
არტისტი აგრესიულ მიწაზე
ისტერიკულ შემოდგომას, როცა უხვად დაფინანსებული ფესტივალები და პროექტები ერთმანეთს ართმევდნენ პუბლიკას და ყურადღებას, მოჰყვა თვეები, როცა ყველაზე ხშირად ვსვამ ხოლმე კითხვას: ხდება რამე ისეთი, რაც ინტერესს და დისკუსიას აღძრავს ჩემთვის? პასუხი თითქმის ყოველთვის ნეგატიურია. ვეძებ ფეისბუკის კალენდრებში, ვეძებ სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოში და – არაფერი, გეგმური გამოფენების, წლის შემაჯამებელი თეატრალური პრემიების და ერთმანეთს დამსგავსებული კლუბური ღონისძიებების გარდა. მეც ამიტომ არტისტების პირად სივრცეებში შეჭრა დავიწყე. ასე აღმოვჩნდი ნიკა ქუთათელაძის დროებით სახელოსნოში.
ნიკა სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადგილზე შედის – იქ, სადაც დროებით ან სამუდამოდ დაკარგულია ადგილის ფუნქცია – და მუშაობას იწყებს. ამჯერად ე.წ. გამომცემლობის შენობაშია – იქ, სადაც მალე სასტუმრო „ინტერკონტინენტალი“ იქნება. ზუსტად არ იცის, რითი დასრულდება ეს პროცესი. იქვე მოაწყობს გამოფენა-პრეზენტაციას, თუ სულ სხვაგან მოუწევს გადანაცვლება.
ნიკა ქუთათელაძე განათლებით არქიტექტორია, თუმცა მუშაობს და თავს გვაცნობს, როგორც არტისტი. მე კი, მისი განათლება და ამჟამინდელი მუშაობის ფორმა ერთმანეთის გაგრძელება მგონია. ის ქმნის და შლის ფორმებს, ფორმებს, რომელიც ურბანულ გარემოში ხვდება და ახალ ურბანულ სისტემებს ქმნის. არცერთი მისი ნამუშევარი არ დაბადებულა და არ ფუნქციონირებს გარემოს, სივრცის, ქალაქის არქიტექტურისა და ურბანული სისტემისგან განცალკევებით.

ბოლო თვეების განმავლობაში სად არ გადავაწყდი ნიკა ქუთათელაძეს, მის ნამუშევარს, ან მისით დაინტერესებულთა კომენტარებს. ყურადღება განსაკუთრებით ზაფხულში მიიქცია, როცა საზოგადოებას შესთავაზა პროექტი, რომლის გამოც წინანდლის პრემიის საუკეთესო ახალგაზრდა მხატვრების ნომინაციაში მოხვდა და შემდეგ, ბევრის აზრით, დაუმსახურებლად ვერ გაიმარჯვა. „კედელი, ბიაზი, პარკეტი“ ყაზბეგის გამზირის N22-ში მდებარე „ჰემატოლოგიისა და სისხლის გადასხმის ინსტიტუტის“ შენობის ნაწილებისაგან შემდგარი ექსპოზიცია გახლდათ და ის სანაპიროს N8-ში მდებარე ავტობუსების ყოფილ სადგურზე იყო წარმოდგენილი. ერთი შენობის ნაწილები მეორეში გადაიტანა. ერთ შინაარსდაკარგულ ნაგებობას მთლიანობა დაურღვია და ის, როგორც ნაწილები, როგორც კედელი, როგორც ნარმა (ე.წ. ბიაზი), ან პარკეტის ნაჭრები, სხვა, ასევე უფუნქციო ნაგებობას შეაწება. ნგრევის პროცესში მყოფი საბჭოთა პერიოდის შენობის – სისხლის გადასხმის ინსტიტუტის ადგილს ცათამბჯენები დაიკავებს. მეოცე საუკუნეში კლიშედ ქცეული, ტიპური არქიტექტურისგან აღარაფერი დარჩება. ქუთათელაძემ კი შენობის ნაწილები საგამოფენო ობიექტებად წარმოადგინა. ეს იყო ერთგვარი გადალაგება – შენობისა შენობაში; ძველი სისტემის – ახალ სისტემაში; გადაწყობა და შინაარსის შეცვლა.
მეორედ ნიკა ქუთათელაძის ნამუშევარი სასტურო „რუმსის“ საგამოფენო დარბაზში გამართულ ჯგუფურ გამოფენაზე ვნახე – რამდენიმე გახერხილი ობიექტი ერთ მწკრივში ჩაეყენებინა: ბიუსტი, გაზის ბალონი, მაცივარი და სხვა.
– რატომ გინდა საგნებს მთლიანობა წაართვა? – ვკითხე, როცა მის დროებით სახელოსნოში მივედი.
მსუბუქად ამიხსნა. ინტერპრეტაციებს ერიდებოდა. არც განზოგადებულ მოტივებზე საუბრობდა. მითხრა, რომ მთლიანობას აღიქვამს პირობითობად, რომელიც შეიძლება შეიცვალოს. და ზოგჯერ შეიძლება შეიცვალოს სხვა სივრცეშიც, ან სხვა ბუნების საგანთან მიმართებაში. სწორედ ამ ურთიერთმიმართებაზე ფიქრობს ახლა.
მეუბნება, რომ აქედან წასვლას ყოველთვის შეძლებს, თუმცა ჯერ სხვა რამ სურს – ამ გარემოს გარდაქმნაში მონაწილეობა აინტერესებს – გადაწყობა, ახალი სისტემის შექმნა.
>>>
„ღია სივრცე“ დაარქვეს რეჟისორებმა მიხეილ ჩარკვიანმა და დავით ხორბალაძემ ერთობას, რომელიც რამდენიმე წარმოდგენით წარდგა „ფაბრიკის“ თეატრისთვის განკუთვნილ ოთახში. თუმცა წარმოდგენებს მხოლოდ იქ არ გამართავენ. სურთ, რომ ბევრი სხვადასხვა ალტერნატიული სივრცე მოძებნონ და თეატრს დაუკავშირონ. პერსპექტივას ყველაფერი ალტერნატიულის მოძიებაში ხედავენ.
დავით ხორბალაძე „ფაბრიკაში“ რეჟისორის ამპლუაში გავიცანი დადგმით „წუხილი“. მიხეილ ჩარკვიანთან შედარებით ბევრად გამოუცდელი და ალბათ ახალგაზრდაც არის. „წუხილი“ მისი სადიპლომო დადგმა იყო, რამაც სასიამოვნოდ გამაოცა. მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენის მსვლელობისას ბევრი შეკითხვა და უხერხულობა ვიგრძენი, აშკარად დავინახე დავით ხორბალაძის ისეთი თვისებები, რამაც გამიჩინა სურვილი, მის სხვა პროექტებსა და ნამუშევრებს სამომავლოდ თვალი ვადევნო. პიესა მისი იყო, დამოუკიდებელ ტექსტად არ წამიკითხავს, მაგრამ მივხვდი, რომ სწორედ ამ ტექსტიდან გამოყოლილი თემა, ამბავი, ავტორის სევდა და წუხილი ყველაზე მეტად მეძვირფასებოდა ამ პროექტში. ტექსტი ადამიანზე, რომელიც წუხს, რომ ისეთი არ არის, როგორადაც ყოფნას მისგან გარემო ითხოვს. ისეთი არ არის, როგორადაც სურდა, რომ დაბადებულიყო. წუხს, რომ ვერ ერგება ვერც ადამიანებს და ვერც საკუთარ სხეულს. წინააღმდეგობა ოჯახთან, საყვარლებთან, ერთი სიტყვით, ყველაფერთან, რასთანაც დაკავშირებულია, მაგრამ ნამდვილი კავშირი არ აქვს. ერთი დიდი გაუცხოებაა მისი სიცოცხლე. მსახიობებიდან მე მაინც მიხეილ აბრამიშვილს და მისი დადგმაში შეყვანის მეთოდს გამოვარჩევდი. კონტრტენორი ვოკალისტი, რომელიც ორი სხვა მსახიობის მიერ წაკითხული ტექსტის ფონად სხვადასხვა მუსიკალური თემით შემოდის და ხშირად იმაზე მეტად მძაფრი და კონკრეტული ხდება კონტექსტი მისი წყალობით, ვიდრე – სხვების მიერ ნათქვამითა და გათამაშებულით.
„შიმშილის ღმერთი“ უკვე მიხეილ ჩარკვიანისა და დავით ხორბალაძის ერთობლივი ნამუშევარია. მიხეილ ჩარკვიანი ალბათ ყველაზე პროდუქტიული ახალგაზრდა რეჟისორია, რომელიც სხვადასხვა თეატრში, თბილისსა თუ რეგიონში მუშაობს და საკმაოდ რთულ დრამატურგიულ ნაწარმოებებს ირჩევს ხოლმე. ამავდროულად, აღებული აქვს არაერთი პრემია და დასახელებულია სხვადასხვა ნომინაციაში.
„შიმშილის ღმერთი“ ბერძნული მითოლოგიისა და ადგილობრივი დოკუმენტური მასალის კომპილაციაა. ერთი მხრივ, თამაშდება ერისიხთონის შიმშილით გამოწვეული დრამა და, მეორე მხრივ, ნაჩვენებია მოსახლეობის სხვადასხვა ფენისა თუ ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლების სოციალური პრობლემები და სიდუხჭირე, რაც, საბოლოოდ, ისევ შიმშილთან მიდის. შიმშილი არის როგორც ძველი ბერძნების, ისე თანამედროვე ქართველების ქცევის მიზეზი. ხშირად კი – სასტიკი ქცევის მიზეზი.

ფოტო: მაია მესტუმრე
დასი მთლიანად ახალგაზრდებისგან, დამწყები მსახიობებისგან შედგება. წარმოდგენა მათი ძიების ასპარეზია. მათი ვარჯიშია დამაჯერებლობაში, პროფესიონალიზმში, მეთოდის შეთვისებაში. იგივე შეიძლება ითქვას ავტორებზეც. სხვადასხვა მეთოდით შთაგონებულები სხვადასხვა ფორმას მიმართავენ და რაღაც ეტაპზე ფორმა ხდება თვითმიზანი, ხანდახან სწორედ ამიტომ იკარგება მთავარი – ტექსტისა და მისი ქვეტექსტებისადმი ერთგულება.
მიუხედავად ამისა, ორივე სპექტაკლი კარგი გამოცდილება იყო ავტორებისთვისაც, მონაწილეებისთვისაც და მაყურებლისთვისაც. ორივე მათგანი გაცილებით უფრო ცოცხალი და დამაფიქრებელი გახლდათ, ვიდრე ძალიან ბევრი თეატრის სარეპერტუარო წარმოდგენებია.
ამავდროულად, უკიდურესად მნიშვნელოვანი და საინტერესოა ახალი სივრცეების, ახალი ერთობების შექმნის ტენდენცია, როგორც გაქცევა კლიშეებითა და პირობებით სავსე აკადემიური სივრცეებისგან. ყველაფერთან ერთად, დიდი თავდადება და რისკი სჭირდება გადაწყვეტილებას – წახვიდე და ხელოვნების ადგილი შექმნა იქ, სადაც არაფერი არ არის; სადაც არავის ეჩქარება რესურსის და ფინანსების ჩადება.
დანაკლისის, უკმარობის განცდა, რომელსაც ზამთრის სეზონი მიღვივებს ხოლმე, ნამდვილად შემიმსუბუქა კინოთეატრ ამირანში „ივენთ სინემას“ პროექტმაც. ეს ლონდონის ნაციონალურ თეატრში რამდენიმე წლის წინ დაწყებული პროექტია – თეატრალურ პრემიერებს დიდი ბრიტანეთის ყველა კინოთეატრში უჩვენებენ, რისთვისაც სპექტაკლს რამდენიმე კამერა იღებს, წინასწარ დადგმული სცენარით, რათა ეკრანის მაყურებელს სრული წარმოდგენა შეექმნას იმის შესახებ, თუ რა ჩანაფიქრი ხორციელდება ზუსტად იმ დროს ნაციონალური თეატრის სცენაზე.
დღეს ასე უკვე ბევრი სხვა თეატრიც იქცევა და სპექტაკლების ვიდეოვერსიებს მთელ მსოფლიოში უჩვენებენ. 3 თვეა, უჩვენებენ თბილისშიც. სამშაბათობით. საღამოს რვა საათზე, კინოთეატრ „ამირანის“ მცირე დარბაზში. ბოლო სამშაბათს იქ, ნაციონალური თეატრის დადგმა – ჰაროლდ პინტერის „არავის მიწა“ ვიხილე. პიესაში ოთხი პერსონაჟია, მაგრამ ის მაინც ორი დიდი მსახიობის თამაშს მოითხოვს რეჟისორისგან და ისინი არიან იან მაკკელენი და პატრიკ სტიუარტი. ერთი შეხედვით, ასაკში შესული და უკვე მეხსიერებადასუსტებული ბერიკაცების ამბავია, მაგრამ, თუ ტექსტს კარგად მოისმენთ, მარტოობაში მყოფი ადამიანების ამბავს წაიკითხავთ; უფრო ზუსტად კი, მარტოობაში – ადამიანობის. იმასაც გაიფიქრებთ, რომ არც ასაკს და დროს, არც გარემოს არ აქვს მნიშვნელობა, თუკი ცხოვრობ განცდით, რომ „არავის მიწაზე ხარ, არასდროს რომ არ მოძრაობს, არც იცვლება, არც ბერდება, მაგრამ მარადიულია, გაყინულია და მდუმარე“.
ამ თვის ქრონიკა გამომივიდა ადამიანებზე, რომლებიც ცდილობენ, გარემო, რომელშიც დაიბადნენ, მოირგონ. აგრესიული და აქტიური გარემო კი არ ძერწავდეს მათ ცხოვრებას, არამედ პირიქით – თვითონ მოიპოვონ უფლება ამ გარემოში თავისუფალი ცხოვრების – ურთიერთობების. თავისუფლად ფიქრის და ქმედების.
საქართველოს კულტურის პოლიტიკა არ ცნობს ექსპერიმენტს და არ ცნობს ახალგაზრდების უფლებას, შექმნან თავიანთი ენა; შექმნან ახალი არტისტული პროცესი. მაგრამ მათ მაინც სჯერათ, რომ დაფინანსების გარეშე სადღაც, „სხვაგან“ შეიძლება ახალი თეატრალური გარემოს შექმნა; სჯერათ, რომ ერთ დღეს თავიანთი ხელოვნებით აუცილებლად შეცვლიან ურბანულ გარემოს, ზოგადად გარემოს და ამ გარემოში – ადამიანებს.
ხანდახან მეც მჯერა, რომ ეს შესაძლებელია. უბრალოდ, მე ამის მჯერა – უკვე მხოლოდ ხანდახან.