აჭარა ნაპირ-ნაპირ
21.08.2020პირველად გამოქვეყნდა ჟურნალში The Adventurer
მოდი, ზღვისპირა აჭარას სარფიდან გამოვუყვეთ - საზღვრისპირა სოფლიდან, რომელიც ორადაა გაყოფილი. სარფის ერთი ნაწილი თურქეთის შემადგენლობაშია, მეორე კი საქართველოში. სოფლის შუაში უზარმაზარი რკინის ღობეა აღმართული.
სარფში მცხოვრები მოსახლეობის უმრავლესობა ლაზია. საქართველოს ტერიტორიაზე დაახლოებით 2 ათასი ლაზი ცხოვრობს. მათი ძირითადი განსახლების არეალი აჭარაში, სარფი-კვარიათის ტერიტორიაა. ქართულის გარდა სარფში ლაზურის მოსმენაც შეგიძლიათ. ლაზური ქართველური ენაა, რომელზეც სხვადასხვა მონაცემებით დღეს 1.6 მილიონზე მეტი ადამიანი მეტყველებს. ლაზების უმრავლესობა თურქეთის ტერიტორიაზე ცხოვრობს.
შავი ზღვისპირეთში ყველაზე პატარა პლაჟი სარფს აქვს. პლაჟი საქართველო-თურქეთის საზღვის პირას მდებარეობს და არც თუ ისე მშვიდი ადგილია - მის ზემოთ გადის ცენტრალური საავტომობილო გზა, რომელიც სარფს ბათუმთან აკავშირებს. ამის მიუხედავად ზაფხულობით პლაჟის მონაკვეთზე უამრავი ადამიანი იყრის თავს. მიზეზი სუფთა, კამკამა ზღვაა და ამ ზღვაში შეჭრილი დიდი კლდე, რომელსაც ქვაომხაზე ჰქვია.
„ქვაომხაზე“ ლაზურად დაღარულ, ნაჭდევებიან ქვას ნიშნავს. ზღვაში შეჭრილ საფეხურებიან კლდეზე ზაფხულობით ტურისტები და ადგილობრივები იყრიან თავს. ქვაომხაზედან შავ ზღვაში ჩახტომა ერთგვარი ექსტრემია.
თუ ზღვას უკან მოიტოვებთ და სოფელ სარფის გზას შეუყვებით, უცებ აღმოჩნდებით მთიან სოფელში, რომელიც ზღვას გადაჰყურებს. სოფელში ერთ-ერთი მთავარი ტურისტული სანახაობა სწორედ ხედია, ნებისმიერი მაღლობიდან შეგიძლიათ ზღვის დანახვა, მდელოზე ჩამოჯდომა და მშვიდი, მოლივლივე უსასრულობით ტკბობა.
ყოველი წლის სექტემბერში სარფში კოლხობის დღესასწაულს აღნიშნავენ. სარფელები ზღვისპირას იკრიბებიან და სხვადასხვა წარმოდგენებს მართავენ. კოლხობაზე მისული სტუმარი ლაზურ სიმღერებს მოისმენს, ლაზური სამზარეულოს კერძებს გასინჯავს და ხალხური რეწვის ნიმუშებს დაათვალიერებს.
ლაზები ცხოვრობენ კვარიათშიც. ამ შავიზღვისპირა პატარა სოფელს ულამაზესი, მშვიდი სანაპირო და განსაკუთრებული მდებარეობა აქვს. კვარიათი ისევე, როგორც სარფი ორი ნაწილისგან შედგება. ერთი ზღვისპირა და მეორე მთაგორიანი. ერთმანეთისგან ცენტრალური საავტომობილო გზა ჰყოფთ. მთის ფერდობზე შეფენილი კვარიათიდან ზღვის თვალუწვდენელი ჰორიზონტი ჩანს. სოფელში მრავლადაა საოჯახო სასტუმროები. თუ გსურთ, მშვიდ, სასიამოვნო გარემოში დაისვენოთ, თან ზღვიდან ათი წუთის სავალზე იყოთ, მაშინ კვარიათია იდეალური ადგილი.
სარფისგან განსხვავებით, კვარიათში მთელ სანაპირო ზოლზე უამრავი კაფე-ბარი და ბუნგალოა. თუმცა მათ შორის გამორჩეულია „რაკუშკები“. „რაკუშკები“ ზუსტად იქ დგას, სადაც ზღვა სარფსა და კვარიათს შორის პატარა ყურეს ქმნის. ფერადი, ორიგინალური დიზაინით გამორჩეული კაფე, რამდენიმე წელია იქცა კვარიათის სავიზიტო ბარათად.
საზღვარი კვარიათსა და გონიოს შორის პირობითია. საგზაო ნიშანი კი გაუწყებთ, რომ კვარიათი დამთავრდა და გონიო დაიწყო, თუმცა ვიზუალურად არაფერი იცვლება. ერთადერთი, გონიოს სანაპირო უფრო მეტადაა დატვირთული მაღალი შენობებით და ოდნავ უფრო ხმაურიანია. მთელს სანაპირო ზოლზე ძნელად იპოვით ოჯახს, რომელიც ზაფხულობით ბინას არ აქირავებს.
ტურიზმი გონიოელების შემოსავლის მთავარი წყაროა. გონიოშია გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალი. ციხე I საუკუნით თარიღდება. ისტორიკოსების აზრით, საქართველოში ერთ-ერთი უძველესი დასახლება სწორედ ამ ციხის ირგვლივ იყო გაშენებული. ციხე ზღვასთან ახლოს მდებარეობს. გონიოს ციხის აშენება რომაელებს უკავშირდება. ძველად მას განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. ციხესიმაგრე კოლხეთის დაბლობიდან აღმოსავლეთისკენ მიმავალი გზების საკვანძო გზაჯვარედინი იყო. მას შემდეგ, რაც 1547 წელს ოსმალებმა ჭანეთი დაიპყრეს, გონიოს ციხეში რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ოსმალეთის იმპერიის ჯარი იდგა. ოსმალები გონიოში 1878 წლამდე დარჩნენ მანამ, სანამ ციხე სან სტეფანოს ზავით რუსეთის იმპერიას არ გადაეცა. ძველი ბერძენი ისტორიკოსისა და ფილოსოფოსის, არიანეს გადმოცემით, გონიო-აფსაროსი ლეგენდარულ არგონავტებსაც უკავშირდება. კოლხეთიდან გამოქცეულ მედეას და იასონს თითქოს აქ მოუკლავს უკან დადევნებული მედეას ძმა აფსირტე. აიეტს თითქოს იმ ადგილას დაუმარხავს შვილი, სადაც ახლა გონიოს ციხეა.
მსგავსად სარფისა და კვარიათისა, გონიოში პლაჟი სუფთაა და იდეალური ადგილია დასასვენებლად. გონიოსა და ბათუმს ერთმანეთისგან მდინარე ჭოროხი და დაუსახლებელი ტერიტორია ჰყოფს.
ბათუმის ჩრდილოეთით ბოტანიკური ბაღი და მწვანე კონცხია.
მწვანე კონცხის ზღვისპირა ზოლი დაუსახლებელია და იქ ნახევრად ველური გარემოა. ბათუმის მხრიდან ადვილად მისადგომია. ეს მხარე ბოტანიკური ბაღის ერთ-ერთ შესასვლელთანაა ახლოს. ურბანული ლეგენდის თანახმად, მწვანე კონცხზე შავი ზღვა ყველაზე სუფთაა.
იმისთვის, რომ მწვანე კონცხიდან ჩაქვში მოხვდეთ, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოგიწევთ დაბრუნება.
ჩაქვი ზღვისპირა დაბაა. ძველი, ორსართულიანი სახლებით და კამკამა ზღვით.
ჩაქვი ადრე ცნობილი ჩაის პლანტაციით იყო. 1893 წლის ნოემბერში ჩაქვში ჩინეთიდან ჩაის კულტურის სპეციალისტი ლაო ჯინ ჯაო ჩამოვიდა რუსი ვაჭრის, პოპოვის მოწვევით და თან ცხრა ჩინელი ჩაის სპეციალისტი ჩამოიყვანა. მათ ჩინეთიდან რამდენიმე ათასი ჩაის ნერგი და ასობით ფუთი ჩაის თესლი ჩამოიტანეს. ლაო ჯინ ჯაოს ჩაი ჩაქვში, კაპრეშუმსა და სალიბაურში მოჰყავდა. მის მიერ მოყვანილ ჩაის „საუფლისწულო ჩაის“ ეძახდნენ. ცნობილია, რომ 1900 წელს პარიზის მსოფლიო გამოფენაზე ლაო ჯინ ჯაოს მიერ მოყვანილმა ჩაიმ ოქროს მედალი მოიპოვა. ლაო ჯინ ჯაო ჩაქვში 1926 წლამდე ცხოვრობდა. სახლი, რომელიც მას და მის ოჯახს ეკუთვნოდა, ჩაქვში ისევ დგას და სხვა სახლებისგან გამოირჩევა თავისი არქიტექტურით. იდეა, ამ სახლში ჩაის მუზეუმი გახსნილიყო, დღემდე იდეად რჩება. თუმცა მაინც გირჩევთ ესტუმროთ ამ სახლს და მოინახულოთ. არც კარი აქვს და არც ფანჯარა, არც ბილეთის ყიდვა დაგჭირდებათ იქ შესასვლელად. ეგაა, თქვენი ინსტაგრამის ექაუნთი გამდიდრდება საინტერესო ფოტოებით, რომლის გადაღების ინსპირაციასაც ამ სახლის შიდა ინტერიერი მოგცემთ.
ჩაქვთან ახლოს არის კიდევ ერთი ზღვისპირა სოფელი ციხისძირი.
ციხისძირში არც კაფეებია, არც ბუნგალოები და არც საპლაჟო ინფრასტრუქტურაა განვითარებული. სამაგიეროდ სუფთა ზღვაა, გარეშე თვალისგან უზარმაზარი წიწვოვანი ხეებით დაფარული სანაპირო ზოლით. ციხისძირს უნიკალური პეტრას ციხესიმაგრეც აქვს. ეს ერთადერთი ციხეა, რომელიც საქართველოში ზღვისპირას, ზღვიდან მიუდგომელ კლდეზეა აგებული.
VI საუკუნეში ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანეს ბრძანებით, პეტრას ციხესიმაგრე იოანე სტრატეგოსს აუშენებია. საუკუნეების განმავლობაში ის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა.
დღეს ციხესიმაგრიდან მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი. ხედი, რომელიც პეტრადან იშლება, გონებიდან არასდროს წაგეშლებათ. პეტრას ციხეზე ლიმონარიუმია გაშენებული. მწვანე ტერასები, ციხესიმაგრეს კომუნისტური წლებიდან რომ შემორჩა და მის განუყრელ ნაწილად იქცა, ციხის ნანგრევებს განსაკუთრებულ იერს აძლევს.
თუ პეტრას ციხეზე შემოგაღამდებათ, დარჩით და დაელოდეთ სანამ მზის წითელი, ვარვარა დისკო ზღვაში არ ჩავარდება. ჰორიზონტი ჯერ შევარდისფერდება, მერე გამუქდება და ზღვაზე ბინდი ჩამოწვება. სიმშვიდე, რომელიც ზღვას და ჰორიზონტის ცქერას მოაქვს, მთელი წელი გაგყვებათ, მანამ, სანამ ისევ უკან არ დაბრუნდებით ნაცნობ ადგილებში.
მანანა ქველიაშვილი, სპეციალური კორესპონდენტი ბათუმიდან