
საყდრისი რომ ააფეთქეს, მაშინ მივხვდი, რომ რაღაც შესაცვლელია | არჩილ მუსელიანცის საქმე
29 წლის არჩილ მუსელიანცი ვიდეოსათვალთვალო კამერის სადენებისთვის ცეცხლის წაკიდების ბრალდებით არის დაკავებული. მას სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება. არჩილი ბრალს არ აღიარებს და იყენებს დუმილის უფლებას.
მუსელიანცის წინააღმდეგ საქმეში მთავარი მტკიცებულება POSTV-ის მიერ 29 ნოემბერს გავრცელებული ვიდეოა. ვიდეოში ჩანს, როგორ ცდილობს ერთი პირი გისოსებში ჩასმულ ელექტროენერგიის გამანაწილებელ კოლოფთან სადენების დაზიანებას და ცეცხლის წაკიდებას. მას კრემისფერი ქურთუკი, შავი შარვალი, შავი ფერის ფეხსაცმელები და თეთრი კაპიუშონიანი ზედა აცვია. სახეზე შავი ფერის ნიღაბი, აირწინაღი და სათვალე უკეთია, აქვს შავი ფერის ზურგჩანთა. ნიღბიანი პირი ქაღალდზე უკიდებს ცეცხლს და მიაქვს ტრანსფორმატორისკენ. შემდეგ კადრი წყდება და ჩანს უკვე აალებული კაბელები. ამ კადრში ნიღბიანი პირი აღარ ჩანს.
არჩილის ადვოკატის, დიმიტრი ვარდიაშვილის თქმით, თუ დავუშვებთ, რომ ეს ნიღბიანი პირი არჩილია, აღნიშნული ვიდეოთი მისი დანაშაული მაინც არ მტკიცდება. ვარდიაშვილის თქმით, ვიდეო დამონტაჟებულია და მასში არ ჩანს დანაშაულის ჩადენის, კონკრეტულად კაბელებზე ცეცხლის წაკიდების მომენტი.
„როგორ გგონიათ, თუ [ნიღბიანმა პირმა] ცეცხლი მოუკიდა და ვიღაც ამას იღებდა, ბოლომდე არ დააფიქსირებდა ცეცხლის მოკიდებას? დიდი ალბათობით, ეგ ნიღბიანი პიროვნება ვერ უკიდებს ცეცხლს, აგდებს მაგ ქაღალდს და სხვა უკიდებს ცეცხლს. სავარაუდოდ, ამოჭრილია ის კადრი [ცეცხლის მოკიდების] და მას პირდაპირ ებმის სხვა კადრი“, – ამბობს ვარდიაშვილი.
საქმეში დევს პოლიციელთა პატაკები, ასევე ჰაბიტოსკოპიური (გარეგნობის), ფონოსკოპიური (ხმის) და თითის ანაბეჭდების ექსპერტიზის დასკვნებიც. ხმის და გარეგნობის ექსპერტიზის მიხედვით, არჩილ მუსელიანცის ვინაობა ემთხვევა. რაც შეეხება თითის ანაბეჭდებს, ექსპერტის თქმით, არჩილ მუსელიანცის თითის ანაბეჭდი ელექტროენერგიის გამანაწილებელი კოლოფის შიდა მარჯვენა ზედაპირიდან ამოვიდა. ვარდიაშვილი მიიჩნევს, რომ თითის ანაბეჭდების ექსპერტიზის შედეგები ყალბია:
„გასათვალისწინებელია, რომ ეგ გამანაწილებელი ყუთი, საიდანაც კაბელები გამოდის, გისოსებშია. დასკვნაში წერია, რომ ბევრი ანაბეჭდი ამოვიდა და ერთ-ერთი დაემთხვაო, მარცხენა ხელის ნეკა თითი. ამ დროს ეს ანაბეჭდი აღებულია კარადის შიდა ნაწილიდან. ანუ ჯერ გისოსები უნდა გაეხსნათ, შემდეგ კარადა და ისე უნდა დაეტოვებინათ თითის ანაბეჭდი, რაც წარმოუდგენელია. თუ კარადის გახსნა შეეძლოთ, რაღატომ წაუკიდებდნენ ცეცხლს, ისე ვერ გათიშავდნენ იმ კამერებს?“, – ამბობს ადვოკატი ვარდიაშვილი.
ის არც ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნას ენდობა, რადგან, ვარდიაშვილის თქმით, ამ დასკვნაშიც ბევრი შეუსაბამობაა. ადვოკატი ვარაუდობს, რომ ჰაბიტოსკოპიურ ექსპერტიზაში გამოყენებულია ერთ-ერთი სამართალდამცავის მიერ გადაღებული ფოტო.
„ერთმა თანამშრომელმა პატაკით მიმართა ზემდგომს და თქვა, რომ ჩემს აიფონში მაქვს ვიღაცის ფოტო და სავარაუდოდ ეგააო [მუსელიანცი]. რეალურად ეგ არის [ექსპერტიზისთვის გამოყენებული] სურათი, რომელიც დამოუკიდებლად არის გადაღებული. ეგ კადრი ვიდეოში არაა“, – განმარტავს ვარდიაშვილი.
ექსპერტი, რომელმაც ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა ჩაატარა, სასამართლოს წინაშე 3 ივნისს წარდგება.
რაც შეეხება ხმის ექსპერტიზას, ვიდეოში რამდენიმე ადამიანი ჩანს, ისმის მათი ხმებიც, თუმცა, რომელი რა ფრაზას ამბობს, რთული აღსაქმელია, რადგან კადრი ზურგიდან არის გადაღებული და არ ჩანს პირის მოძრაობა.
ვარდიაშვილი ამბობს, რომ ექსპერტს ვიდეოდან თანმიმდევრულად ჰქონდა ფრაზები ამოკრეფილი.
„კრებსების თავში ეწერა ისეთი ფრაზა, რაც ვიდეოს დასაწყისში არ ისმის. რომ ვკითხეთ, ამ ფრაზას ვინ ამბობს, ამ სიტყვებს ვინ ამბობს-თქო, მაგ სიტყვებს მოსაუბრე ამბობსო, მაგრამ რომელი ამბობდა, ვერ დააკონკრეტა ექსპერტმა“, – დასძენს ვარდიაშვილი.
პოლიტიკურად აქტიური მოქალაქე
არჩილ მუსელიანცი ბოლნისის რაიონიდან, დაბა კაზრეთიდანაა. ის 6 თვის იყო, როდესაც მშობლები გარდაეცვალა და პატარა ბავშვზე მზურნველობა საკუთარ თავზე თანასოფლელმა ქალმა აიღო. არჩილი მას ბებიას ეძახდა. ეს იყო ქალი, რომელიც თავად ბავშვთა სახლში იყო გაზრდილი. მისი დახმარებით, არჩილმა ვერცხლის მედალზე დაამთავრა საშუალო სკოლა, ისწავლა საფორტეპიანო სკოლაში, მაგრამ უნივერსიტეტში ჩაბარება ვეღარ მოახერხა და სკოლის დამთავრებისთანავე დაიწყო მუშაობა. როგორც ადვოკატი გვეუბნება, ის სარემონტო სამუშაოებზე ხელოსნად მუშაობდა. ამ დროს უკვე თავად უვლიდა აღმზრდელ ბებიას, რომელიც დაახლოებით ერთი წლის წინ გარდაიცვალა.
„სკოლის დამთავრების შემდგომ თბილისში გადმოვსახლდი, იმ წუთიდანვე დამოუკიდებლად, სრული დატვირთვით ვიგრძენი, თუ რა სისასტიკეში და სიმახინჯეში გვიწევს ცხოვრება. პოლიტიკურ ცხოვრებაში იმის მერე ჩავერთე, როცა დაბა კაზრეთში საყდრისი ააფეთქეს. მაშინ მივხვდი, რომ რაღაც შესაცვლელია და მეც შემიძლია წვლილი შევიტანო ამ ცვლილებებში. მთელი ცხოვრება გვერდში ვუდგავარ იმ ადამიანებს, რომლებიც ებრძვიან უსამართლობას, რადგან თავად მაქვს გადატანილი უამრავი უსამართლობა“, – წერს არჩილ მუსელიანცი წერილში, რომელიც გაზეთის „თავისუფლების ხმა ციხიდან“ პირველ ნომერში გამოქვეყნდა.
მიუხედავად იმისა, რომ არჩილს ახლობლები არ ჰყავს, აქციის მონაწილეებს შორის გამოუჩნდა დედობილი, 61 წლის ცარო ოშიყმაშვილი. თუკი სხვა პატიმრებს მშობლები, შვილები, და-ძმები, მეუღლეები გულშემატკივრობენ, არჩილის გულშემატკივარი ცაროა.
ცარომ არჩილი ნოემბერში არჩევნების შემდეგ მიმდინარე პროევროპულ აქციებზე გაიცნო და მაშინ გაიგო, რომ ამ ახალგაზრდა კაცს არავინ ჰყავდა, რამე რომ დამართოდა, არავინ იდარდებდა მასზე.
„მაშინ ვუთხარი, რომ არჩილ, ახლა მე ხომ ვიდარდებ შენზე-მეთქი და ამის შემდეგ მართლა სულ ვკითხულობდი ხოლმე“, – იხსენებს ცარო.
სწორედ ცარო იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც არჩილის გაუჩინარება შეამჩნია. 29 ნოემბრის დარბევის შემდეგ არჩილი აღარ გამოჩნდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ის 30 ნოემბერს დღის პირველ ნახევარში მეგობართან, ვახო გაგნიძესთან ერთად დააკავეს.
ვახო აქტივისტია „ნაციონალური მოძრაობიდან“. ის გვიყვება, რომ არჩილ მუსელიანცი ე.წ. ხორავას საქმის მსვლელობისას 2017 წელს საპროტესტო აქციებზე გაიცნო. მას შემდეგ ერთად აქტიურობდნენ და თითქმის ყველა თემატიკის საპროტესტო აქციაში მონაწილეობდნენ, აპროტესტებდნენ უსამართლობას და საქართველოს ევროპული გზიდან გადახვევასაც.
ვახო იხსენებს, რომ 30 ნოემბრის დილას პარტიის ოფისისთვის ხელსაბანი ნიჟარის შესაძენად წავიდა. მასთან ერთად იმყოფებოდა არჩილიც. ოპერისა და ბალეტის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის განყოფილებასთან გამოიძახეს ტაქსი და სანამ ჩასხდებოდნენ, მათ გარშემო რამდენიმე პოლიციელი გაჩნდა. ორივე მათგანი ადმინისტრაციული მუხლით დააკავეს. ოქმში მითითებულია, რომ ისინი პოლიციელებს აგინებდნენ და ლანძღავდნენ და მათ მოწოდებას, გაჩერებულიყვნენ, არ დაემორჩილნენ.
„ეს ყველაფერი მერე ჩაგვიწერეს, თორემ, მსგავსი არაფერი ყოფილა. უბრალოდ ტაქსიში ვსხდებოდით და ამ დროს აგვიყვანეს. არანაირი გინება, პრაქტიკულად ტაქსიდან გადმოგვიყვანეს“, – გვიყვება ვახო გაგნიძე.
ის მალევე გაათავისუფლეს ადმინისტრაციული ჯარიმით, არჩილის წინააღმდეგ კი სისხლის სამართლის საქმე დაიწყეს.
არჩილ მუსელიანცის ადვოკატი დიმიტრი ვარდიაშვილი ამბობს, რომ არჩილი სპეციალურად შეარჩიეს, რადგან ის წარსულში რამდენჯერმე იყო ნასამართლევი, მათ შორის, არასრულწლოვან ასაკში და მის დაკავებას გარკვეული ხნის განმავლობაში ამზადებდნენ. ვახო გაგნიძე კი, უბრალოდ, არასწორ დროს არასწორ ადგილზე აღმოჩნდა მუსელიანცთან ერთად.
ვარდიაშვილის თქმით, არჩილ მუსელიანცს დაკავებიდან მხოლოდ მესამე დღეს მიაგნო – დიღმის მესამე სამმართველოში. მთელი დანარჩენი დღეები არჩილს დაურღვიეს ერთ-ერთი მთავარი უფლება – ჰყოლოდა ადვოკატი. ადმინისტრაციული მუხლით დააკავეს თუ არა, დაიწყეს სისხლის სამართლის საქმის საგამოძიებო მოქმედებებიც: ჩაატარეს ფონოსკოპიური ექსპერტიზა, ჰაბიტოსკოპია და თითის ანაბეჭდების ექსპერტიზა.
„ასეთი მეთოდი აქვთ, ადამიანი რომ დაამუშაონ, უნდა ჰყავდეთ ინფორმაციულ ვაკუუმში – პირველი სამი დღე ამისთვის გამოიყენეს. პლუს, ემუქრებოდნენ, გარიგებას სთავაზობდნენ. პოლიციის სამმართველოში [არჩილს] აიძულებდნენ, ოპოზიციური პარტიების ლიდერებისთვის დაედო ხელი. აჩვენებდნენ პარტიის ლიდერების ფოტოებს. ეუბნებოდნენ, რომ თუ დაადებდა რომელიმე მათგანს ხელს, გაუშვებდნენ.
მუქარამ რომ არ გაჭრა, მოტყუების მეთოდზე გადავიდნენ. სწორედ იმ მარტო ყოფნის პერიოდში, სწორედ იმ ინფორმაციულ ვაკუუმში გამოკეტვისას მოაწერა არჩილმა მნიშვნელოვან დოკუმენტებზე ხელი, მათ შორისაა გამოკითხვის ოქმი, რომელშიც ის პრაქტიკულად აღიარებს დანაშაულს, იქ კი ეუბნებიან, რომ ეს არის დოკუმენტი ადმინისტრაციული საქმიდან. დაახლოებით ასე ელაპარაკებიან: „კაროჩე, ამაზე ხელს მოგვიწერ და დილით წახვალ რა და მერე სასამართლო დაგიბარებს და შენს საქმეს განიხილავენ, სავარაუდოდ, ჯარიმით გამოძვრები“. სინამდვილეში ამ გამოკითხვის ოქმში ეწერა, რომ ეს ადამიანი აღიარებს დანაშაულს“, – გვიყვება ვარდიაშვილი.
არჩილის მიმართ ზეწოლა ციხეში შემდეგაც გაგრძელდა. როგორც ადვოკატი ამბობს, სასამართლო პროცესზე წაყვანისას მას განსაკუთრებულად დამამცირებლად ექცევიან ხოლმე. იძულებულს ხდიან, რომ მთლიან ტანზე გაიხადოს და ბუქნები გააკეთოს. ვარდიაშვილი ამბობს, რომ ასეთ პრაქტიკას, როგორც წესი, მაშინ მიმართავენ ციხეში, როდესაც გარედან პირველად შეჰყავთ პატიმარი და სურთ, შეამოწმონ, რამე ხომ არ შეაქვს საკანში. მაგრამ გაუგებარია, რა საჭიროა ასეთი შემოწმება პატიმრის ციხიდან სასამართლოში ყოველი გაყვანისას.
გადაწყვეტილების მოლოდინში
არჩილ მუსელიანცი უკვე მეექვსე თვეა პატიმარია. გლდანის მერვე პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. არჩილი უმაღლეს სასწავლებელში მოსახვედრად და ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად ემზადება. სწავლის გადაწყვეტილება მას აქციებზე გაცნობილმა ახალმა დედობილმა, ცარომ მიაღებინა და ციხეში საგამოცდო საგნების სახელმძღვანელოებსაც უგზავნის, რომ სრულყოფილად მომზადება შეძლოს.
„არ მინდოდა, დრო დაეკარგა. შემთხვევით გავარკვიე, რომ შეიძლება არჩილმა ციხიდან უმაღლესში ჩააბაროს. მაშინვე მივწერე, მაინტერესებდა, რას ფიქრობდა. გავიდა რაღაც დრო და გავიხედოთ, მირეკავს და ეგრევე ამას მეუბნება: თანახმა ვარო. თავიდან ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა და მერე მითხრა, თანახმა ვარ, დამარეგისტრირე გამოცდებზეო“, – იხსენებს ცარო.
ციხის მიღმა სამყაროსთან არჩილის მთავარი მოკავშირე ცაროა. მან ძალიან ბევრი მცდელობის შემდეგ შეძლო და უკვე არჩილის ნახვას ციხეშიც ახერხებს. ტელეფონზეც ხშირად საუბრობენ და ერთმანეთში ამბებს წერილებითაც ცვლიან.
არჩილი ცაროს დაჰპირდა, რომ 6 წლის შემდეგ ძალიან განათლებული გამოვა ციხიდან. მხნედ არის და არ ნებდება, მაგრამ გამამართლებელ განაჩენს მაინც არ ელის. გარეთ მყოფ თანამოაზრეებს კი მუდმივად ბრძოლისკენ მოუწოდებს.
„ბრძოლა დანაკარგის გარეშე შეუძლებელია! თუ არ ვიბრძოლებთ, სამშობლოსაც დავკარგავთ. მე და რეჟიმის სხვა ტყვეებიც ამაყები ვართ, რომ ვისჯებით მხოლოდ იმიტომ, რომ გვინდა, უკეთესი მომავალი ჩვენი შვილებისთვის“, – ამბობს არჩილი წერილში, რომელიც საგანგებო გაზეთში გამოქვეყნდა – „თავისუფლების ხმა ციხიდან“, რომელშიც სინდისის პატიმრების წერილებია თავმოყრილი.
“იმ წუთიდანვე დამოუკიდებლად, სრული დატვირთვით ვიგრძენი, თუ რა სისასტიკეში და სიმახინჯეში გვიწევს ცხოვრება“.