გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ლადო ალექსი მესხიშვილი

არქიტექტორი ეპოქების მიჯნაზე | ლადო ალექსი-მესხიშვილი

წარსული ეპოქების გარჩევა და ამოკითხვა თბილისის ცვალებად იერსახში სწრაფი განვითარების ფონზე სულ უფრო რთულია. მით უფრო მაშინ, როცა ეს წარსული მრავალშრიანია ანუ, თავის მხრივ, ბევრ სხვადასხვა ფაზად იყოფა. ლადო ალექსი-მესხიშვილის გამოფენა, რომელიც 20 სექტემბერს იხსნება თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში, გარკვეულწილად,  „ქალაქის წაკითხვის“ ამ გართულებულ პროცესში დაგვეხმარება. ჩანახატებისა და ნახაზების კოლექციით, ესკიზებით, მაკეტებით, ფოტოებით, ფილმებით და სხვა საარქივო მასალით შედგენილი ექსპოზიცია არქიტექტურას სწორედ ცვლილების მომენტში ასახავს. ეს ნამუშევრები ორი ეპოქის მიჯნაზე გარდაქმნილ ფორმებსა და ესთეტიკას წარმოაჩენს და მათი მოხელთება არქიტექტურის ცოდნის ყველაზე დამწყებ საფეხურზე მყოფი დამთვალიერებლისთვისაც კი შესაძლებელი იქნება.

ლადო ალექსი-მესხიშვილი

ლადო ალექსი-მესხიშვილი

"სრულიად გამორჩეული ტიპიურ საბჭოთა არქიტექტურაში"- ასე აფასებენ დღეს ლადო ალექსი-მესხიშვილის შემოქმედებას გამოფენის კურატორები. მისი კვალი თბილისის ფიზიკურ გარემოში, ქალაქის იერსახის მრავალგვარი და ხშირად აგრესიული ცვლილების მიუხედავად, მაინც მკაფიოდ ჩანს.

სპორტის სასახლე, ჭადრაკის სასახლე, ცენტრალური ფოსტა-ტელეგრაფის შენობა, ვაკის პარკის კასკადი - ეს არქიტექტურული ძეგლები დროის მოთხოვნებს, გავლენებს, მაგრამ ამავდროულად ავტორის გამორჩეულ ხედვასაც ასხივებს, რომელიც ორმოცწლიანი ნაყოფიერი მოღვაწეობის განმავლობაში ასევე იცვლებოდა. კურატორების თქმით,  იმ პერიოდში, როდესაც უპირატესობა ენიჭებოდა ტიპური პროექტების დანერგვას, ლადოს ყველა ნამუშევარი ინდივიდუალურობით გამოირჩეოდა.

ასე რომ, ექსპოზიცია საინტერესოა ამ პერსპექტივიდანაც - როგორ მიმდინარეობდა პიროვნული შემოქმედებითი ტრანსფორმაცია სოციალურ-პოლიტიკური კონტექსტის გარდაქმნის პარალელურად.

sportis sasaxle

სპორტის სასახლის მაკეტის ფოტო

მოთხოვნები არქიტექტურის მიმართ კი 1930-იანი წლებიდან 1955-მდე და 1955-ის შემდეგ კი სულ სხვადასხვაგვარი იყო. პირველი პერიოდი სოციალისტური რეალიზმის გავრცელების დროა, როცა ახლად აგებულ საბჭოთა შენობებს დეკორატიულობა და ეროვნული ნიშნებით მორთვა ახასიათებს. 1955-ის შემდეგ კი არქიტექტურისგან პირდაპირ მოითხოვეს „ზედმეტობების აღმოფხვრა“, სიმარტივე და მკაცრი ფორმები დაკანონდა. ამ ორი სრულიად განსხვავებული იდეოლოგიური დაკვეთის მიუხედავად, ლადო ალექსი-მესხიშვილის ნამუშევრები მაინც ერთდროულად სადა და დახვეწილია, ზედმეტი გადატვირთვა დეტალებით არც სოციალისტური რეალიზმის პერიოდში ახასიათებს. ხშირად ამბობენ, რომ ერთი მხრივ, შესაძლებელია საერთო ელემენტების პოვნა მის პროექტებში, მაგრამ შენობები არ არის ერთმანეთის მსგავსი, უფრო შემოქმედებითი ხაზის ლოგიკური გაგრძელებაა.

"ლადო ალექსი-მესხიშვილის შემოქმედებამ არაერთი სტილისტიკური ქარტეხილი გაიარა. სტალინის პერიოდის არქიტექტურული ნიმუშიდან,  სანატორიუმ "იმერეთიდან" დაწყებული, კიროვის პარკში ფართო ეკრანიანი საზაფხულო კინოთეატრის პროექტით დასრულებული. რაც უფრო მეტი იყო ვერტიკალური ჩარევა ხელისუფლების მხრიდან, მით უფრო ფართოდ იხსნებოდა მისი შემოქმედებითი ასპარეზი" - ლადო შონია, გამოფენის კურატორი.

იმერეთი

სანატორიუმი "იმერეთი" წყალტუბოში

სოციალისტური რეალიზმის პერიოდიდან აღსანიშნავია ლადო ალექსი-მესხიშვილის წყალტუბოს სანატორიუმ „იმერეთის“ პროექტი, რომელიც თვალნათლივ გადმოსცემს დროის ტენდენციებს, თუმცა ითვალისწინებს შენობის ფუნქციასაც და მას რელიეფსაც არგებს. ლადო ალექს-მესხიშვილი ქმნიდა ესკიზებს სხვადასხვა ფუნქციის მქონე დაწესებულებებისთვის მარტყოფში, ტყვარჩელში, ტყიბულში, წყალტუბოში. ყველგან ცდილობდა, შენობა ყოფილიყო ფუნქციურად მოხერხებული და გამართული, გაეთვალისწინებინა მოცემული ლანდშაფტი და ზედმეტად არ შეიჭრილიყო მასში.

საზაფხულო კინოთეატრი, სპორტის სასახლე და რესტორანი „იორი“ - ეს ლადო ალექსი-მესხიშვილის ის პროექტებია, რომლებშიც ცხადად აისახა ორ პერიოდს შორის გარდამავალი ეტაპი და გამოჩნდა, თუ როგორ თანდათან იხვეწებოდა და მსუბუქდებოდა არქიტექტურული ფორმები.

როგორც კურატორები ამბობენ, გამოფენის მიზანია, ლადო ალექსი-მესხიშვილის შემოქმედება სრულყოფილად წარმოჩინდეს, მითუმეტეს იმ ფონზე,რომ ვერხერხდება მისი ყველა პროექტის ბოლომდე დადგენა  და სხვადასხვა არქივში მოძიება.

palace

ჭადრაკის სასახლე


"ძიების პროცესში ისეთი მასალები აღმოვაჩინეთ, რაც არავინ იცოდა, მისი ოჯახის წევრებმაც კი.  ლადო ალექსი-მესხიშვილი გამორჩეული იყო თავის მუშაობის სტილით და მეთოდით. არ იყო კოფორმისტი და ყოვლთვის ცდილობდა სისტემისგან დისტანცირებას, რაც აისახა კიდევ მის შემოქმედებაზე. ეს გამოფენა, როგორც ისტორიული რეფლექსია, ძალიან დაგვეხმარება საბჭოთა არქიტექტურული მემკვიდრეობის გადააზრებაში" - დიმიტრი ერისთავი, გამოფენის კურატორი.

ექსპოზიციაზე გამოფენილი იქნება როგორც მისი განხორციელებული, ასევე დაუსრულებელი პროექტები. თუმცა ძალიან შთამბეჭავია იმის წარმოდგენაც კი, თუ რამდენად მდიდარი და გამორჩეული იქნებოდა საქართველოს არქიტექტრული სურათი ამ პროექტების რეალიზების შემთხვევაში.

 საცხოვრებელი სახლი თბილისში, ჭადრაკის სასახლე და ალპური კლუბი,  მინისტრთა საბჭოს აგარაკები  წყნეთში, მინისტრთა საბჭოს დასასვენებელი სახლი  სოხუმში - გამოფენაზე ამ და სხვა შენობების მაკეტებისა და სხვა საარქივო მასალის ერთ სივრცეში ხილვა მართლაც შექმნის დროში მოგზაურობის და წარსულის არქიტქტურაში კითხვის ეფექტს.

ესკიზი
საცხოვრებელი სახლის ესკიზი

"ამ გამოფენას  ჩვენი ოჯახისთვის უდიდესი  მნიშვნელობა აქვს. მაგრამ ის სცდება პირადს. ლადოს ისეთი თვისებები ჰქონდა, რაც დღეს ძალიან იშვიათი და საჭიროა საქართველოში. ის ყველაფერს აკეთებდა აბსოლუტური თავგანწირვით და თავდადებით. თუ ხატავდა ესკიზებს, ხატავდა 2000 ცალს. თუ ცურავდა, ცურავდა ძალიან შორს, თუ კითხულობდა, კითხულობდა თავაუღებლივ.  შეიძლება ითქვას რომ თავდაუზოგავად ცხოვრობდა. ვიტყოდი,  რომ იყო რენესანსული ადამიანი. ასე რომ ეს გამოფენა, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი, საჭირო  და ძალიან საინტერესო იქნება ახალგაზრდა თაობისთვის" - ლანა ღოღობერიძე, რეჟისორი და მთარგმნელი. ლადო ალექსი-მესხიშვილის მეუღლე.

გამოფენა " "არქიტექტორი ეპოქების მიჯნაზე" იბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში 20 სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე გაგრძლედება. 

გამოფენის კურატორები: დიმიტრი ერისთავი და ლადო შონია, ნინი ფალავანდიშვილთან თანამშრომლობით.

პროექტის პარტნიორები: საქართველოს ეროვნული არქივი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა