ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ახალი თაობის Woodstock-ი

თითქმის ყველაფერი, რაც საქართველოს გლობალურ რუკაზე თუნდაც პატარა ადგილს ანიჭებს, დასაფასებელია. რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, ამ როლში, "ჩაკრულოს", გიორგი ქინქლაძის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, რაგბის და სხვა რამეების გარდა, კლუბური ცხოვრებაც გვევლინება. თუმცა, თუ კლუბურ ცხოვრებასთან ასოცირებულ მუსიკალურ ჟანრზე (რომელშიც იმდენი ქვეჟანრია, ჭეშმარიტ მუსიკალურ სნობსაც გაუჭირდება, ყველას ცოდნაზე გამოთქვას პრეტენზია) მიდგა საქმე, ამ ჟანრს საქართველოში უცნაურობები არასდროს აკლდა. ასე მაგალითად, ლამის უკვე კლიშედაა ქცეული ის ფაქტი, რომ ელექტრონული მუსიკის ქართველმა პიონერებმა ამ მუსიკის კეთება ენერგოკრიზისის დროს დაიწყეს.

მეტიც, სწორედ ამ ენერგოკრიზისისას შეიქმნა ისეთი ღირებული მუსიკალური პროდუქტები, როგორიცაა გოგი ძოძუაშვილისა და მისი მეგობრების 1997 წლის ნამუშევრებიდან აწყობილი და 2004 წელს Max Ernst-ის ლეიბლზე გამოცემული ალბომი, Post Industrial Boys, ან ნიკა მაჩაიძის 2002 წლის Sestrichka (WMF Records).

მაგრამ ამ ეგზისტენციალურად საშიში და დანარჩენი სამყაროსგან იზოლირებული პერიოდიდან, დაახლოებით 15 წელი გავიდა და ის, რამაც ყველაზე ეფექტურად დაგვაკავშირა გლობალურ პროცესებთან, ალბათ ტექნოლოგიური პროგრესია – კომპიუტერი და ინტერნეტი. iPhone-ი აქ კარგი მეტაფორაა: ეს ის ნივთია, რომელიც ლამის ყველას აქვს – მე, თქვენ და 35.7 მილიარდი დოლარის მფლობელ მარკ ცუკერბერგსაც.

შესაბამისად, ეს გარემოება იმ მუსიკალურ ჟანრზეც აისახა, რომლის შესაქმნელად კომპიუტერია საკმარისი.

„ეს მუსიკა „მეგობრულია“ ავტორის მიმართ: თუ გინდა მისი კეთება, თუ ასე თუ ისე გაქვს სმენა, შეგიძლია იშრომო საკუთარ თავზე და მშვენიერი მუსიკა შექმნა“, – ამით ხსნის წარმატებული ქართველი არტისტების სიჭარბეს ელექტრონულ მუსიკაში ლევან ღვინიანიძე, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული ელექტრონული მუსიკის ფესტივალის, 4GB-ის დამფუძნებელია. „უკვე ბევრი ქართველი არტისტი გამოდის ისეთ ცნობილ ლეიბლებზე, როგორზეც სხვა ჟანრის ქართველი მუსიკოსი არასდროს გვინახავს“, – ამატებს ლევანი და განსაკუთრებით გამოჰყოფს Greenbeam & Leon-ს, რადგან „მათ მუსიკის კეთება გარეუბანში დაიწყეს, დღეს კი მსოფლიოს საუკეთესო ლეიბლებზე ვხედავთ, უამრავი რელიზი აქვთ და მაგარ ფესტივალებზე უკრავენ. სხვა ახალგაზრდა პროდიუსერებიც არიან, მაგალითად, გაჩა, რომელიც ასევე ძალიან კარგ ლეიბლებზე გამოდის. ეს საერთაშორისო მუსიკაა, მისი ბაზა ყველასთვის საერთოა და არ აქვს ენა“. ამის საილუსტრაციოდ ლევანს ერთი თეორია მოჰყავს, რომელიც ადამიანებს „თანდაყოლილად ციფრულ“ და „მიგრანტ ციფრულ“ ადამიანებად ჰყოფს: პირველი „ის ხალხია, რომლებიც როცა დაიბადნენ, უკვე არსებობდა, ვთქვათ, ინტერნეტი, და ასეთია, მაგალითად, ჩემი 13 წლის ძმა. ელექტრონული მუსიკაც ასეა – ჩვენთან ერთად ვითარდება“.

თუ ახლა 15-დან 25 წლამდე ხარ, მაშინ ეს [ელექტრონული მუსიკა] შენი როკ-ენ-როლია

– ეს 2012 წლის ფრაზა კი მსოფლიოს უმსხვილესი საკონცერტო პრომოუტერი კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს, მაიქლ რაპინოს ეკუთვნის.

ჰოდა, ენის დაბინძურების გამო გაღიზიანების უფლება ყველას აქვს, ვისაც უნდა, მაგრამ ფაქტია, რომ ახალი თაობის როკ-ენ-როლად ქცეულმა ექსპანსიურმა მუსიკამ ქართულ ყოფით მეტყველებაში ბევრი ინგლისურენოვანი სიტყვა შემოიტანა (რასაც ამ წერილშიც წააწყდებით), როგორიცაა „ვენიუ“, „ქრაუდი“, „დენსფლორი“, „ივენთი“, „ფართი“, „საუნდი“, „ლაინ-აპი“, „ქლაბინგი“ და სხვა.

ქართული ქლაბინგი

და ამ მუსიკასთან ერთად, ვითარდება მისი თანამდევი ცხოვრების წესიც: კლუბური ცხოვრება. და, სხვათა შორის, ნაყოფიერადაც: ლევანის თქმით, რეგიონში, პრაქტიკულად, ლიდერები ვართ. უკრაინა დიდია, რუსეთი დიდია და ბუნებრივია, იქ უამრავი რამე ხდება, მაგრამ პროპორციები უნდა გავითვალისწინოთ: „[ქვეყნის] ზომისა და [მუსიკის/ქლაბინგის] ხარისხის საშუალო რომ გამოვიყვანოთ, ამ მხრივ საქართველო აბსოლუტური ლიდერი გამოდის. ჩვენ ხომ, ზოგადად, 20 წლით მაინც ვართ ჩამორჩენილები და გვიან ვეწევით მოვლენებს. მაგრამ ამ სფეროში მსოფლიოს ფეხდაფეხ მივყვებით – იქ ვინც მაგარი ტიპია, ის აქაც უკრავს“.

მეტიც, დედაქალაქის მასშტაბით თუ ვიმსჯელებთ, ეს სფერო, როგორც ინდუსტრია, კაფეების მერე, შეიძლება ერთ-ერთ ყველაზე მრავალფეროვან ბაზრადაც კი განვიხილოთ: „20 ადგილი მაინც არის დღეს თბილისში, სადაც ადამიანები ღამე ცეკვავენ, აქედან ხუთი შეიძლება ნორმალურია, ხუთი – ნაკლებად ნორმალური და 10 – ცუდი, მაგრამ პროცესია თავისთავად ღირებული“, – მეუბნება ლევანი და მერე უფრო წვრილად განვიხილავთ თითოეულ მათგანს: „ყველას თავისი ნიშა აქვს.

მაგალითად, შარდენზე და ბამბის რიგში, DJ-იანი „ტუსოვკებია“ ბოლო დროს, რაც ჩემთვის შეიძლება არ არის ესთეტურად საინტერესო და მისაღები, მაგრამ თვითონ მოვლენა, რომ DJ უკრავს, თუნდაც ბიტიან „ბამბოლეიოს“, და ხალხი ცეკვავს, კარგია.

პარალელურად, უკვე ბევრი ფესტივალი ეწყობა, მათ შორის, ცოტა დიდი და კომერციული ფესტივალებიც, რომელთაც ცოტა ძვირიანი, ჩარტების ლიდერი არტისტები ჩამოჰყავთ. მოკლედ, ამ ყველაფერმა „ქრაუდიც“ დაასაგმენტირა, რაც კარგია“.

თუმცა, მეტ-ნაკლებად მრავალფეროვანი ბაზრის მიუხედავად, რამდენად შემოსავლიანი ინდუსტრიაა ქლაბინგი საქართველოში, ვერ გეტყვით. ამერიკული მედიაგამოცემის, Billboard-ის თანახმად, შარშანდელი მონაცემებით, ჩრდილოეთ ამერიკაში, ელექტრონული მუსიკის ღირებულება 1.9 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც მთელი ინდუსტრიის ღირებულების დაახლოებით 30 პროცენტია. Nielsen Music-ს თუ დავეყრდნობით, ალბომებისა და ტრეკების შეძენისა და ონლაინპლატფორმების გამოყენების მიხედვით, 2014 წელს, აშშ-ში როკი ლიდერობდა (29%), ელექტრონული მუსიკის მოხმარების მაჩვენებელი კი 3.4% იყო. 

ასეა თუ ისე, თანამედროვე ცხოვრების წესზე დამკვირვებლებში სულ უფრო მეინსტრიმული ხდება კითხვა, თუ რატომ ვითარდება ჩვენთან ეს სფერო ასეთი წარმატებით; ჩვენთან, ანუ ქვეყანაში, სადაც ელექტრონული მუსიკის კულტურის განუყოფელი ნაწილი – მხიარული ნარკოტიკები – კრიმინალიზებულია.

თუ ერთი მიზეზი ახალი თაობის ტექნოლოგიებით გატაცება შეიძლება იყოს, მეორე მიზეზი, ლევანის აზრით, ქლაბინგის ხელმისაწვდომობაა:

პატარა და არამდიდარი ქვეყნისთვის ქლაბინგი აქტუალურია, რადგან არ ჯდება იგივე ფასი, როგორიც ბენდების ჩამოყვანა. საკმარისია, გქონდეს წესიერი საუნდი და თუნდაც პატარა სივრცე და გაერთობი.

და კიდევ ერთი მიზეზი: „საქართველოში ბევრი საშუალება არ გაქვს... ელემენტარულად, ადგილობრივი სპორტი და ჩემპიონატები არაა განვითარებული, სადაც წახვალ, „დინამო-დინამოს“ იყვირებ (რასაც მე მთელი ცხოვრება ვაკეთებ) და დაიცლები. ქლაბინგი კი ის სფეროა, სადაც შეგიძლია განიტვირთო, დაიცალო, იხტუნაო, თავდავიწყებას მიეცე. მედიტაციასავითაა... ბასი გულის ბიტს რომ აჯდება...“

სხვათა შორის, სტერეოტიპულად ან კი ბედკრული ისტორიის გამო დაძაბულმა ქართველებმა ბოლო დროს განტვირთვა, სიამოვნების მიღება თუ ცეკვა მართლა ისწავლეს. შეიძლება, ერთმანეთს ბაძავენ, მაგრამ ლევანი ფიქრობს, რომ წამხედურობა ამ შემთხვევაში წაგვადგა: „ჯობია, ხელოვნურად მოშვებული იყო, ვიდრე ბუნებრივად დაძაბული“.

თუმცა, ლევანს ქართული ქლაბინგის დაძაბული დღეებიც ახსოვს. მაგალითად, აჭარა Music Hall-ში, რომელიც, მისი აზრით, თამაშის წესების შემცვლელი იყო ამ სფეროში: „ეს იყო პირველი დიდი და ხარისხიანი კლუბი, კარგი ხმით, სადაც ჩამოდიოდნენ უცხოელი არტისტები. თუმცა, ეს ჩემთვის უფრო ბიზნესი იყო და სინამდვილეში იყო კიდეც ბიზნესპროექტი“. ლევანის მთავარი სენტიმენტი Berlin Club-ია: „ეს იყო ენთუზიასტების მიერ გაკეთებული ნაღდი სივრცე, რომელიც თავის დროზე ძალიან ადეკვატური იყო იმისა, რაც თუნდაც ნამდვილ ბერლინში ხდებოდა“. კლუბ FLY-ს ლევანი Berlin-ის გაგრძელებად, მის „გვერდით თუ შემდგომ ეფექტად“ მიიჩნევს, რომელიც „ასევე ძალიან კარგი სივრცე“ იყო. „კიკეთი Open Air არანაკლებ მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც პირველად 2004 წელს გაკეთდა, ჩვენი სამეგობრო ვაკეთებდით იმავე განწყობითა და ღირებულებებით, როგორც დღეს – 4GB-ს“. თბილისისთვის ძალიან მნიშვნელოვან კლუბად შემდეგ უკვე „კაფე-გალერის“ მიიჩნევს: „ბოლო ათწლეულის მთავარი მოთამაშეა, სადაც მგელი და კრავი ერთად ძოვს... იეღოვას სამოთხეა ერთგვარი. უნიკალური, ნაღდი სული აქვს. სანდროს [ანთაძის] ნახატებიც თავისას შვრება, სივრცეც და ის თავისუფლებაც, რაც არის „გალერიში“. აუცილებლად სახსენებელ კლუბთა შორის არის „მტკვარზეც“ – „Berlin-ს ჰგავს იმით, რომ დიდ ყურადღებას უთმობს ქლაბინგის ნაღდ ღირებულებებს. შეიძლება ჭაღები, პარკეტი და ტუალეტში ესპანური მეტლახი არ ჰქონდეს, მაგრამ იზრუნებს დამატებით საუნდზე, რომ უფრო კარგად გესმოდეს მუსიკა“. და ბოლოს, Bassian-ი, რომელიც ბერლინური Berghain-ის მოდელზეა შექმნილი (სადაც, ცნობილი ჭორების თანახმად, ბრიტნი სპირსი არ შეუშვეს): „ხარისხის თვალსაზრისით, ერთმნიშვნელოვნად ყველაზე კარგი ვენიუა, რაც კი აქამდე ყოფილა. ასეთი ხმა, ასეთი ორგანიზება იშვიათობაა საქართველოში. სხვა სფეროშიც ცოტა რამე თუა ასეთი ხარისხიანი“.

4GB-ზე მიდიხარ?

„უკვე მერამდენე მაისია, ეს კითხვა დაახლოებით ისეთივე ინტენსივობით ისმის ქალაქში, როგორც დეკემბერში – „რას შვრები ახალ წელს?“

თუ არც ამ კითხვის ადრესატი ყოფილხართ და არც ავტორი, გეტყვით, რომ 4GB ელექტრონული მუსიკის ფესტივალია, რომელიც გიო ბაქანიძის ხსოვნას ეძღვნება.

გიო ბაქანიძე, პიონერი ქართველი DJ, ერთგვარი ირაკლი ჩარკვიანი იყო თავის ჟანრში იმ მხრივ, რომ სხვადასხვა გემოვნებისა და ფენის ადამიანების გაერთიანებას ახერხებდა თავისი მუსიკით: „დენსფლორზე ბევრნაირი ხალხი ირეოდა; ერთი მხრივ, მისი და ჩვენი მეგობრები – ცოტა ქალაქისცენტრელი, ცოტა მოსნობო ტიპები, მეორე მხრივ, ცოტა სხვა უბნელი, მოძველბიჭო ხალხი, კიდევ ვიღაც ახალი „ქრაუდი“... ისეთი მუხტი მოდიოდა გიოსგან, რომ ეს ტიპები რაღაცნაირად კარგად ირეოდნენ ერთმანეთში. ამაში იყო გიოს მუსიკის განსაკუთრებულობა“, – ამბობს ლევანი. გიო 2010 წელს გარდაიცვალა. თუმცა, ლევანის აზრით, ის რომ ცოცხალი ყოფილიყო, „მაინც გავაკეთებდით ერთად რაღაცებს, უბრალოდ სხვა სახელი ერქმეოდა და ბევრად კარგი იქნებოდა გიოსთან ერთად“.

მაგრამ ახლა 4GB ჰქვია და ასე იშიფრება – „გიო ბაქანიძისთვის“ (ეს ისე, ინგლისურენოვანმა აბრევიატურამ თუ დაგაბნიათ). ტარდება 2011 წლიდან და წლიდან წლამდე აერთიანებს ბევრ მნიშვნელოვან სახელს ელექტრონულ მუსიკაში. მათ შორისაა: მაიქლ მაიერი, Superpitcher, Radio Slave, Pachanga Boys, Footprints, Coma, DJ Koze, მატიას აგუაიო – და ეს ის მატიას აგუაიოა, რომელმაც შარშანწინ, Underwheel-ში, 4GB-ის ფესტივალზე ორი საათის ნაცვლად, რვა საათს დაუკრა ქარიშხალსა და წვიმაში.

