გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
საბა ჩაჩუა

ახლებურად ფიქრი - #3 ამბავი იდეათეკიდან

საბა ჩაჩუა / მე-4 საჯარო სკოლა  / მე-9 კლასი

ოზურგეთი 

ვხვდები, რომ ყველაფერი ერთმანეთს ჯაჭვურად უკავშირდება: რომ არა იდეათეკა, ვერ მოვხვდებოდი ტექნოპარკში; რომ არა ტექნოპარკი, ვერ მოვხვდებოდი „ევროკლუბსა“ და სხვა პროექტებში. შესაბამისად, რომ არა იდეათეკა, ვერ გავხდებოდი ის, ვინც ვარ დღეს. 

შეიძლება, წიგნები დიდად არც მაინტერესებდეს, მაგრამ ხშირად კომპში რაღაცეების შემოწმება მჭირდება ხოლმე. როცა მინდა, მაშინ შევდივარ იდეათეკაში, დასვენებაზე, სკოლის მერე... გაკვეთილებიც გვიტარდება იქ და უფრო საინტერესო, შემეცნებითი გამოდის: ვუყურებთ ვიდეოებს, ფოტოებს, ნაწყვეტებს ფილმებიდან. ამისათვის მასწავლებლები წინასწარ ჯავშნიან დარბაზს. იდეათეკაში როცა არ უნდა შეხვიდე, სულ გადაჭედილია და სულ ვიღაცის ხმა ისმის „ეს წიგნი გამაქვს, ჩაწერეთ ჩემზე“ და ასეთებს. 

მაშინ, როცა იდეათეკა შეიქმნა, კლუბი დავაარსეთ „Idea Teens“. ვმართავდით შეხვედრებს, განხილვებს, სწორედ მანდ მივიღე სპიკერობის, აუდიტორიასთან საუბრის გამოცდილება, მაგრამ ისე მოხდა, რომ ზოგს დრო აღარ ჰქონდა, ზოგს კი აღარ მოუნდა გაგრძელება და, სამწუხაროდ, Idea Teens-იც დაიხურა, ალბათ, იმიტომაც, რომ გამოუცდელებიც ვიყავით. მაგრამ, საბოლოოდ, ამ შეხვედრებმა ჩემთვის ძალიან ბევრი რამ შეცვალა. ამის მერე მივედით ტექნოპარკში, რომელიც მაშინ ახალი გახსნილი იყო. იმათ კი, „ევროკლუბის“ ხალხს დაგვაკავშირეს და მას მერე სკოლიდან სახლში აღარ ვბრუნდები, პირდაპირ „ევროკლუბში“ მივდივარ ხოლმე. არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში არსებობს და ახალგაზრდების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. აი, მაგალითად, ცოტა ხნის წინ კულინარიული ფესტივალი გავაკეთეთ და შემოსული თანხა უკრაინის მხარდასაჭერ ფონდში ჩავრიცხეთ. 

პროექტს პრობლემის დადგენით ვიწყებთ. როგორც წესი, ის ორი სახისაა ხოლმე: ერთია ინდივიდუალური პრობლემა - ის, რაც შენ გაქვს გულში და გაწუხებს და მეორე საზოგადოებრივი, რაც დიდ ჯგუფს, მთელ თემს აწუხებს. იმისათვის, რომ ეს მეორე სიღრმისეულად გავიგოთ, გამოკითხვას ვატარებთ მოსწავლეებში. თუ ხედავს, რომ შენი 3-4 კლასელი მაინც ჩართულია, შენც გაინტერესებს და ერთვები. ჩვენც ასე ვიქცევით, კლასში ყველაზე აქტიურთან მივდივართ და მასთან ვიწყებთ საუბარს. მერე უკვე სხვებიც ერთვებიან.  

დაწვრილებით

ასევე, ურეკში, ცოტა ხნის წინ გურიის ტექნოლოგიური ბანაკის წარმომადგენლებმა ხუთდღიანი ტრენინგები გამართეს, რომელიც ამ რეგიონში არსებულ სხვადასხვა ურბანულ თუ სასოფლო პრობლემებსა და მათი ინოვაციური გზებით გადაჭრაზე იყო მიმართული. ჩვენმა გუნდმა ორეტაპიანი ბიზნესიდეა შექმნა, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო აღმოჩნდა და 500 ლარით დაგვასაჩუქრეს. 

ზოგადად ბევრი ინტერესის სფერო მაქვს, რადგან არ მიყვარს ჩარჩოებში ცხოვრება. ასტროფიზიკა მაინტერესებს, ფიზიკაც... ვფიქრობ, რომ კარგად ვიცი ინგლისური და საერთოდ, კარგი სპიკერი ვარ. 

ასტროფიზიკით ბებიამ დამაინტერესა, ბავშვობიდან მიკითხავდა. 11 წლის ვიყავი, როცა აქ, ჩვენთან, ასტრონომთა კლუბის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ და აი, მანდ მივხვდი, რომ ზუსტად ეს პროფესია მინდოდა. არა, დიდად არც არავინ მყავს ამ თემებზე სასაუბროდ, მაგრამ იცით, არც მჭირდება, თავისუფლად შემიძლია ინდივიდუალური მოთამაშე ვიყო. პატარაობაში როცა მეკითხებოდნენ ვინ გინდა გამოხვიდეო - ასტროფიზიკოსი-მეთქი, ვპასუხობდი. მაგრამ ამაში დარწმუნებული აღარ ვარ. ამ ბოლო წლებში იმდენი უნარ-ჩვევა გამოვიმუშავე, რომ ვფიქრობ, თავისუფლად შემიძლია, რაიმე სხვაც ვცადო. 

ოცნება არ არის, თუმცა ტელესკოპი მინდა ვიყიდო. არაფერი განსაკუთრებული, უკვე ვიცი, რომელსაც ავარჩევ. ყურსარსმენები უკვე ვიყიდე, ლეპტოპიც მინდა, მაგრამ, იქნებ ტელესკოპიც გამოვიდეს. 

ჯაჭვურ რეაქციაზეც ამიტომ მეფიქრებოდა. “იდეათეკით” რაღაც დაიწყო - თითქოს, ახალი შესაძლებლობების ეტაპი. მარტო ნათელი სივრცის ტექნიკით და წიგნებით მოწყობას არ ვგულისხმობ, სულ სხვა თემებზე დავფიქრდით. 

საქართველოს ბანკმა და „ქართული წიგნის ინსტიტუტმა“ 2019 წლიდან საგანმანათლებლო პროექტი „იდეათეკები“დაიწყო.  მაშინ, როდესაც განათლებაზე ხელმისაწვდომობა დღემდე რჩება ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად, ამ პროექტის მიზანია რეგიონებში ფორმალურ და არაფორმალურ განათლებას შეუწყოს ხელი და ის ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოს. 

საგანმანათლებლო რესურსებზე წვდომა, წიგნიერების გაზრდა, კითხვის პოპულარიზაცია, ახალგაზრდების მოტივირება და ჯანსაღი, კომფორტული საგანმანათლებლო გარემოს შექმნა რეგიონების სკოლებში - ეს „იდეათეკის“ მთავარი ამოცანაა, რომელიც უკვე 7 სხვადასხვა რეგიონის 16 საჯარო სკოლაში გაიხსნა. 


ავტორი: სალომე კიკალეიშვილი
loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა