გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ზურაბ ქარუმიძის Belacqua

არაფერი ზრდის და ამრავლებს ტრაგედიას ისე, როგორც ნელი და მტკივნეული სიკვდილის მოლოდინი. არც არაფერია იმაზე რთული, ვიდრე სიკვდილის განაჩენსა და აღსასრულს შორის გაჩხერილი დრო, რადგან როგორც დოსტოევსკი წერს, ტკივილი არათუ ლოდში, არამედ ლოდის შიშშია.  

ლიტერატურის ისტორია „ლოდის შიშზე“ შექმნილ არაერთ ამბავსა თუ ტრაგედიას აერთიანებს, არაერთ გმირსა თუ ანტიგმირს. მე თუ მკითხავთ, ლიტერატურის მთელი კორპუსი, ანტიკურიდან დღემდე, სწორედ ამ შიშის დაძლევისა და მასზე გამარჯვების მცდელობაა.

ლიტერატურა სიკვდილის შიშთან გამკლავების გზა ხდება ზურაბ ქარუმიძის ახალი ტექსტის, Belacqua-ს მთავარი გმირისთვის, საშუალო ასაკს გადაცილებული მწერალი კაცისთვის, რომელმაც წარმატებით განვლო ოცდაათწლიანი ლოთური მარათონი, საშუალოდ ორი ბოთლი ღვინით, ყოველ საღამოს სამას-ოთხასი გრამი სპირტიანი სასმელით და სიგარეტის ნახევარსაუკუნოვანი დამოკიდებულებით. შედეგად კი ერთ მშვენიერ დღეს შარდის ბუშტის სიმსივნე მიიღო.

ბელაკვას ტრაგედიაც ამგვარად დაიწყო, გაიზარდა და გამრავლდა...

„როგორც ყველაფერი ცუდი, ეს ამბავიც დილიდან დაიწყო - დაძაბული ძილისა და მრუმე გამოღვიძების შედეგად. იმ დილით ბელაკვა საწოლიდან წამოდგა, გავიდა ტუალეტში, დადგა უნიტაზთან და... მოშარდა ხაშმის საფერავი“ - ასე იწყებს ამბავს ყოვლისმცოდნე მთხრობელი.  

ამგვარ დასაწყისს არაფერი აქვს საერთო კაფკასეულ მეტამორფოზასთან. ხაშმის საფერავი მხოლოდ და მხოლოდ სისხლის მეტაფორაა, ერთგვარი ნიშანი, რომლითაც ბელაკვას ცხოვრებაში დასასრულის დასაწყისი, წარსულისა და მომავლის ერთბაშად ჩამყლაპავი, მშფოთვარე ქანაობის პერიოდი იწყება. და ის, რაც ამბის მთხრობელს ყველაზე მეტად აინტერესებს, სწორედ ეს პერიოდია - დრო კიბოს განაჩენიდან აღსასრულის დადგომამდე; დრო შიშის, დაუცველობისა და სასოწარკვეთილების; დრო ტრაგედიის.

ტრაგედია კი ამ შემთხვევაში (სიმსივნესთან ბრძოლის) მომქანცველი გზაა და არა აღსასრული. ამ გზაზე კიბომისჯილი მარტოკაცისთვის მომავლის ერთადერთი სურათია გაშლილი: „სიმპტომები, სინდრომები, ანალიზები, ციტოლოგიები, ჰისტოლოგიები, სხვადასხვა რამ სკოპიები, რეზექციები, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიები, კონსულტაციები, ქიმიოთერაპიები“...

ასე იწყება სასოწარკვეთილი, თუმცა თვითირონიით განმსჭვალული ბელაკვას მოგზაურობა საავადმყოფოდან საავადმყოფოში, ერთი ქვეყნიდან მეორეში. ეს მოგზაურობა კი სიმბოლურად ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზაა და ისევე როგორც დანტეს, ბელაკვასაც უნდა ჰყავდეს თავისი მეგზური.

მეგზური თავად ტრაგედიაა, არქეტიპული გმირი, რომელიც საკუთარ, უნივერსალურ ენაზე საუბრობს. ტრაგედიას ზურაბ ქარუმიძის ტექსტში პერსონაჟის სახე აქვს. ეს თხა-ბიჭია, ბელაკვას უნიჭო და მდარე მოთხრობის გამოგონილი არსება, რძისფერი, ფითქინა და ფეხბანჯგვლიანი, რომელიც ბელაკვას თანამგზავრი კიბოს დიაგნოზის დასმის შემდეგ ხდება. თხა-ბიჭის სიმბოლურის სახის ახსნა მკითხველისთვის დიდი გამოცანა არ უნდა იყოს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ტრაგედიის წარმოშობას გავიხსენებთ და ამ სიტყვის განმარტებას შევეცდებით.

ამ ჟანრის ისტორია გვასწავლის, რომ ტრაგედია სიტყვასიტყვით „თხის სიმღერას“ ნიშნავს. ისტორია იმასაც გვასწავლის, რომ ოდესღაც მსხვერპლშეწირვის დროს, დიონისოსადმი აღვლენილ დითირამბებს თხის ქურქში გამოწყობილი სატირები მღეროდნენ. ზურაბ ქარუმიძე სწორედ ტრაგედიის ამგვარ წარმომავლობას იყენებს, როცა ბელაკვას მეგზურად და მის მესაიდუმლედ თხა-ბიჭს ირჩევს. თავად თხა-ბიჭი, ბელაკვასთან დიალოგში ამბობს: „მე შენი თანმდევი პატარა ტრაგედია ვარ, დასტურად იმისა, რომ შენს დასაწყისში შენი დასასრულია, კიიი. და საერთოდ, მოგზაურობა დიდი წამოწყებაა, ხოლო მოგზაურ კაცს თანამგზავრი უნდა ახლდეს, აუცილებლად, სულ ასე იყო. ხოლო ის თანამგზავრი ვინაა და რა უნდა, ეს მოგზაურობის ბოლოში გაირკვევა! მაგრამ ჩემს შემთხვევაში ეს არ იქნება საჭირო, აკი პირდაპირ გითხარი - შენი თანმდევი პატარა ტრაგედია ვარ მეეე... ჰოდა მაშ მივყვეთ ქარის ნაკადებს, წინ რომ მიგვაქროლებენ!“

ასე მიყვება ბელაკვა საკუთარ მეგზურთან, ტრაგედიასთან ერთად ქარის ნაკადებს. დანტესეული ფაბულაც აქ იშლება. გმირი თანამგზავრთან, თხა-ბიჭთან ერთად ჯოჯოხეთის სხვადასხვა წრეს გადის, ეს წრეები კი კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის სხვადასხვა ეტაპები და საშუალებებია.

ნაწარმოებს „ღვთაებრივ კომედიასთან“ არამხოლოდ ფაბულა, არამედ თავად მთავარი გმირის სახელიც აკავშირებს. ქარუმიძის Belacqua ინტერტექსტია, რომელიც საჭირო მნიშვნელობებს, სხვა ტექსტებთან თუ ნახატებთან დიალოგითა და ურთიერთდამოკიდებულებით ხსნის. ამიტომ, იმისთვის რომ ბელაკვას მხატვრული სახე გავხსნათ, ისევ დანტეს უნდა მივუბრუნდეთ და ამავეს სახელწოდების პერსონაჟი ვიკვლიოთ.   

ბელაკვა დანტეს „ღვთაებრივ კომედიაში“ უმნიშვნელო გმირია. იგი განსაწმენდელის კართან ზის, რაკიღა სიცოცხლეში ცოდვების მონანიება ვერ მოუსწრია. ის, რაც ამ პერსონაჟში განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს და რაც ყველაზე მეტად აახლოებს მას ქარუმიძის გმირთან, ჯდომის მანერაში გამოხატული შინაგანი სულიერი მდგომარეობაა. ბელაკვა ლოდის ჩრდილში ზის, მკლავები მუხლებზე აქვს შემოხვეული და სახეს მუხლებს შორის მალავს. ელოდება... იცის, რომ განსაწმენდელში შესვლა არ შეუძლია, თუმცა სადღაც, მაინც ეიმედება, რომ ზეცის მიმართ აღვლენილი გულწრფელი ლოცვები შედეგს გამოიღებენ.

დანტეს პერსონაჟს კიდევ ერთი საინტერესო მახასიათებელი აქვს, რაც ქარუმიძის ბელაკვასთანაც გვხვდება, თუმცა სახეცვლილი ფორმით. ყველაზე რთულ მდგომარეობაშიც კი, ბელაკვას იუმორის გრძნობა არ ღალატობს.  ამიტომაც წერს პოეტი: „მისმა ზანტურმა მიმოქცევამ და თქმამ სხარტულმა, / გამოიწვიეს ჩემს ბაგეზე მაშინ ღიმილი“.

ზურაბ ქარუმიძის ბელაკვა იუმორით არა, თუმცა თვითირონიითაა განმსჭვალული. თვითირონია კი მისთვის რეალობასთან ბრძოლის იარაღია. ამიტომ ტრაგედიასთან დიალოგში, არსად იგრძნობა მისი სასოწარკვეთილი ტონი. სასოწარკვეთილება ამ შემთხვევაში ირონიით ინიღბება და მკითხველამდე ამ გზით აღწევს. ეს ზურაბ ქარუმიძის თხრობის სტილია. კიბოთი დაავადებული პერსონაჟი საკუთარ თავს, საკუთარ ცხოვრებას დასცინის და ზოგჯერ მასხარას როლსაც ირგებს, რაც მისთვის რეალობასთან და სიკვდილის შიშთან გამკლავების საუკეთესო იარაღი ხდება.

თუმცა, გარდა თვითირონიისა, ბელაკვას არსენალში ლიტერატურაცაა. ქარუმიძის პერსონაჟი მწერალია და ამავდროულად, მელანქოლიური ტემპერამენტის მქონე მწერალი. მელანქოლიის პირველი საფეხური კი, აგრიპა ნეტესჰაიმელის მიხედვით, შემეცნებაა. იგი განსაკუთრებით მწვავდება იქ, სადაც სიკვდილზე ფიქრი იწყება. ამიტომაც ეუბნება ბელაკვას თხა-ბიჭი: „ძველებიც უსმენდნენ სიკვდილს და ამიტომაც წერდნენ ასე დიდებულად, ასე შემაძრწუნებლად“. ბელაკვაც უსმენს და მელანქოლია მისთვის სამყაროს ახლებური შემეცნების, საკუთარი თავის თარგმნისა და სიკვდილის შიშთან გამკლავების ფორმა ხდება. ამიტომაც, ყველაზე რთულ დროს, როცა „გრძელწვერა, გრძელცხვირა გნომები მოძვრებიან, იღრიჭებიან, გარკვეულ ენაზე ბურღდუნებენ, შენ (ბელაკვა) პასუხობ ჩურჩულით, ლექსების ჩურჩულით, შენთვის ნაცნობ ენაზე, რომ რაღაცას ჩაეჭიდო“...

ეს ნაწარმოების შინაარსი, მისი იდეები და მოტივებია. ეს შინაარსი და მისი მნიშვნელობები კი „Belacqua”-ში ყოველთვის ინტერტექსტუალობით, სხვა მხატვრულ ნაწარმოებებთან დიალოგითა და კავშირით იხსნება. ამიტომ, იმისთვის რომ მკითხველმა ზედაპირის მიღმა დანახვა და თამაშში აყოლა შეძლოს, მან უპირველეს ყოვლისა, ტექსტში ჩადებული კოდების გამოცნობა უნდა მოახერხოს. ეს ინტელექტუალური კოდებია, რომლებიც არამხოლოდ ანტიკურ ლიტერატურას, რენესანსულ პოეზიასა და მხატვრობას მიემართება, არამედ ვაჟა ფშაველასა და ბიბლიასაც კი. ზურაბ ქარუმიძის ტექსტი იმ მკითხველისთვისაა, რომელსაც პოსტმოდერნისტული თამაშები და ინტერტექსტუალური კოდები იტაცებს.

და ბოლოს, მოდით, ვიდრე დავასრულებთ, რამდენიმე სიტყვა ნაწარმოების ფორმაზეც ვთქვათ. ცნობილი ფაქტია, რომ დღეს, პოსტმოდერნულ ეპოქაში, აღარ იწერება რომანები, რომელთან ტრადიციული რომანისთვის დამახასიათებელი ნიშნები აქვთ. ამ ნიშნებში კი უპირველეს ყოვლისა, რთულად განვითარებულ სიუჟეტს, კონფლიქტს, მრავალფეროვან ხასიათებსა და განტოტვილ თემებს ვგულისხმობთ.  ამ მხრივ გამონაკლისს არც ზურაბ ქარუმიძის  “Belacqua” წარმოადგენს. ტექსტი ერთადერთ სიუჟეტურ ხაზს მიჰყვება, მთელი ამბავიც ერთადერთი გმირისა და კონფლიქტის ირგვლივ ვითარდება; თემაც ერთია და არა განტოტვილი. სწორედ ამიტომ არის, რომ ნაწარმოები მრავალფეროვანი ხასიათებითა და პერსონაჟებით არ გამოირჩევა და ეს ალბათ არც არის გასაკვირი, რადგან ქარუმიძის ტექსტის მიზანი არა მრავალფეროვანი ხასიათების ასახვა, არამედ იმ ტრაგედიის ჩვენებაა, რომელიც, როგორც წესი, სიკვდილის პირისპირ დგომით, „ლოდის შიშით“ იწყება.  

ავტორი: ქეთი გახოკია

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა