გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
Sisters Hope Tbilisi Open Air

ესთეტიკის დემოკრატიზაცია | სახელოვნებო პლატფორმა SISTERS HOPE

წარმოგიდგინიათ სამყარო, რომელსაც გრძნობისმიერი, ესთეტიკური, პოეტური ძალები მართავენ? როგორი იქნებოდა განათლების სისტემა და სკოლები ასეთ სამყაროში? ან ჯანდაცვა როგორი იქნებოდა ან გარემოში? მოდი, წარმოვიდგინოთ მთელი დედამიწა, ქალაქები და საჯარო სივრცეები გრძნობისმიერ ქალაქებში. 

ჩვენ გვჯერა, რომ გრძნობისმიერი საზოგადოება არ არის მხოლოდ ფანტაზია ან ილუზია. ის აბსოლუტურად რეალური რამაა, უბრალოდ ის ჩვენი შესაქმნელია. 

Sisters Hope კი ერთგვარი ბუდეა, სადაც საკუთარი ის პოეტური მე უნდა დაიბადოს, რომელსაც ასეთი საზოგადოების შექმნა შეუძლია.  

ჩვენ პერფორმანს არტისტები ვართ და თითქმის ოცი წელია, ისეთი პერფორმანსის იდეაზე და ფორმაზე ვმუშაობთ, რომელსაც ძლიერი გავლენა და ხანგრძლივი საციცოხლო ციკლი აქვს. 

ცდებსა და ექსპერიმენტებში ნელ-ნელა გამოიძერწა პერფორმანსის ის მეთოდი, რომელიც ახლა საქართველოში ჩამოგვაქვს. ეს პრაქტიკა თავდაპირველად საკუთარი თავისთვის შევქმენით, როდესაც პერფორმანსის ხელოვნების სკოლის შექმნის იდეაზე დავიწყეთ მუშაობა.  

ჩვენ ყოველთვის გვჯეროდა, რომ საზოგადოებას რადიკალური ცვლილების პოტენციალი აქვს. დღეს მსოფლიოს ეკონომიკური ლოგიკა მართავს და ყველაფერი, რასაც ყოველდღიურად ვაკეთებთ ამ ლოგიკას ემორჩილება. მაგრამ ის მალე აუცილებლად შეიცვლება, რადგან აქამდეც რელიგიური რაციო პოლიტიკურმა ჩაანაცვლა, პოლიტიკური კი ეკონომიკურით გადაიფარა. პოეტური, ესთეტიკური განზომილება, გრძნობისმიერი ჯერ არასდროს ყოფილა სისტემის მამოძრავებელი ძრავი და ჩვენ გვჯერა, რომ ახლა სწორედ ამის დროა.  

ჩვენი პერფორმანსების მიზანი მხოლოდ ამ გზის პოვნა კი არა, ახლად აღმოჩენილ „გრძნობისმიერში“ სამუდამო დამკვიდრება და მასში ცხოვრების გაგრძელებაა. 

Sisters Hope ჩემს ტყუპის ცალ დასთან ერთად 2007 წელს დავაფუძნე. ჩვენ ვიგონებდით ახალ-ახალ რიტუალებს, რომ გამოგვემზეურებინა ის დაფარული შრეები, რასაც სახელოვნებო სისტემაში ყოფნა ხანდახან ფართოდ შლის ხოლმე ჩვენთვის. მალე მივხვდით, რომ ამ მცირე აქტებით ჩვენი არსებობის სხვადასხვა განზომილებაში ვმოძრაობდით და ვახერხებდით იმასაც, არასდროს გავცდენოდით პოეტურსა და გრძნობისმიერს. ამიტომაც მოგვინდა, ჩვენი გამოცდილება ხელოვნების მიღმა სხვა სივრცეებისთვისაც, ყველასთვის გაგვეხსნა. ამ გზით ესთეტიკის დემოკრატიზებას ვცდილობდით.

საკუთარი პოეტური მეს ძიებაც სწორედ ამ გზის რუტინული რიტუალია - ეს სავარჯიშოა, რომელიც ამჯერად გვინდა მონაწილეებთან ერთად Tbilisi Open Air-ზე შევასრულოთ.  

ფესტივალის სახელოსნოს მონაწილეებს საკუთარი პოეტური მეს პოვნაში დაეხმარება, იმ „მეს“ შეახვედრებს, რომელიც ნებისმიერ ადამიანში ცხოვრობს. 

ჩვენ არასდროს ვარჩევთ მონაწილეებს, რადგან არ აქვს მნიშვნელობა, ვინ საიდან მოდის, რომელი დისციპლინიდან, სფეროდან თუ გამოცდილებიდან. სახელოსნოსთვის მომზადება არავის სჭირდება, რადგან ეს მეთოდი ცოცხალ პროცესზე დგას. საკუთარ თავში ღრმად ჩახედვა ნებისმიერს შეუძლია და სახელოსნოს შედეგი სწორედ საკუთართან და ერთმანეთის პოეტურ „მეებთან“ შეხვედრაა. 

ეს გამოცდილება ღირებულია იმდენად, რამდენადაც ის სცდება უბრალო დამკვირვებლის, დამთვალიერებლის, დროებითი მონაწილეობის პრაქტიკას. და რადგან დღეს ხელშესახები შედეგისა და გავლენის მიღწევა თითქმის სავალდებულო გახდა, გვინდა ერთმანეთს პოეტური „მეს“ დამკვიდრებაში დავეხმაროთ. 

თან არც ისე ბევრი დრო გვაქვს. ამიტომ, გვინდა მოკლე გზებით ვიაროთ და მალე მივიდეთ იქამდე, სადაც გრძნობისმიერი, პოეტური, ესთეტიკური ძალებით ნაშენი სამყარო გველოდება. 

______________________________

Tbilisi Open Air-ზე, 24 და 25 მაისს, ვორქშოფზე „პოეტური მე-ს ძიება“ დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, წინასწარი რეგისტრაციით ⇝ ამ ბმულზე.

ვორქშოფს გაუძღვებიან: Gry Worre Hallberg (Sisters Hope-ის თანადამფუძნებელი) და Ingrid LångströmEinarsson (Sisters Hope-ის წევრი).

პროექტს წარმოგიდგენთ პლატფორმა Mechanical Waves, დანიის კულტურის ინსტიტუტთან თანამშრომლობით.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა