ბათუმის ღირსშესანიშნაობა - სახლი ლურჯი კარით
17.08.2020ტექსტი პირველად გამოქვეყნდა ჟურნალში The Adventurer
ყველას აქვს სახლი, რომელიც სულ ენატრება; სახლი, სადაც აუცილებლად დაბრუნდებოდა. ასეთია ჩემთვის ინაიშვილების სახლი ძველ ბათუმში, რომელიც, დრო გადის და, თავიდან ვერაფრით ამოვიგდე.
საერთოდ, ძველი ბათუმი წმინდა ევროპული ქალაქი მგონია, ვაჟა ფშაველას #44-ში მდებარე ეს სახლი კი ამ ევროპული ბათუმის განუყოფელი ნაწილი. იყო პერიოდი, ამ შენობას ყოველ ჩავლაზე გარედან ვათვალიერებდი, როგორც რაღაც იდუმალს და ძალიან მიმზიდველს. მერე ჩემმა მეგობარმა მირჩია, პირდაპირ მივსულიყავი. კიდევ კარგი. გულწრფელობა ყოველთვის ამართლებს.
ეზოში ქალბატონი ნანა დამხვდა, ოჯახის უფროსი დიასახლისი. მერე მისი შვილი გავიცანი - ირინა ინაიშვილი. ირინასგან მივიღე უფლება, დამეწერა მათ ოჯახურ კუთვნილებაზე და სწორედ ირინამ მიამბო სახლის უცნაური სიყვარულის ამბავიც, უფრო სწორად ის, თუ რამდენად მიჯაჭვულია მასზე.
ეს სახლი, 1904 წელს სომეხმა ვაჭარმა ალიხანოვმა ააშენა. კომუნისტების პერიოდში აქ გადმოვიდა ექიმი წერეთელი. ირინას ბაბუამ კი ის 1953 წელს იყიდა. ბაბუას სარემონტო სახლი ერგო და მოგვიანებით გაარემონტა კიდეც, თუმცა ისე, რომ პირველადი სახე მთლიანად შეუნარჩუნა. სწორედ ეს შენარჩუნებული და ხელუხლებელი “პირველადი სახეა” აქაურობის მთავარი ხიბლი.
ირინა ამაყობს იმით, რომ სახლს ისე აქვს ერთი ნაწილი მიშენებული, ამას ვერავინ ხვდება. სწორედ ამაშია მთავარი საიდუმლო - კომფორტი და თანამედროვეობა არ გამორიცხავს ავთენტურობასა და წარსულს.
ირინას ბაბუა, რევაზ ინაიშვილი ონკოლოგი იყო. სამამულო ომის დროს ის თითქმის ბერლინამდე ჩავიდა. რამდენიმე წლის შემდეგ დაბრუნდა და ეს სახლი იყიდა. 1950-იან წლებში რევაზი აჭარის ჯანდაცვის მინისტრი იყო. ირინას მამა თემურ ინაიშვილი კი - პროფესიით დიზაინერი. მან საბჭოთა კავშირში დიზაინის პირველი ფაკულტეტის დაამთავრა და ბათუმში ბევრი პროექტიც მას ეკუთვნის.
ბოლო რემონტი ინაიშვილების ისტორიულ სახლში ირინამ გააკეთა. არაფერი არ გამოუცვლია. კონდიციონერებს არ აყენებს - მიიჩნევს, რომ სახლის მთლიანობას დაარღვევს. არც სჭირდება. აქ ზაფხულში საკმაოდ გრილა. ამბობს, რომ ეს სწორი დაგეგმარების გამოა და აქ ყველაფერი სუნთქავს. ბეტონი მხოლოდ სველ წერტილებშია გამოყენებული. დანარჩენი ყველაფერი ე.წ „დრანკისგანაა“, რაც ხის პატარა დაფებს ნიშნავს.
აქ ყველა დეტალს თავის ისტორია აქვს - ჭერს, ბუხრებს, სახელურებს, სადარბაზოს და სახურავსაც კი.
ჭერი ხის ბოძებისგანაა აწყობილი. დეკორი ზუსტად ისეთია, როგორც ადრე. თუმცა მოხატულობა ჭერს აღარ აქვს. დროთა განმავლობაში ჩამომდინარე წყალმა ნახატები დააზიანა. არადა, ირინას ახსოვს ერთი ოთახის ჭერი ლამაზი, პატარა ჩაიდნებით რომ იყო მოხატული. ალბათ, ის სივრცე სასადილოს ფუნქციას ასრულებდა ძველ დროში.
სახლის სახურავი მარსელის კრამიტითაა გადახურული. ინაიშვილებს ხშირად ეუბნებოდნენ, რომ სახურავი შეეცვალათ, რადგან წყალი ჩამოდიოდა, მაგრამ არ დათანხმდნენ - კრამიტი სიგრილეს ინახავს. ძველ სახლებს რომ შლიდნენ, ირინას მამა იმ კრამიტს ყიდულობდა და ასე აღადგენდა სახურავს. ახლა ასეთი კრამიტი აღარ იშოვება, „ამას წინათ, ერთმა კაცმა მოგვიტანა საიდანღაც შემორჩენილი მარსელის კრამიტი და ვიყიდეთ“, - ამბობს ირინა.
„ადამიანს ხომ აქვს თავის ადგილი. ვგრძნობ, რომ ჩემი ადგილი აქ არის. ქობულეთში მიწა მქონდა, რომელიც გავყიდე და მთლიანად ამ სახლს მოვახმარე. რა თქმა უნდა, ასეთი სახლის მოვლა ძვირი ჯდება“, - ამბობს დიასახლისი.
სახლის მთავარი ღირსშესანიშნაობა ჩემთვის დიდი და თეთრი კაფელის ბუხრიდან მომზირალი ფაიფურის ქალია. ასეთი თეთრი ბუხარი სამია. კერამიკის თეთრი ფილებით მოპირკეთებული, ჭერამდე აწვდენილი ბუხრები აქაურობას განსაკუთრებულ მასშტაბურობას სძენს.
დღეს ბუხრებს აღარ იყენებენ. თუმცა, 1990-იან წლებში კარგად გამოადგათ - ირინას მამა ქვანახშირით ათბობდა. თუმცა მათი მოვლა რთულია - გაწმენდა სჭირდება, შეშა, მერე ბევრი ნახშირი უნდა, მერე კი კეტავ და 3 დღეს სითბოს ინარჩუნებს.
„რაც შეეხება სადარბაზოს, მე და მამამ გადავწყვიტეთ, რომ გაგვეკეთებინა კონსერვაცია და არა რესტავრაცია, ჯერ ერთი, მიმაჩნია რომ მოხატულობა კარგ მდგომარეობაშია, მეორეც - არ მეგულება ისეთი ხელოსანი, რომელიც ამ ფრესკას შესაფერის რესტავრაციას გაუკეთებს“, - ამბობს ირინა და სახლის სადარბაზოს მათვალიერებინებს, სადაც კედლებზე ანგელოზებია გამოსახული. სადარბაზო, თავისთავად, სახლის გარეშეც, კულტურული მემკვიდრეობაა, ხოლო აქაურ მოხატულ ფრესკებს თავის ისტორია აქვს. ერთ-ერთი ვერსიით, თითქოს, ეს კედლები, ბათუმის თეატრის მხატვრებმა მოხატეს. „არ მგონია, ასე იყოს“- ეჭვობს ირინა და ერთ-ერთი ფრესკის წარწერას მაჩვენებს. რუსული წარწერაა- „Э. Преиздатѣ“. ამ დაბოლოებას ( ять) მხოლოდ ძველ რუსეთში იყენებდნენ. ეს, ერთი მხრივ, ავტორზე მიუთითებს, მეორე მხრივ კი, ფრესკების ორიგინალურობის მანიშნებელია.
ირინას სჯერა, რომ სახლების აურა არსებობს და ჯერ არ შეხვედრია ადამიანი, რომელსაც აქ მეორედ მოსვლა არ მოუნდეს. აი, ასე, პირდაპირ ქუჩიდან მოდიან. ირინას მეგობრები მათ მეგობრებს უყვებიან, ქუჩაში ვიღაც ხვდებათ, მერე იმას ეუბნებიან - ამ სახლს განსაკუთრებული მიზიდულობა და კარგი განწყობა აქვს.
„სულ ვამბობ, რომ როგორც ლოკოკინას აქვს თავის სახლი ზურგზე მოკიდებული და მის გარეშე ვერ არსებობს, ეგრე ვარ მეც. მამაჩემიც ასე იყო, - ამბობს ირინა, - მამა ჯერ ლენენგრადში სწავლობდა, მერე თბილისში. შეეძლო წასვლა, მაგრამ მაინც აქ დაბრუნდა. იგივე დამემართა მეც. ხან სად წავედი, ხან სად. მაგრამ სულ ვფიქრობდი, რომ სახლში მინდა. რეალურად, ამ სახლის გამო ვარ ამ ქალაქში, კი, ძალიან მიყვარს ბათუმი, მაგრამ რომ არა ჩვენი სახლი, ალბათ, დღეს სხვაგან ვიქნებოდი“.
არასდროს მავიწყდება ინაიშვილების სახლის ლურჯი ფერი - ოღონდ, არა იმიტომ, რომ ლურჯია ჩემი საყვარელი ფერი, არამედ იმიტომ, რომ ის აქაურობას განსაკუთრებულ სიმშვიდეს და მყუდროებას სძენს. ლურჯი ფერისაა ირინას ოთახის კარის სახელურებიც. უფრო სწორად, ისინი დამზადებულია ლურჯი ბროლისგან. ეს უკვე დეტალების საიდუმლოა. ამ საიდუმლოს სახლში სიარულისას, მეც ხელით ვეხები და ამით, თითქოს, სახლის ისტორიას მისივე პირით ვისმენ. ამ ოთახში ძველი ქართული ფილმი “კრივიც” ყოფილა გადაღებული.
გარესამყაროსთან ამ იდუმალ და ისტორიულ შენობას კი, ისევ და ისევ, ულამაზესი, ლურჯად შეღებილი კარი აკავშირებს. ბევრი ამ სახლს სწორედ ამ კარით ცნობს. დღე არ გავა, აქ ვინმემ ფოტო არ გადაიღოს. მოდიან, პოზირებენ, მხიარულობენ და ყველას თავის მოგონება მიაქვს. ადრე ეს კარი ყავისფერი იყო, ირინას მამამ კი რესტავრაცია ჩაუტარა და დაგრუნტა, მერე ირინამ გადაღება ლურჯად. დღეს ინაიშვილების სახლის ეს ლურჯი კარიც ძველი ბათუმის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობაა.