
ატკატების ჯორჯია | დავით ჯოვზირიძე
15.03.2017 | 6 წუთიანი საკითხავიერთმა სახელმწიფო ორგანომ ალილო დააფინანსა რამდენიმე ათეული ათასი ლარით, ანუ ბევრი ფული მისცა უმდიდრეს საპატრიარქოს, რომ იმას გაჭირვებულებისთვის კანფეტები შეეგროვებინა, მეორემ „იუმორინას“ გადაურიცხა „ბღუჯა“ ფული იუმორთან არანაირი კავშირის არმქონე ღონისძიებების გასაგრძელებლად, მესამეს მმართველმა ერთ წელიწადში ასი ათასი ლარი დაიწერა პრემია და ეს ყველაფერი უკვე ნამდვილ ეროვნულ ტრადიციად იქცა - მთელი სახელმწიფო მანქანა, რომელიც ხალხის ფულის ოფიციალურად მითვისებითაა დაკავებული.
ეს სხვა არაფერია, თუ არა საბჭოთა, ამძაღებული მენტალიტეტი. ზუსტად მაშინ ჩაისახა ეს ტრადიცია - სხვის, აღმოსავლეთ ევროპაზე მიერთებულ, გაუგებარ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანები მიეჩვივნენ სახელმწიფო ქონების მიტაცებას, მეტიც, ამით ამაყობდნენ კიდეც და ეს დღესაც გრძელდება, ოღონდ ქვეყანა უკვე მათია, აღარავისზე მიერთებული და ნამდვილი, აი, ფეხზე წამომდგრები რომ ცრემლების ღაპაღუპით სვამენ სადღეგრძელოებს, ის. მაგრამ ეს არავის აინტერესებს, სახელმწიფო ინტერესები მათთვის საკუთარი ბინების ზღურბლთან მთავრდება. ბინებში შანელის სუნი დგას, სადარბაზოში – მძღნერის და ქუჩაში – შიმშილის.
მერე რა, კაცო.
2016 ამ მხრივ გამორჩეული წელი იყო – ბიუჯეტიდან 28 მილიონი ლარი გამოიყო პროექტისთვის ჩჰეცკ ინ Gეორგია. სახელმწიფომ აიღო ჩვენი ფული, ჩამოიყვანა რამდენიმე ცნობილი, ოდნავ მივიწყებული არტისტი და მერე მათ კონცერტებზე ბილეთები მოგვყიდა. ახლახან სამოყვარულო დონეზე შესრულებული ინფოგრაფიკაც შემოგვთავაზეს, თუ რამდენი დაიხარჯა და რამდენი იყო მოგება, საიდანაც ირკვევა, რომ პროექტმა 30 მილიონი მოიტანა: 3 750 ათასი ბილეთებიდან, ბიზნესსექტორიდან დაახლოებით 7 მილიონი და ფონდ „ქართუს“ შემოწირულობა 20 მილიონი. ძალიან საინტერესო ზღაპარია, ვერაფერს იტყვი. თუმცა ზღაპარი ამით არ დამთავრებულა, სულ ახლახან გვახარეს, რომ მალე თბილისში ვეტერან ვაჟთა ჯგუფი „აეროსმიტი“ იმღერებს და ამაში რაღაც კაპიკები, 5.5 მილიონი ლარი დაიხარჯება. ისევ ჩვენი ფული და ისევ მოგვყიდიან ბილეთებს.
დანაშაული აქ მარტო ის კი არაა, რომ ადამიანთა ჯგუფი სიღატაკის ზღვარზე მყოფ ქვეყანაში ატკატებით მილიონებს „გვაწერავს“ ძალიან კულტურულად, არამედ ისიც, რომ კონკურენციას, თავისუფალ ბაზარს, განვითარებას სპობს.
თბილისის საკლუბო ცხოვრებაზე უკვე მთელი მსოფლიო ლაპარაკობს, სოლიდური პრესაც და ადამიანებიც. ეს ყველაზე განვითარებული სფეროა დღეს საქართველოში სწორედ იმიტომ, რომ შრომაზე, მოგების ინტერესზე, ხარისხზეა აწყობილი. და ეს მიუხედავად იმისა, რომ თბილისის კლუბების მფლობელებს სახელმწიფო აეროპორტებში ელოდება დასამცირებლად, ყველანაირად უშლის ხელს, რომ ეს სფერო გაძლიერდეს, მეტი ტურისტი ჩამოიყვანოს, კიდევ უფრო გაავრცელოს საქართველოს, როგორც მაგარი ქვეყნის სახელი. ჯამში, სახელმწიფო თან მიირთმევს ხალხის ფულს და თან განვითარების უმთავრეს პირობას, კონკურენციას სპობს.
თანამედროვე მუსიკის ცენტრში, ბერლინში, როდესაც კლუბის ფეისკონტროლმა გაიგო, რომ მეგობრები საქართველოდან იყვნენ, ულაპარაკოდ შეუშვეს და ისიც უთხრეს, „ბასიანი“ ძალიან მაგარიაო. ამას ვერც რამაზოტის ჩამოყვანა იზამს და ვერც „აეროსმიტის“, ევროპაში არავის უკვირს ვარსკვლავების კონცერტები. იქ ის უკვირთ, რომ ქვეყანაში, სადაც გაჭირვებაა და ადამიანებს მარიხუანის მოწევისთვის ციხეებში ალპობენ, ასეთი სუბკულტურა შეიქმნა.
და იქნებ ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმშიც აისეირნონ საყდრისის ამფეთქებელმა, ჯაზის მოყვარულმა და ატკატებით მოპუტკუნებულმა მოხელეებმა. აისეირნონ და ნახონ უშუქო, მოუწესრიგებელი, გაუმართავი ტერიტორია, რომელიც ერთადერთ გრძნობას იწვევს – სირცხვილს.