მიუხედავად ამისა, ფესტივალის შემქმნელები – ლევან ღვინიანიძე, სანდრო კაპანაძე, ნიკა J, ერიკსონა, ვახო, მიხო მაისურაძე, ლელი ჭელიძე, ოთო ლეჟავა – საჯაროობას, „რაღაცის ჩვენ თავზე მიწერას და გამოჩენას“ ერიდებიან; არასდროს გაუკეთებიათ რეკლამა – არც ტელევიზიით, არც რადიოთი. მართალია, „ელექტრონავტების“ ბოლო ორ დაჯილდოებაზე საუკეთესო ივენთის ნომინაციაში გაიმარჯვეს, მაგრამ ფეისბუკზე, ბევრი სხვა მონაწილისგან განსხვავებით, არასდროს უთხოვიათ, ხმა მოგვეცითო. არც ოფისი აქვთ („ხან ჩემთან ვიკრიბებით, ხან – სანდროს სამზარეულოში, ხან – ლელის აივანზე“), არც შპს-დ დაურეგისტრირებიათ 4GB და არც სპონსორები ჰყავთ ბევრი. და მაინც ახერხებენ, დაუვიწყარი განწყობა შექმნან და ის მუსიკოსები ჩამოიყვანონ, ვისი ჩამოყვანაც მხოლოდ მსხვილი დაფინანსების შემთხვევაში იქნებოდა წარმოსადგენი.

გასაღები ალბათ ამ საქმის სიყვარული და ცოდნაა (არტისტებს მხოლოდ საკუთარი გემოვნებით არჩევენ). და კიდევ: ფესტივალი არაკომერციულია. მოგებას მომდევნო წლის ფესტივალს ახმარენ, შედეგად, ყოველი ახალი ფესტივალი უკეთესია, რასაც სპონსორის დაინტერესებაც ემატება, და ჯამში, ზრდასთან გვაქვს საქმე. არც ქართველი არტისტები იღებენ ჰონორარს 4GB-ზე და არა იმიტომ, რომ ვინმეს ენანება: მათ უბრალოდ სიამოვნებთ, ამ ფესტივალის ნაწილი იყვნენ.

ლევანი ამბობს, რომ პირველი 4GB-იც მთლიანად თავიანთი ხელფასებით, დანაზოგებით და ვიღაცებისთვის გამორთმეული ფულით გააკეთეს. ეს 2011 წელს, რკინიგზელთა სახლში მოხდა, რომელიც მათ ნიკა მემანიშვილმა „ათხოვა“ („არ გვინდოდა კლუბში გაკეთება, არამედ ისეთ სივრცეში, სადაც იქამდე არაფერი მსგავსი არ იყო გაკეთებული“). იდეა კი ნიკა ჟ-სთან სახლში დაებადათ: „გიოს გარდაცვალებიდან ცოტა ხნის მერე, დავიწყეთ ფიქრი, რა გაგვეკეთებინა. ბუნებრივია, საფეხბურთო ტურნირს ვერ გავაკეთებდით, უნდა გვეტრიალა იმ ჟანრში, რა ჟანრშიც გიო მოღვაწეობდა. ეს უნდა ყოფილიყო რაღაც ივენთი. მერე დავიწყეთ იმაზე ფიქრი, ვინ ჩამოგვეყვანა. რადგან მაიერი გიოს საყვარელი არტისტი იყო, რომელიც იქამდე აქ არ იყო ნამყოფი, მისი ჩამოყვანა გადავწყვიტეთ“. და ჩამოიყვანეს კიდეც... არა სააგენტოთი, არამედ „მეგობრის მეგობრების მეგობრის“ გზით გავიდნენ კონტაქტზე. იმ დღის მერე, მაიქლ მაიერი 4GB-ის მუდმივი მასპინძელია და თავისი ლეიბლიდანაც (Kompakt) მოჰყავს არტისტები. სწორედ პირველმა 4GB-მ შექმნა პრეცედენტი და ისეთი განწყობა, რაც თბილისში მანამდე არ ყოფილა.

მეორე 4GB ტელევიზიის შენობაში მოაწყვეს, მესამე და მეოთხე – Underwheel-ში: „ვინც აქ მოვიდა, ბევრმა არც იცოდა ამ ადგილის შესახებ. მიმაჩნია, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ვენიუა: ქვემოთ მთელი ქალაქია და თავზე ანძა და ეშმაკის ბორბალი გაქვს – ჯადოსნურ განწყობას ქმნის“.

შარშანდელი ფესტივალი კინოსტუდიის პავილიონში ჩატარდა და გარდამტეხიც იყო იმ თვალსაზრისით, რომ უკვე 15 უცხოელი არტისტი ჩამოიყვანეს და უფრო ფართო აუდიტორიისთვის დაიწყეს ბილეთების გაყიდვა. წელს უკვე ვებგვერდიც გაჩნდა – 4gb.ge , და ბილეთების გაყიდვამაც უფრო ორგანიზებული სახე მიიღო.

წელს, 4GB-ზე ისეთი ლეგენდები ჩამოდიან, როგორიც ბრიტანელი მეთიუ ჰერბერტი და დეტროიტელი ჯეფ მილსი არიან. ჩამოვა, ასევე, KINK, რომელიც ჟანრში ყველაზე კომპეტენტურ და სანდო ჩარტებში, Resident Advisor-ში წლის საუკეთესო ცოცხალ შემსრულებლად დასახელდა და ისეთი მოთხოვნადია, ყოველდღე სადღაც უკრავს. ამის ფონზე, წინასწარ გასაყიდი ბილეთების ფასი, 50 ლარი, უმნიშვნელო ხდება: „20 ევროდ ვერსად წახვალ სამდღიან ფესტივალზე, სადაც უკრავს ჯეფ მილსი და კიდევ 50 მაგარი არტისტი“.

ახლა უკვე 4GB-ს, როგორც ბრენდს, აქვს ის ცნობადობა, რომ არტისტები ადვილად დაინტერესდნენ. შეუძლიათ, უბრალოდ დაგუგლონ და ნახონ, რა ხარისხის ფესტივალია. თან ორგანიზატორებმაც იციან კომუნიკაცია: თავად ლევანი 17 წლის ასაკიდან (2001 წლიდან) პრომოუტერია და DJ-ები ჩამოჰყავს, „სანდრო კაპანაძეს აქვს ბევრწლიანი სტაჟი, კიკეთი Open Air-ით დაწყებული, მოდის კვირეულებით დამთავრებული; მიხო მაისურაძე dance.ge-ს შემქმნელია, რომელმაც თავიდანვე დაქოქა ეს პროცესები; ნიკა J, ვახო და ერიკსონა DJ-ები არიან და ვახოს აქვს ერთადერთი Record Shop-ი თბილისში, Vodcast; ოთო ლეჟავა მხეცი მენეჯერია...“ 

თუმცა, დავუბრუნდეთ ისევ წლევანდელ 4GB-ს. ფესტივალი შთამბეჭდავ სივრცეში, თემქაზე, ელმავალმშენებელ ქარხანაში ჩატარდება. მუსიკოსებთან ერთად, „მაგარ ფესტივალებზე ნამუშევარი უამრავი დეკორატორი, ინსტალატორი და გრაფიტი არტისტი ჩამოდის“. სპეციალურად ფესტივალისთვის ჩამოდიან ფოტოგრაფებიც და ჟურნალისტებიც. გარდა ამისა, წელს იქნება Red Bull Music Academy-ს სცენა, რომელიც „ყველა მაგარ ფესტივალზეა“. ცხადია, „ამ მასშტაბის მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა სპონსორების და მეგობარი ორგანიზაციების გარეშე“.

მოკლედ, დაიმახსოვრეთ: 6, 7 და 8 მაისი. ელმავალმშენებლამდე მისვლა პირდაპირ მეტროთი შეგიძლიათ. „ესეც ერთ-ერთი გამოწვევაა: ჩვენი ცენტრალურუბნელი, გაბზეკილი მეგობრები თემქაზე მეტროთი წამოვიყვანოთ. ბერლინში ხომ მეტროს იყენებენ კლუბში სასიარულოდ...“

...მით უფრო, მეტროდან ამოსულს დაუვიწყარი გამოცდილება გელით. თანაც, გაითვალისწინეთ: 4GB ბევრად მეტს აკეთებს, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს: ის ქლაბინგში ზემოთ სწევს თამასას, ქმნის სტანდარტს და „ტაღლას, რომელზეც ამ სფეროს მოყვარულებს მთელი სეზონი შეუძლიათ ისერფინგონ“. როგორც მასსავით არაკომერციული Bურნინგ Mან-ია საფესტივალო ცხოვრების შემაჯამებელი და ტრენდის შემქმნელი მოვლენა, ასევეა ჩვენთან 4GB.

რაც მთავარია, ის უკვე საქართველოს მსოფლიო ელექტრონული მუსიკის რუკაზე ანიჭებს გარკვეულ ადგილს და აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ქლაბინგ-წერტილად აქცევს: „არის ამაში 4GB-ის წვლილი და ეს ეროვნული სიამაყის ერთ-ერთი მიზეზიც კი შეიძლება იყოს“.   

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა