აუცილებელი წინაპირობა
ქალაქის აურა მებრძვის,
ქალაქის აურა მკლავს,
ქალაქის აურა ნეხვი
და ჩემი ბურჟუაზიული კონტექსტებიდან ამოგლეჯილი ხმა,
რომელიც იბრძვის ჩემი სხეულიდან
და რომელიც ისმის ჩემი სხეულიდან,
უნდა მოედოს ქალაქს,
რომელიც ლეთარგიულ ძილშია გახვეული.
ჩვენ ვიზრდებით საკუთარ სხეულებში,
რადგან არ მოგვცეს საშვი ცხოვრებისკენ,
და არც მოგვცემენ საშვს ცხოვრებისკენ,
რადგან არ გვაქვს გეგმები მომავლისთვის,
რადგან ოცდაოთხი საათის განმავლობაში ვიწვით.
რადგან გავახილეთ თვალები დახუჭვის პერსპექტივის გარეშე,
რადგან ღმერთი გასულია მომსახურების ზონიდან,
რადგან მამებმა ღორებივით შესანსლეს ყველაფერი
და საკუთარი თავის ამარა დაგვტოვეს
და დაგვიტოვეს უენო ზარი და ბლანტი სიჩუმე,
რომელიც იღვრება გასავათებული დედების თვალებიდან,
რომლებიც ეძებენ ხსნას
ქალაქში,
რომელიც ლეთარგიულ ძილშია გახვეული.