გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
იიმან ბორჩაშვილი პანკისიდან

ხეობის თავშეყრის ადგილი - #2 ამბავი იდეათეკიდან

იიმან ბორჩაშვილი / დუისის საჯარო სკოლამე-12 კლასი

დუისი, პანკისის ხეობა 

ჩვენი სკოლა პანკისის მთელ ხეობაში ერთადერთია, სადაც თორმეტივე კლასში ვსწავლობთ ბავშვები, ოღონდ ზოგი სხვა სოფლებიდან მოდის. ახლა 500-ზე მეტი მოსწავლე ვართ, მაგრამ ადრე გაცილებით მეტნი ვიყავით. მერე შევცოტავდით. ეგრეა, ხალხი ემიგრაციაში მიდის ოჯახებით - გვიჭირს აქ ცხოვრებაო და მიდიან ევროპაში. უფროს თაობას განათლება რომ არ აქვს, ამიტომაც ვერ საქმდებიან, უფრო ისეთი რამ იციან, რაც ძალასა და ღონეს მოითხოვს. 

ჩემს ოჯახსაც უნდოდა გერმანიაში გადასვლა, მაგრამ მე წავედი უარზე. უკვე 2 წელია ვემზადები გამოცდებისთვის და არ მინდოდა, შუა გზაზე მიმეტოვებინა ეს ყველაფერი. 

ჩემი დღე ადრიანად, შვიდ საათზე, ლოცვით იწყება. მერე სკოლისთვის ვემზადები. თუ მარტო მივდივარ, სწრაფი ნაბიჯებით დავდივარ და 20 წუთში უკვე სკოლაში ვარ ხოლმე. სკოლის შემდეგ, სახლში დაბრუნებული, ისევ ვლოცულობ და მერე დამატებით საგნებზე მივდივარ: ქართულში, ისტორიასა და ინგლისურში ვემზადები. ინგლისურზე გვერდზე სოფელში, ჯოყოლოში დავდივარ. იქიდან რომ გამოვდივარ, უკვე ბნელა ხოლმე, ჰოდა, მე თვითონ არ ვიცი, რისი, მაგრამ ზოგჯერ, როცა სოფლის თავში ცარიელ სახლებს ჩავუვლი, შემეშინდება ხოლმე. ისეთი დაღლილი ვბრუნდები, ჭამასაც ვერ ვასწრებ, ისევ ვმეცადინეობ. აქამდე დედასაც სულ ვეხმარებოდი, პურის გამოცხობაც ვიცი და საჭმლის გაკეთებაც, უბრალოდ, დედა იმეორებს ხოლმე - ოღონდ შენ ისწავლე და არაფერში მომეხმაროო. 

პირველად რომ გავიგე, ჩვენთან, სკოლაში იდეათეკა იხსნებაო, გავიფიქრე - რა არის ეს იდეათეკა? ბიბლიოთეკა მაინც დაერქმიათ-მეთქი. გახსნის ცერემონიაზე რომ მივედი, მერე გავიგე, რატომაც ერქვა ასე. ყველაზე მეტად რაც აქ მომწონს, სიმშვიდეა. ისეთი გარემოა, რომ უნდა დაჯდე და იმუშაო. 

მშვიდი და კომფორტული სამუშაო სივრცე კი არა, ჩვენს სოფელში არც ინტერნეტი აქვს ბევრს და არც კომპიუტერი. აქ კი - წიგნები, კომპიუტერები, სწრაფი ინტერნეტი, პროექტორიც გვაქვს. პრეზენტაციებს აქ ვმართავთ ხოლმე და უფრო ხალისითაც ვსწავლობთ. აი, მაგალითად, მე-11 კლასში საგზაო ნიშნებს ვსწავლობდით და თან კომპიუტერში, მოწმობის ასაღებ ტესტებს ვაკეთებდით. ძაან კარგი იყო. აბა, ყველაფერი მხოლოდ წიგნიდან ხომ არ უნდა ისწავლო, არა? ზოგი ბავშვი იდეათეკაში დასვენებებზე შემოდის და მთელ თავისუფალ დროს აქ ატარებს. ერთი მოსწავლეა, 10 წლის, რაც ეს ადგილი გაიხსნა, სულ აქ ზის, სულ.  იცით, უკვე რამდენი წიგნი წაიკითხა?!

ჯგუფურადაც ვმუშაობთ კლასელები, მასწავლებლებიც აქ იკრიბებიან და მგონი ჩვენი სკოლის იდეათეკა ხეობის სკოლების თავშეყრის მთავარ ადგილად იქცა უკვე. 

დაწვრილებით

პანკისის ბუნება განსაკუთრებულია. სულ ტყეებია გარშემო. ნაკრძალიც გვაქვს წითელ წიგნში შეტანილი უთხოვარის ხეებით. ერთი ხე იქ 1800 წლისაა. არ ვიცი, შეიძლება ხეობის ამ უნიკალურმა ბუნებამაც განაპირობა ჩემი არჩევანი. 13 წლის ვიყავი, როცა USAID-ის კონკურსის შესახებ გავიგე: ვინც ბევრ მაკულატურას შეაგროვებდა, იმ ჯგუფს 3 დღით ბულაჩაურში წაიყვანდნენ. მთელი სკოლა კი არა, ლამის მთელი სოფელი 1 თვის განმავლობაში მაკულატურას ვაგროვებდით და ბოლოს, 800 კგ შევაგროვეთ. მართალია, ვერ გავიმარჯვეთ, მაგრამ ამ შეხვედრებზე ბევრი საინტერესო ხალხი გავიცანი. ცოტა ხანში, „ეკოკლუბი“ შევქმენით, რომლის აქტიური წევრი ვარ და უკვე, 600-მდე ეკოპროექტი გვაქვს გაკეთებული მარტო ჩვენს სოფელში კი არა, მთელ ხეობაში. ვცდილობთ, ხალხს იმ პრობლემებზე ვესაუბროთ და გავაგებინოთ, რაც ეკოსისტემის განადგურებას მოჰყვება. ავუხსნათ, რით შეგვიძლია გადავარჩინოთ ბუნება ჩვენ, ადამიანებმა. 

დასუფთავების აქციებსაც ვატარებთ, პოლიციელებიც ჩავრთეთ ერთხელ. რაღაც შედეგი არის, მაგრამ  ძნელია მაინც. უფროსი თაობა ვერ ეგუება ამ ახალ ცოდნას და არც ჩვენგან იღებს. ერთხელ, მეორე სოფელში ფეხით მივდიოდი, გამოვიდა ქალი გარეთ და ნაცარი ნაგავში გადაყარა. მივედი და ვცადე ამეხსნა, რომ ნაცარი მიწისთვის არის, კარგია და მიწაზე დაყრა ჯობდა. ისეთი აგრესია წამოვიდა, გამოვეცალე - მთელი ცხოვრებაა, ამას ვაკეთებ და შენ რა იციო?! ადრე მწყინდა ხოლმე ასეთი რაღაცეები, ახლა პირიქით - მოტივაცია მეზრდება, რომ მეტი გავაკეთო. აი, ერთ სოფელში ქარსაცავი ზოლი არაა და ერთ-ერთი პროექტი მაგაზე გავაკეთეთ. პრობლემაა ისიც, რომ ჩვენს ხეობაში არ არის საკმარისი რაოდენობის ნაგვის ურნები და მოსახლეობა ამას შეჩვეულია, ირჩევს რაიმე ადგილს, მაგალითად ხევს და ყველაფერს შიგნით ყრის. ამას მერე ჭამენ შინაური ცხოველები, რომლებიც ავადდებიან და დაკვლის მერე, რამდენჯერ გვინახია მათი სხეულიდან ამოღებული ცელოფნები. 

აი, ეს რაღაცები მინდა ვისწავლო და “იდეათეკასაც” ამ ცოდნის გასაღრმავებლად ხშირად ვიყენებ. თუმცა, ვცდილობ, მარტო თეორიით არ შემოვიფარგლო. მინდა გაცვლითი პროგრამით წავიდე სადმე და კლიმატზე, ნარჩენებზე, ეკოლოგიურ თემებზე ბევრი რამ საკუთარი თვალით, პრაქტიკაში ვნახო. აი, მაგალითად, შვეიცარიაში აღმოვჩნდე მინდა, სადაც ეკოტურიზმია კარგად განვითარებული. 

მინდა ოდესმე,  ეკოტურიზმი პანკისშიც ხარისხიანად ავამუშავო. კიდევ მინდა, გავხსნა მწვანე საწარმო, რომლის მიზანიც ნარჩენებისგან ინოვაციური მეთოდებით ახალი ნივთების შექმნა იქნება. ამ ყველაფერს პანკისში კარგად ვხედავ, წარმომიდგენია, რომ გამოვა და საჭიროც არის.

საქართველოს ბანკმა და „ქართული წიგნის ინსტიტუტმა“ 2019 წლიდან საგანმანათლებლო პროექტი „იდეათეკები“დაიწყო.  მაშინ, როდესაც განათლებაზე ხელმისაწვდომობა დღემდე რჩება ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად, ამ პროექტის მიზანია რეგიონებში ფორმალურ და არაფორმალურ განათლებას შეუწყოს ხელი და ის ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოს. 

საგანმანათლებლო რესურსებზე წვდომა, წიგნიერების გაზრდა, კითხვის პოპულარიზაცია, ახალგაზრდების მოტივირება და ჯანსაღი, კომფორტული საგანმანათლებლო გარემოს შექმნა რეგიონების სკოლებში - ეს „იდეათეკის“ მთავარი ამოცანაა, რომელიც უკვე 7 სხვადასხვა რეგიონის 16 საჯარო სკოლაში გაიხსნა. 

ავტორი: სალომე კიკალეიშვილი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა