გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ახლო ხედი შორიდან

ლევან კოღუაშვილის ფილმი „გოგიტას ახალი ცხოვრება"

არის ფილმები, რომლებიც დამთავრებისთანავე გინდა მეორედ ნახო, გადაახვიო, რომ შეამოწმო, ხომ არ გამოგრჩა რამე. ლევან კოღუაშვილის დოკუმენტური სურათი „გოგიტას ახალი ცხოვრება“ სწორედ ასეთია. ვინც თანამედროვე დოკუმენტური კინოს ყურებას შეჩვეული არაა, ფილმის ფორმამ შეიძლება ცოტათი დააბნიოს, რადგან ის პერიოდულად მხატვრული ფილმის იმიტაციას მიმართავს. თუმცა, დადგმული კადრები მეორეხარისხოვანია და დოკუმენტური რეალობის ფალსიფიკაციას არ ახდენს.

14-წლიანი პატიმრობის შემდეგ, გოგიტა ციხეს ტოვებს და შინ ბრუნდება. მის მცირე ინტერვიუს, სადაც დანაშაულის მიზეზებზე საუბრობს, ჯერ კიდევ ციხეში ვისმენთ, შემდეგ კი ვხედავთ როგორ ტოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას და გარეთ გამოდის. ეს ერთგვარი შესავალია ისტორიაში, რომელსაც რეჟისორი ზომიერი დისტანციით გვიშლის. ამ პრელუდიაში მხოლოდ ერთი ახლო ხედია – პერსონაჟის ტატუირებული ხელები. სხვა კადრები შორ და საშუალო ხედებზეა აგებული. მაყურებელი შორს უყურებს, მაგრამ ახლოდან ესმის. გამოსახულებისა და ხმის კონტრასტს, რომელსაც აუჩქარებელი, დინჯი რიტმიც ახლავს თან, შორიდან, თანდათანობით შევყავართ გოგიტას ცხოვრებაში.

საქართველოში სოციალურად დაუცველი სტატუსით ასობით ათასი ადამიანი ცხოვრობს, ამ სტატუსის მიღების მოლოდინში, კიდევ რამდენიმე ასეული ათასი ადამიანია.

სიღარიბე გამოსჭვივის ქალაქების გარე თუ ცენტრალური უბნებიდან, ქუჩებიდან, საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან და გაურემონტებელი სახლების ფასადებიდან. სიღარიბე არის სოფლად, სადაც ადამიანები კაპიკებში ცვლიან მძიმე შრომით მოპოვებულ ნაყოფს. რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, თვალი თითქოს შეეჩვია მატერიალურ სიდუხჭირეს. საინფორმაციო ამბების სიუჟეტებში, გაღარიბებული ადამიანები მწუხარე, დაღვრემილი თუ გაბრაზებული სახეებით, ხანმოკლედ გაიელვებენ, შემდეგ კი მათ ისევ ქუჩებში, ტრანსპორტსა და მეზობელ სახლებში ვხედავთ.

კინოს აქვს უნარი, შეჩვეული თვალი გააუცხოოს, ნაცნობი გარემო ახალი ხედვით, შორიდან და უფრო მძაფრად დაგანახოს. „გოგიტას ახალ ცხოვრებაში“ ის რეალობა ჩანს, რომელიც ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ ეკრანზე მისი ყურება საშუალებას გვაძლევს, უკეთ დავინახოთ და გავიაზროთ, თუ როგორ უჭირთ სინამდვილეში საქართველოში, რამდენად შეზღუდულია სოფელში ადამიანი, რამდენად ერთფეროვანია მისი ყოველდღიურობა, რომლისგანაც თავის დაძვრენის და გახალისების ერთ-ერთი საშუალება ქორწინება და ახალი ოჯახის შექმნაა.

პირველ დოკუმენტურ ნამუშევართან („ქალები საქართველოდან“, 2009) შედარებით, ამ სურათში რეჟისორი გაცილებით დელიკატურად ერევა სხვების ცხოვრებაში. თუმცა მრავალი სხვა დოკუმენტური სურათის მსგავსად, „გოგიტას ახალი ცხოვრებაც“ აღძრავს რეფლექსიას იმაზე, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს ფილმმა, როგორც გადაღების პროცესმა და როგორც დასრულებულმა პროდუქტმა მონაწილეების პირად ურთიერთობებზე, როგორ შეიძლება შეცვალოს რეალურ პერსონაჟთა დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ, უფრო დააკავშიროს თუ პირიქით, დააშოროს ისინი. ადამიანების ბედით მანიპულირების ერთ-ერთ მაგალითს გოგიტას მიერ საცოლედ შერჩეული ქალბატონის, მაკას ფიზიკური მონაცემების დედასთან განხილვა წარმოადგენს სცენაში, რომელიც ფილმში დარჩა და არ ამოიჭრა. აქ საქმე გვაქვს დოკუმენტური კინოს ეთიკურ პრობლემასთან, რომელსაც დოკუმენტალისტები ხშირად ვერ არიდებენ თავს.

სურათის მთავარი გმირი, შუა ასაკში მყოფი გოგიტა, წინააღმდეგობრივი პერსონაჟია.

ის მგრძნობიარე, ემოციური და ამავდროულად პრინციპულია. გოგიტა პატრიარქია, რომელიც გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად იღებს და ქალს მხოლოდ ფორმალურად ეკითხება რჩევას; რომელსაც კი არ ირჩევენ, არამედ თვითონ ირჩევს. კოღუაშვილი კარგად აჩვენებს ქალისა და მამაკაცის როლების განაწილებას ქართულ კულტურაში, სადაც კაცი ქალს თავის ადგილს მიუჩენს. ფილმის ერთ-ერთ ფინალურ, მოკლე, მაგრამ მრავლისმეტყველ ეპიზოდში ეს ადგილი სამზარეულოა, სადაც ქალმა მარტო, თავისთვის უნდა იტრიალოს, ისე, რომ სტუმრებს არ დაენახოს სადილის მომზადების პროცესში.

მეორე მხრივ, გოგიტა მეამბოხეა. თავისი ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებში ოჯახის წევრების სურვილის წინააღმდეგ მიდის, ცდილობს, ქალის სილამაზის საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტანდარტებს გადააბიჯოს, არადა, ამ სტანდარტებს ნაწილობრივ, თავადაც იზიარებს. ამდენად, საცოლის შერჩევისას, ის საკუთარ თავთან ჭიდილის პროცესშიცაა. კულტურის მიერ მოხვეულ კლიშეებს ხმამაღლა აპროტესტებს, თუმცა ხან ემორჩილება და ხანაც უგულებელყოფს მათ. ეს არის ადამიანი, რომელიც ღიაა ცვლილებებისთვის და რომელსაც 14-წლიანი პატიმრობის შემდეგ სჯერა, რომ სიცოცხლე გრძელდება. ამიტომაც, მიუხედავად იმისა, რომ მაყურებელი შეიძლება არაერთხელ გააღიზიანოს ქალთან მიმართებით მისმა ქცევამ თუ შეხედულებებმა, გოგიტას შეუპოვრობა და მოუსვენარი ხასიათი ქვეყანაში, სადაც მის ადგილზე ბევრი ბედს დანებდებოდა, მომხიბვლელია და გულშემატკივრობის განცდას ბადებს.

სურათი იმგვარად არის გადაღებული, რომ გოგიტაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი პერსონაჟი მაკა ხდება. ფილმში ის შედარებით გვიან შემოდის, საკმაოდ მოულოდნელადაც კი და ეკრანული დროის გაცილებით მცირე მონაკვეთს იკავებს. მაკა კამერას მასზე დაკვირვების საშუალებას აძლევს და თითქმის არ საუბრობს. თუმცა, მის მიერ ჩუმად წარმოთქმული თითო-ოროლა სიტყვა მკვეთრად ისმის და მაყურებელს მაკას მიმართ ადამიანების უსამართლო მოპყრობის განცდას უღვივებს.

ფილმი არაპლაკატურად წამოსწევს სოციალურ და პოლიტიკურ თემებს.

ეს თემები ზედაპირზე არ დევს, თუმცა ცხადად იკითხება. გოგიტას ცხოვრებას მუდმივად თან ახლავს ციხის კონტექსტი. მისი თავდაუზოგავი შრომა, საკუთარი სახლის აშენების მძაფრი სურვილი და რომანტიკული განცდებიც ფსიქო-სოციალურად არის მოტივირებული და რეაბილიტაციის საშუალებას წარმოადგენს ადამიანისთვის, რომელმაც ცხოვრების საუკეთესო წლები პატიმრობაში გაატარა. მართალია, ქართულ რეალობაში მოქალაქეს ბედნიერების უფლება კონსტიტუციურად მინიჭებული არ აქვს, მაგრამ გოგიტა ის ადამიანია, რომელიც ამ უფლების მოსაპოვებლად მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმით იბრძვის და ამაში მას არც სახელმწიფო ეხმარება და არც სოციალური გარემო.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა