვითარებაზე მორგებული, რომ ძალიან პატარა სივრცე რჩება ადამიანური შეცდომებისთვის.
ეს პედაგოგიკა ადამიანის ტემპერამენტის თავისებურებებს ითვალისწინებს და სასწავლო პროცესში სწორედ ამ მიდგომას ეყრდნობა. მასწავლებელი ბავშვებსაც ტემპერამენტის მიხედვით აჯგუფებს: მელანქოლიკებს მელანქოლიკებთან სვამს, ქოლერიკებს ქოლერიკებთან და ასე ანაწილებს მთელ კლასს ოთხ ჯგუფად. შენს მსგავსთან ურთიერთობა მალე გწყინდება და ამიტომ ინტერესით მუდამ გარეთ იყურები, სხვებისკენ, მასწავლებლისკენ – და მიზანიც ესაა.
როცა მასწავლებელი კლასისთვის მოსაყოლ ნაწილს ამზადებს, ყოველთვის ახსოვს, რომ ერთი ზღაპარი ისე უნდა გაიაზროს, იქ აუცილებლად იყოს ფლეგმატიკისთვის საინტერესო ნაწილი, ან ფრაგმენტი, რომელიც სანგვინიკებს გულზე მოესალბუნებათ. ამ ზღაპარს ჰყვები და ხან ერთ ჯგუფს მიმართავ, ხან მეორეს, თან ისე, რომ ემოციურად ყველას ეხები, ყველასთან ახლოს მიგაქვს შინაარსი. ტემპერამენტის შესახებ ცოდნა გეხმარება, გაკვეთილზე ყველა გაითვალისწინო, ყველა ჩართო – ეს კლასის მართვის გაცილებით იოლი გზაა.
სწორედ ამიტომ ვამბობთ ჩვენ, რომ არ აქვს კლასში ბავშვების რაოდენობის შეზღუდვას აზრი. პირიქით, ბავშვების სოციალური უნარების განვითარებისთვის ბევრად სასარგებლოა დიდ კლასში ყოფნა, სადაც ბევრი განსხვავებული ადამიანია, მეტი სიჭრელეა. ჩვენ ვამბობთ, რომ ყველა კლასისთვის გადამწყვეტია, ჰყავდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ერთი მოსწავლე მაინც. ბავშვი სკოლაში არა მხოლოდ ინტელექტუალურად, არამედ ემოციურადაც უნდა განვითარდეს, თანაგანცდა, გაზიარება, სხვების გათვალისწინება, ზრუნვა, თემში, საზოგადოებაში ცხოვრება ისწავლოს. რამდენადაც არ უნდა ჩამაგონონ, წამიკითხონ და მომიყვნენ, მთავარი ისაა, ვხედავდე, ჩემ გვერდზე იზრდებოდეს ჩემგან განსხვავებული ადამიანი. ეს გამოცდილება სრულიად სხვა უნარად ჩამოყალიბდება, ადამიანურად გამზრდის.
ის, რაც დღეს სკოლებში არ მოგვწონს, უთანასწორობაა – მასწავლებელი და მოსწავლე არათანაბარ სიმაღლეებზე დგანან. სკოლაში მთავარი არ არის ბავშვი. ვიდრე ეს არ შეიცვლება, არაფერი გამოვა. ბავშვები, უკეთეს შემთხვევაში, არ მიიღებენ მასწავლებელს, ვინც სხვა სიმაღლიდან იყურება, უარეს შემთხვევაში – გეჩხუბებიან, გაგანადგურებენ კიდეც. ყველაზე ცუდი შემთხვევა კი ისაა, როდესაც შენ ანადგურებ მათ. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ხშირად სწორედ ასე ხდება.
სკოლის ფუნქცია კი ისაა, ადამიანი გაზარდოს და ამისთვის ჯანსაღი გარემო შექმნას. ბავშვი ცხოვრებას, სიძნელეს კი არ გაარიდოს, არამედ თავად გააძლიეროს, რომ მაქსიმალურად გაფურჩქნოს ძალები და შესაძლებლობების სივრცე დაინახოს. მთავარია, თავდაჯერებული ადამიანები გაუშვა სკოლიდან, ვინც საკუთარი ძალების გაცნობიერება და სამყაროსთან ურთიერთობა იცის.