ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ბიოდინამიკური მეურნეობა – პაატა წულაია

ზუსტად სამი წლის წინ, პაატა წულაია ლაგოდეხის სოფელ ფონაში გადავიდა საცხოვრებლად და ბიოდინამიკური მეურნეობა წამოიწყო. მანამდე ის წლების განმავლობაში თბილისის თავისუფალი ვალდორფის საბავშვო ბაღის დირექტორი იყო.

 აქ, სოფლად უსაზღვროობაა – სულ რაღაცას ავითარებ, უსასრულო პერსპექტივებია.

როგორც კი მიწის ნაკვეთი გამოჩნდა, მაშინვე წამოვედი. ქალაქში ცხოვრება უკვე ძალიან მიჭირდა – მიჭირდა გადაადგილება, სიარული, სუნთქვა. საბავშვო ბაღშიც უკვე ვგრძნობდი, აღარ ვიყავი საჭირო. ამ დროს ეს იყო ადგილი, სადაც ისეთი სივრცის შექმნაში ვმონაწილეობდი, როგორსაც ძალიან ძნელად თუ იპოვით ჩვენთან. ჩვენ ადამიანის სულის და სხეულის აღსაზრდელად ჯანსაღი გარემოს შექმნა შევძელით. უბრალოდ, ჩავთვალე, რომ მიზანს უკვე მივაღწიეთ და ახლა სხვა რამის დრო იყო.

ამხელა მიწა სულ გაოხრებული დაგვხვდა – ეკალბარდები, ბუჩქები, ჩირგვები ყველგან მოდებული. იმდენი ნაგავი ეყარა. მაშინ ტექნიკაც არ გვქონდა, ხელით გავწმინდეთ აქაურობა. მიწა მოვხანით, დავთესეთ, მიწის გამოჯანსაღება დავიწყეთ.

მიწასთან მუშაობისას ნიჩბის და თოხის ქნევა არ არის საკმარისი, უნდა იაზროვნო, განსაკუთრებით ბიოდინამიკურ მეურნეობაში. თუ გინდა, რაიმე შედეგს მიაღწიო, სულ დაკვირვების, ახლის აღმოჩენის პროცესში უნდა იყო. ჩვენ მცენარის დაავადებებისგან განკურნების გზებს ისევ ბუნებაში ვეძებთ. არაფერს ვსპობთ და ვანადგურებთ. მთავარი ბალანსის მიგნებაა. ცოცხალი ორგანიზმის ჯანსაღი ზრდისთვის ციურ სხეულებს და ბუნებრივ მოვლენებს ვაკვირდებით, ბუნებისთვის ყურის დაგდებაც უნდა ვიცოდეთ. დღეს ადამიანები მზა მითითებებით ხელმძღვანელობენ. არასწორი ხვნა-თესვით, შხამ-ქიმიკატებით კი ყოველწლიურად ვკარგავთ მიწას, მას ვანადგურებთ. ბიოდინამიკურ მეურნეობაში მოსავლის მიღებასთან ერთად, ნიადაგის გაუმჯობესებაზე ვმუშაობთ. ახალ გზებს ვეძებთ.

თავიდან მარტო ვიყავი. მერე ორნი გავხდით. დღეს კი ხუთნი ვმუშაობთ. თანამშრომლები სოფლის მკვიდრნი არიან. დილას ვიკრიბებით, ვგეგმავთ, რა უნდა გავაკეთოთ. საღამოს კი ვაჯამებთ, როგორი დღე გვქონდა და რა დაგვრჩა გასაკეთებელი. დღეს უკვე ხილი, ბოსტნეული, მარცვლეული მოგვყავს. მემინდვრეობასაც ვავითარებთ. ცხოველებისთვის კომბინირებულ საკვებს ვამზადებთ. ჩირის საწარმოც გავმართეთ. ახლა მეცხოველეობის ფერმის გაკეთება გვინდა. ბიოდინამიკური მერძევეობის ფერმას გავხსნით.

ჯერ არ გვაქვს დიდი მოსავალი. რამდენიმე ოჯახს ვამარაგებთ, მაღაზიებში შეგვაქვს. ჯანსაღ პროდუქტზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. შარშან ევროპაში 900 კილო ხორბალი და 100 კილო ჩირი გავიტანეთ. ექსპორტზე გასვლა არ არის რთული, თუ ჯანსაღ პროდუქტს აწარმოებ. სულ არის მოთხოვნა. რაოდენობით სხვა ქვეყნებთან ისედაც ვერაფერს გავხდებით, მხოლოდ ხარისხით შეგვიძლია კონკურენტუნარიანები ვიყოთ. ან რა საჭიროა პროდუქტის სიჭარბე. ჭარბ პროდუქციას ოკეანეში ვყრით, მილიონები კი შიმშილით იხოცებიან.

სოფლის მეურნეობა ვერ განვითარდება, თუ უწყვეტი ელექტროენერგია, წყალი და გაზი არ იქნება და ნაგვის და კანალიზაციის პრობლემა არ მოგვარდება. ბანკებიც ძალიან დიდი პროცენტით გასცემებ სესხებს. სხვა ქვეყნებში სოფლის მეურნეობისთვის გაცემული სესხები ერთ-ორ პროცენტს არ აღემატება.

სულ ახლახან სასწავლო-შემეცნებითი ცენტრი დავაფუძნეთ. აი, გარშემო სახლები რომაა, მათ რეაბილიტაციას ვაპირებთ. სტუდენტები ჩამოვლენ, პრაქტიკას აქვე გაივლიან. ერთი წლის შემდეგ, ალბათ მზად ვიქნებით და მოხალისეებსაც მივიღებთ.

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა