გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #პოეზია

ავი თვალის შელოცვა | მარიამ ნატროშვილი

გასქდა შავნაი კლდე, გამაჰყვა შავნაი კაცი, გადაჯდა შავსა ცხენზედა, გადიხურა შავი ნაბადი, ამოიღო შავტარიანი დანა, გასჭრა წითელი გველი. იჯდა დედა მარიამი, ქსელსა ჰქსოვდა ძოძეულსა, თმასა შლიდა ბროწულსა. წინ ედგა ოქროს ჭურჭელი, შიგ ედგა ვარდისა წყალი.

გაუტეხესო დედა მარიამსა ოქროს ჭურჭელიო, დაუღვარესო ვარდისა წყალიო. ვინც შენაო ავის გულით, ავის თოლით შემოგხედაო, გასქდეს იმისა თოლიცა, იმისი გულიცაო. კაცია, დედაკაცია, ფეხდიდია, ფეხბატარია, თოლჭრელია, თოლშავნაია, თმაწითელია, თმაშავნაია, ახალია, ძველია, ბებერია, თეთრფეროვანია, შავგვრემანია, მკვდარია, ცოცხალია - იმისი თოლი ეკალსა, გული - სამართებელსა, იმისი თოლი ეკალსა, გული - სამართებელსა, იმისი თოლი ეკალსა, გული - სამართებელსა. დასწიოს სამოცდასამმა წმინდამ გიორგიმ იმისი თოლიც, იმისი გულიც!

შეგილოცავ თვალისასა, პირველი ჩემი თავისასაა, შინაურსა, გარეულსა. ვინც ავ თვალით გიყურებდნენ, სამი მუჭა ნემს-მახათი, იმათ თვალებში სახლართი. ვიჯექ კარსა სამოთხისასა, დღისასა სამოთხისასა; ვიჯექ კარს სამოთხისასა, დღისასა სამოთხისასა; ვიჯექ კარს სამოთხისასა, დღისასა სამოთხისასა.

იჯდა ქრისტეს დედა მარიამი, ქსელსა ჰქსოვდა ბროწეულისასა. ჩამოიარა შავმა თათარმა, ჩამოეშალა ქსელი ბროწეულისაი. დაჯდა, დაიწყო ტირილი - რადა სჩივი, რადა სტირი, ქრისტეს დედა მარიამო? შეულოცენ ხიმიწრული, გაუბერენ და გაქრებაო.

გასკდა შავი კლდე, გამოვიდა შავი კაცი, გამოჰყვა შავი ცხენი, შაკმაზა შავმა კაცმა შავი ცხენი შავის უნაგირითა. შაჯდა შავი კაცი შავსა ცხენსა, შამაჰკრა შავი მათრახი, შააგდო შავსა წყალსა, დაიჭირა შავი გველი, დასჭრა, გადაასხა ავთვალსა, ავგულსა.

გასქდა თეთრი კლდე, გამოიდა თეთრი კაცი, შაკმაზა თეთრმა კაცმა თეთრი ცხენი თეთრის უნაგირითა. შაჯდა თეთრი კაცი თეთრსა ცხენსა, შამაჰკრა თეთრი მათრახი, შააგდო თეთრსა წყალსა, დაიჭირა თეთრი გველი, დასჭრა, გადაასხა ავთვალსა, ავგულსა. დასქდა წითელი კლდე, გადმოიდა წითელი კაცი, გამაჰყვა წითელი ცხენი. შაკმაზა წითელმა კაცმა წითელი ცხენი წითლის უნაგირითა. 

შაჯდა წითელი კაცი წითელსა ცხენსა, შამაჰკრა მათრახი, შააგდო წითელსა წყალსა, დაიჭირა წითელი გველი, დასჭრა, გადაასხა ავთვალსა, ავგულსა. ლახვრადა, ლახტადა, რომენმაც გათვალა.  შენი გულის სატკივარი აღმა ქარს. დაღმა წყალს. შენი გულის სატკივარი აღმა ქარს. დაღმა წყალს. შენი გულის სატკივარი აღმა ქარს. დაღმა წყალს. 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა