გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ბლიქსას და ტეოს ჰიპნოზი ფილარმონიაში

„ანშლაგი თბილისში: 2200 ადამიანი, ვინც ჩვენს სანახავად მოვიდა, არ შეიძლება ცდებოდეს.“ - ასეთი პოსტი დადო ტეო ტეარდომ თბილისში გამართული კონცერტის შემდეგ  ფიესბუქზე და თან ვიდეოც დაურთო, სადაც ფეხზე მდგომი მაყურებლების ოვაციები არ ცხრება.

აქ შეცდომა მართლაც გამორიცხული იყო - დაახლოებით საათისა და 20 წუთის მანძილზე ბლიქსა ბარგელდმა და ტეო ტეარდომ ფილარმონიის სცენაზე ისეთი მაგიური რიტუალი ჩაატარეს, ერთადერთი ის დაგვრჩენოდა, სუნთქვაშეკრულებს გვესმინა მათთვის.

Blixa Bargeld &Teho Teardo - ეს დუეტი უკვე სამი წელია არსებობს და სულ ახალხანს, მაისის დასაწყისში მეორე ალბომიც გამოუშვეს. საქართველოში SOU ფესტივალის მოწვევით სწორედ ამ ალბომის, Nerissimo-ს ტურნეს ფარგლებში ჩამოვიდნენ. უკვე ლეგენდად ქცეული ბლიქსა ბალრგელდის სცენაზე ნახვას თბილისში განსაკუთრებულად ელოდნენ, რასაც სოციალურ ქსელებში გავრცელებული პოსტებიდანაც კარგად მიხვდებოდით.

გერმანული ავანგარდის Enfant Terrible - ასე მოიხსენიებდნენ ბლიქსას 80-იან წლებში, როდესაც მან როკ ბენდი, Einstürzende Neubauten-ჩამოაყალიბა. ინდუსტრიალის, პანკის და ექსპერიმენტული როკის სინთეზით ჯგუფმა მალევე მიაგნო ორიგინალურ ჟღერადობას. ბლიქსას დრამატული ვოკალის, საინტერესო ტექსტებისა და არტისტულობის წყალობით კი ნოებაუტენი რამდენიმე წელიწადში საკულტო ბენდად იქცა. 1983 წელს ბლიქსამ პარალელურად ნიქ ქეივთან დაიწყო თანამშრომლობა, ის  Nick cave and the bad seeds- ის ერთ-ერთი დამაარსებელია და 20 წლის მანძილზე ჯგუფის გიტარისტი და ბექ ვოკალისტი იყო.

იტალიელი კომოზიტორს, ტეო ტეარდოს  წარსულიც როკ მუსიკას უკავშირდება. 90-იან წლებში მას პანკ ჯგუფი Meathead ჰქონდა. თუმცა, მოგვიანებით კლასიკური და ელექტრონული მუსიკით დაინტერესდა და ფილმებისთვის და თეატრალური დადგმებისთვის დაიწყო მუსიკის წერა. ის და ბარგელდი ერთმანეთს პირველად 2009 წელს შეხვდნენ:

„ერთ დღესაც მეილზე წერილი მივიღე, რომელსაც მუსიკალური ფაილი ჰქონდა დართული. როგორც აღმოჩნდა, ეს ტეოს მუსიკა იყო და მისი წარმომადგენლები  თეატრალური დადგმისთვის თანამშრომლობას მთხოვდნენ. მუსიკა მომეწონა, ამიტომაც დავთანხმდი და მალე სპეკტაკლისთვის ერთობლივი მუსიკა დავწერეთ.“- აღნიშნა ბლიქსამ თბილისში გამართულ პრეს კონფერენციაზე. მუსიკოსები მიხვდნენ, რომ ერთად მუშაობა კარგად გამოსდიოდათ და გადაწყვიტეს ალბომიც ჩაეწერათ. 2013 წელს მათი პირველი ერთობლივი ნამუშევარი Still Smiling  გამოვიდა.

ტეოს და ბლიქსას რეპერტუარში შეხვდებით როგორც ინგლისურ, ისე გერმანულ და იტალიურენოვან სიმღერებს. 57 წლის ბლიქსა დღესაც საოცარ ენერგეტიკას ასხივებს სცენიდან და როგორც ჩანს, არც შთაგონების დეფიციტს განიცდის. ტეოსთან ჩაწერილი ორივე ალბომი სავსეა მრავალფეროვანი კომპოზიციებით, როგორც მუსიკალური, ისე ტექსტის თვალსაზრისით. მართალია, მის ძველ ნამუშევრებთან შედარებით, ნაკლები სიმძიმე და სიმძაფრეა, მაგრამ სიღრმე და დრამატულობა ისევ იგრძნობა.

ბლიქსა და ტეო თბილისში ექვსკაციან ბენდთან ერთად ჩამოვიდნენ. საღამოს 9 საათისთვის, როდესაც კონცერტის დაწყება იყო დაანონსებული, დარბაზი უკვე სავსე იყო. დამსწრეთა შორის იყვნენ როგორც ბლიქსას სტაჟიანი მსმენელები, ასევე ისინიც, ვისაც მის შესახებ მხოლოდ ნიქ ქეივის ბენდიდან ჰქონდა გაგებული ან სულაც ახლა აპირებდა მის  გაცნობას.

კონცერტი ნახევარი საათის დაგვიანებით დაიწყო. საღამო მუსიკოსებმა ახალი ალბომის,  Nerissimo -ს ამავე სახელწოდების სიმღერით გახსნეს. შედარებით მშვიდი და მონოტონური რითმის კომპოზიცია კარგი „მოთელვა“ იყო მსმენელისთვის. შემდეგ დარბაზში უფრო ნაცნობი მელოდია გაისმა: Mi Scusi - ერთ-ერთი პოპულარული სიმღერა ბლიქსას და ტეოს პირველი ალბომიდან.  აქ უკვე დავიჯერეთ, რომ სცენაზე ნამდვილად ცოცხალი ბლიქსა ბარგელდი იდგა და  აქამდე მხოლოდ ინტერნეტში მოსმენილ მუსიკას სპეციალურად ჩვენთვის ასრულებდა. სიმღერებმა Empty Boat და Animelle,  ახალი რითმები და უფრო მძაფრი ემოციები შემოიტანეს. აუდიტორია თანდათან ივიწყებდა რეალობას და იმ მასიური ჰიპნოზის მონაწილე ხდებოდა, რომელშიც ძალისხმევის გარეშე გვითრევდნენ მუსიკოსები. მალე ჩემთვის და ალბათ ბევრისთვის საყვარელი სიმღერის - What If - ის ჯერიც დადგა. აქ უკვე აშკარა იყო, რომ რაღაც განსაკუთრებულის, მაგიურის მომსწრენი ვიყავით.  სიმღერის დრამატულობა და მუსიკოსების მაღალი საშემსრულებლო ოსტატობა უცნაური უმწეობის განცდას გიჩენდა. შუა სიმღერის დროს მსმენელმა ემოციები ვერ შეიკავეს და ტაში დაუკრეს მუსიკოსებს.

მოგვიანებით, გერმანულმა სიმღერამ Ich bin dabei, ეიფორია კიდევ უფრო გააძლიერა.  როგორც ბლიქსამ აღნიშნა, ეს სიმღერა ცოლს მიუძღვნა: „არ ვიცი თქვენთან როგორაა, მაგრამ, ბერლინში ნოემბერი ძალიან ცივი და ნაცრისფერია. ჩემი ცოლი ამაზე ძალიან ბრაზდება ხოლმე და ცუდ ხასიათზე დგება. ეს სიმღერაც გასულ ნოემბერს სწორედ ამაზე დავწერე,“- გვითხრა მუსიკოსმა სცენიდან. Ich Bin Dabei-ს ახალ ალბომში ყველაზე ენერგიული და მძლავრი ბითების მქონე სიმღერაა.

წარმოდგების კულმინაცია მუსიკოსების პირველი ალბომის ერთ- ერთი ჰიტი, Come up and see me იყო. ეს უკვე პრაქტიკულად ტრანსი იყო. სიმღერის დასრულების  შემდეგაც დარბაზში ოვაციები დიდ ხანს არ წყდებოდა.

ბლიქსამ გამოაცხადა, რომ კიდევ რამდენიმე სიმღერას შეასრულებდნენ. შემდეგ მუსიკოსებმა Einstürzende Neubauten-ის ერთ-ერთი პოპულარული სიმღერის, Sabrina-დაკვრა დაიწყეს. ამ სიმღერამ თავისი განწყობიდან გამომდინარე ისევ საწყის  კალაპოტს დაუბრუნა წარმოდგენა. აქვე უნდა აღნიშნოს, რომ მთელი კონცერტი დრამატურგიულად იმდენად გამართული დ დახვეწილი იყო, გეგონებოდა რომელიმე კინოკლასიკას, ან კარგ სპექტაკლს უყურებდი.

Sabrina-ს დასრულების შემდეგ მთელი დარბაზი ფეხზე ამდგარი უკრავდა ტაშს მუსიკოსებს და სხვადასხვა შეძახილებით გამოხატავდა აღფრთოვანებას. ამ დროს კი, ბლიქსა მოულოდნელად სცენიდან გავიდა. ცოტა ხანში, ოვაციების ფონზე ის ისევ დაბურნდა და ცოტა გაბზარებულმა გამოაცხადა, რომ დარბაზში პულტს ტექნიკური პრობლემა შეექმნა და თუ პრობლემას ვერ მოაგვარებდნენ, ვეღარ დაუკრავდნენ. დაახლოებით ათი წუთი ვიდექით და ველოდებოდით, რა მოხდებოდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ტექნიკური ხარვეზის გამოსწორება შეუძლებელი იყო.

უხერხული ფინალის მიუხედავად, ეს ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო და ემოციური კონცერტი იყო, რაც თბილისში ბოლო წლებში ჩატარებულა. და ვფიქრობ ერთ-ერთი საუკეთესო პუბლიკაც, რაც მსგავს წარმოდგენებზე მინახავს.

 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა