გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ასეთი აქტივიზმი უნდა გადადგეს

არსებობს თურმე სიტყვა პარესია ან პარეზია. ძველბერძნული ლამაზი სიტყვაა. ათენური დემოკრატიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი.
პარესია შეიძლება ითარგმნოს – როგორც თავისუფალი მეტყველება, ან ყველაფრის თქმა.

პარესიასტი (ანუ ის, ვინც იყენებს პარესიას) ამბობს ყველაფერს, რასაც ფიქრობს, არაფერს მალავს და ბოლომდე გამოხატავს თავის აზრებსა და გრძნობებს. პარესია მიემართება ძალაუფლებას, მიემართება უმრავლესობისთვის ეჭვმიუტანელ ჭეშმარიტებებს და წარმოადგენს საჯარო კრიტიკული მეტყველების ტრადიციას. პარესიასტისთვის ეს ხიფათის შემცველია. მაშასადამე, პარესია რისკთანაა დაკავშირებული. თუ ამ ტიპის მეტყველება არ ატარებს რისკს, ის ვერ იქნება პარესია. თუ სამუშაო ადგილას გამოთქვამთ აზრს, რომელიც შეიძლება სამსახურის დაკარგვად დაგიჯდეთ, თქვენ პარესიასტივით იქცევით.

პარესია ორგვარია – უხეშად რომ ვთქვათ, ცუდი და კარგი.

ცუდი პარესია ნიშნავს ლაყბობას, ცუდ და საშიშ მეტყველებას. ყველაფრის თქმას, რაც ენაზე მოგადგება, როგორც იტყვიან. მაგალითად, პლატონთან ასე ყოფილა. ასეთ „ცუდ“ პარესიას დუმილი სჯობს.

თუმცა, კლასიკური ტექსტების უმეტესობაში პარესია თურმე პოზიტიურ ელფერს ატარებს, ანუ თავის ძირითად გამოვლინებებში პარესია „კარგია“. მეტიც, პარესიასტის პირით, როგორც წესი, ჭეშმარიტება ლაპარაკობს – ასეთი რწმენა არსებობს.

საკუთრივ, რისი თქმა მინდოდა?

საკუთრივ, იმის თქმა მინდოდა, რომ ჩვენებური  აქტივიზმისა და აქტივისტური მეტყველების ძირითადი (უკვე ცხადად ლიბერალური) გამოვლინებების პარესიას შუქზე დანახვა იქნებ რამეში წაგვადგეს-მეთქი.

ამ აქტივიზმს სითამამის ნაკლებობა თითქოს არ აქვს. ოღონდ, რამდენადმე გამრუდებული სახით. თითქოს რისკზეც მიდის ალაგ-ალაგ, პირში სიმართლის თქმასაც არ ერიდება, მაგრამ ჰეროიზმის მოთხოვნილება, რომელსაც ვერ მალავს და ჰეროიზმი, რომლის იმიტირებასაც ცდილობს, ერთჯერადია. ერთჯერადობაში ვგულისხმობ არა მხოლოდ განმეორებად ქმედებებზე უარის თქმას, არამედ მომავლის ნაკლებად გათვალისწინებას, ერთი რეაქციული ჟესტით კმაყოფილებას.

ამ კმაყოფილების მიზეზი ხშირად წახალისებაა, გამოხატული „რა კარგად თქვა“, „ათიანში გაარტყა“ და ამგვარებით, რის შემდეგაც ჰეროიკული ბრწყინვალება მისკენ მოშვერილ კამერის შუქში თანდათან ინთქმება.

ან რატომ უნდა გეგონოს, რომ მხოლოდ გულწრფელობა საკმარისია ჭეშმარიტების გასაჩენად და მის გასავრცელებლად. ხანდახან პირიქით – გულწრფელი, აი, სულ ახლა მკერდში გაჩენილი ყვირილისთვის ბრმად მინდობა იქნებ ხელს უშლის კიდეც იმის ამოთქმას, რაც პოლიტიკურად მიზანშეწონილი იქნებოდა (ამ მხრივ რამდენი რამის სწავლა შეიძლება აუდიტორია #115-ის ხალხისგან). 

ხომ გვახსოვს: „რაკი ცხოვრება თვალთმაქცური გახდა, ჩვენც მისდამი თვალთმაქცური მიდგომა უნდა შევიმუშაოთ“.

თუ არა და, აქტივიზმი ჰგავს ცუდ პარესიას, რომელსაც დუმილი მართლა შეიძლება სჯობდეს.

ხოლო აქტივიზმი, რომელიც ემთხვევა ცუდ პარესიას და რომელსაც დუმილი სჯობს, უნდა გადადგეს.

გადადგეს თანდათანობით. 

ილუსტრაცია: რომი ბლუმელი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა